„ომის დროს მოწინააღმდეგე მხარის პირველმა პირმა რომ გითხრას გაიქეციო, უნდა გაიქცე? ეს სატრაბახო იყო?“ (უზუსტობის გამო, სტატიის შინაარსი და სათაური შესწორებულია)

„ომის დროს მოწინააღმდეგე მხარის პირველმა პირმა რომ გითხრას გაიქეციო, უნდა გაიქცე? ეს სატრაბახო იყო?“ (უზუსტობის გამო, სტატიის შინაარსი და სათაური შესწორებულია)

For.ge-მ წინამდებარე სტატიაში შეიტანა შესწორება, რომელშიც უზუსტობა იყო დაშვებული, კერძოდ, უსაფრთხოების საკითხებში ანალიტიკოსი, ვახტანგ მაისაია ამბობს შემდეგ ფრაზას: „2008 წელს ნიკოლა სარკოზი იყო ის ადამიანი, რომელიც ჩავიდა რუსეთში, შეხვდა პუტინს და მედვედევს, გამოდის, რომ სარკოზის პირით შემოუთვალა ოჯახის გაყვანა? თუ პირიქით იყო ეს ამბავი? როგორც ვიცი, გაქცევა უნდოდა თბილისიდან და მაშინ სარკოზიმ უთხრა, ფეხი არ გაადგაო.

კონდოლიზა რაისის მემუარებში აღნიშნულია, რომ სააკაშვილი აპირებდა გაქცევას, მაგრამ სარკოზიმ გადააფიქრებინა, რომელიც მთავარი მომლაპარაკებელი იყო ამ პროცესში“ - აღნიშნულ სტატიაში, მცდარია ფრაზა: „კონდოლიზა რაისის მემუარებში აღნიშნულია, რომ სააკაშვილი აპირებდა გაქცევას, მაგრამ სარკოზიმ გადააფიქრებინა, რომელიც მთავარი მომლაპარაკებელი იყო ამ პროცესში“. რეალურად, კონდოლიზა რაისს, საკუთარ მემუარებში მსგავსი რამ არ უწერია. შესაბამისად ეს ფრაზა სტატიიდან ამოღებულია.

https://for.ge/view/221117/informacia-miSa-rom-garboda-da-sarkozim-SeaCera-aris-Cems-sisxlis-samarTlis-saqmeSi-romelsac-adevs-grifiT-saidumlo-wavides-kinwuraSvili-da-edavos-sus-s.html

რაც შეეხება ინფორმაციას, რომ სააკაშვილი ქვეყნის დატოვებას აპირებდა, For.ge-მ ხელახლა გადაამოწმა ინფორმაცია ვახტანგ მაისაისთან, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა და რომელიც For.ge-ზე დაიბეჭდა ა.წ. 3 დეკემბერს და შეგიძლიათ იხ. საიტზე:

შესწორების შედეგად, წინამდებარე სტატიაში, სათაურშიც („კონდოლოზა რაისის მემუარებში აღნიშნულია, რომ სააკაშვილი აპირებდა გაქცევას, მაგრამ სარკოზიმ გადააფიქრებინა“) შევიდა ცვლილება და იგი შეიცვალა შემდეგი სათაურით: „ომის დროს მოწინააღმდეგე მხარის პირველმა პირმა რომ გითხრას გაიქეციო, უნდა გაიქცე? ეს სატრაბახო იყო?“

***

მიხეილ სააკაშვილი კვლავ გორის სამხედრო ჰოსპიტალში დააბრუნეს, ცხადია - დროებით. სულ რამდენიმე დღეში ექს-პრეზიდენტი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნდება. თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც 7 ნოემბრის საქმეზე ექს-პრეზიდენტის სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, ბრალდებული ზუსტად 1-საათიან სიტყვაში ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ პუტინის პირადი პატიმარია და ამიტომ ციხეში არ უნდა იჯდეს. მონოლოგის დასრულების შემდეგ სააკაშვილმა სასამართლო დატოვა და დაიბარა, რომ სასამართლო პროცესებს არ დაესწრება. შესაბამისად, 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესი სააკაშვილის გარეშე გაიმართება.

„მე გავხდი საქართველოს პირველი მმართველი, ლუარსაბ მეფის შემდეგ, რომელიც მოხვდა პატიმრობაში, ეს არის ყველაზე დიდი სირცხვილი“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა: არ აღიარებს პროკურატურას და ქართულ მართლმსაჯულებას - 7 ნოემბერის პროცესს შს მინისტრი მართავდა, თვითონ ტელევიზორით უყურებდა და არავისთვის დირექტივა არ მიუცია; არანაირი „გირგვლიანის საქმე“ არ არსებობს და ასე პიარისთვის დაარქვეს; გაოგნებულია, რომ შეწყალების გამო ასამართლებენ, ვინაიდან შეიწყალა ის ოფიცრები, რომლებიც იმ 280 სამხედროს შორის იყვნენ, ვინც 2008 წლის ომის შემდეგ ამნისტიით გათავისუფლა ციხიდან; მის მიერ ამნისტირებული კი თმებით დაათრევდა გლდანის დაწესებულებაში.

ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც სააკაშვილმა გაახმიანა 2008 წლის აგვისტოს ომს ეხებოდა. ექსპრეზიდენტის თქმით, 2008 წელს პუტინმა შემოუთვალა, რომ მას და მის ოჯახს სასწრაფოდ დაეტოვებინა თბილისი.

„იცით, 2008 წელს, როდესაც რუსებმა შემომითვალეს ფრანგების, სარკოზისა და ამერიკელების მეშვეობით, რომ მეორე დილას ისინი შემოდიოდნენ თბილისში და მე და ჩემს ოჯახს დაუყოვნებლივ უნდა დაგვეტოვებინა საქართველო. მათ მანამდე დაბომბეს და მიწასთან გაასწორეს კოპიტნარის აეროპორტი, რომელიც მერე აღვადგინეთ და სულ სხვანაირია ახლა. მათ დაბომბეს ბათუმის აეროპორტის მიდამოები, თბილავიამშენის აეროპორტიც კი.

ერთადერთი, რაც მათ არ დაბომბეს, იყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტი და ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ის არ დაბომბეს, იყო მათი ულტიმატუმი, რომ სააკაშვილი მოახტეს ახლა თვითმფრინავს და გაქუსლოს სადღაც უცხოეთში, თავის ახლობლებთან ერთად. არ დაგიმალავთ, რომ ზოგიერთი ამერიკელიც, ჩემი მეგობრები მირჩევდნენ, რომ ეს გამეკეთებინა იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში რუსები შემოვიდოდნენ თბილისში და აუცილებლად განახორციელებდნენ იმას, რასაც პუტინი დაჰპირდა სარკოზის, ჩემი ერთი ადგილით დაკიდებას და ასევე, ჩემი ახლობლების განადგურებას“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილების მისაღებად სულ ორი-სამი წუთი დასჭირდა და გაახსენდა 1921 წელი, როდესაც ბოლშევიკური არმია შემოვიდა თბილისში, საქართველოს მთავრობა წავიდა ჯერ ბათუმში, შემდეგ სტამბულში და შემდეგ საფრანგეთში.

„მე ვიცი, რომ ამ წასვლიდან 10 წლის, 20, 30, 40 წლის შემდეგაც, უკვე ბებრები ისხდნენ და არჩევდნენ ამ ძველ ამბებს იმ საქართველოზე, რომელსაც ვერასოდეს ვეღარ ნახავდნენ ცხოვრებაში. მე ვიფიქრე, რომ არასოდეს ჩემს თავს არ ჩავიყენებდი ასეთ სიტუაციაში. ჩემ მიერ თბილისის დატოვება ნიშნავდა თბილისში რუსული ჯარების შემოსვლას და თბილისში რუსეთის დროშის აფრიალებას. ეს იყო ამ ულტიმატუმის შინაარსი. აგერ ავღანეთში მსგავს გარემოებებში დატოვა პრეზიდენტმა დედაქალაქი და ეგრევე შემოვიდა მეორე ძალა“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ სააკაშვილი იტყუება და ცდილობს თავის ფანტაზიაში ჩასვას საფრანგეთის ექს-პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, რომელიც 2008 წელს შუამავალი იყო საქართველოსა და რუსეთს შორის. მისი თქმით, თუ ვლადიმერ პუტინის მიზანი იყო თბილისის აღება და სააკაშვილის აყვანა, ნამდვილად ამის პრობლემა არ ექნებოდა, მით უმეტეს, რომ თბილისის გარეუბნებში შემოსული იყო რუსეთის გერეუ და ელოდებოდნენ ოპერატიულ ბრძანებას თბილისის აღებასთან დაკავშირებით.

„ესეც იმ სერიიდან არის, რუსულ სამხედრო თვითმფრინავებს ღრუბლებში რომ დაემალა. სააკაშვილის სიმართლე არ დაიჯერება, არათუ ტყუილი. რუსეთს, რომ სდომოდა სააკაშვილის რეჟიმის შეცვლა, ამას გააკეთებდა, მაგრამ რუსეთს ყველაზე მეტად აძლევდა ხელს სააკაშვილის პრეზიდენტობა და ამის დასტურია 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ როგორ აღმოჩნდა სტრატეგიული ობიექტები რუსეთის ხელში.

როგორ ფიქრობთ, სააკაშვილის ნებართვის გარეშე მოხდა? - არა, რა თქმა უნდა. რუსეთი მტერია და ეს გასაგებია, მაგრამ რასაც სააკაშვილის იგონებს, ეს არის დიდი ფანტაზია. 2008 წელს ნიკოლა სარკოზი იყო ის ადამიანი, რომელიც ჩავიდა რუსეთში, შეხვდა პუტინს და მედვედევს, გამოდის, რომ სარკოზის პირით შემოუთვალა ოჯახის გაყვანა? თუ პირიქით იყო ეს ამბავი? როგორც ვიცი, გაქცევა უნდოდა თბილისიდან და მაშინ სარკოზიმ უთხრა, ფეხი არ გაადგაო.

საერთოდ, რად უნდოდა სააკაშვილს ვიღაცისგან პუტინის მესიჯის ჩამოტანა, როცა ვანო მერაბიშვილი თვითონ იყო პირდაპირ კავშირში ვიქტორ შეიმანთან და მისი მეშვეობით გადიოდა ე.წ. სილოვიკების დაჯგუფებაზე პატრუშევი-ივანოვი და სეჩინი.

ეს ცნობილი ფაქტია და ასე მიდიოდა მათი კომუნიკაციური ურთიერთობები. ვანო მერაბიშვილი იყო ის ადამიანი, რომელიც იჯდა კრემლის ხაზზე. 2008 წელს სწორედ მერაბიშვილმა გასცა ბრძანება, რომ კოდორის ხეობიდან გამოსულიყო ჩვენი შეიარაღებული ძალები და მთელი უახლესი იარაღი ჩააბარეს რუსეთს. ვანო მერაბიშვილი იყო ყველაზე ხელსაყრელი პიროვნება პუტინისთვის“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაიამ.

ანალიტიკოსის ამირან სალუქვაძის შეფასებით, ექს-პრეზიდენტი პარალელურ სამყაროში ცხოვრობს, ჩარჩენილია პრეზიდენტობის ეპოქაში. მოსახლეობას ისევ ამადლის შუქს და გაზს. პოლიციელებსა და ჯარისკაცებს კი ამადლის 15 თუ 17 წლის წინ შეკერილ ფორმებს. როგორც შემდეგ აღმოჩნდა. ბიუჯეტის ფულით არ იყო ნაყიდი და ეს ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება იყო. მისი თქმით, თავდაცვის ძალების გამოყვანა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, ეს არის უმძიმესი დანაშაული.

„8 წლის წინ გაბუნიასთან ინტერვიუში იმასაც ამბობდა, რომ ნატოზე უარის თქმა შესთავაზა მედვედევს, მაგრამ წერილში მსგავსი არაფერია ნათქვამი, გამოაქვეყნოს ეს წერილი. ომის დროს ფოსტით გამოუგზავნა წერილი, დაურეკა, თუ როგორ შედგა ეს კომუნიკაცია? ომის დროს მოწინააღმდეგე მხარის პირველმა პირმა რომ გითხრას გაიქეციო, უნდა გაიქცე? ეს სატრაბახო იყო?

უბრალოდ, ამით უნდათ შეფუთონ სასამართლო პროცესი, რომ პუტინის პატიმარია. უხეშად, რომ ვთქვათ, ამ ოთხი ხელისუფლებიდან კოლექტიურ პუტინს, ანუ კრემლს ყველაფერი გაუკეთა სააკაშვილის ხელისუფლებამ. საქართველოს შემდგომი ხელისუფლებები იმდენს ვერ გაუკეთებენ პუტინს, რაც 9 წლის განმავლობაში გაუკეთა სააკაშვილის ხელისუფლებამ. ამიტომ, არ მჯერა სააკაშვილის ამ ზღაპრების“, - ამბობს ამირან სალუქვაძე.

როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, აგვისტოს ომის გამო დასასჯელი იყო თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული დონის ხელმძღვანელობა, მაგრამ პირიქით გააკეთეს, ზედა ეშელონები წაახალისეს, ხოლო ვინც გმირობა გამოიჩინა ბრძოლის ველზე, მათი დევნა დაიწყეს.

„მე არ მჯერა, რომ პუტინმა შემოუთვალა. გამორიცხულია, რუსეთმა ომის დროს ვინმეს დაურეკოს და უთხრას, გაიქეცი-გამოიქეცი. რუსეთს რაც უნდოდა, ბრწყინვალედ განახორციელა. რომც შემოეთვალა მერე რა? ამ ფრაზის მიზანი რა არის? ერთადერთი მიზანი რატომაც ამ ყველაფერს აკოწიწებს, არის ის, რომ პუტინი არის დამნაშავე.

პუტინმა უბრძანა 7 ნოემბრის სადამსჯელო ოპერაციის ჩატარება? პუტინმა დაახარჯინა 9 მილიონი - პიჯაკების საქმე რომ დაარქვეს? სხვა რაღაცა შეუძლიათ დაარქვან „ეროტიკული მასაჟის საქმე“, „სუშის საქმე“, „ოქროს სამკაულების საქმე“ და ა.შ. ათობით მილიონი ღირს მისი სახლები, მაიამის ვილა ვიხილეთ, კიევში ორი სახლი აქვს, ასევე ოდესაში. იმ 9 მილიონზე ხომ უნდა ილაპარაკონ ადეკვატურად და იძახიან პიჯაკების საქმეო, სრული კატასტროფაა. ეს არის მაგათი აღქმა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ამირან სალუქვაძემ.

quji ბარონი მიუნჰაუზენი ამასთან შედარებით ხუთი წლის ბიჭია
2 წლის უკან