ჰესიის აშენების პრობლემა არ იქნება და ამას არ სჭირდება ახალი ე.წ. ინვესტორი და 100 წლით ტერიტორიების გადაცემა, თუ იქნება გათვალისწინებული ქართული სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერსები - ასეთ შეფასებას აკეთებს ექსპერტი და ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე კომპანია „ენკას" მიერ ხელშეკრულების შეწყვეტაზე.
ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანია „ენკა" საქართველოს მთავრობასთან დადებულ ხელშეკრულებას წყვეტს, მიზეზად კი მასში გათვალისწინებული პირობების დარღვევას და ფორსმაჟორულ სიტუაციას ასახელებს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ხელშეკრულებიდან გასვლა ერთი თვის შემდეგ მოხდება, მანამდე კი „ენკასთან" გაიმართება კონსულტაციები, რის მიხედვითაც გადაწყდება, რა ბედი ელის ხელშეკრულებას, შეიცვალოს პირობები, ან ძალაში დარჩეს ხელშეკრულებით მიღწეული გადაწყვეტილება.
ნამხვანჰესის პროექტის შეწყვეტას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა ოპოზიციაში და ქვეყნის ტრაგედიად შეფასდა. „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის პროგნოზით, ასობით მილიონი დოლარის ზიანი მიადგება ქვეყნას. „დასავლეთთან და ევროკავშირთან ინტეგრაციის პრობლემა გვაქვს, ახლა ასობით მილიონი დოლარი უნდა გადავიხადოთ ამ დანაშაულებრივი ქმედებებიდან გამომდინარე, რაც მათ ჩაიდინეს" - აცხადებს გიორგი ვაშაძე საქართველოს მთავრობის მისამართით.
„ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე კი დარწმუნებლია, რომ ინვესტორი საქართველოსკენ აღარ გამოიხედავს. „ჯერ ანაკლიის პორტთან, შემდეგ ნამახვანჰესთან ასეთი დამოკიდებულებით მთავრობამ უზარამზარი ზიანი მიაყენა ქვეყნის საინვესტიცო იმიჯს," - ამბობს ხაზარაძე.
ნამახვანჰესის პროექტის შეწყვეტით კმაყოფილები არიან მხოლოდ რიონის ხეობის მცველები. მათი ლიდერი ვარლამ გოლეთიანი მიიჩნევს, რომ „ეს უდიდესი გამარჯვებაა მთელი საქართველოსთვის".
ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტით საქართველოს ენერგეტიკას არაფერი მოაკლდება, თუმცა დაზარალდებიან ქართულ ენერგეტიკაში მოკალათებული კლანები.
„ხელშეკრულება ნამახვანჰესთან დაკავშირებით იყო აბსოლუტურად მიუღებელი ქართული მხარისთვის; ცუდია, რომ მისი ხელმომწერები არ ისჯებიან. თურქულმა მხარემ სიტუაციიდან გამომდინარე თუ უარი თქვა. ძალიან კარგი, ნაკლები პრეტენზიები იქნება ქართულ მხარესთან მიმართებაში. ამ ხელშეკრულების შეწყვეტით საქართვლოს ენეგრეტიკას არაფერი მოაკლდება, პრობლემა კლანებშია. ასე რომ, ვიშ-ვიში ასატეხი არ არის და არც პარალელების გავლებაა საჭირო ანაკლიის პორტთან. ანაკლიის პროექტი თუ არ გაკეთდა, ხაზარაძის ბრალია და არა სხვა ვინმესი. ბატონმა ხაზარაძემ კარგად იცის, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით არსებობდა ქართველი ინჟინრის სპარტაკ ზერაგიას შესანიშნავი პროექტი და ყველამ კარგად ვიცით, როგორ ატარებს კონკურსებს საქართველოს მთავრობა.
ხელშეკრულების გაუქმება უკავშირდება თუ არა მოახლოებულ არჩევნებს, ვერ გეტყვით, მაგრამ არც იმას გამორიცხავ, რომ ავტორიტეტდაკარგულ „ოცნებას", რომელიც მათივე წყალობით ქვესკნელში მიდის, ამ ეტაპზე საყრდენი სჭირდება," - განაცხადა „რეზონანსთან" დემურ გიორხელიძემ.
„ხელშეკრულება ნამახვანჰესთან დაკავშირებით იყო აბსოლუტურად მიუღებელი ქართული მხარისთვის; ცუდია, რომ მისი ხელმომწერები არ ისჯებიან..... ხელშეკრულების შეწყვეტით საქართველოს ენერგეტიკას არაფერი მოაკლდება, თუმცა დაზარალდებიან ქართულ ენერგეტიკაში მოკალათებული კლანები."
აგაშენათ ღმერთმა, ბ-ნო დემურ! მიხარია, რომ ჩემი (არაპროფესიონალის) აზრი ზუსტად ემთხვევა თქვენსას!