„როგორ შეიძლება ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ცალ-ცალკე შეიმუშაონ რეზოლუცია, რომელიც შინაარსით და პათოსით განსხვავებული იქნება, ეს მიუღებელია“

„როგორ შეიძლება ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ცალ-ცალკე შეიმუშაონ რეზოლუცია, რომელიც შინაარსით და პათოსით განსხვავებული იქნება, ეს მიუღებელია“

ალბათ, დიდად არ გაჰკვირვებია საზოგადოებას ის ფაქტი, რომ ხელისუფლება და ოპოზიციური სპექტრი ვერც უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე შეთანხმდნენ. საბოლოოდ უცნობია, კონკრეტულად რა მოხდა დახურულ კარს მიღმა, თუმცა ფაქტია, ამ რეზოლუციაში სიტყვა „რუსეთი“ ნახსენები არ არის და სწორედ ამან გამოიწვია არაერთგვაროვანი რეაქცია ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში. შესაბამისად, არც იმას გამორიცხავენ, რომ უკრაინული მხარე და დასავლეთი უკმაყოფილო და ნაწყენი დარჩეს საქართველოს ერთგვარი პოზიციით.

ჯამში, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტი, რომელზეც ოპოზიცია და მმართველი გუნდი ვერ შეთანხმდა, პარლამენტს მხოლოდ „ქართული ოცნების“ სახელით წარედგინება. ამასთან, პარტია „დროა“ უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ მომზადებულ დოკუმენტს აქვეყნებს, რომელსაც საქართველოში მოქმედ პარტიებს ხელმოწერას სთავაზობს. „დროას“ განმარტებით, დოკუმენტი მომზადებულია საპარლამენტო ოპოზიციასა და „ქართული ოცნების“ შეთანხმებული რეზოლუციის ვერსიაზე დაყრდნობით, რომელიც მმართველმა გუნდმა დაიწუნა და არ მიიღო.

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, ის ფაქტი, რომ რეზოლუციის ტექსტში სიტყვა „რუსეთი“ ნახსენები არ არის, შესაძლოა, არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვიოს უკრაინასა და დასავლეთში. მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, ტექსტში, სტრიქონებს შორის ამოიკითხება, რომ ამ ყველაფერში კრემლი მოიაზრება. როგორც ანჯაფარიძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია ერთ რეზოლუციაზე შეთანხმდნენ მხარეები, რადგან პარლმენტში ორი რეზოლუციის დარეგისტრირებას შესაძლოა უარყოფითი შეფასებები მოჰყვეს.

„ის ფაქტი, რომ რუსეთი რეზოლუციაში არ არის ნახსენები თავის გადაზღვევის მცდელობაა, იმ ძალიან რთულ მდგომარეობაში, რომელიც შეიქმნა არა მარტო უკრაინასთან მიმართებაში, არამედ რუსეთსა და დასავლეთს შორის. ეს მმართველი გუნდის მხრიდან იმით აიხსნება, რომ არანაირი მცირე საფუძველი არ მისცენ რუსეთს, საქართველოს წინააღმდეგ რაიმე დესტრუქციული ქმედებები წამოიწყოს.

რუსეთის არხსენება ერთგვარ უხერხულობას და გაუგებრობას იწვევს, თუმცა, თუკი წავიკითხავთ რეზოლიციას, სტრიქონებს შორის ჩანს, ყველამ იცის, თუ ვისგანაც ემუქრება უკრაინას აგრესია. რუსეთის ამოღება შეიძლება არაერთგვაროვნად იყოს აღქმული როგორც უკრაინაში, ასევე დასავლეთში. როდესაც რეზოლუციის ტექსტს წერენ, ალბათ, მინიშნებით მაინც უნდა იყოს მითითებული, ვინ არის აგრესიის სუბიექტი და ობიექტი.

როგორ შეიძლება ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ცალ-ცალკე შეიმუშაონ რეზოლუცია, რომელიც შინაარსით და პათოსით განსხვავებული იქნება, ეს მიუღებელია. არ მგონია, რომ კარგი ნიშანი იყოს და დადებითად ახასიათებდეს ჩვენს პოლიტიკურ სპექტს. რუსეთმა ჩვენს ნერვებს გამოუცხადეს ომი, ეს არის ერთგვარი ძალის დემონსტრირება იმისათვის, რომ ამის საფუძველზე შეამოწმოს, რამდენად ერთიანია დასავლეთი და ნატო, რამდენად შორის წამსვლელები არიან უკრაინასთან დაკავშირებით და ჩვენ უკვე ვხედავთ, რუსეთმა ძალიან კარგად დაინახა, რისი გაკეთება შეუძლია დასვლეთს, სად არის ერთიანი და სად არა. ამით მიიღო მისთვის ძალიან ფასეული ინფორმაცია.

არ მგონია, რომ უკრაინაში მოხდეს აგრესია, იმ შემთხვევაში თუ თავად უკრაინის ხელისუფლება არ გადაწყვეტს წესრიგი აღადგინოს ძალის გამოყენებით, როგორც დონბასში. თუ სტატუს-კვო შენარჩუნდება, არ მგონია, რომ სამხედრო მოქმედებები დაიწყოს. რუსეთი მოლაპარაკების კარს მაინც ღიად იტოვებს, ეს თავისთავად გამორიცხავს იმას, რომ რუსეთი შეიჭრას უკრაინაში სამხედრო ძალით. თუ ეს მოხდება, მოლაპარკების კარის დაიხურება“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებას“ რუსეთის მიმართ შედარებით ლოილურ დამოკიდებულებას იჩენს, რადგან ეკონომიკური თვალსაზრისით, საქართველო რუსეთზე არის მნიშვნელოვნად დამოკიდებული.

„სამწუხაროა, რომ რეზოლუციაში რუსეთი არ არის ნახსენები, როდესაც საუბარია საფრთხეზე, დაკონკრეტებული უნდა იყოს, რა ტიპის საფრთხე საიდან მომდინარეობს. დასავლეთის მხრიდან ამაზე შესაძლოა შენიშვნა არ მივიღოთ, რადგან ის ძირითადად ორიენტირებულია იმაზე, უკრაინიაში ომი დაიწყება თუ არა, თუმცა, დასავლელი ექსპერტების მხრიდან შეიძლება გაკრიტიკებულ იქნას „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული და მიღებული რეზოლუცია, მაგრამ ის, რომ ოფიციალურ დონეზე განცხადება გაკეთდეს, არ მგონია, რომ ეს მოხდეს.

ეს იმით აიხსნება, რომ „ქართულ ოცნებას“ რუსეთის მიმართ შედარებით ლოიალური დამოკიდებულება გააჩნია. დასავლეთის ორბიტაზე არ ვტრიალებთ, „ქართული ოცნების“ განცხადებების მიუხედავად, რომ დასავლურ კურსს უჭერენ მხარს, რეალობა შედარებით განსხვავებულია, რადგან საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით, რუსეთზე ხდება დამოკიდებული. მესმის, რომ რუსეთის მიმართ შედარებით ფრთხილი პოლიტიკა არის გასატარებელი, მაგრამ მსგავსი ტიპის მიდგომები დასავლეთის თვალში საქართველოს იმიჯს აზიანებს“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ For.ge-სთან.

აქვე გეტყვით, რომ „რესპუბლიკური პარტია“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ პარტია „დროას“ მიერ უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ მომზადებულ დოკუმენტს ხელს მოაწერენ. როგორც „რეფორმების ჯგუფის“ ხელმძღვანელმა და „რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დოკუმენტში გათვალისწინებულია ყველა ის მკაფიო ფორმულირება, რომელსაც ოპოზიცია უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე მუშაობის დროს ითხოვდა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის თქმით კი, დოკუმენტის შინაარსი ზუსტად ასახავს რეალობას.

 

 

leviko როგორ უყვართ ეს სახელი რუსეთი ყველგან ახსენებს ეს ოპოზიცია
2 წლის უკან