რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი პუტინ-ბაიდენის ონლაინ შეხვედრის წინ იმუქრება...
7 დეკემბერს დახურული ვიდეოკავშირით უნდა შედგეს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების ონლაინ შეხვედრა, რომელსაც მოუთმენლად ელიან მსოფლიოში.
მოუთმელად იმიტომ, რომ რუსეთის შეირაღებული ძალების პირადი შემადგენლობისა და საბრძოლო ტექნიკის რიცხვი უშუალოდ უკრაინის საზღვართან ყოველდღიურად იზრდება და ყველა სადაზვერვო ინფორმაცია შესაძლო იერიშების დაწყებაზე მიუთითებს...
და ამ მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი მორიგ ხისტ მინიშნებას აკეთებს - როგორც თავის დროზე საქართველო "იძულება მშვიდობისათვის“ სამხედრო ოპერაციით "დავაწყნარეთ“, ეტყობა, უკრაინასაც უნდა იძულება, რომ შეასრულოს მინსკის ხელშეკრულებაო...
რუსული "იძულება“ რას ნიშნავს, დასავლეთმა მართალია იხილა 2008 წლის აგვისტოში, მაგრამ ბოლომდე ვერ გააცნობიერა, რომ სადღაც, "შორს“, კავკასიის ქედთან, ერთ პატარა საქართველოზე დაუსჯელად გალაშქრებული რუსეთი მალე დასავლეთისკენ შეტრიალდებოდა და ჯერ უკრაინის ყირიმს წაიღებდა და შემდგომ "აპეტიტი“ გაეხსნებოდა ნატოს აღმოსავლეთ საზღვარზე გასასვლელადაც.
უშუალოდ უკრაინის საზღვართან რუსეთის არმიის ასიათასიანი სამხედრო დაჯგუფებაა თავმოყრილი, რასაც ემატება სეპარატისტულ დონბასში ისედაც მებრძოლი 35-ათასიანი პრორუსული შეირაღებული კონტინგენტიც.
ცოცხალი ძალისა და ჯავშანტექნიკის უკრაინის საზღვრებთან გადასროლით შეიძლება პრეზიდენტ პუტინს თავისი ამერიკელი კოლეგის დაშინება და მისგან მეტი პოლიტიკური დათმობების მიღებაც სურს, მაგრამ თუკი მაინც გადაწყვიტა კრემლმა და უკრაინაზე ოფიციალურად დაიწყო შეტევა რაიმეს "იძულების“ საბაბით, რას იზამს საპასუხოდ დასავლეთი და კერძოდ - ნატო?
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ჩართვა უშუალო ბრძოლებში რუსეთის არმიის წინააღმდეგ, პრაქტიკულად, გამორიცხულია, თუმცა ლეტალური შეიარაღების მიწოდება უკრაინის არმიისთვის (რაც ისედაც დაწყებულია) მნიშვნელოვნად გაიზრდება, მაგრამ იბადება კითხვა - გაუძლებს კი უკრაინის თავდაცვა სხვადასხვა მიმართულებიდან იერიშზე გადასული ასამდე რუსული საბატალიონო-ტაქტიკური ჯგუფის შეტევას, რომელთაც ძლიერი საჰაერო მხარდაჭერა ექნებათ, რამდენიმე კვირა მაინც, რომ ნატოს მიწოდებული შეირაღება ეფექტიანად გამოიყენოს?
თუკი ბაიდენი და პუტინი ვერ შეთანხმდნენ და დაძაბულობამ უკრაინის საზღვართან არ დაიკლო,უკრაინის ტერიტორიული უსაფრთხოების გასაძლიერებლად ერთ-ერთი გამოსავალი იქნებოდა უკრაინის საჰაერო სივრცის არასაფრენ ზონად გამოცხადება, რომლის რეგულირება ნატოს წევრი ქვეყნების საჰაერო თავდაცვის დანაყოფებს დაევალებოდათ, რომლებსაც უკრაინის საჰაერო სივრცეში უკანონოდ შეფრენილი ნებისმიერი საფრენი აპარატის ჩამოგდების უფლება მიეცემოდათ...