„ინფორმაცია, მიშა რომ გარბოდა და სარკოზიმ შეაჩერა, არის ჩემს სისხლის სამართლის საქმეში, რომელსაც ადევს „გრიფით საიდუმლო“, წავიდეს კინწურაშვილი და ედავოს სუს-ს“

„ინფორმაცია, მიშა რომ გარბოდა და სარკოზიმ შეაჩერა, არის ჩემს სისხლის სამართლის საქმეში, რომელსაც ადევს „გრიფით საიდუმლო“, წავიდეს კინწურაშვილი და ედავოს სუს-ს“

რედაქციისგან: ა.წ. 30 ნოემბერს, for.ge-ზე გამოქვეყნდა უსაფრთხოების საკითხებში ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას ინტერვიუ: https://for.ge/view/220868/kondoloza-raisis-memuarebSi-aRniSnulia-rom-saakaSvili-apirebda-gaqcevas-magram-sarkozim-gadaafiqrebina.html

ანალიტიკოსმა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომაზე წარმოთქმულ სიტყვაზე გააკეთა კომენტარი. შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი გვარწმუნებდა, რომ ომის დროს პუტინმა მას და მის ოჯახს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა, რაზეც ექსპრეზიდეტმა უარი თქვა. ამის საპასუხოდ ვახტანგ მაისაიამ ჟურნალისტ თამთა ქარჩავას ინტერვიუში განუცხადა, რომ

სააკაშვილი, პირიქით - ქვეყნიდან გაქცევას აპირებდა, მაგრამ იგი საფრანგეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ შეაჩერა.

აღნიშნული სტატიის გამო „მითების დეტექტორი“-დან for.ge-ს კუთვნილ ფეისბუკ გვერდზე მოვიდა გაფრთხილება, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიცრუეა და თუ მას არ შევასწორებდით, გვერდი გაითიშებოდა.

საქმე ისაა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა for.ge-ს კუთვნილ ფეისბუკ გვერდებს ბლოკავს ფეისბუქის ადმინისტრაცია, საქართველოში მისი წარმომადგენლის „მითების დეტექტორი“-ს   (www.mythdetector.ge) მითითებით. აღნიშნული ვებ-გვერდის მთავარი რედაქტორია ქ-ნი თამარ კინწურაშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი და მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, საზოგადოებრი მაუწყებლობის ყოფილი დირექტორი. სწორედ ეს გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ ქალბატონი კინწურაშვილი, პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იყენებს საკუთარ ორგანიზაციას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მაშინ, როდესაც სხვას „ამხელს“ სიცრუეში, მოვითხოვთ, წარმოადგინოს „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერი მედია საშუალებებიდან მომდინარე რომელი სიცრუე ამხილა?

რაც შეეხება for.ge-ს მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, იგი გამოწვეული იმ ფაქტით, რომ რედაქცია დაუფარავად აქვეყნებს მიხეილ სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ მიერ ჩადენილ ყველა დანაშაულს, რასაც უამრავი ადამიანი კითხულობს. აქვეგვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ინფორმაციები არც ვარაუდებზეა აგებული და არც სიცრუეზე. ჩვენ ვწერთ მხოლოდ დადსტურებულ ფაქტებზე.

for.ge ცდილობს, რაც შეიძლება დიდ აუდიტორიაზე გავიდეს, ვინაიდან მედია ვებ-გვერდის რეიტინგი განსაზღვრავს მის სარეკლამო შემოსავლებს. არ იქნება რეიტინგი, არ იქნება რეკლამა, რაც ნიშნავს, რომ არ იქნება for.ge. შესაბამისად, სანამ საპირისპიროში არ დაგვარწმუნებს ქალბატონი კინწურაშვილი, უფლებას ვიტოვებთ ვთქვათ, რომ მისი ორგანიზაცია მსგავსი ბერკეტებით ცდილობს ჩვენი მედია გამოცემის დახურვას. „ნაცმოძრაობამ“ 2010 წელს ეს ერთხელ უკვე  მოახერხა, როდესაც presa.ge წაგვართვეს და იგი გადასცეს თავისევე აქტივისტს გიორგი კაპანაძეს. ამჟამად, ჩვენ არ დავუშვებთ, რომ მათ იგივე გაიმეორონ. ჩვენ აუცილებლად მივმართავთ საქართველოს პროკურატურას, სასამართლოს და ფეისბუქის სათავო ოფისს, რომ მათ შეისწავლონ „მითების დეტექტორი“-ს ობიექტურობა. ეს მოკლედ, როგორ ვაპირებთ თავი დავიცვათ „ნაციონალური მოძრაობის“ თავდასხმებისგან.

ახლა კი, რაც შეეხება თავად ინტერვიუს შინაარსს, რომლის გამო ვიდევნებით. for.ge-ს რედაქცია დაუკავშირდა ვახტანგ მაისაიას ინფორმაციის (რომელიც მან ჩვენთან საუბარში გაახმიანა) გადასამოწმებლად. ანალიტიკოსმა ინფორმაცია არათუ დაადასტურა, არამედ, კონკრეტული გვარებიც დაასახელა, ვისზე დაყრდნობითაც ავრცელებდა ინფორმაციას. ჩვენმა ჟურნალისტმა, თამთა ქარჩავამ კი მასთან ინტერვიუ ხელახლა ჩაწერა, რომელსაც ამჟამად გთავაზობთ.  

***

ბატონო ვახტანგ, თქვენ ინტერვიუზე, სადაც ამბობთ, რომ აგვისტოს ომის დროს, სააკაშვილი აპირებდა ქვეყნიდან გაქცევას, მაგრამ სარკოზიმ გადააფიქრებინა, თამარ კინწურაშვილის ორგანიზაციის ვებ-გვერდი „მითების დეტექტორი“ ამტკიცებს, რომ სიცრუეა და ამის გამო რედაქციის სოციალური აქტივობის დაბლოკვით ემუქრება. შესაბამისად, პირველ რიგში, როგორც კომენტარის ავტორისგან გვსურს გავიგოთ, რამდენად სამართლიანია „მითების დეტექტორი“-ს მოთხოვნა, ან თქვენ რა წყაროებს ეყრდნობით, როცა აცხადებთ, რომ სააკაშვილი ომის დროს გაქცევას აპირებდა და იგი სარკოზიმ შეაჩერა?

ვახტანგ მაისაია: ნაკლებად მაინტერესებს რას იტყვის კინწურაშილი. სარკოზის ეს ისტორია მითხრეს კონტრდაზვერვის თანამშრომლებმა და სხვათა შორის, ეს მეწერა ჩემს წიგნში, რომელიც უნდა დაბეჭდილიყო. ჩემი წიგნი, რომელიც იყო 400-გვერდიანი, უნდა დაბეჭდილიყო ინგლისურ ენაზე. ამ წიგნში დეტალურად იყო აღწერილი რუსეთ-საქართველოს ომის პერიპეტიები და ამ თემაზე პროკურატურას ჩვენება მისცეს მალხაზ გულაშვილმა და მამუკა არეშიძემ.

ჩემს წიგნში ვარაუდის დონეზე მქონდა დაწერილი, რომ სარკოზიმ გააჩერა მიშა და აიძულა, რომ ხელი მოეწერა ათპუნქტიან შეთანხმებაზე, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი არის ის, რომ როდესაც დამიჭირეს და დაიწყო ღამის დაკითხვები, ჩემთან მოვიდნენ კონტრდაზვერვის თანამშრომლები: გიორგი მაზმიშვილი, ვალერი ზუმბაძე და ოთარ ორჯონიკიძე, რომლებმაც მითხრეს, რომ შენ და სარკოზი ერთი და იგივეს რატომ ამბობთ, საიდან გაქვს ეს ინფორმაციო?

რას ამბობდით თქვენ და სარკოზი?

- იმას, რომ სააკაშვილი აპირებდა გაქცევას და სარკოზიმ გააჩერა. აი, ამაზე მითხრეს - საიდან იცი ამის შესახებო, რაზეც ვუპასუხე - არ არის სწორი-თქო? მიპასუხეს: მართალია, მაგრამ ვინ მოგცა ამაზე ინფორმაციაო?

რომ დავაზუსტოდ, ამ სამეულიდან რომელმა გითხრათ, რომ სააკაშვილის გაქცევის მცდელობა მართალიაო?

- თუ არ ვცდები, ეს იყო ოთარ ორჯონიკიძე. ეს ხდებოდა ღამის დაკითხვების დროს. მოდიოდნენ გლდანში, ღამის საათებში გამოვყავდით საკნიდან და მიმდინარეობდა ჩემი უკანონო დაკითხვა. აი, მაშინ მითხრეს, რომ ეს ინფორმაცია მართალია, მაგრამ აინტერესებდათ, ვინ მომცა ეს ინფორმაცია. სხვათა შორის ანალოგიური ინფორმაცია დამიდასტურა ამირან მესხელმა და ეს ეხებოდა ვანო მერაბიშვილის კავშირებს ბელარუსის ძალოვნებთან. ეს არის შეიმანი და მასლოვი, რომელიც მაშინ „კაგებე“-ს უფროსი იყო. როგორც მესხელმა მითხრა, ეს ინფორმაცია სწორია და ამიტომაც ხარ აქო.

იგივე მითხრეს კონტრდაზვერვის თანამშრომლებმა, რომ მიშა მართლა გარბოდა და სარკოზიმ გააჩერაო. თვითონ კაიფობდნენ ამ ინფორმაციაზე. მასალას, რომელიც ეხება სააკაშვილის გაქცევას, დღემდე ადევს „გრიფით საიდუმლო“. ეს მასალა დევს ჩემი სისხლის სამართლის საქმის მე-3 და მე-4 ტომში. ამიტომ, თუ ძალიან აინტერესებს დეტალები კინწურაშვილს, ეჭიდაოს სუს-ს და მოახსნევინოს „გრიფი“.

თქვენ დაკავებამდე საიდან გქონოდათ ინფორმაცია, რომ სააკაშვილი აპირებდა გაქცევას და სარკოზიმ გადააფიქრებინა, რომელიც შემდეგ, როგორც თქვენ ამბობთ, კოტრდაზვერვის გამომძიებელმა დაგიდასტურათ?

- სიმართლე გითხრათ, ვარაუდის დონეზე მქონდა ინფორმაცია, რომ სარკოზიმ გააჩერა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც გარბოდა. მერე ერთ-ერთმა მაღალჩინოსმა მითხრა ამის შესახებ.

ეს მაღალჩინოსანი ქართველი იყო, თუ უცხოელი?

- ქართველი მაღალჩინოსანი იყო. ეს ინფორმაცია გამოვიყენე და ვარაუდის დონეზე მეწერა, რომ სარკოზიმ გააჩერა მიხეილ სააკაშვილი. მერე დამტკიცდა, რომ ეს რეალობა იყო. მე მგონი, თვითონ სარკოზიც ლაპარაკობდა ამის შესახებ ინტერვიუებში, არ მახსოვს რა ნაწილში, მაგრამ ეს ინფორმაცია, რომ დამიდასტურეს კონტრდაზვერვის თანამშრომლებმა, ეს არის ფაქტი. როგორც გითხარით, ღამით დაკითხვებზე რომ გავყავდით, მეკითხებოდნენ მხოლოდ ამას - შენ და სარკოზი რატომ საუბრობთ ერთი და იგივე ინფორმაციას, ვინ გითხრა ეს ინფორმაციაო?

ეს ინფორმაცია არის ჩემს სისხლის სამართლის საქმეში, რომელსაც ადევს „გრიფით საიდუმლო“, რომელზეც მე და ჩემს ადვოკატებს არ გვაქვს წვდომა. წავიდეს კინწურაშვილი და ედავოს სუს-ს.

სხვათა შორის, დღეს, სუს-ს მივმართეთ განცხადებით, რომ მოეხსნას ჩემს საქმეს „გრიფით საიდუმლო“. მოხსენს მხოლოდ პირველ და მეორე ტომს, მესამე, მეოთხე და მეხუთე ტომებს ისევ „გრიფით საიდუმლო“ ადევს. ამის მტკიცებულება მაქვს და გავასაჯაროვებ.

ვახტანგ გომელაურმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვით ჩემს საქმის პირველ და მეორე ტომს მოეხსნას „საიდუმლო გრიფი“, მაგრამ მესამე ტომში გრიფი მოეხსნა მარტო ორ წერილს, არადა დაახლოებით 600 გვერდია, მეოთხე ტომში მხოლოდ ერთ წერილს და მეხუთე ტომი ისევ არის „გრიფით საიდუმლო“, სადაც არის სწორედ ეს ანალიტიკური მასალები, რომელიც ეხებოდა რუსეთ-საქართველოს ომის პერიპეტიებს.

რაც შეეხება კონდოლიზა რაისის ნაწილს, ეს თქვენ საიდან გქონდათ?

- კონდოლიზა რაისი ამბობდა, რომ ისინი ეუბნებოდოდ მიშას არ დაეწყო ომი და შესაბამისად, თავი შეეკავებინა ყოველგვარ პროვოკაციაზე. ეს მას უწერია. მიშას რომ დაურეკეს, საკმაოდ მკაცრად უთხრეს, რომ ჩვენი იმედი არ გქონდესო. ეს უწერია თავის მემუარებში. როცა დამიჭირეს კონტრდაზვერვამ ჩემი ორი ინფორმაცია დამიდასტურა: პირველი ეს იყო ვანო მერაბიშვილის კონტაქტები და მეორე იყო ეს ვარიანტი, რომ მიშა გარბოდა და სარკოზიმ შეაჩერა. ამაზე იყო ჩემი ნაშრომები, რომელიც წინგად უნდა გამოსულიყო. ამ თემის გარშემო პროკურატურაში მიდის გამოძიება. კიდევ ერთხელ, სააკაშვილი რომ გარბოდა და სარკოზიმ შეაჩერა, ეს ღამის დაკითხვაზე დამიდასტურა ორჯონიკიძემ. წავიდეს და იმათთან გაარკვიოს კინწურაშვილმა საიდან ჰქონდა მას ინფორმაცია. ეს ინფორმაცია დღემდე დევს ჩემს მასალებში, რომელზეც წვდომა მე არ გამაჩნია და არც ჩემს ადვოკატს. წავიდეს კინწურაშვილი და ეჭიდაოს სუს-ს.

ქალბატონ კონდოლიზას მემუარებში უწერია, რომ ომის პერიოდში სარკოზი იყო ჩასული და სერიოზული საუბარი იყო სააკაშვილთან, ასე დეტალებში არ მახსოვს. ეს წიგნი მაქვს და ამ ნაწილს ვთარგმნი და გამოვაქვეყნებ. სარკოზის ნაწილს რაც შეეხება, ვამბობდი კონტრდაზვერევის თანამშრომლების ნათქვამს, რომლებმაც დამიდასტურეს ეს ინფორმაცია. კონტრდაზვერვის თანამშრომლებს საიდან აქვთ ეს ინფორმაცია, ეს უკვე მე არ მეხება.

არ ვიცი რას დავობს კინწურაშვილი, რომელიც არის სუბიექტური. „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტკომისარია, რომელიც იჯდა საზოგადოებრივ მაუწყებელში. თუ ძალიან აინტერესებს ეს ინფორმაცია, მოახსნევინოს სუს-ს საიდუმლო გრიფი. ესეც ბევრ რამეს ამტკიცებს. ე.ი. რეალურია ეს ინფორმაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ დროინდელმა კონტრდაზვერვამ რატომ დაადო „საიდუმლო გრიფი“? ახლა თქვენ დაასკვენით, მართალია თუ არა. სხვათა შორის დღევანდელი ხელისუფლების პირობებშიც რატომ გრძელდება ეს პროცესი?

ანუ, 2008 წელს სააკაშვილი, რომ არ გაიქცა საქართველოდან, ამაზე გავლენა იქონია საფრანგეთის პრეზიდენტმა?

- დიდი ალბათობით სარკოზიმ იქონია გავლენა. ეჭვიც არ მეპარება, რომ ასე იყო. ახლა მით უმეტეს არ მეპარება ეჭვი, რადგან მიშას კონტრდაზვერვამ დაადო „გრიფით საიდუმლო“. მიშა რომ გარბოდა, ფაქტია, მაგრამ თავშესაფარს სად ეძებდა, აზერბაიჯანში, თუ თურქეთში, არ ვიცი. ამ საკითხის გარკვევას მეც ვაპირებდი, თავიდან მეგონა, რომ რუსების ინფორმაცია იყო, მაგრამ მერე დამაკავეს და კონტრდაზვერვის თანამშრომლებმა დამიდასტურეს. კიდევ ერთხელ, მესამე და მეოთხე ტომი, სადაც სწორედ ამ ნაწილზე იყო ლაპარაკი, დღესაც „გრიფით საიდუმლო“ ადევს.

მინდა გითხრათ, რომ 2011 წლის 7 აპრილის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გამინადგურეს ორიგინალური მასალები. მესამე და მეოთხე ტომში არის მხოლოდ ასლები. ორიგინალები იყო ჩემს კომპიუტერში, ამობეჭდეს, გადაიღეს ასლები და ეს ორიგინალები გაანადგურეს. შეიმანის და სააკაშვილის გაქცევის ორიგინალური მასალები გაანადგურეს, როგორც მტკიცებულება. პირდაპირ ეწერა სააპელაციო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილებაში - განადგურდეს კომპიუტერში არსებული შიგთავსი.

ეს ორიგინალური მასალები ეხებოდა სააკაშვილის დანაშაულს, რომელიც 2008 წლის აგვისტოში ჩაიდინა. მე ვლაპარაკობ სამართლებრივად და იურიდიულად გამართლებულ ფაქტებზე. თუ ეს კინწურაშვილისთვის არგუმენტი არ არის, შეუძლია ცივი წყალი დალიოს. მიშას წინააღმდეგ მტკიცებულება, მათთვის არის კატეგორიულად მიუღებელი და ამიტომაც აეწვათ კუდი. კინწურაშვილმაც იცის, რომ ეს სიმართლეა და ამიტომაც არიან ამ დღეში. მტკიცებულება არსებობს, „გრიფით საიდუმლო“ ადევს და კონტრდაზვერვის თანამშრომლებმა - მაზმიშვილმა, ორჯონიკიძემ და ზუმბაძემ დამიდასტურეს ეს ფაქტი.

 

Serapina მიშა მარტო გარბოდა?! დანარჩენების სიაც არსებობდა, წითელ ხიდთან რომ იდგნენ გამყადებულნი,თავიანთი ჯიპებით...
ზოგადად, სააკაშვილის სასამართლო 2013 წელს უნდა ჩატარებულიყო! მაშინ იქნებოდა ეს პროცესი, მართლაც სამართლიანობის აღდგენასთან კავშირში... ახლა,პოლიტიკური ტელესერიალია! ....უბრალოდ, სააკაშვილს ცოცხალი თავით არ ჯერა, რომ ის, მთავარ როლზე არ დაამტკიცეს!

ისე, ერთ საინტერესო საკითხს დააკვირდით...
ივანიშვილი ამბობდა 90/იანი წლებიდან ვაფინანსებდი ქართველების უცხოეთში სწავლასო..
აგერ სააკაშვილმა, მე ვაფინანსებდი ნიჭიერ ახალგაზრდებსო...ვითომ, თავისი ხელფასიდან აკეთებდა...ან თავისი ბიზნესით ნაშოვნი ფულით.
გარდა ამისა, ღარიბაშვილის რომ პირველად დაინიშნა პრემიერად, მაშინ 150 სტუდენტის უცხოეთში სწავლის დაფინანსებაზე იყო საუბარო...
გარდა ამისა,საქართველოში არსებობს დაფინანსების ორგანიზაციები, გერმანიის,ამერიკის და ა.შ.

მე გულწრფელად მაინტერესებს ერთი რამ... მარტო სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლიდან, 2003წლიდან, რომ დავიწყოთ დათვლა... გამოდის, ათასობით ადამიანი უნდა გვყავდეს, უცხოეთში კვალიფიკაციამიღებული... და საინტერესოა, ეს ხალხი სად არის?
2 წლის უკან
trampi სერაფინა
საღოლ ......კაი ნერვები გაქვს კიდევ
მე უკვე ვეღარ ვწერ .. ...ცოტას თუ ვკითხულობ--ღა ....... ეგაა და ეგ
ისე კი ამ ცირკის მაურებელები, ყველა ოპტომ რომ საველი კრამაროვივით არ დავდივართ ისააა გასაკვირვი ......
წავიდა ნერვები უკვე, წავიდა.......... გავხარჯე,
პლიუს კლავიატურებს ვამტვრევ ხშირად....
ჰოოოდა ვეღარ ვწერ უკვე
2 წლის უკან
არაგველი641 Serapina: "მე გულწრფელად მაინტერესებს ერთი რამ... მარტო სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლიდან, 2003წლიდან, რომ დავიწყოთ დათვლა... გამოდის, ათასობით ადამიანი უნდა გვყავდეს, უცხოეთში კვალიფიკაციამიღებული... და საინტერესოა, ეს ხალხი სად არის?"-----
----ერთი მაგათგანი გავიცანი ამას წინათ, ტრაილერით სერავს ამერიკის ტრასებს!!!
2 წლის უკან