"სააკაშვილი არ შეცვლილა. კაცს დანაშაულების ამხელა ტვირთი აწევს მხრებზე და წამითაც არ უფიქრია მონანიებაზე, "გადაცდომას" უწოდებს მკვლელობებს"

"სინანული ხალხსაც გვმართებს იმის გამო, რომ სააკაშვილი პრეზიდენტად მოვიყვანეთ“

ყოფილი პარლამენტარი, მსახიობი ზაზა პაპუაშვილი ჩვენს შეკითხვაზე, თუ როგორია მისი დამოკიდებულება მიმდინარე პროცესების მიმართ, გვპასუხობს, რომ ამ თემამ საქართველოს სხვა მოქალაქეების მსგავსად, ისიც დაღალა, თუმცა გულგრილი ვერ იქნება, როდესაც საქმე სამშობლოს შეეხება:

- მუდმივი პროტესტი­ ხალხს ძალას ნამდვილად აცლის, თუმცა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მომხრეებმა მის გასათავისუფლებლად შეუჩერებელი ბრძოლა გამოაცხადეს... ისიც აშკარაა, რომ ამ პროცესებს საზოგადოების დიდი ნაწილი მხარს არ უჭერს.

- როგორ შეიძლება ასეთ ბოროტებას ხალხმა მასობრივად დაუჭიროს მხარი? იმისთვის, რომ სააკაშვილის მხარდამჭერები მოიპოვონ, ყოველდღე მუშაობენ გაყიდული ტელევიზიები და ქვეყნის გამყვლეფი მოღალატეები, უბადრუკი პოლიტიკოსები, რევანშისტები, რომლებსაც სააკაშვილი უქმნიდა მატერიალურ კეთილდღეობას და ახლა მისი დაბრუნება ნებისმიერ ფასად სურთ. დიახ, ნამდვილად არსებობენ ასეთებიც, რომლებიც გამუდმებით ფიქრობენ, როგორ გაამწარონ სხვები. სწორედ ასეთმა კატეგორიამ აქცია სააკაშვილი ლიდერად და ბედნიერადაც გრძნობდნენ თავს, რომ სწორედ მათნაირი იყო ლიდერი. ვგულისხმობ ბუნებით მოღალატე პოლიტიკოსებს, რომლებიც ბევრჯერ გადამხტარან აქეთ-იქით, დღეს კი სააკაშვილთან არიან. მათ შორის ბევრი დავალებულიც არის ექსპრეზიდენტისგან და თავს ვეღარ იხსნის, თორემ შესაძლოა ზოგიერთს აღარც უნდა ქუჩაში წანწალი და "მიშა-მიშას" უშედეგოდ წივილ-კივილი. უშედეგოდ იმიტომ, რომ ვერასოდეს შეძლებენ ხალხის იმ ნაწილის შეგროვებას, რომელიც რევოლუციას მოაწყობს და მიშას ხელისუფლებაში დააბრუნებს. სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება არ შეიძლება. ის არ შეცვლილა. უბრალოდ, საღებავი გადასდის, "შპაკლი" სცვივა, თორემ ზუსტად იგივეა, რაც იყო. კაცს დანაშაულების ამხელა ტვირთი აწევს მხრებზე და წამითაც არ უფიქრია მონანიებაზე, "გადაცდომას" უწოდებს მკვლელობებს.

- ამის მიუხედავად, ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგი მუდმივად სააკაშვილის სახელით არის შევსებული. არადა, უამრავი საქმე რჩება გაუკეთებელი, ქვეყანა და ხალხი ღარიბია.

- კი, ასეა, ქვეყანა მთავარს ივიწყებს და არარაობასა და უნიჭობას უთმობს პირველ ადგილს. თუმცა ამ ბაკქანალიას მაინც ისე ვუყურებ, როგორც ისტორიის იმ ფურცელს, რომელსაც ვერც ავაჩქარებთ და ვერც დავაგვიანებთ, მაგრამ ერთ დღეს აუცილებლად გადაიფურცლება. სააკაშვილი სწორედ ასეთ გადასაშლელ ფურცლად მიმაჩნია. ჩვენ გვყავდა პრეზიდენტი, რომელსაც განდიდების მანია სჭირდა და სჭირს ახლაც. ეს მის გაუწონასწორებელ ფსიქიკაზე მეტყველებს. კაცმა წაგებული ომი მოგებულად გამოაცხადა და რუსთაველზე გამარჯვება იზეიმა, ამ დროს კი სამაჩაბლოში დახოცილი ბიჭები უპატრონოდ ეყარნენ, მთელ თბილისში აწიოკებული, სახლკარდაკარგული ლტოლვილების ტევა არ იყო. კაცს რომ დაკარგული მიწისა და დახოცილი ჯარისკაცების გამო ტკივილის განცდის ნაცვლად ცეკვა-თამაშის სურვილი გაუჩნდება, სამარცხვინოა და ეროვნული ღირსების დაცემაზე მეტყველებს.

- სინანულით რაიმე გამოსწორდება?

- სააკაშვილისგან ამას არ უნდა ველოდოთ, თორემ გულწრფელი სინანული აუცილებლად შეუმსუბუქებდა იმ უმძიმეს ტვირთს, რომელიც განვლილი ცხოვრების გამო ადევს... სინანული ჩვენ, ხალხსაც გვმართებს იმის გამო, რომ პრეზიდენტად მოვიყვანეთ ეს კაცი. რაც გვჭირს, არა მარტო პოლიტიკოსების, საზოგადოების ბრალიც არის, რომელმაც არ იცის, რა პასუხისმგებლობას იღებს მომავალზე... ბევრად მეტი პრობლემა ჩვენშია, ვიდრე რომელიმე ხელისუფლებაში. სანამ ხალხი არ გააცნობიერებს, რომ ხელისუფლებაში მხოლოდ საკუთარი სკამისა და ჯიბისთვის მებრძოლი არ უნდა აიტანოს, არაფერი გვეშველება.

- მწერალი აკა მორჩილაძე გამახსენდა: "ამ მოგონილ ქვეყანას არაფერი სცხია "ვეფხისტყაოსნის"; ამ ქვეყანას მოუკლეს ავთანდილები, ტარიელები, მეგობრის დასახმარებლად წასული ბიჭები... ამ ქვეყანას არც თინათინები დაუტოვეს, არც ნესტან-დარეჯანები, ასე ვართ გამოფიტული".

- გულზე მოსახვედრი ნათქვამია, მაგრამ მე იმედი არასოდეს გადამიწურავს,­ რომ აუცილებლად უკეთესად ვიქნებით.­ უკეთესად კი ვიქნებით მაშინ, როდესაც­ მიზნად დავისახავთ, რომ სწორად მოვექცეთ­ ერთმანეთს: არ დავეტაკოთ და არ დავლანძღოთ; არ დავაყაროთ მეზ­ობლებს თავზე ნაგავი; არ დავაბინძუროთ ტყე და მდი­ნარე­ები; არ დავხოცოთ ცხოველები; ქვეყანა კი არ ამოვხაპოთ და გავძარცვოთ, ვემსახუროთ... ადამიანის სახე გვაქვს დაკარგული. იმის ნაცვლად, მოწესრიგება საკუთარი თავიდან დავიწყოთ, პოლიტიკას ვაწესრიგებთ. ასეთ გადაგვარებულ საზოგადოებას რომ ხედავს, იმიტომაც არის, რომ პოლიტიკოსი და პრეზიდენტი თავს იმის უფლებას აძლევს, წაგებული ომი იდღესასწაულოს და ხალხი გლოვის ნაცვლად ახტუნოს და ათამაშოს. როდესაც ვიღაც ბიუჯეტს გაძარცვავს და მკვლელებს დაიფარავს, ბოროტების მანტია უნდა გახადო, ქეჩოში წაავლო ხელი, გაასამართლო და დილეგში ჩასვა. ისე, როგორც სააკაშვილია დღეს დილეგში... მაგრამ თუ ხელისუფლებას შეეშინდება კანონის აღსრულების, ეს დაგროვდება მძიმე მასად, რისგანაც აუცილებლად გაჩნდება დაუსჯელობის სინდრომი, ვიღაცას კიდევ თავისი განუმეორებლობის აკვიატება დაემართება და ამით გაუშრობს ქვეყანას სისხლს...

- დღეს ქვეყანა გაღატაკებულია და მომავალსაც ვერ ხედავს. ამ ხელისუფლებას შერჩა რესურსი მომავლის გასაკეთილშობილებლად?

- როდესაც ასეთ კითხვები გიჩნდებათ, მაშინ ისიც უნდა დაასახელოთ, ვის ხედავთ უკეთესს, რომ ეს მისია შეასრულოს? ნუთუ ოპოზიციას, რომლიც ყველაფერს იკადრებს ხელისუფლებაში მოსასვლელად? მათ ქვეყნის კეთილდღეობა რომ სურდეთ, სულ ქუჩაში არ იქნებოდნენ. ვაღიარებ, რომ პოლიტიკური სივრცე გაფუჭებულია, რომ პოლიტიკოსების უმრავლესობა პოლიტიკაში მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისა და ჯიბის გამო მოდის და მხოლოდ მცირე ნაწილია მათ შორის, რომელიც ნამდვილად ქვეყნისა იბრძვის; მაგრამ ვიმეორებ, ხალხმა ხელისუფლებას იმის შესრულება უნდა მოსთხოვოს, რაც ქვეყნისა და ხალხისთვის არის სასარგებლო და არა პოლიტიკოსების ჯიბისთვის.სანამ საზოგადოებრივ წესრიგის დამყარებას არ მივაღწევთ, მანამდე გვექნება ქვეყანა აუშენებელი. საზოგადოებრივი წესრიგი უნდა გახდეს მოწოდების თემა და არა ურთიერთსიყვარულზე ლოზუნგები. როდის იყო, სიყვარული ლოზუნგებით მყარდებოდა?! ან რა სიყვარული გაჩნდება იმ დროს, როდესაც ერის ერთი ნაწილი მეორეს ქაოსს მხოლოდ იმიტომ უქმნის, რომ ის ხალხი არ არის ხელისუფლებაში, რომელიც მას მოსწონს. ამისთვის მზად არიან ყველა გაამწარონ და გააღიზიანონ! სიყვარულის ადგილი უსათუოდ იქნება იმ საზოგადოებაში, რომელიც ერთმანეთს პატივს­ სცემს და ერთმანეთის საზიანოს არაფერს გააკეთებს. როცა ხალხს ეცოდინება, სად არის მისი ადგილი, მისი მთავარი საქმე და სხვის ფუნქციებში არ შეეკვეხება, მაშინ იქნება კარგად. ჩვენ ხან ევროპელობა გვინდა, ხან ამერიკელობა და ამასობაში მთავარი, ქართული საქმე გვრჩება გაუკეთებელი. ასე რომ, სჯობს სხვის დაკრულზე ცეკვას მოვრჩეთ და თავად მივხედოთ ჩვენ კანონ-სამართალსაც და ქვეყანასაც. დამნაშავე გავასამართლოთ, პატიოსანს კი მხარი დავუჭიროთ, საკუთარ ქვეყანაში წესრიგი ჩვენვე დავამყაროთ. თუ ასეთ სიმშვიდეს მოვიპოვებთ, აი, მაშინ ქვეყანასაც ეშველება და ხალხსაც.