"სულ რაღაცას ცუდს ეძებენ, ჩხირკედელაობენ, იმის ნაცვლად, რომ..."

"თეატრში მივალთ, ვინმე თანამშრომელს დაუდასტურდება, მერე ვეღარ მივდივართ და არ ვიცი, როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ქაოსი... ასეთ ცხოვრებას რა ფასი აქვს, ადამიანთან რომ ვერ მისულხარ და ვერც ვერავინ მოსულა შენთან?!" - ამბობს ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი - ნანული სარაჯიშვილი, რომელიც ქვეყანაში შექმნილი რთული პანდემიური და პოლიტიკური სიტუაციით არის აღშფოთებული და "კვირის პალიტრას" თავის გულისტკივილს უზიარებს:

- კოვიდი ჯერჯერობით არ შემხვედრია, რადგან აცრილი ვარ... ოჯახში ყველას შეხვდა და არ ვიცი, მე როგორ გადავურჩი, ღმერთმა დამიცვა... ბავშვი, რომელიც ჯერ მხოლოდ ექვსი თვისაა, ბუნებრივია, აცრილი ვერ იქნებოდა, მისი მამა აცრილი იყო, დედა - არა, მაგრამ მანაც მსუბუქ ფორმებში გადაიტანა, საავადმყოფოში წასვლა არ დასჭირვებია... როგორც კი დაუდასტურდათ, ცალკე გადავედი, იზოლაციაში ვიყავი, მაგრამ მანამდე იმდენად ახლო კონტაქტში ვიყავი, არაფრით არ მეგონა, მეც თუ არ აღმომაჩნდებოდა...

ორჯერ ვიყავი "ფაიზერით" აცრილი, ამ თვეში "ბუსტერიც" მიწევს და აუცილებლად გავიკეთებ!

- ანტივაქსერებს რას ეტყოდით?

- რა ვიცი, კაცო, კი, ბატონო, თვითონ დაიჯერონ, რასაც ამბობენ, მაგრამ ასეთ განცხადებებს მაინც ნუღარ აკეთებენ! ასეთი თავდაჯერება, ასეთი რამის მტკიცება, არ ვიცი, რანაირად შეიძლება ეს ამბავი?! მხოლოდ საქართველოში ხომ არ არის კოვიდი, მთელ მსოფლიოშია და ექიმები მოსახლეობას ყველგან აცრისკენ მოუწოდებენ. მე ასე ვიცი, ავად რომ გახდები, ექიმს უნდა დაუჯერო! ექიმს რომ ვუჯერებ, ავიცერი კიდეც, ბუსტერსაც გავიკეთებ და თქვენ წარმოიდგინეთ, გრიპის საწინააღმდეგო აცრაც გავიკეთე... შარშან, მეგობრის რჩევით, პირველად გავიკეთე გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა და ძალიან კმაყოფილი დავრჩი. სხვა დროს თუ მთელი ზამთარი გრიპი მქონდა, შარშან საერთოდ აღარ შემხვედრია.

გადაცემას ვუყურე, თენგიზ ცერცვაძეს რას აღარ ეუბნებოდნენ, გამეორება და გახსენებაც აღარ მინდა! ამ არაჩვეულებრივმა ექიმებმა თავი გადადეს და ასე როგორ შეიძლება?! მე ამ ექიმების მჯერა და რასაც იტყვიან, ყველაფერს გავაკეთებ!

- პანდემიამ რამეში შეგაფერხათ?

- ყველა შეაფერხა და მე გამონაკლისი ხომ ვერ ვიქნებოდი?! თეატრში მივალთ, ვინმე თანამშრომელს დაუდასტურდება, მერე ვეღარ მივდივართ და არ ვიცი, როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ქაოსი... ასეთ ცხოვრებას რა ფასი აქვს, ადამიანთან რომ ვერ მისულხარ და ვერც ვერავინ მოსულა შენთან?! არადა, სულ სხვანაირ ცხოვრებას ვიყავით მიჩვეულები და იმიტომ გვიჭირს შეგუება... რამდენი სასიქადულო, არაჩვეულებრივი ადამიანი წაგვართვა ამ საშინელმა ვირუსმა და კიდევ როგორ არ უნდა შევუწყოთ ხელი, რომ პანდემია მალე დასრულდეს?! შენი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად როგორ ვერ უნდა ჩაიდო თავში, რომ აცრა საჭიროა! საბედნიეროდ, ჩემ გარშემო ყველა აიცრა და თეატრსა თუ საახლობლოში აცრის მოწინააღმდეგე არავინაა... პატარები რომ ვიყავით, აცრას ხომ გვიკეთებდნენ და არავის ეშინოდა... 70 წელს გადაშორებული ქალი ვარ და არც მახსოვს, მკლავზე როდიდან მაქვს დიდი აცრა გაკეთებული. ახლა ყველაფერზე უნდათ, ამბავი ატეხონ და საქმე ისაა, რომ სხვას აზარალებენ, თორემ თვითონ თუ არ უნდა აიცრან, ვერც დააძალებ! თუმცა თავის ჯანმრთელობისთვის არ ითვალისწინებენ შედეგს და სხვისას დაეძებენ?!

მე მაინც იმედი მაქვს, რომ მალე გაზაფხული მოვა, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით...

- საქართველოში მხოლოდ პანდემიის მხრივ კი არა, პოლიტიკურადაც რთული ვითარებაა... ამაზე რას იტყოდით?

- დიახ, ახლა უკრაინაა ეპიცენტრში და კარგია, საქართველოდან რომ გაგზავნეს დიდი მხარდასაჭერი წერილი... ღმერთმა არ ქნას, ომი დაიწყოს, არ ვიცი, ეგ ვის უნდა აძლევდეს ხელს! რუსეთი ოკუპანტიაო, რომ ამბობენ, ეგ ახალი ამბავია, კაცო?! დიახ, რუსეთი ოკუპანტია და ეგ ჩემმა პატარა შვილიშვილმაც კი იცის! ღმერთს ვთხოვ, გადაგვარჩინოს და ყველაფერი კარგად იყოს! ჯანმრთელობა გვქონდეს, ეს პანდემია გადავლახოთ, მშვიდობა იყოს და ყველამ დავისვენოთ! საქართველოშიც არა და არ გვეღირსა სიწყნარე, რა დააწყნარებს ქვეყანას ამათ ხელში?!

- "ნაციონალურ მოძრაობას" გულისხმობთ?

- ჰო, კაცო, სულ რაღაც ცუდს ეძებენ, ჩხირკედელაობენ, იმის ნაცვლად, რომ ყველა ერთად დადგეს და ამ პატარა საქართველოზე იზრუნოს! არ მიყვარს კონფლიქტები და უსიამოვნებები, ვერ ვიტან! ბოლოსდაბოლოს, მშვიდობა უნდა გვეღირსოს!