რატომ წააგო საქართველომ რუსულ ენერგოგიგანტთან 80-მილიონიანი საარბიტრაჟო დავა?

რატომ წააგო საქართველომ რუსულ ენერგოგიგანტთან 80-მილიონიანი საარბიტრაჟო დავა?

საქართველომ რუსულ ენერგოგიგანტ „ინტერ რაოსთან” საარბიტრაჟო დავა წააგო, რის გამოც ქართულ მხარეს 80,5 მილიონი ამერიკული დოლარის გადახდა დაეკისრა. დავა 2017 წლიდან მიმდინარეობდა. სარჩელი ნიდერლანდებში რეგისტრირებულმა შვილობილმა კომპანია „ინტერ რაომ“ შეიტანა, რომელიც საქართველოში ორი ჰიდროელექტროსადგურის, „ხრამი-1“-ისა და „ხრამი-2“-ის მფლობელია. ქართულმა მხარემ გადაწვეტილება გაასაჩივრა, თუმცა იურისტების აზრით, ამ საქმის შემობრუნება ძნელი სავარაუდოა.

რუსულ კომპანიაში აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობის არაერთმა გადაწყვეტილებამ უარყოფითი გავლენა მოახდინა მათ ინვესტიციებზე. კერძოდ, საუბარია, რომ 2014 წელს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ელექტროენერგიის ტარიფის გამოთვლის მეთოდოლოგიას გადახედა, რაც ტარიფის გაზრდით ლარის გაუფასურებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების გარანტიებს არ იძლეოდა. „ინტერ რაომ“ საქართველოს ხელისუფლებას ტარიფების გადახედვის თაობაზე 2016 წელს მიმართა, მაგრამ უარი მიიღო.

„ინტერ რაო“ ამაზე გაჩერებას არ აპირებს და 2022 წლის მარტისთვის კომპენსაციის ოდენობის გადახედვას გეგმავს, რაც, სავარაუდოდ, 100 მილიონ დოლარს გადააჭარბებს.

გადაწყვეტილებაზე პირველი კომენტარი გააკეთა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელიც აცხადებს, რომ მომხდარი საქართველოსთვის ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობას და აუცილებლობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

„ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, მივაღწიოთ ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას და განვავითაროთ საკუთარი ენერგოგენერაციის წყაროები“, - აღნიშნა თურნავამ და დასძინა, რომ რუსული მხარის მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ მომხდარიყო ტარიფების ზრდა სრულიად დაუსაბუთებელი იყო.

„მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო არბიტრაჟმა ნაწილობრივ გაიზიარა „ინტერ რაოს“ პოზიციები (ისინი ითხოვდნენ 200 მილიონამდე კომპენსაციას და ამ ეტაპზე, საუბარია მხოლოდ 80 მილიონზე), მაშინაც და დღესაც მიგვაჩნია, რომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა, რომ არ გავზარდოთ ტარიფები მომხმარებლისთვის, მათ შორის არც „თელასისთვის“ გადასახდელი ტარიფი”, - განაცხადა მინისტრმა.

საერთაშორისო არბიტრაჟი არაა ტიპიური სასამართლო, ის დავების განმხილველი დამოუკიდებელი სტრუქტურაა, სადაც მიმართვის დროს მხარეები თავიდანვე თანხმდებიან, რომ ისინი დაემორჩილებიან და აღასრულებენ არბიტრაჟის გადაწყვეტილებას. შესაბამისად, არბიტრაჟის გადაწყვეტილებები არ ექვემდებარება იმავე შინაარსით გასაჩივრებას, რასაც მაგალითად, საქალაქო თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები ექვემდებარებიან.

იურიდიული ფირმა „ბიელსის“ პარტნიორი ქეთევან ქვარცხავა ამბობს, რომ საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილების შინაარსობრივი ნაწილი, როგორც წესი, გასაჩივრებას არ ექვემდებარება, თუმცა შესაძლებელია არბიტრაჟის მხრიდან პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით დავის დაწყება.

იურიდიული ფირმა „ჯი ენდ თის“ მმართველი პარტნიორი გიორგი ცერცვაძეც იგივეს ადასტურებს, რომ დავა შეიძლება შეეხებოდეს მხოლოდ პროცედურულ დარღვევას და სასამართლო ვერ შევა შინაარსობრივ განხილვაში საქართველოს 80 მილიონი უნდა დაკისრებოდა „ინტერ რაოს“ სასარგებლოდ, თუ 90 მილიონი.

ბიზნესის სამართლის სპეციალისტი აკაკი ჩარგეიშვილიც იზიარებს კოლეგების პოზიციას:

„ეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაა და, სამწუხაროდ, როდესაც ასეთი გადაწყვეტილების მიღება ხდება, სამართლებრივი მექანიზმები წაგებული მხარისთვის არის ძალიან ცოტა. თუკი ქართულმა მხარემ პროცესი წააგო, პირველ რიგში, ძალიან ცუდია. ახლა თუ რამეს შეიძლება მოვეჭიდოთ, ეს შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ პროცედურული ნაწილი.

ვინაიდად ეს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებაა, შეუძლიათ, ეროვნული ბანკის ანგარიშები დააყადაღონ, მათ შორის - საზღვარგარეთ უცხოური ვალუტის ანგარიშები და ამ წესით მოხდეს იძულება და გადაწყვეტილების აღსრულება“, - აღნიშნა ჩარგეიშვილმა.

მიუხედავად ამისა, სტოკჰოლმის არბიტრაჟის გადაწყვეტილება, ქართულმა მხარემ მაინც გაასაჩივრა.

„სტოკჰოლმის არბიტრაჟმა გადაწყვეტილება 2021 წლის 19 აპრილს მიიღო, რომლის მიხედვითაც „ინტერ რაოს“ ეკუთვნოდა გარკვეული კომპენსაცია. „ინტერ-რაო“ ითხოვდა კომპენსაციას 200 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რაც საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე არ დაკმაყოფილდა და 2021 წლის 23 ნოემბერს კომპენსაციის ოდენობად განისაზღვრა 80.5 მილიონი აშშ დოლარით.

სახელმწიფო ახლაც მიიჩნევს, რომ 2014 წელს ტარიფები სწორად იქნა განსაზღვრული და ამიტომ არბიტრაჟის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სტოკჰოლმის სასამართლოში, როგორც დაუსაბუთებელი. შესაბამისად, საკითხზე სამართლებრივი დავა გრძელდება და მიუხედავად მისი შედეგისა, ცხადია, ეს გავლენას არ მოახდენს მოსახლეობის ტარიფებზე“, - განაცხადეს იუსტიციის სამინისტროში.