საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით, ისევ პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები აქტიურობენ. პოლონეთი ახალ მიზეზებს ეძებს, რომ ის ქვეყნები დაარწმუნოს, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას მხარი დაუჭირონ, რომლებიც ჯერ კიდევ წინააღმდეგები არიან. ეს კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ვარშავა შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას განიხილავს რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებისთვის.
ვინაიდან ინდივიდუალურად ევროკავშირის წევრ ქვეყანას უვიზო რეჟიმის სრულად შეჩერების უფლება არ აქვს, პოლონეთმა უკვე განაცხადა, რომ იწყებს მსურველთა კოალიციის ჩამოყალიბებას და გაერთიანების წევრ სახელმწიფოებთან მუშაობას, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეს. მიზეზი შეთანხმების კრიტერიუმების დარღვევაა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ორი ძირითადი ფაქტორია: საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებული კრიმინალური პრობლემები და უსაფრთხოების საკითხები, კერძოდ, რუსეთის დაზვერვის აგენტების შესაძლო შეღწევა ევროპაში, საქართველოს მოქალაქეების საფარქვეშ. ეს განცხადება განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ვარშავაში, 2024 წლის მაისში გაჩენილ ხანძარში ბრალდებული კოლუმბიის მოქალაქე, რუსეთის დაზვერვის დავალებით მოქმედებდა.
დონალდ ტუსკის თქმით, ამჟამად განიხილება შენგენის ზონაში თავისუფალი გადაადგილების წესის მოქმედების შეზღუდვა რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებისთვის, მათ შორის არიან: საქართველო, სომხეთი, ვენესუელა და კოლუმბია. ტუსკი აღნიშნავს, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მოქალაქეები, „გასაგები მიზეზებით“, უფრო მოწყვლადნი არიან რუსეთის სპეცსამსახურებისთვის.
მან ასევე მიუთითა საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებულ „კრიმინალურ პრობლემებზე“ და ხაზი გაუსვა, რომ „ეს არავითარ შემთხვევაში არ არის ეროვნული მახასიათებელი, არამედ საკითხი, რომელიც ეხება ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფებს". პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ ყველა პირს, რომელიც კანონს არღვევს, ქვეყნიდან გააძევებს.
ანალიტიკოსები კი ვარაუდობენ, რომ ამ თემების წინ წამოწევა შემთხვევითი არ არის და შესაძლოა, მიზნად ისახავდეს იმ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე გავლენის მოხდენას, რომლებიც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას არ უჭერენ მხარს. არსებობს ეჭვი, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომლებიც რუსეთის აგრესიული პოლიტიკის უშუალო რისკის ქვეშ იმყოფებიან, ცდილობენ დანარჩენი ევროპული ქვეყნების დარწმუნებას, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელია.
ისინი აქტიურად მუშაობენ სხვა წევრი სახელმწიფოების დარწმუნებაზე, რომ რუსული დაზვერვის საქმიანობის რისკები მაღალია და საქართველო, ისევე, როგორც სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, მოწყვლადია ამ მხრივ.
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ისინი ინტენსიურ კომუნიკაციაში არიან პოლონურ მხარესთან და ევროკავშირის პარტნიორებთან, რათა სიტუაცია გაირკვეს და არ დაუშვან ვიზალიბერალიზაციის შეჩერება. მათი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ორგანიზებული დანაშაულისა და ნებისმიერი სახის უკანონო ქმედებების აღმოსაფხვრელად, ასევე უსაფრთხოების რისკების შესამცირებლად.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, საკითხი ორად უნდა გავყოთ, რადგან ერთი - ტექნიკური, ხოლო მეორე - პოლიტიკური პროცესია.
„რაც შეეხება ტექნიკურ პროცესს, რა თქმა უნდა, არათუ გავაკეთებთ, არამედ უკვე არაერთი ნაბიჯი გადავდგით საგაზაფხულო სესიების განმავლობაში, რათა, მათ შორის, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები ყოფილიყო გარანტირებული. საქმე როცა ეხებოდა, მაგალითად, უკანონო მიგრაციას, თავშესაფრის პოლიტიკის საკითხებს, საინფორმაციო კამპანიას, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას, ამ ნაწილში არაერთი ნაბიჯი გადავდგით და ამ ინფორმაციას, როგორც საკანონმდებლო პროცესის, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, სრულად მივაწვდით ევროკომისიას ვადების შესაბამისად, რაც გათვალისწინებულია.
მოსახლეობას ვარწმუნებთ, რომ ჩვენი მხრიდან ყველა ნაბიჯი იდგმება, რათა, ერთი მხრივ, საქართველოს ეროვნული ინტერესები იყოს დაცული, მეორე მხრივ, დაცული იყოს ევროკავშირისა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებაც. პარლამენტმა ეს ინფორმაცია უკვე შევკარით. უახლოეს დღეებში საგარეო საქმეთა სამინისტროს მივაწვდით, რომელიც, თავის მხრივ, მთლიანად შეკრავს იმ პაკეტს, რაც უნდა გადაეცეს ეროვროკომისიას საქართველოს მხრიდან. ეს მოიცავს, როგორც საკანონმდებლო პროცესს, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების პრაქტიკულ საქმიანობას“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ოპოზიციის წარმომადგენლები კი განსხვავებულად აფასებენ შექმნილ მდგომარეობას. ზოგიერთი მათგანი მიიჩნევს, რომ ეს განცხადებები საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული არადემოკრატიული პოლიტიკისა და რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავების შედეგია. მათი აზრით, „რუსული კანონის“ მიღების მცდელობამ და დასავლურ ინტეგრაციასთან დაკავშირებულმა სხვა გადაწყვეტილებებმა შეარყია საქართველოს იმიჯი ევროკავშირში, რამაც გამოიწვია პარტნიორების მხრიდან ნდობის დაკარგვა.
ამ ეტაპზე, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი კვლავაც რჩება ევროკავშირის დღის წესრიგში და უახლოეს პერიოდში გაირკვევა, რამდენად სერიოზულია პოლონეთის პრემიერის განცხადებები და რა გავლენას მოახდენს ის საქართველოს ევროპულ მომავალზე.
ანალიტიკოსი თამარ კიკნაძე კი ამბობს, რომ პოლონეთის პრემიერის განცხადება, საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეზღუდვის შესახებ, სერიოზული სიგნალია, თუმცა მისი რეალური შედეგები საჭიროებს ღრმა ანალიზს და არ უნდა განვიხილოთ პანიკის კონტექსტში. ანალიტიკოსი for.ge-თან მიიჩნევს, რომ ტუსკის მიერ დასახელებული მიზეზები - კრიმინალური პრობლემები და რუსეთის დაზვერვის აგენტების შესაძლო შეღწევა, ზოგადი ხასიათისაა და მხოლოდ საქართველოს არ ეხება.
„მისივე განცხადებაშია ხაზგასმული, რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ არის ეროვნული მახასიათებელი, არამედ საკითხია, რომელიც ეხება ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფებს. ეს ნიშნავს, რომ პრობლემა სისტემურია და ევროპის სხვა ქვეყნებსაც ეხება, მათ შორის ისეთებსაც, რომლებიც ყოფილი საბჭოთა ბლოკის ნაწილი არ არიან.
რაც შეეხება რუსული დაზვერვის აგენტების საკითხს, ეს პრობლემა ევროპაში დიდი ხანია არსებობს და მხოლოდ საქართველოდან ჩასულ მოქალაქეებს არ უკავშირდება. რუსეთის ჰიბრიდული ომის ფარგლებში, მათი სპეცსამსახურები აქტიურად ცდილობენ გავლენის გაფართოებას და დესტაბილიზაციის მოწყობას სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის, ევროკავშირშიც. პოლონეთისთვის, როგორც უკრაინის მეზობელი და რუსეთის აგრესიისგან ყველაზე მეტად დაცული ქვეყნისთვის, ეს თემა განსაკუთრებით მგრძნობიარეა. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ ვარშავა ამ რისკებს მაქსიმალურად სერიოზულად აღიქვამს და კონტრზომებს ატარებს. დაკავებულთა შორის რუსების, უკრაინელებისა და კოლუმბიელის არსებობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს არ არის ქართული პრობლემა, არამედ რუსული ჰიბრიდული ომის მორიგი გამოვლინებაა“, - ამბობს ანალიტიკოსი.
მისივე თქმით, იმის ვარაუდი, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები ამ თემას იყენებენ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მიზნით, ნაწილობრივ მართებულია.
„ევროკავშირის წევრი ქვეყნები ხშირად იყენებენ მსგავს არგუმენტებს საკუთარი ინტერესების გასატარებლად. ბალტიისპირეთი, ისევე, როგორც პოლონეთი, რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებს განსაკუთრებით მწვავედ აღიქვამს და, ბუნებრივია, შეეცდება სხვა წევრი სახელმწიფოების დარწმუნებას ამ რისკების შესახებ. თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებები კონსენსუსით მიიღება და ერთი, ან ორი ქვეყნის პოზიცია საკმარისი არ არის ვიზალიბერალიზაციის შესაჩერებლად. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებაზე და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით მიღწეულ პროგრესზე. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტნიორები ამ პროგრესს აღიარებენ“, - ამბობს ანალიტიკოსი.
მისივე თქმით, ამჟამინდელი ვითარება მოითხოვს საქართველოს ხელისუფლებისგან მაქსიმალურ სიფრთხილეს, გაძლიერებულ კომუნიკაციას ევროკავშირის ინსტიტუტებთან და პარტნიორ ქვეყნებთან, ასევე ეფექტიან მუშაობას ორგანიზებული დანაშაულის აღმოსაფხვრელად.
„პოლონეთის პრემიერის განცხადება, მიუხედავად მისი სიმძიმისა, შესაძლოა მორიგი სტიმული იყოს, რათა საქართველომ კიდევ უფრო გააძლიეროს რეფორმები და დაამტკიცოს, რომ ის ევროკავშირის სანდო პარტნიორია. მნიშვნელოვანია, რომ ეს განცხადება არ იქნას გამოყენებული შიდაპოლიტიკური დაპირისპირებისთვის, არამედ ყველა მხარემ გააერთიანოს ძალისხმევა ქვეყნის ინტერესების დასაცავად“, - ამბობს ის.