„არ ვიცი ადამიანი, რომელსაც ვინმეს ციხეში ყოფნა უხაროდეს, მაგრამ სააკაშვილი არის ერის მოღალატე, ტერიტორიების გამცემი, ჩვენი შვილების მკვლელი. მარტო ის კი არა, ყველა ის ადამიანი უნდა გასამართლდეს, ვინც მასთან ერთად იყო“, - ამ სიტყვებით მიმართა მსახიობმა გია გურგულიამ რუსთავში, სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან შეკრებილებს.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი და მისი მომხრეები მალე დაინახავენ, თუ რამდენ ადამიანს სძულს 9-წლიანი რეჟიმი.
„მთელი პროცესი უნდა გასამართლდეს, რათა საქართველოში, ერთხელ და სამუდამოდ, კანონი დამყარდეს და ჩვენი შვილები არ გაიზარდონ შიშით, რომ ვიღაც ნაძირალა მოვა და რასაც უნდა და როცა უნდა იმას უზამს. ეს რეჟიმი აღარასდროს დაბრუნდება. შეიძლება ახლა, ამ წუთას იმდენი არ ვართ, მაგრამ ძალიან მალე დავანახებთ, რამდენ ადამიანს სძულს სააკაშვილს რეჟიმი და ეს ხალხი. ღმერთია ჩვენთან და ის შეგვეწევა ყველა ბრძოლაში“, - აღნიშნა გია გურგულიამ.
რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც სასჯელს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იხდის, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს დაზარალებული პირების საპროტესტო აქცია გაიმართა. შეკრებულების მოთხოვნაა, აიკრძალოს „ნაცმოძრაობა“ როგორც პარტია, სააკაშვილს კი სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს.