ამერიკული გაზეთი "ნიუ-იორკ თაიმსი" (The New York Times), ავღანურ თემატიკაზე მასალების პუბლიკაციისას, აქვეყნებს სტატიას სათაურით - "რუსეთი - შუამავალი თალიბებსა და პროამერიკული ხელისუფლების ნარჩენ წარმომადგენლებს შორის" (ავტორი - ენდრიუ კრამერი), რომელშიც კომენტარი აქვს გაკეთებული რუსეთის სავარაუდო საშუამავლო როლს პანჯშერის ხეობაში თავშეფარებულ ავღანეთის ვიცეპრეზიდენტის მომხრეებსა და თალიბებს შორის.
მიუხედავად იმისა, რომ "თალიბანის" მოძრაობა რუსეთში რამდენიმე წლის წინ კანონმდებლობით აიკრძალა და მათთან კონტაქტები შეიზღუდა, დღევანდელ, შეცვლილ ვითარებაში "მოსკოვი მზადაა, მათთან ყველანაირ თანამშრომლობას
დათანხმდეს იმ მიზნით, რომ თალიბების ცენტრალურ აზიაში შეღწევა არ დაუშვას", - წერს "ნიუ-იორკ თაიმსი".
"პანჯშერის ხეობა, რომელიც ქაბულის ჩრდილოეთით მდებარეობს, ისლამისტების წინააღმდეგობის სიმბოლოდ ჯერ კიდევ 1980-იან წლებში იქცა, როცა ავღანეთში საბჭოთა ჯარი იდგა. იმ დროს ხეობას საველე მეთაური აჰმად შაჰ მასუდი და მისი მხარდამჭერები აკონტროლებდნენ. მოგვიანებით, როცა ავღანეთის ხელისუფლებაში თალიბები მოვიდნენ, 1990-იანი წლების შუახანებში, აჰმად შაჰ მასუდი მათ რელიგიურ იდეოლოგიას არ დაეთანხმა და პანჯშერის ხეობა კვლავ წინააღმდეგობის ცენტრად იქცა. სამწუხაროდ, თალიბებმა მოახერხეს და აჰმად შაჰ მასუდი მოკლეს. დღეს კი ანტითალიბურ წინააღმდეგობას დიდი აჰმად მასუდის შვილი - აჰმად მასუდ-უმცროსი ჩაუდგა.
მაგრამ 1990-იან წლებისაგან დღევანდელი სიტუაციის განხვავება ისაა, რომ მაშინ მასუდი ცენტრალურ აზიასთან დამაკავშირებელ გზას აკონტროლებდა და რეზერვების მიღების შესაძლებლობა ჰქონდა, ახლა კი პანჯშერის ხეობა იზოლირებულია, უმცროს მასუდს ცენტრალურ აზიასთან კავშირი არ აქვს. მოსკოვი შიშობს, რომ თალიბები გაიმარჯვებენ, ამიტომ მათთან შუამდგომლობაზე თანხმდებიან რეპუტაციის გარკვეული განმტკიცების მიზნით", - წერს ამერიკული გაზეთი.