"საბრძოლველად მომზადებული ადამიანი თანაპარტიელებს დაუკავშირდებოდა, ეგ კი კონსპირაციულ ბინაში ხინკალს ჭამდა"

"დღეს თითქმის მთელი მსოფლიო დაუპირისპირდა რუსეთს და დაუპირისპირდა არა მარტო უკრაინის, არამედ საქართველოს გამოც. დღეს ისე ხშირად ისმის საქართველოს სახელი მსოფლიო ტრიბუნებიდან, როგორც არასდროს. მსოფლიო ლიდერები რუსეთს პასუხს უკრაინის გამოც სთხოვენ და საქართველოს გამოც. ასე რომ, დავწყნარდეთ და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. როდესაც სულსწრაფობა გამოვიჩინეთ, მოვლენებს გავუსწარით და ზედმეტი ენერგია გამოვავლინეთ, თანაც ისე, რომ დეტალებში ჩახედულნი არ ვიყავით, საკმაოდ მძიმე შედეგი მივიღეთ. უკრაინის მხარდასაჭერად უფრო აქტიურობა გვიანი არასდროს არ არის", - ამბობს ანალიტიკოსი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე. უკრაინის გამო ქართველი პოლიტიკოსების დაპირისპირებაზე, მმართველი გუნდის რეზოლუციასა და შიდაპოლიტიკურ საკითხებზე რამაზ საყვარელიძე გვესაუბრება:

- დღეს მსოფლიოში ისეთი მასშტაბის პროცესი მიმდინარეობს, რომელთანაც საქართველოს პოლიტიკური წონა მოსატანიც არ არის. საქართველოს აქვს თავისი გაცხადებული პოზიცია, რომლიდანაც არ გადაუხვევია, ახლა დგას და ელოდება. მოლოდინი ცუდი არ არის. იაპონურ ანდაზას შეგახსენებთ, ნუ გაეკიდები მტერს, დაჯექი მდინარესთან და მის გვამს ჩამოატარებსო. დააცადე, რა იცი, რა ხდება?!

- პოლონეთის პრეზიდენტის ანჟეი დუდას საქართველოში ვიზიტი და მისი განცხადებები ოპოზიციამ ისე აღიქვა, თითქოს დასავლეთი მეტი აქტიურობისკენ მოგვიწოდებს.

- შეიძლება, მაგრამ ჩვენ ჩვენი ამოცანები გვაქვს. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები თავადაც აქტიურები არიან და სხვებსაც ამისკენ მოუწოდებენ, მაგრამ ჩვენ მათგან განსხვავებულ მდგომარეობაში ვართ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენი ტერიტორიების 20% რუსეთს მიტაცებული აქვს.

- ამას ამბობენ მმართველი გუნდის ლიდერებიც, რუსეთის ოკუპანტად და აგრესორად მოხსენიებას არც საერთაშორისო ორგანიზაციების თანდასწრებით ერიდებიან. თქვენი აზრით, რატომ გაჯიუტდნენ და არ გაითვალისწინეს ოპოზიციის მოთხოვნა, რომ დოკუმენტში რუსეთი ეხსენებინათ?

- ხელისუფლებამ თავისი საქციელი ახსნა, სიფრთხილე გამოიჩინა.

- რეზოლუციაში რუსეთის ოკუპანტად მოხსენიება ან საერთოდ, რუსეთის ხსენება რა საფრთხეს შეიცავს?

- თუნდაც იმას, რომ ჩასვამდა სატვირთო თვითმფრინავში რუსეთში მცხოვრებ ქართველებს და გამოუშვებდა. არ გაუკეთებია?! რატომ არ ვფიქრობთ იმ ქართველებზე, რომლებიც შესაძლოა რეპრესიების მსხვერპლნი გახდნენ რუსეთში ან რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე?

- "რას გავაკეთებდი უკრაინაში ამ უსახურების ნაცვლად: 1. გავგზავნიდი პრემიერს არა მარტო კიევში, არამედ დასავლეთის დედაქალაქებსა და თურქეთში დახმარების მობილიზაციისთვის; 2. გადავცემდი უსასყიდლოდ რამდენიმე "დიდგორს" და ტყვიაწამლით დატვირთულ თვითმფრინავს; 3. გამოვაცხადებდი შეთავაზებას უკრაინელი სამხედროების 1 000 მცირეწლოვანი შვილის დასვენებისა ჩვენს კურორტებზე; 4. შევუერთდებოდი სამთა კავშირს - ლონდონი, ვარშავა, კიევი; 5. გავაფრთხილებდი მთელ მსოფლიოს, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიებთან ერთად ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას აპირებს", - წერს სააკაშვილი.

- დიახ, ამას იზამდა, მოქმედების თავისუფლება რომ ჰქონდეს და ასეთი გადაწყვეტილებებით დაგვაყენებდა ისეთი ქვეყნების რიგში, როგორიც არის ამერიკა და ინგლისი! იცით, პრობლემა რა არის?! ინგლისსა და ამერიკას რუსეთი არ/ვერ უპასუხებს, მაგრამ ჩვენ ნამდვილად არ დაგვტოვებს უპასუხოდ. ერთ მხარეს დევს რეზოლუციაში რუსეთის ხსენება-არხსენების საკითხი და მერე მხარეს - ადამიანების ბედი. ვის სჭირდება მსხვერპლი?! 2008 წლის მოვლენების შემდეგ დაწერილ ტალიავინის დასკვნაში ევროპელები გვსაყვედურობენ, ქართველები პროვოკაციაზე არ უნდა წამოგებულიყავითო. საბაბი არ უნდა მიგვეცა რუსეთისთვის, რომ საომარი მოქმედებები დაეწყო! ხომ არ გეჩვენებათ, რომ სააკაშვილის ეს იდეებიც შეიძლებოდა რუსეთის ხელახალი აგრესიის საბაბი გამხდარიყო?

- თქვენ როგორც ფსიქოლოგს, რისი თქმა შეგიძლიათ ამ იდეების ავტორზე?

- შემიძლია ვთქვა, რომ ამ იდეების ავტორი დაუფიქრებლად მოქმედებს. პოლიტიკოსი იმის პოლიტიკოსია, ემოციებს არ აჰყვეს. მისი მსჯელობა პოლიტიკური გათვლების შედეგი უნდა იყოს. თუ ის გრძნობებს აჰყვება, ესე იგი, პოლიტიკოსად არ ვარგა.

- როგორც მახსოვს, ამბობდით, რომ სააკაშვილი კარგი პოლიტიკოსი იყო.

- კი, ვამბობდი, ახლაც ასე ვფიქრობ.

- თუ ის დაუფიქრებლად მოქმედებს?

- არა მგონია, დაუფიქრებლად მოქმედებდეს. უბრალოდ, ასეთი განცხადებებით მიზნის მიღწევას ცდილობს. ახლაც ხან დეპრესიაზე საუბრობს, ხან ვერნიკეს სინდრომზე და ხან რაზე... ამით მანიპულირებს - ხან სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს და ხან საზღვარგარეთ მკურნალობას. ეს დიაგნოზები სწორედაც პოლიტიკური მიზნებისთვის სჭირდება.

- სააკაშვილმა ბოლო დროს თითქოს შეცვალა ბრძოლის სტრატეგია და ციხეში დარჩენასაც შეეგუა.

- სტრატეგია შეცვალა, გეთანხმებით, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ რამესთან შესაგუებელი ჰქონდა.

- რას გულისხმობთ?

- მე არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილი საქართველოში საბრძოლველად ჩამოვიდა. საბრძოლველად მომზადებული ადამიანი თანაპარტიელებს დაუკავშირდებოდა, ეგ კიდევ კონსპირაციულ ბინაში ხინკალს ჭამდა.

- ციხეში ყოფნა ხელს რატომ უნდა აძლევდეს?

- ჩვენ ხომ არ ვიცით, უკრაინიდან რატომ გამოიპარა? მარტო აქ კი არ შემოიპარა, უკრაინიდანაც გამოიპარა.

- სააკაშვილი ამბობს, რომ მისი საქართველოში ჩამოსვლით პოლიტიკური პროცესები მთლიანად შეიცვალა.

- სააკაშვილი საქართველოში არჩევნების დროს ჩამოვიდა. რა შედეგი მიიღეს "ნაციონალებმა" ამ არჩევნებში?! რამდენიმე რგოლში კი აღნიშნეს გამარჯვება, მაგრამ მეეჭვება ეს სააკაშვილის დამსახურება ყოფილიყო. როგორც ადგილობრივ არჩევნებში ხშირად ხდება, ეს კანდიდატის პიროვნული ფაქტორით იყო განპირობებული. სხვა რაზე შეიძლებოდა ემოქმედა ან აწი რაზე შეიძლება იმოქმედოს, ჩემთვის სრულიად გაუგებარია.

სააკაშვილის დაპატიმრების შემდეგ "ნაციონალებმა" ციხესთან მხარდამჭერების მობილიზებაც ვერ მოახერხეს. ერთადერთი, რაზეც სააკაშვილმა გავლენა მოახდინა, იყო მისი მოწინააღმდეგეების მობილიზება. ვერ ვიტყვი, რომ ეს "ნაციონალებისთვის" მომგებიანია.

- თვითმმართველობის არჩევნების შედეგად რამდენიმე რეგიონის საკრებულოში ოპოზიციის გამარჯვებას პროცესის დაწყებად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ახლა ბრძოლას ნამდვილად აქვს აზრი.

- ადრეც ყოფილა თვითმმართველობის არჩევნებში მეორე ტურები, უბრალოდ, მაშინ ოპოზიციამ ბოლომდე ვერ გაიმარჯვა. ნარმანიას დროსაც არჩევნების ორი ტური ჩატარდა, სერიოზული საფრთხე იდგა იმისა, რომ დედაქალაქი ოპოზიციის ხელში აღმოჩენილიყო. ამჯერადაც ასე არ იყო? ასეთი რამ თვითმმართველობის არჩევნებში ჩვეულებრივი ამბავია და ამ მხრივ ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი და იმედის მომცემი არაფერი ხდება.

- თუმცა ოპოზიციამ შეძლო თანამშრომლობა და სამი თუ ოთხი ქალაქის საკრებულოში ოპოზიციონერი თავმჯდომარის არჩევა მოახერხა. როგორ წარმოგიდგენიათ, გააგრძელებს ოპოზიცია შეთანხმებულად მოქმედებას?

- საკრებულოში კი შეთანხმდნენ, მაგრამ არა მგონია სხვა საკითხებზეც მოახერხონ თანამშრომლობა. ოპოზიცია არასდროს არ ყოფილა ისეთი დაქსაქსული, როგორიც ახლაა. ნახეთ, ახლა სააკაშვილის საქმის შესახებ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა გახდება განხეთქილების საგანი. კომისიის შექმნას პატარა პარტიები მხარს არ დაუჭერენ. ასეთი საკითხი მომავალში უფრო და უფრო მეტი გამოჩნდება.

- სამაგიეროდ, მმართველი გუნდის ლიდერები აპირებენ ამ ინიციატივისთვის მხარის დაჭერას. რას მოიტანს ასეთი კომისიის შექმნა, გარდა იმისა, რომ "ნაციონალებსა" და "ქართულ ოცნებას" კიდევ ერთი საბაბი მიეცემათ ერთმანეთის დისკრედიტაციისთვის?

- მმართველი გუნდი ამ ინიციატივას მხარს უჭერს იმიტომ, რომ თავისი სიმართლის დამტკიცება სურს, აი, "ნაციონალებს" რისი იმედი აქვთ, არ ვიცი.

- ფიქრობთ, რომ ოპოზიცია ვერც ვადამდელ არჩევნებზე მოახერხებს შეთანხმებას?

- არა მგონია, თუმცა ამ საკითხზე ხალხის აზრი უფრო მნიშვნელოვანია, ხალხს სჭირდება კი ვადამდელი არჩევნები?

- გამორიცხავთ, რომ სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარების იმედით ხალხმა მართლაც დაუჭიროს მხარი ვადამდელ არჩევნებს?

- არ გამოვრიცხავდი, ოპოზიციას ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გადაწყვეტის გასაღები რომ ჰქონდეს. თხა გავყიდე, თხა ვიყიდეს რა აზრი აქვს?! მით უფრო მაშინ, როდესაც კაცმა არ იცის, რომელი თხა უფრო კარგია.