"ეჭვი მაქვს, უკრაინაში რაღაც საფრთხე დაემუქრა და გამოასწრო...მისთვის საქართველოს ციხეში ყოფნა ხელსაყრელია"

არის თუ არა იმით განპირობებული სააკაშვილის განცხადებები, რომ ხალხი ციხიდან მის დასახსნელად მზად არის და, რა საფუძველი აქვს ამის თქმისთვის, ამ საკითხებზე რამაზ საყვარელიძეს­ გვესაუბრა:

- სააკაშვილი ხალხის დიდი მასის შემოკრებას ელოდება, მიუხედავად იმისა, უკვე დაინახა, ხალხი რევოლუციურად არ არის განწყობილი, მისი დამცველებიც კი.

- რითი აიხსნება მისი ასეთი დაჟინება, თუნდაც მასობრივ პროტესტზე თუ ა.შ.?

- სხვა რა უნდა ქნას? ხალხთან რით უნდა გამოვიდეს? შესაძლოა გაჩნდეს მოსაზრება, რომ გამოვიდეს და მოინანიოს, მაგრამ მონანიება მის ხასიათსაც ეწინააღმდეგება და იმასაც, რომ მისი მხარდამჭერების ნაწილი აგრესიულია და ამაზე უარი თუ თქვა, მხარდამჭერებს დაკარგავს­. ამიტომ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც მას უჭერს მხარს, აიძულებს სააკაშვილს იყოს ისეთი, როგორიც არის - მუდმივად იმეოროს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება კლავს და აწამებს, რომ ივანიშვილს არ უნდა მისი გათავისუფლება, რომ აგორავეს, აწამეს და ა.შ. ამასთან, ეს უცხოეთისთვის ნათქვამი ფრაზებიცაა და ვნახეთ უკვე, რომ იგივე გაიმეორეს უკრაინაში. ხედავს, რომ მისი აგრესიული და ჯიბრის სტილი მისაღებია მისი ამომრჩევლისთვის, გარკვეულწილად მისაღებია უცხოეთისთვისაც და უპირველესად უკრაინისთვის. ამიტომაც ცდილობს, რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერა მოიპოვოს და უცხოეთიდან მეტ დათმობას მიაღწიოს. რაც მთავარია, იარსებოს როგორც პოლიტიკურმა ფიგურამ, თუნდაც ციხეში მყოფმა.

- როდესაც ლაპარაკობს მის მხარდასაჭერად ხალხის ფეხზე დადგომაზე, თვითონ ამის სჯერა თუ მუხტის შესაქმნელად იგონებს?

- ქარიზმატულ პოლიტიკოსებს სჩვევიათ, როცა რაღაცის თქმა სჭირდებათ, ამას ჯერ თვითონ იჯერებენ. ასეა სააკაშვილიც. მაგალითად, სააკაშვილმა საკუთარი თავი დააჯერა, რომ ოპოზიციამ არჩევნებში გაიმარჯვა მისი ჩამოსვლით, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტები ამის საწინააღმდეგოა.

- საქართველოში ჩამოსული სააკაშვილი თუ განსხვავდება ქვეყნის გარეთ მცხოვრები სააკაშვილისგან?

- მგონი, აქ ჩამოსული უკვე მთლიანად ქართული თემებით იკვებება და უკრაინას აღარც ახსენებს. ეჭვი მაქვს, რომ უკრაინაში რაღაც საფრთხე დაემუქრა და გამოასწრო. უკრაინის საზღვარიც ხომ მალულად გადმოლახა? უკრაინას არც ახსენებს­ თითქოს მთელი ცხოვრება საქართველოთი სუნთქავდა. ამ დროს იცით, რომ ამბობდა, უკრაინა ჩემი სამშობლოა და მე ჩემს სამშობლოსთვის ვიბრძვიო... თუკი იმიტომ ჩამოვიდა, რომ უკრაინაში რაღაცის ეშინოდა, მაშინ მისთვის საქართველოს ციხეში ყოფნა ხელსაყრელია. ახალაიაც ჩაჯდა ციხეში ანალოგიური მოტივით - მას თავის დროზე ჩეჩნები დაემუქრნენ და როგორც კი ხელისუფლება შეიცვალა, ჩაჯდა ციხეში. სააკაშვილის ქცევაც ამ სიტუაციას მაგონებს... ენას კი ძვალი არა აქვს და იტყვის, რომ აწამებენ, სამშობლოსთვის იბრძვის და ა.შ. ციხეში წამება კი რას ნიშნავს, სააკაშვილმა ყველაზე უკეთ იცის, რადგან ის ვიდეოფირები, რომელთაც ციხეში იღებდნენ, სააკაშვილთან მიჰქონდათ... სასამართლოზე პოლიტიკური ტრიბუნაც მისცეს, გამოვა, ილაპარაკებს და წავა თავის სანატორიუმში. ამიტომ არც თვითონ იბრძვის, რომ სხვა ქვეყანაში გადაიყვანონ, და არც სხვა ქვეყნები იკლავენ თავს.

- იყო ლაპარაკი, რომ ის ქვეყნის განვითარების გეგმაზე მუშაობს და პრეზენტაცია უნდა გაეკეთებინა. რატომ ქმნის მოლოდინს, რომელიც სასაცილო მდგომარეობაში აგდებს?

- მისი ნათქვამების ახსნა ძალიან რთულია. ალბათ, ერთ-ერთი მიზანი ის არის, რომ ხალხს მოაჩვენოს, თითქოს მათ პრობლემებზე დღედაღამ ფიქრობს. არადა, არც თავად არის ეკონომიკის მცოდნე და არც რომელიმე ეკონომისტი შესულა მასთან სალაპარაკოდ. ერთადერთი რომან გოცირიძე იყო მასთან და როგორც გაცხადდა, მხოლოდ შავ სიებზე ილაპარაკა. დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს გეგმა კარგა ხანს არ გამოჩნდება, მალე თავის თავს მოჭამს და მერე სხვა პროგრამას დააანონსებს...