ორი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედის“ შოტლანდიელი თავკაცი, სერ ალექს ფერგიუსონი თანამდებობას გამოეთხოვება.
დღეს დილით ბრიტანულმა „Sky Sports” გაავრცელა ცნობა, რომ გუშინ საღამოს ინგლისის ეროვნული გუნდის თავდამსხმელი უეინ რუნი კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდა და „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ გაშვება მოითხოვა.
რუნის გუნდიდან წასვლა თავდაპირველად ერთი თვის წინ სურდა, როდესაც ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ სარფიანი შემოთავაზება მიიღო. მოთამაშე ქალაქ მანჩესტერში მხოლოდ სერ ალექსის დიდმა ავტორიტეტმა და მისმა პერსონალურმა თხოვნამ დატოვა.
საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ჰოლანდიელი რობინ ვან პერსის კარგმა თამაშმა რუნი შედარებით ჩრდილში მოაქცია. ეს ფაქტორი ბრიტანელ ფეხბურთელზე უარყოფითად მოქმედებს და ფერგიუსონის წასვლის შემდეგ გუნდში დარჩენა კატეგორიულად აღარ სურს.
„მანჩესტერ იუნაიტედის“ მომავალ დამრიგებლად კლუბი „ევერტონის“ ამჟამინდელი მწვრთნელი დევიდ მოიესი მოიაზრება. ამ პიროვნებასთან რუნის ცუდი ურთიერთობა გააჩნია. რასაკვირველია ჭირვეული ვარსკვლავი მოიესთან მომავალ თანამშრომლობაზე სასტიკ უარს აცხადებს.
რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ცნობა, რომ უეინ რუნის მიუნჰენის „ბაიერნის“ ხელმძღვანელობა დაუკავშირდა და სამწლიანი ხელშეკრულება შესთავაზა.