9 დეკემბერს ეკატერინე ტიკარაძის მიერ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გაეკთებული განცხადების შემდეგ, პარასკევს თანამდებობა მმართველი გუნდის კიდევ ერთმა ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ დატოვა. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ხელისუფლებაში საკადრო ცვლილებების სერია დაიწყო? ოპოზიციის შეფასებით, ეს ცვლილებები იმას ნიშნავს, რომ მმართველი გუნდის შიგნით „ყველაფერი წესრიგში არ არის".
სპიკერის პოსტზე კუჭავას შალვა პაპუაშვილი შეცვლის. „ქართული ოცნების" 9-წლიანი მმართველობის პერიოდში ეს პარლამენტის უკვე მე-5 თავმჯდომარეა. მეათე, ბოლო მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს კი, ერთ წელიწადში უკვე მესამე სპიკერი ეყოლება.
დაანონსდა, რომ კახა კუჭავა, რომელიც დეპუტატის მანდატსაც ტოვებს, მნიშვნელოვან პროექტს უხელმძღვანელებს. თუმცა მმართველი პარტია მომავალ წლამდე არ ახმაურებს კონკრეტულად რა საქმით დაკავდება პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე.
„ნაციონალურ მოძრაობაში" მიიჩნევენ, რომ პარასკევს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ მმართველი პარტიის პოლიტიკა უფრო ხისტი და რადიკალური გახდება.
„შეიძლება ითქვა, რომ კიდევ უფრო ხისტი ხაზი აირჩია „ქართულმა ოცნებამ", ვინაიდან კუჭავა ითვლებოდა ცოტა რბილ ადამიანად. პაპუაშვილი კი უფრო ხისტი და რადიკალურია და ძალის დემონსტრირების მცდელობაა. ჩანს, რომ წინასაახალწლო პერიოდში პარლამენტის თავმჯდომარის შეცვლა ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი წესრიგში არ არის „ქართულ ოცნებაში", რადგან ეს ძალიან მოულოდნელი ცვლილება იყო", - განაცხადა ენმ-ს წარმომადგენელმა პარლამენტარმა აკაკი მინაშვილმა.
ხელისუფლების ოპონენტთა მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ შესაძლოა კახა კუჭავას რაიმე ფორმით დაწინაურება მოხდეს და მისი გადადგომაც სწორედ ამით აიხსნება.
„კახა კუჭავას მიმართ ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება იყო ბევრი პარლამენტარის მხრიდან. პრესკონფერენცია ისე იყო წარმართული, არ ეტყობოდა, რომ რაიმე უკმაყოფილება ჰქონდა თავად კახა კუჭავას. შესაძლოა ველოდოთ მის რაღაც ფორმით დაწინაურებას", - აცხადებს „გირჩი" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.
„რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი რამაზ საყვარლიძე კუჭავას დაწინაურების პერსპექტივას გამორიცხავს, თუმცა შესაძლებლად და მისაღებად მიიჩნევს საკადრო ცვლილებების კვლავ გაგრძელებას.
„შეუძლებელი არაფერია, პერიოდულად ცვლილებები უნდა განხორციელდეს კიდეც. არ ვიცი პარლამენტის თავმჯდომარე რა მოტივით გადადგა, მიზეზებზე მკაფიოდ თვითონაც არ საუბრობს. ტიკარაძის გადადგომას შესაძლოა მიზეზები ჰქონდეს, ჯანდაცვის სისტემაში პანდემიის გამო ისეთი ვითარებაა.
„ვნახოთ რა იქნება, რადგან არსებობს საკითხები, რომლებიც საკადრო ცვლილებებს ითხოვს. გამორიცხული არ არის, რომ გადადგომების ეს სერია თავად „ქართული ოცნების" შიგნით ცალკე საკითხებთან და პროცესებთან იყოს დაკავშირებული.
„რაც შეეხება კუჭავას დაწინაურების საკითხს, არ მგონია ეს თემა რეალური იყოს, რადგან ამ შემთხვევაში გადადგომას პირდაპირ მოჰყვებოდა ახალ თანამდებობაზე დანიშვნა, რათა ეს საუბრები აეცილებინათ თავიდან. ამიტომ მეეჭვება აქ დაწინაურების საკითხი იყოს, უფრო მგონია, რომ კუჭავა და მისი თანამდებობა ვერ შეეწყვნენ ერთმანეთს", - განაცხადა საყვარელიძემ „რეზონანსთან" საუბრისას.