„საქართველოს ნატო-ში მიღებას უახლოეს მომავალში არც არავინ ფიქრობდა და ეს ყველაზე კარგად პუტინმა იცის, მაგრამ დაუკრეფავში გადავიდა - არ უნდა მოეთხოვა ნატო-ს წესდების შეცვლა“

„საქართველოს ნატო-ში მიღებას უახლოეს მომავალში არც არავინ ფიქრობდა და ეს ყველაზე კარგად პუტინმა იცის, მაგრამ დაუკრეფავში გადავიდა - არ უნდა მოეთხოვა ნატო-ს წესდების შეცვლა“

„ყველაფერი დამოკიდებულია ამერიკელების პასუხზე. მან მომდევნო კვირას რუსეთის ამ ულტიმატუმს უკვე პასუხი უნდა გასცეს. პასუხი, ფაქტობრივად, ცნობილია, სახელმწიფო მოადგილის გუშინდელი განცხადება მეტყველებს იმაზე, რომ მთავარი მოთხოვნა, რასაც რუსეთი აყენებს, ნატო-ს არგაფართოებაზე, რაც 1997 წლის 27 მაისის რეალობაში დაბრუნებას გულისხმობს, ეს, უბრალოდ, შეუძლებელია“, - ასე აფასებს ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში სოსო ცინცაძე For.ge-სთან, თეთრი სახლის პრესსპიკერის განცხადებას, რომ რუსეთის მთავრობა უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთი ცდილობს უკრაინაში შეჭრის ყალბი საბაბი შექმნას. აშშ-ს განცხადებას რუსეთის საელჩო გამოეხმაურა და თქვა, რომ რუსეთი ომის წინააღმდეგია და მხარს უჭერს ყველა საერთაშორისო პრობლემის დიპლომატიურ გადაწყვეტას. როგორ ფიქრობთ, რამდენად არის შესაძლებელი, რომ რუსეთმა უკრაინასთან ომი კიდევ ერთხელ დაიწყოს?

- პუტინმაც მშვენივრად იცის, რომ შეუძლებელს თხოულობს. არის ვერსია, რომ ეს მხოლოდ საბაბია იმისათვის, რომ გაამართლოს თავისი შეჭრა. თუმცა, ეს შეჭრა არ არის ოპერაცია, რაც 2014 წელს ყირიმთან დაკავშირებით განახორციელა, ეს გაცილებულით უფრო ძვირი დაუჯდება რუსეთს. ექსპერტები განიხილავენ სხვა ვარიანტსაც - რუსეთი ჯარს და ტექნიკას განალაგებს კუბაზე და ვენესუელაში, რაც ასევე არ არის გამორიცხული.

როგორ ფიქრობთ, იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი მართლაც გაბედავს უკრაინაში შეჭრას, ეს რამდენად მასშტაბურ ხასიათს მიიღებს და როგორი იქნება მსოფლიო დღის წესრიგი?

- სინამდვილეში მდგომარეობა ძალიან რთულია, რადგან ამერიკას რუსეთთან მარტო უწევს დგომა. ევროპელები მზად არიან მხოლოდ უმტკივნეულო სანქციებისათვის. არც ამერიკა და არც ევროპა ომისათვის მზად არ არის, ხოლო რუსეთი ომისათვის ყოველთვის მზადაა. რასაც რუსეთი გადაიხდის და რა მსხვერპლზეც რუსეთი ადვილად წავა, ამერიკა და ევროპა ამ მსხვერპლზე ვერ წავლენ. პუტინისათვის ადამიანის სიცოცხლე არაფერს ნიშნავს.

რუსეთმა მთელი უკრაინა რომ შეიერთოს, რუსეთის დიდი ნაწილისთვის მისაღებია, თუმცა რუსეთს ეს ძალიან ძვირად დაუჯდება, გამოკითხულთა 40% უკრაინაში მზად არის იარაღით ხელში იბრძოლოს რუსეთის წინააღმდეგ. თანაც, თუ გაჭიანურდა ომი და პარტიზანული ხასიათი მიიღო, განმეორდება რუსეთისათვის ავღანეთის სცენარი, როდესაც დასავლეთი, ნატო, ამერიკა ფართო დამხარებას აღმოუჩენენ უკრაინელ მებრძოლებს.

ალბათ, უფრო მოსალოდნელია ის, რომ პუტინმა ბოლო მომენტში გადაწყვიტოს ისევ ვენესუელასა და კუბაში განათავსოს თავისი სამხედრო პოტენციალი, შეიძლება რაკეტებიც კი. გადამწყვეტი იქნება მომავალი კვირა. პუტინი დარწმუნებულია, რომ დღეს მის მხარეზეა სრული უპირატესობა, რადგან დასავლეთში არ არის თანხმობა. ნებისმიერი ბირთვული სანქციები ეს ორი სრული მახვილია, რომელიც თვითონ ამერიკასაც შეეხება უარყოფითად. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ასეთი მწვავე კრიზისი ჯერ არ ყოფილა. ამ დროისთვის რუსეთს უკეთესი პოზიციები გააჩნია.

რუსეთის მოთხოვნა არის, რომ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია აღარ გაფართოვდეს. თქვენი აზრით, შესაძლოა თუ არა ამერიკა ასეთ დათმობაზე წავიდეს და საქართველოსთვის ნატო-ს კარი საბოლოოდ დაიხუროს?

- ამერიკა ყველაფერს გააკეთებს, მაგრამ ის, რომ ნატო-ს წესდება გადასინჯონ, ეს გამორიცხულია. ეს, ფაქტობრივად, ნატო-ს გაუქმების ტოლფასი იქნება. ახალი მომენტია ის, რომ შვედეთი და ფინეთი ნატო-ში გაწევრიანებაზე ალაპარაკდნენ. პუტინი სერიოზულ რისკზე მიდის. მისი ვადის გახანგრძლივებისთვის მნიშვნელოვანია პატარა სამხედრო წარმატების განხორციელება, მაგრამ უკრაინასთან ფართასშტაბიანი ომი არც პატარა იქნება, ფართომასტაბიანი რეალობის წინაშე დადგება პუტინი.

რაც შეეხება საქართველოს, ნატო-ში ჩვენ მიღებას უახლოეს მომავალში არც არავინ ფიქრობდა და ეს ყველაზე კარგად პუტინმა იცის, ის დაუკრეფავში გადავიდა და შეეხო ისეთ სფეროს, სადაც ნაბიჯი არ უნდა გადაედგა, არ უნდა მოეთხოვა მას ნატო-ს წესდების შეცვლა. ამერიკა შეძლებს მოლაპარაკებებში ჩაითრიოს რუსეთი? - რუსეთმა კარგად იცის, რომ მისი მოთხოვნა არ არის დიპლომატია. მან მოითხოვა ისეთი რამ, რასაც ვერ მიიღებს და მან ეს მშვენივრად იცის. როდესაც უარს მიიღებს მომავალ კვირას, უკან ვეღარ დაიხევს, რადგან პუტინმა სახე უნდა შეინარჩუნოს. ეს ამერიკელებსაც ესმით და ცდილობენ მოძებნონ ისეთი გადაწყვეტილება, რომ არც პუტინმა იგრძნოს თავი ძალიან დამცირებულად, ორივე მხარემ სახე უნდა შეინარჩუნოს, მაგრამ პუტინს აწყობს თუ არა, ეს უკვე სხვა საკითხია.

სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ აშშ და ნატო მზად არიან, რუსეთთან შეხვედრა კვლავ გამართონ და დიალოგი გააგრძელო. როგორ ფიქრობთ, საპასუხოდ რას შესთავაზებს ამერიკა რუსეთს? როგორ დასრულდება ეს პროცესი?

- ამერიკა შესთავაზებს მოლაპარაკებას, მაგრამ რუსებმა უკვე განაცხადეს, რომ მოლაპარაკებებში აზრს ვერ ხედავენ. ამერიკა ან უნდა დათანხმდეს ამ ულტიმატუმს, ან რუსეთი მიიღებს სათანადო ზომებს. მეორე მსოფლიო ომის მერე, ევროპელები ამერიკელების კმაყოფაზე ყოფნას მიეჩვივნენ და უბრალოდ, შეიარაღებაზე ფულის დახარჯვაც არ უნდათ.

როგორც არ უნდა დამთავრეს ეს ყველაფერი, კიდევ უფრო გადაიწევა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა. ახლა უკვე გამოჩნდნენ უკრაინისა და საქართველოს კონკურენტები - შვედეთი და ფინეთი, რუსეთი ამაზე ვერაფერს იტყვის.