დღეს, “NEW ART“ კაფეში გურამ მეგრელიშვილისა და თამაზ დემეტრაშვილის რომანის "IRATTA.RU“ პრეზენტაცია გაიმართება. რომანი, რომელიც 2008 წლის 8 აგვისტოს მოვლენებს ეხება ამერიკულმა გამომცემლობამ Allliance Pub- მა გამოსცა.
პროექტის ორგანიზატორების თქმით, რომანის მიხედვით კომპიუტერული თამაშიც შეიქმნება, რათა მსოფლიომ ამ სახითაც ნახოს, რა მოხდა სინამდვილეში საქართველოში. იგეგმება წიგნის თარგმნა და ამერიკაში გამოცემა. მანამდე კი წიგნის პრეზენტაცია ჯერ თბილისში, შემდეგ ნიუ-იორკში შედგება.
საინტერესო ნაწყვეტი რომანიდან – “IRATTA.RU“:
“მანქანასთან მდგომი ორი ავტომატიანი მისკენ დაიძრა. შორი ბიბლიოთეკაში შევიდა. რამდენიმე კარადა იდგა, ერთ-ერთს ამოეფარა. ის ორნი, შენობას რომ მოუახლოვდნენ შეჩერდნენ. წინ რომელიც მიდიოდა, ბიბლიოთეკაში შევიდა, მეორემ კი გზა განაგრძო.
შეამჩნიეს?!
შენობაში შემოსულმა ტელეფონი ამოიღო, თან შარვალს იხსნიდა. მერე იქვე ჩაიცუცქა. როგორც ჩანს ვიღაცას ელაპარაკებოდა ოსურად. შორიმ ცხვირზე ხელი მოიჭირა – კაცი მის თვალწინ ისაქმებდა.
ჩანთა შეირხა. ცარიელი შენობის სიჩუმეში შრიალი გუგუნივით გაისმა. ჩაცუცქულმა ლაპარაკი შეწყვიტა და ჩახდილმა კარადას შემოუარა. ეს მისი ბოლო მოძრაობა იყო –შორიმ კისერი გადაუგრიხა და კარადის უკან მიაგდო, მერე კი სასწრაფოდ ბიბლიოთეკის გასასვლელისკენ გაიქცა და ფანჯრის ქვეშ ჩაიცუცქა.
ყველაფერი მარტივად მიდიოდა და უცებ გართულდა. ამათი მოკვლა პრობლემას არ წარმოადგენდა, მაგრამ სამი მოკლული ჯარისკაცი ზედმეტი თავსატეხი იყო.
მეორეც მობრუნდა, სიგარეტს ეწეოდა. მეგობარს რაღაც გასძახა და პასუხი რომ ვერ მიიღო, ალბათ იფიქრა არ ესმისო და კართან დადგა.
– ალან, ჩავარდი? – პარმაღზე იდგა. ერთი ხელის გაწვდენით შემოათრევდა და გაგუდავდა, მაგრამ მანქანაში მყოფი თუ აქეთ იყურება?!
– ალან! – ავტომატის გადატენვის ხმა გაისმა და შორიმ ფიზიკის მარტივ წესზე დადო ფსონი – მზით განათებული ხიდიდან ცუდად გამოჩნდებოდა შენობის შიგნით რა ხდებოდა. გაოფლილ პერანგში ხელი სტაცა ჯარისკაცს, პირზე ხელი ააფარა და ქვეშ ამოიდო. ჯარისკაცი ფიზიკურად სუსტი აღმოჩნდა. ძლიერმა ხელმა ისე დაიმორჩილა, რომც გაეშვა, ალბათ შიშით ყვირილსაც კი ვერ გაბედავდა.
– ეხლა მე შეგეკითხები და შენ თავის დაკვრით მიპასუხებ, გასაგებია? გასაგებია?
ჯარისკაცმა თავი დაუქნია.
– მანქანაში რომ წევს იმას სძინავს?
ჯარისკაცმა ისევ თავი დაუქნია.
– კარგი. თქვენს გარდა ახლომახლო ვინმე პატრულირებს?.. ძალიან კარგი. თეძამის ქუჩამდე პატრული შემხვდება?
ჯარისკაცმა უარის ნიშნად მარცხნივ გადაწია თავი და ვეღარც გაასწორა.
შორი ნელა წამოდგა. ფანჯრიდან მანქანას გახედა. როგორც ჩანდა, იმ მესამეს ისევ ეძინა. მოკლულს ქამრიდან დანა შეხსნა და მეორე ჯარისკაცისკენ გადააჩოჩა, კარადის უკან. მერე ჩანთა აიღო და ხიდისკენ წავიდა. 06-ში მწოლიარეს არ გამოუხედავს.
– მშვიდობა შენდა! – დაადგა თავზე.
მძინარე უცებ წამოდგა. გამოფხიზლება ვერც მოასწრო, იარაღს წაავლო ხელი, თან თვალებს იფშვნეტდა. მღვდლის დანახვაზე დამშვიდდა და თავი დაუხარა. შორიმ თავზე ხელი დაადო და ჯვარი ცხვირთან მიუტანა.
– დამეხმარე, მეგობარო. მანქანით თეძამის ქუჩამდე მიმიყვანე.
ჯარისკაცმა დანარჩენ ორს დაუწყო თვალებით ძებნა.
– შენი მეგობრები იქით წავიდნენ, არაყს მოვიტანთო. ალანმა გადმოგცა, არ დაიგვიანო, ათ წუთში დაბრუნდიო.
– ალანმა?
– ხო, ალანმა. ალანი არ ქვია იმ...
– კი მაგრამ მე მანქანის ტარება არ ვიცი და რანა...
დანა ყელში ატაკა შორიმ. თან გარშემო იყურებოდა, ხელისგულივით ადგილი იყო და შეიძლება, ვინმეს დაენახა კიდეც. ფეხებში ხელი მოკიდა, შიგნით შეაგდო, კარი მიუკეტა და საჭესთან თვითონ დაჯდა. "