გიორგი გურგულია: ”გადაეყვანათ “რეზბალნიცაზე”, სადაც ჩვეულებრივი პატიმრები მიჰყავთ, მიშა სააკაშვილი რითია განსაკუთრებული?”

გიორგი გურგულია: ”გადაეყვანათ “რეზბალნიცაზე”, სადაც ჩვეულებრივი პატიმრები მიჰყავთ, მიშა სააკაშვილი რითია განსაკუთრებული?”

”გადაეყვანათ “რეზბალნიცაზე”, სადაც ჩვეულებრივი პატიმრები მიჰყავთ, მიშა სააკაშვილი რითია განსაკუთრებული?” - ამის შესახებ მსახიობი გიორგი გურგულია „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს.

– მე ვთვლი, რომ მიშა სააკაშვილი არის დამნაშავე ხალხის, ერის წინაშე. იმ დღეს სია მაჩვენეს, მსოფლიოში რამდენი პრეზიდენტია გასამართლებული. პერუს და სამხრეთ კორეას ოთხ-ოთხი პრეზიდენტი ჰყავთ გასამართლებული, აქეთ – სადამ ჰუსეინი, ახლახან სარკოზიც გაასამართლეს. რა არგუმენტია, პრეზიდენტია და რატომაა დაჭერილიო?! დამნაშავეა და დაჭერილია, აბა, როგორ?! კანონი უნდა იყოს ერთი, უზენაესი. თუ ასე არ იქნება, ჩვენი­ ქვეყანა, ქვეყანა ვერასოდეს გახდება. ეგ არის პრობლემა, რომ თავის დროზე დამნაშავეები არ გასამართლდნენ. პრეზიდენტი მოგვიკლეს – ბოლომდე ვერ გამოიძიეს, პრემიერი მოგვიკლეს და… ვინც სააკაშვილის მხარეს არ იყო, ოჯახებს უწიოკებდნენ, ბიზნესს ართმევდნენ…

თავიდან დავწერე სტატია – “საით მიდის საქართველო”, რომლის გამოც დამემუქრნენ, სახლში შემოგივარდებითო. რაზმაძეზე ნაქირავებ სახლში ვცხოვრობდი­ ცოლ-შვილთან ერთად. მეგობრები ხშირად­ გვსტუმრობდნენ. ერთმა სოდ-ის თანამშრომელმა გამაფრთხილა, ხვალ აპირებენ შენთან­ შემოვარდნას, იარაღს დაგიდებენო. ჩემთან ბევრი ხალხი მოდიოდა და უნდოდათ ძველი ბიჭების თავშეყრის ადგილად წარმოეჩინათ ჩემი სახლი. გამოვიქეცი… მერე, ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ, მეორე სტატია გამოვაქვეყნე – “ასე იწყებოდა ფაშიზმი”. ამის შემდეგ ჩემი უფროსი შვილი დაიჭირეს, ორი აბი “სუბოტექსი” დაუდეს, 12 წელი მიუსაჯეს და ერთი წელიც არ მოაკლეს, სანამ მთავრობა არ შეიცვალა. არც ის მოეწონათ, ერთ-ერთი პირველი რომ მივედი უცნობის “საკანში”… 2008 წელს მომიწია ამერიკაში წასვლამ. ომი რომ დაიწყო, მივაგდე ნიუ-იორკის კინოაკადემია და ჩამოვედი, თუმცა აწყობდათ, მე რომ ამერიკაში ვყოფილიყავი, ხმის ამომღები მოაკლდებოდათ… დააქციეს ქვეყანა: რობაქიძე, გირგვლიანი, გამცემლიძე – ჩემ თვალწინ გაზრდილი ბიჭები. გამცემლიძეს სწრაფი ტარება უყვარდა, პოლიციელებს ხშირად არ უჩერებდა. ამის გამო შეიძლება თავში ესროლო?!

– დღეს რა ვითარებაში ვცხოვრობთ?

– აქეთაც ბევრი შეცდომაა დაშვებული. ყველაზე დიდი შეცდომა იყო კოაბიტაცია. არ ვიცი, ეს ვინ შესთავაზა. ჟვანიას ამბავიც ჩაიჩქმალა. სააკაშვილის პატიმრობაზე როცა ლაპარაკობენ, ამას არავინ ახსენებს. გირგვლიანი პოლიციელებმა ტყეში წაიყვანეს და იქ აწამეს. ასე ბანდიტები იქცევიან. დედამისიც ამ ამბავს შეეწირა. ირინა ენუქიძე გმირი იყო. მან ხმის ამოღება გაბედა, მაგრამ ბევრიც გაჩუმდა… ეგეთი რამეები თუ ეპატიათ, ხვალ იმავეს გაიმეორებენ და სხვაც ასევე მოიქცევა იმ იმედით, იმას თუ ეპატია, მე რატომ არ მეპატიებაო.

– სააკაშვილის შიმშილობასა და საავადმყოფოში გადაყვანასაც შევეხოთ.

– გადაეყვანათ “რეზბალნიცაზე”, სადაც ჩვეულებრივი პატიმრები მიჰყავთ, მიშა სააკაშვილი რითია განსაკუთრებული? აღარც პრეზიდენტია, აღარც – საქართველოს მოქალაქე, საზღვარიც დაარღვია… არ ვიცი, ვის უგორებენ კოჭს, როცა ეგრე იქცევიან. კი, შეიძლება საზღვარგარეთიდან რჩევები მიიღო, მაგრამ შენ გაქვს შენი ქვეყანა, შენი კანონმდებლობა და იმას უნდა მიხედო.

სააკაშვილთან დღეში 100 მნახველი მიდის. “კოვიდი” რომ მიუტანონ და მართლა რამე დაემართოს, ხელისუფლებას დააბრალებენ, “კოვიდი” გადასდეს და მოკლესო. რომელ მსჯავრდებულს ჰქონდა მიშას დროს იმის უფლება, 100 კაცი მისვლოდა სანახავად? რატომ აქვს პრივილეგია?! ნებისმიერ პატიმართან, სანამ სასამართლო არ იქნება, ადვოკატის გარდა არავის აქვს შესვლის უფლება. სააკაშვილისთვის განსაკუთრებული კანონია? ეჭვი არ მეპარება, იმ 70 ათასი ხელმომწერიდან ძალიან ბევრს დააძალეს ხელის მოწერა, ვიღაცებმა უარი ვერ უთხრეს რაღაც ვალდებულებების გამო. 20 კაცზე მეტი არ იქნება რეალური ხელმომწერი. ნანი ბრეგვაძეზე ამბობენ, ლოგინად ჩავარდა ამის გამოო. კი ბატონო, ხელოვანი ჰუმანური ადამიანია, არავის დასჯა არ მოგვწონს, ჩვენ ჯალათები არ ვართ. არც ის მოგვწონდა, მიშა რომ ხალხს აწამებდა და ვინმე თუ აწამეს, ახლაც ამოვიღებთ ხმას, მაგრამ სააკაშვილი წამებულის მანტიას ირგებს, ვითომ მაჰათმა განდია. მშვიდობიანი აქციებიო… რომელი მშვიდობიანი აქცია, ხალხს რევოლუციისა და აყალმაყალისკენ მოუწოდებს და თან შიმშილობს, ვითომ თავს წირავს! რისი გამწირავია! კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ ყველაზე მეტად თავისი­ თავი უყვარს. მე თუ მკითხავთ, საკუთარი ტყავის გადასარჩენად არის აქ ჩამოსული. გამოასწრო უკრაინიდან, რადგან მილიონი საქმე გაუხეთქეს: ექვსი პოლიციელის მკვლელობა მეიდანზე და უამრავი რამ. ამაზე რატომ არაფერს ამბობს? რა გგონიათ, რატომ შემოიპარა? უკრაინიდან გამოიპარა, იქაურ ციხეს ქართული ციხე არჩია, იმიტომ, რომ აქ გარანტია აქვს, იქ კი შეიძლება ციხეში მოკლან, რომ სხვები არ ჩაუშვას. აქ მხარდამჭერი მეტი ჰყავს და იცის, რომ მის სიკვდილს არ დაუშვებენ. ეგ ხომ კურდღელია, მშიშარა კაცია, მშიშარასგან კი ყველაფერს უნდა ელოდე. შევარდნაძემ ბევრი ცუდი ჩაიდინა, ჩემი მეგობრები დახვრიტა, თვითმფრინავის ბიჭები, მაგრამ მშიშარა არ ყოფილა.

მაგათი სასამართლოც კარგად მახსოვს, პროკურატურაც და მაგათი თვალებიც. არ დამავიწყდება, ჩემი შვილის ამბისას როგორები იყვნენ. მათში ადამიანური არაფერი იყო. გიყურებდნენ, როგორც კედელს…
სანამ მესამე ძალა არ გაჩნდება, ეს ორი ძალა ასეთი ქიშპობით ერთმანეთს ემსგავსება.

– ვის ხედავთ მესამე ძალად?

– ყველას, ვინც გაემიჯნება “ოცნებასაც” და “ნაცმოძრაობასაც”. უნდა შეიქმნას ახალი ძალა. გახარიამ სცადა და ხომ ხედავთ, მას ორივე დაუპირისპირდა, ე.ი, არცერთს არ აწყობს მესამე ძალის გამოჩენა. საპარლამენტო არჩევნებისთვის საინტერესო დღეები გველის. წესიერი, პატიოსანი ახალგაზრდები უნდა წამოვიდნენ, ვისაც არა მარტო საკუთარი ოჯახის, არამედ ქვეყნის კეთილდღეობა უნდათ. 30 წელია, პარლამენტში მიდიან მხოლოდ იმიტომ, რომ ცხოვრება მოიწყონ.

“ოცნების” მმართველობის დროს ბევრი, ვინც იმსახურებდა, ვერ გამოკეტეს ციხეში. სახელმწიფო იჭერს, პრეზიდენტი უშვებს­. ეგეც ვერ გავიგე… ბევრი კითხვა ჩნდება.­ ეს ყველაფერი თამაშს ჰგავს, რომლის წესებშიც ხალხი ვერ გარკვეულა. ეს არის ორი განსხვავებული პოლუსი, ერთმანეთთან ვერასდროს დასხდებიან. თუ ის ძალა არ მოვიდა, რომელიც მთავრობასთან ერთად შეძლებს ქვეყნის მიხედვას, არაფერი გამოვა. ქვეყანას ჯანსაღი ოპოზიცია სჭირდება.

27-ში აქციაზე ვიყავი, სამწუხაროა, რომ ახლაც მგლის შიშით ვაკეთებთ არჩევანს. “ოცნება” უნდა დაფიქრდეს, რატომ ვერ გაიმარჯვა ასე იოლად პირველ ტურში დიდ ქალაქებში. ესე იგი შეცდომებს უშვებენ. ქვეყანაში სოციალური მდგომარეობა მძიმეა. მარტო ათი კაცი რომ არის კარგად და სხვის ცხოვრებას ვერ ხედავს, ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანა ყვავის. ის ათი კაცი გამოვიდეს გარეთ. ქართველი მეფეები გიჟები კი არ იყვნენ, გადაცმულები რომ გამოდიოდნენ ხალხში! ხალხის აზრი და პრობლემები უნდა მოესმინათ და დაენახათ. ეტყობა, სხვისი ნათქვამით პრობლემების სირთულეს ვერ ხვდება ადამიანი. მარტო “ნაციონალურ მოძრაობას” ებრძვი და ამდენ ხანს რით ვერ დაამარცხე, თუ ასეთი მაგარი ხარ?! ე.ი. არ გაწყობს, რომ დაამარცხო.