თბილისის მერობის კანდიდატთა დებატები საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში იგეგმება, თუმცა ამ ეტაპისთვის უცნობია როგორც დებატების თარიღი, ისე მისი ფორმატი და ასევე, ვინ მიიღებს დებატებში მონაწილეობას. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ყველაზე საინტერესო მოქმედი მერის კახა კალაძისა და „ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას დაპირისპირება იქნება და თავის ვარაუდებსაც გამოთქვამენ, თუ როგორ შეიძლება შეცვალოს ამან თბილისის მერობის მთავარ კანდიდატთა რეიტინგები.
როგორც „რეზონანსს" „პირველი არხში" განუცხადეს დებატებსა და სხვა საარჩევნო თემებზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტული დეტალები ჯერ დაზუსტებული და საბოლოოდ შეთანხმებული არაა.
„ამ ეტაპზე ვმუშაობთ საარჩევნო თემებზე და ტრადიციულად პირველ არხზე გაიმართება დებატები, თუმცა, კონკრეტულ დეტალებს ამ ეტაპისთვის ვერ გეტყვით, რადგან მუშაობის პროცესში ვართ," - განუცხადეს „რეზონანსს" საზოგადოებრივ მაუწყებელში.
მოსალოდნელი დებატების შესახებ პროგნოზებს ანალიტიკოსებიც აკეთებენ. გია აბაშიძე ფიქრობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" დებატებისთვის სერიოზული მომზადება მოუწევს, რადგან სხვა შემთხვევაში „ოცნების" კანდიდატის დამარცხება გაუჭირდება, ხოლო ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ ყველაზე დიდი მოთხოვნა ოპოზიციის მხრიდან კალაძესთან დებატები იქნება.
აბაშიძე „რეზონანსთან" საუბარში აბობს, რომ დებატები „ოცნების" „საქმიან კანდიდატსა" და „ნაცმოძრაობის" „დეზინფორმატორ კანდიდატს" შორის გაიმართება, სადაც მოგების მეტი შანსი „ოცნებას" ექნება.
„საარჩევნო დებატები დემოკრატიული ქვეყნისთვის განუყოფელი ნაწილია და მნიშვნელოვანია, რომ გაიმართოს. რაც შეეხება დედაქალაქის მერობის კანდიდატთა დებატებს, თუ გაიმართება კალაძისა და მელიას დებატები, ეს იქნება ძალიან საინტერესო. ვნახოთ კალაძის მიერ განხორციელებული უშველებელი საქმეების ნუსხას, რომელიც მან თბილისისთვის გააკეთა და ვნახოთ რას დაუპირისპირებს მელია", - ამბობს გია აბაშიძე.
მისივე თქმით, შესაძლოა დებატებზე ნიკა მელიამ კახა კალაძეს პირადი შეურაცხმყოფაც მიაყენოს.
„მელია და მისი გუნდი ამ ეტაპისთვის დაკავებული არიან დეზინფორმაციის გავრცელებითა და უსაფუძვლო ბრალდებების გაჟღერებით. შესაძლოა მელიას მხრიდან კალაძის მიმართ გაჟღერდეს პირადი შეურაცხყოფები, მოხდეს უაზრო გამოგონილი მითების ტირაჟირება, თუმცა ამ შემთხვევაში ამას მაყურებელი მკაფიოდ დაინახავს და რასაკვირველია განწყობა კიდევ უფრო განმტკიცდება სწორისა და არასწორის დანახვის კუთხით.
„ჩემი სუბიექტური გადასახედით, ეს იქნება დებატები „ოცნების" საქმინი კანდიდატსა და „ნაცმოძრაობის" დეზინფორმატორ კანდიდატს შორის.
„არ გამოვრიცხოთ ასევე, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" დებატებზე უარი თქვას, ან ფორმატის ცვლილება მოითხოვოს, სხვა არხზე მოითხოვოს და ა.შ. თუმცა, თუ დებატები შედგა, აქ „ნაცმოძრაობის" ინტერესებშია, რომ ის მომზადებული მივიდეს დებატებზე და ფეიკ-ბრალდებებით არ შემოიფარგლოს.
„თუკი „ნაცმოძრაობამ" თავისი სტილი არ შეცვალა, ის ყოველთვის დამარცხებული იქნება და შესაბამისად, ეს მის პოლიტიკურ რეიტინგზეც იმოქმედებს," - ამბობს გია აბაშიძე „რეზონანსთან" საუბრისას.
პოლიტოლოგი, ვახტანგ ძაბირაძის აზრით კი, პირველ არხზე გამართული დებატები, კალაძისთვის უფრო წარმატებული იქნება, ვიდრე სხვა ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის.
„ყველა ოპოზიციურ პარტიას მოუნდება კალაძესთან დებატები. თუმცა, როგორ დარეგულირდება ეს ფორმები, არ ვიცი. მოსახლეობას ალბათ ყველაზე მეტად აიტერესებს კალაძისა და მელიას დებატები.
„თავისთავად ის ფაქტი, რომ პირველი არხი გეგმავს დებატებს, ეს იმას ნიშნავს, რომ სავარაუდოდ წარმატებას ამ დებატებში კალაძე უფრო მიაღწევს, ვიდრე მელია. ამასთანავე მნიშვნელოვანია ის, თუ ვინ იქნება წამყვანი ამ დებატების, რა ფორმატში განხორციელდება და ა.შ.", - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.