ხორბალსა და ფქვილზე მსოფლიოში ისეთი დაძაბული ვითარებაა შექმნილი, რომ ნებისმიერ დროს კოლაფსია მოსალოდნელი. ფასი იზრდება ყველგან, მოთხოვნა არაადეკვატურად მატულობს, მწარმოებლები დამატებით გადასახადებს აწესებენ. საფრთხის წინაშე ყველა მომხმარებელი ქვეყნა და მათ შორის საქართველოც, სადაც მარცვლეულის ტრადიციული ორთვიანი მარაგი შემცირებულია.
ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან სილაგავას განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ ხორბლის გლობალური ფასი კვლავ მზარდია, კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი, რათა საქართველოში ხორბლის იმპორტს აზრი ჰქონდეს, პურის ფასი შენარჩუნდეს და ამასთან, წისქვილკომბინატები არ დაიხუროს.
რუსული ხორბლის საექსპორტო ფასმა ტონაზე რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ამ დროისვის ერთი ტონა ხორბალი 340 დოლარი ღირს. თუმცა, როგორც რუსული აგროექსპორტიორთა კავშირი ვარაუდობს, ხორბლის ღირებულებამ შესაძლოა, 400 დოლარს გადააჭარბოს. აგრარული ბაზრის კვლევის ინსტიტუტის პროგნოზით, გაისად რუსეთი „მარცვლეულის საშუალო მოსავალს“ მიიღებს.
მძიმე მდგომარეობაა ჩიკაგოს მარცვლეულის ბირჟაზე, სადაც 1 ბუშელი (25 კგ) ხორბლის ფასმა 8,50 დოლარს გადააჭარბა.
გლობალური ფასების ასეთი ზრდა, სხვა მიზეზებთან ერთად, იმიტომაც მოხდა, რომ მსოფლიო მარცვლეულის ერთ-ერთი ექსპორტიორი, ავსტრალია დაიტბორა. ამდენად, არის მოლოდინი, რომ ავსტრალიაში ხორბლის რაოდენობა და ხარისხიც არასათანადო იქნება, რამაც ფასის ზრდა განაპირობა.
„მსოფლიოს ბაზრებზე ისევ პრობლემაა. როგორც იცით, ავსტრალიაში წყალდიდობაა და მაღაპროტეინიანი ხორბლის დეფიციტია მთელ მსოფლიოში. შესაბამისად, ფასი ისევ ზევით მიდის. ახლა თურქეთმა გამოაცხადა ტენდერი, რომლის აღსრულება 10-დან 31 იანვრამდე უნდა მოხდეს. ტენდერის პირობებით შეთავაზებები აქვთ სხვადასხვა ქვეყნებს და ფასები უკვე მერყეობს 385-დან 425 დოლარის ფარგლებში. ვინ გაიმარჯვებს, ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა უკვე ამ შეთავაზებიდან შეირჩევა ახალი ფასი და ფაქტობრივად, 400 დოლარს მიხედვით იქნება.
რაც შეეხება რუსეთის პოზიციას, თუ ფასი 400 დოლარს გადააჭარბებს, თავისთავად შეცვლის საბაჟო გადასახადის გამოთვლის ფორმულას. ეს ნიშნავს, რომ ფასი კიდევ გაზრდისკენ იქნება მიმართული და შემცირდება ექსპორტი. ამასთან, 15 თებერვლიდან რუსეთს დაანონსებული აქვს კვოტირების მექანიზმი ხორბალზე. ისინი 15 თებერვლის მდგომარეობით დაითვლიან სეზონის ბოლომდე რამდენი ხორბალი სჭირდებათ მათ, შესაბამისად, 6 თვის კვოტირებას განსაზღვრავენ, რამდენ ხორბალს გაყიდიან ყოველთვიურად. ესეც დამატებითი წნეხია ფასზე. საკმაოდ რთული მდგომარეობაა რეგიონალურადაც და მსოფლიოშიც.
რაც შეეხება ჩვენს ბაზარს, სტატისტიკის მიხედვით, შემცირებულია ხორბლის შემოტანა. წესით, როდესაც ხორბალი ძვირდება, ჩვენ უფრო მეტი შემოგვაქვს, მაგრამ წელს არაორდინალური სიტუაციაა. იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთში მცურავი ბაჟი მოქმედებს (ეს არის დღეს 80 დოლარის ფარგლებში), ხორბალზე და არა ფქვილზე, ჩვენთან ხორბლის შემცირების ხარჯზე, გაზრდილია ფქვილის იმპორტის რაოდენობა. რომ წარმოვიდგინოთ, თუ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასი 400 ან 380 დოლარია, ამას გამოკლებული 80 დოლარი. შესაბამისად, რუსული წისქვილკომბინატები ფქვავენ 300-დოლარიან ხორბალს, ჩოლო ჩვენი - 380-დოლარიანს. სწორედ ამიტომაც არის, რომ ჩვენთან ფქვილი რუსეთიდან შემოდის და რაოდენობრივად არის გაზრდილი“, - აღნიშნა „ბიზნეპრესნიუსთან“ სილაგავამ.
საქართველოში უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომლის ამოცანაა ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ხორბლის და ფქვილის იმპორტს დააბალანსებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფქვილის იმპორტი კიდევ უფრო გაიზრდება, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში გაცილებით ნეგატიური ეფექტის მომტანი იქნება.
„უკვე დაიხურა რამდენიმე წისქვილკომბინატი, მათ შორის ბათუმში - „ოქროყანა“, კიდევ ორი გაჩერდა ბათუმში, გორში გაჩერდა „ქართული ხორბალი“, წნორში - ერთი, ასევე კახეთში რამდენიმე. ჯამში, დაახლოებთ, 10-მდე ობიექტზეა საუბარი. დანარჩენებმა შეამცირეს სიმძლავრეები იმიტომ, რომ რუსული ფქვილი შემოვიდა და კონკურენციას ვერ უძლებენ.
მთავრობისადმი ჩვენი მიმართვიანობაც სწორედ ამას ეხება, რომ კონკურენციის პირობები ჩამოყალიბდეს და ფორა არ ჰქონდეს, იგივე ფქვილის იმპორტს, ხორბლის ადგილობრივ გადამუშავებასთან მიმართებით. ხორბლის გადამუშავება ჩვენთან ღირებულებათა მთელ ჯაჭვს ქმნის - დასაქმება, ქატოს გადამუშავება (თუ წისქვილკომბინატი გაჩერდა, ქატოს იმპორტიც უნდა განხორციელდეს), ამასთან, ადგილობრივ ხორბალს, რომელიც პროგრამებით ფინანსდება, წისქვილკომბინატი თუ გაჩერდა, თავისთავად ვერც ამ ხორბალს იყიდის. პლუს ამას, სასურსათო უსაფრთხოების პრობლემა ჩნდება. იმიტომ, რომ ხორბლის შემთხვევაში ჩვენ 2-თვიანი მარაგებით ვმუშაობთ, ფქვილზე - არა. ჩვენთან ახლა არის ორი გამოწვევა, ერთია პურის ფასი და მეორე სასურსათო უსაფრთხოება, წისქვილების მუშაობა“, - განაცხადა სილაგავამ.
რაც შეეხება მარაგებს, ხორბლის იმპორტი შემცირებულია, შესაბამისად, რა იქნება სამომავლოდ, ეს ახლა უკვე მთავრობის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
სახარბილო ვითარება არც მარცვლეულის მწარმოებელ ქვეყნებშია. უკრაინაში წელს დაბალი მოსავალი იყო, რუსეთში - საშუალო, ყაზახეთში კი - გვალვა. აგრარული ბაზრის კვლევის ინსტიტუტის გენერალური დირექტორის, დიმიტრი რილკოს შეფასებით, ფასის ტრადიციული შემცირება, რაც ჩვეულებრივ, სასოფლო-სამეურნეო წლის (იანვარ-ივნისის პერიოდის) მეორე ნახევრის დასაწყისში ხდება, ამჯერად შესაძლოა, არ დაფიქსირდეს.
„ხორბლის ფასი აბსოლუტურ რეკორდს მიუახლოვდა და შეიძლება ითქვას, რომ რეკორდულია. პანდემია ყველანაირ პროგნოზს არღვევს“, - განაცხადა რილკომ.
საინტერესო ის არის, რომ თუ ადრე ფასი ახალ წლამდე რეკორდულ ნიშნულამდე ადიოდა, შემდეგ ისევ იკლებდა, დღეს პირიქითაა და საექსპორტო ფასი ზრდას განაგრძობს.