ბიუროკრატიის ნაწილში ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი საუკეთესო სისტემა, რაც, მათ შორის, ეკონომიკის მიმართულებით არის აღიარებული, სწორედ, ამის გამო ჩვენ ძალიან მაღალ ადგილს ვიკავებთ ყველა რეიტინგში, რაც უკავშირდება ბიზნესის კეთებას, ეკონომიკურ აქტივობებს და ამის გამოხატულებაა ეს რეიტინგიც, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც მთავრობის ეფექტიანობის ინდექსით საქართველოს ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვედრას შეეხებოდა.
მისივე თქმით, საქართველო მუდმივად უსწრებს ევროპის 7-8 ქვეყანას კორუფციის სიმცირის მაჩვენებლით.
„რაც შეეხება კორუფციას, არსებული მოცემულობითაც ჩვენ 7-8 ქვეყანას ევროკავშირიდან მუდმივად ვუსწრებდით კორუფციის სიმცირის მაჩვენებლით. მათ შორის, მართლმსაჯულების მიმართულებით და ყველა მიმართულებით ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ გადაწყვეტილებები მიიღება, სწორედ, პოლიტიკური ზეგავლენისგან დამოუკიდებლად, არათუ ზეწოლისგან. ეს არის მთავარი პრინციპი, რითაც ჩვენ ვმოქმედებთ. მათ შორის, ბიზნესის თავისუფლება არის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა. ესეც ზუსტად იმის მანიშნებელია, რომ სახელმწიფო ზედმეტად არაფერში ერევა და პირიქით, ხელს უწყობს ბიზნესის, ეკონომიკური აქტივობების განვითარებას. ყველა მიმართულებით სახელმწიფო, ხელისუფლება, ბიუროკრატია ცდილობს, რომ იყოს მაქსიმალურად ხელშემწყობი ნებისმიერი სუბიექტისთვის,"- განაცხადა პრემიერმა.