"ჯიხურში გამოფენილი ერთ-ერთი გაზეთიდან ჰიტლერი და სააკაშვილი იყურებიან" - რას წერს რუსული გამოცემა ქართულ არჩევნებზე
რუსულ გამოცემა "ნოვაია გაზეტაში"(Новая газета) გამოქვეყნებულია ვრცელი რეპორტაჟი სათაურით - "ქოცები" და "ნაცები": საქართველოში ჩატარებულ მუნიციპალურ არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის მომხრეები დამარცხებას არ აღიარებენ" (ავტორი - ალექსი ბობროვნიკოვი).
პუბლიკაციაში მიმოხილულია საქართველოს რეგიონებში - აჭარაში, სამეგრელოში და სვანეთში არსებული სიტუაცია, არჩევნების შედეგები, ერთმანეთთანაა შედარებული რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა "ვარდების რევოლუციამდე", რევოლუციის შემდეგ (ანუ "ნაციონალური" მთავრობის დროს - მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის წლებში) და ამჟამად, "ქართული ოცნების" ხელისუფლების პერიოდში.
არჩევნები შავი ზღვის "ლას-ვეგასში"
"ბათუმმა, რომელიც უხსოვარ დროში იმპერიების მიერ ჭაობზე გაშენებულ ქალაქს წარმოადგენს, ახალი ცხოვრება "ვარდების რევოლუციის" შემდეგ დაიწყო, დაახლოებით, 15 წლის წინ. შეუმჩნეველი სანავსადგურო ქალაქიდან ბათუმი ერთგვარ რეგიონულ ლას-ვეგასად გადაიქცა, ცათამბჯენებით და კაზინოებით, რომელსაც ბეირუთთან კონკურირება შეუძლია... სხვათა შორის, სწორედ ბათუმიდან გავიდა 8 წლის წინათ იმ გვარჯილით დატვირთული გემი, რომლის აფეთქებამ ბეირუთი დაანგრია...
ჯიხურში გამოფენილი ერთ-ერთი გაზეთიდან ადოლფ ჰიტლერი და მიხეილ სააკაშვილი იყურებიან - მმართველი პარტიის სააგიტაციო პრიმიტიული კლიშე ოპოზიციურ "ერთიან ნაცმოძრაობას" "ნაცისტურს" და "ბოლშევიკურს" უწოდებს. ვიდეორგოლებში, ასევე, ხშირად ნახავთ ჰალსტუხის მღეჭველ მიხეილ სააკაშვილს...
"ქოცები" და ნაცები" - ასე უწოდებს ხალხი მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს. "ქოცები" - "ქართული ოცნების" მეტსახელია, "ნაცები" - მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი პარტიის - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის". "არ მისცეთ ხმა მიშისტ მკვლელებს!", არა - "ნაციონალ" მკვლელებს!", "იქ სადაც "ნაციონალები" არიან, სიმშვიდე არ იქნება!", "გვახსოვს ნაციზმი და ნაცისტთა მმართველობის საშინელება!", - ეს სამთავრობო პრესაში გამოქვეყნებული მასალების სათაურებია. ვერც "ნაცებმა" და ვერც "ქოცებმა" ამომრჩევლებს რაიმე გასაგები კონცეფცია ვერ შესთავაზეს, თუ რა პერსპექტივა ელოდება საქართველოს. ერთადერთი, რის გარანტიასაც "მეოცნებეები" იძლევიან, ისაა, რომ ჯინს ["ნაცებს"] ბოთლიდან არ ამოუშვებენ. ადგილობრივი "ნაციონალები" თვლიან, რომ აჭარაში მათ გაიმარჯვეს", - აღნიშნულია სტატიაში.
ვის დაუჭირეს მხარი მეგრელებმა და სვანებმა?
აჭარაში მიხეილ სააკაშვილს ბევრი მომხრე ჰყავს, მაგრამ მაინც სად უყვართ ყველაზე მეტად საქართველოს მთავარი პატიმარი? - სამეგრელოში, ზუგდიდში. არადა, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარე ეს ქალაქი ოდესღაც საქართველოს პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას მომხრეების ელექტორალურ ბაზას წარმოადგენდა. ზუგდიდთან ახლოს ერთ-ერთი მუნიციპალიტეტია, სადაც "ნაცებმა" "ქოცების" დამარცხება შეძლეს: წალენჯიხაში, რომელიც აფხაზეთს ეკვრის.
სამეგრელოს მეზობელია სვანეთი - მაღალმთიანი პროვინცია, რომელიც რუსეთს ესაზღვრება, ჩრდილოკავკასიურ ყაბარდო-ბალყარეთს. სვანეთში მდუმარე და პირქუში სვანები ცხოვრობენ. აქ "ქართულმა ოცნებამ" ჯერ კიდევ პირველ ტურში გაიმარჯვა ისეთი შედეგით, რომ "ნაცებს" არანაირი იმედი არ დაუტოვა. არადა, თუ გავიხსენებთ, სვანეთი 15 წლის წინათ კრიმინალურ მხარეს წარმოადგენდა და რეგიონი ტურიზმისათვის მას შემდეგ გაიხსნა, როცა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ საჩვენებელი საპოლიციო ოპერაცია ჩაატარა. ტურიზმის განვითარებამ ამ ოპერაციით გამოწვეული ტკივილები მიაყუჩა. სხვათა შორის, სანდრო გირგვლიანი, რომლის მკვლელობაში გარკვეული ბრალი მიხეილ სააკაშვილსაც მიუძღვის, წარმოშობით სვანი იყო. ქართველები, რომელთა გვარები "იანი"-თ ბოლოვდებიან, ნიშნავს, რომ ისინი, ძირითადად, სვანები არიან. სვანეთში ძლიერია გვაროვნული გავლენა. სამწუხაროდ, გვარებს შორის დაპირისპირებამ - ვენდეტის ტრადიციამ, როგორც იტალიის სიცილიაში, სვანეთშიც მრავალი ადამიანი იმსხვერპლა: მრავალი ოჯახი განადგურდა. სვანეთის ცენტრში - მესტიაში გამართულ არჩევნებში ისეთმა ადამიანმა გაიმარჯვა, რომელიც ძველ ელიტებს არ მიეკუთვნება. იგი ახალბედაა ადგილობრივი "მახვშებისათვის" ანუ გვარის უხუცესებისათვის და "ქართული ოცნების" წარმომადგენელია. სვანეთში "ნაციონალებს" გამარჯვების არავითარი შანსი არ ჰქონდათ.
ბელადის მოლოდინში
მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების ისტორია "მწვანილით თუ არაჟნით დატვირთული ავტოფურგონით", დღეს კარგად არის ცნობილი. უამრავი ვიდეორგოლი არსებობს მისი ფოთში, ბათუმში და თბილისში ყოფნის შესახებ. ექსპრეზიდენტის "რეპატრიაცია" უფრო დიდი ავანტიურაა, ვიდრე მან პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე ჩაიდინა რამდენიმე წლის წინ. ერთი თვის წინ დაპატიმრებული მიხეილ სააკაშვილი დღეს შიმშილობს.
არჩევნების მეორე ტურმა საქართველოში "ქართულ ოცნებას" გამარჯვება მოუტანა, თუმცა, როგორც ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ალბერტ ჯონსონმა განაცხადა, არის საჩივრები დაშინებისა და ზეწოლის თაობაზე. ასე თუ ისე, "ქოცებმა" "ნაცები" უკან 10-15%-ით ჩამოიტოვეს, მათ გაიმარჯვეს ისეთ ქალაქებშიც კი, სადაც პირველი ტურის შემდეგ "ნაცებს" გამარჯვების იმედი ჰქონდათ, თუმცა ოპოზიციას აქვს შესაძლებლობა, არჩევნების შედეგები გაასაჩივროს", - ნათქვამია სტატიაში.
ავტორი მკითხველებს არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო "ნაციონალური მოძრაობის" მიერ თბილისში, პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე მიღებულ შთაბეჭდილებასაც უზიარებს. გაურკვევლობა გამოიწვია მომდევნო საყოველთაო ოპოზიციური მიტინგის გამართვის თარიღმა - ჯერ დასახელდა 7 ნოემბერი, მაგრამ შემდეგ გაცხადდა - 6 ან 8 ნოემბერი. საქმე ისაა, რომ 7 ნოემბერი "ნაციონალებისათვის" წამგებიანი დღეა: ამ დღეს, 14 წლის წინ, როცა ხელისუფლებაში "ერთიანი ნაცმოძრაობა" იყო, პოლიციის სპეცქვედანაყოფებმა სასტიკად დაარბიეს ოპოზიციის მიტინგი, შევარდნენ და მილეწ-მოლეწეს ოპოზიციური ტელეკომპანია "იმედი". ამ ფაქტის გახსენება მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს დღეს არ სურთ, რადგან 7 ნოემბერი მათთვის საბედისწერო შეცდომის დღედ ითვლება".