ევროკავშირის ქვეყნები უარს აცხადებენ ავღანელი ლტოლვილების მიღებაზე. რამდენად შესაძლებელია, რომ ავღანეთიდან დაძრული ლტოლვილთა ნაკადი საქართველოს მოადგეს? ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ამ სცენარს სავსებით რეალურად მიიჩნევს და პრობლემებსა და საფრთხეებზე საუბრობ, რასაც ეს პროცესი საქართველოს მოუტანს.
ევროკავშირის არცერთი ქვეყანა არ ეყო გამბედაობა დათანხმებოდაა ავღანეთიდან ლტოლვილების მიღებას, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა დავით სასოლიმ სლოვენიაში სტრატეგიული უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა.
„ჩვენ ვნახეთ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნები, რომლებიც მიესალმენ ავღანელ თავშესაფრის მაძიებლებს, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ევროკავშირის რომელიმე წევრი აკეთებს იმავეს," - თქვა სასოლიმ.
მისივე თქმით, ევროკავშირის ქვეყნებმა მოახდინეს იმ ავღანელებისა და მათი ოჯახების ევაკუაცია, რომლებიც თანამშრომლობდნენ მათთან „მაგრამ არავის ეყო გამბედაობა თავშესაფრის მიეცა მათთვის, ვის სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრება".
31 აგვისტოს ევროპის საბჭომ განაცხადა, რომ ის გააძლიერებს იმ ქვეყნების მხარდაჭერას, რომლებიც ლტოლვილთა დიდ რაოდენობას მიიღებდნენ. ამავე დროს, წარსულის გაკვეთილიდან გამომდინარე, ევროკავშირის წევრები ერთად იმოქმედებენ, რათა თავიდან აიცილონ უკონტროლო ფართომასშტაბიანი არალეგალური მიგრაციის ნაკადების განმეორება.
საბჭომ ასევე განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ავღანეთში შექმნილიმა ვითარებამ არ გამოიწვიოს უსაფრთხოების ახალი საფრთხეები ევროკავშირის მოქალაქეებისთვის.
გასულ კვირას ავსტრიამ, უნგრეთმა და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ ერთდროულად გამოხატა შეშფოთება ახალი მიგრაციულ კრიზისთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა 2015 წლის სირიაში ომის შემდეგ მომხდარ მოვლენებს დაემსგავსოს.
ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას აზრით, არსებობს დიდი ალბათობა, რომ ავღანეთიდან დაძრული ლტოლვილთა ჯგუფები საქართველოშიც შემოვიდნენ, რაც გაართულებს ვითარებას ქვეყანაში როგორც ეკონომიკური, ისე პანდემიური და ტერორიზმის საშიშროების მხრივ.
„ტოლვილთა შემოსვლის საკითხი საკმაოდ რეალურ სურათს წარმოადგენს. გუშინ გავრცელდა კადრები როგორ გადაადგილდებიან ავღანელი ემიგრანტები ირანის საზღვრისკენ, იმიტომ, რომ პაკისტანმა სრულად ჩაკეტა საზღვარი.
„ამავე დროს, 120 000 ავღანელი მოქალაქე გაიყვანა სხვადასხვა ქვეყნებში ამერიკის ჯარმა. ისინიც წამოვლენ ევროპისაკენ. საქართველო კი ერთ-ერთი გზაა ევროპაში მოსახვედრად, აქედან შესაძლებელია გადასვლა უკრაინაში, რუმინეთში და ა.შ.
„საქართველოსთვის საკმაოდ მძიმე იქნება ავღანელი მოქალაქეების მიღება. ქვეყანას საკმაოდ რთული ეკონომიკური მდგომარეობა აქვს, ამას ემატება პანდემიური ვითარება, რომელსაც ხელისუფლება ვერ აკონტროლებს. ამ პირობებში დამატებით ტოლვილების გამოჩენა, თანაც იმ ფონზე, როდესაც არ ვიცით რამდენი ტერორისტი შეიძლება მოჰყვეს ამ ნაკადს, საკმაოდ საფრთხის შემცველია.
„აღსანიშნავია ისიც, რომ თალიბები პანდემიის საკითხს სერიოზულად არ უდგებიან და გამოდიან ანტივაქსერული მოწოდებებით. ამიტომ სრულიად შესაძლებელია ინფიცირებული ტოლვილების შემოსვლაც ქვეყანაში, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს არსებულ სიტუაციას" - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან" საუბრისას.