“პანდემიური ვითარების მართვა მარტივი არსად ყოფილა, თუმცა ჩვენს ხელისუფლებას სხვა ტიპის მიდგომები რომ გამოეყენებინა, ამ მდგომარეობამდე არ მივიდოდით... შეიძლებოდა არ ყოფილიყო მასშტაბური შეზღუდვები, მაგრამ ის მცირე რეგულაციები - პირბადის ტარება იქნებოდა თუ დისტანციის დაცვა - მკაცრად რომ გაკონტროლებულიყო, უკეთესი მდგომარეობა გვექნებოდა. ძალიან გაუჭირდათ, რომ ერთი მხრივ, სწორად ემართათ პანდემიური პროცესი და მეორე მხრივ, ეკონომიკის ვარდნაც თავიდან აერიდებინათ. გიორგი გახარიას დროს, აქცენტი კეთდებოდა პანდემიის მართვაზე და ეკონომიკა, განსაკუთრებით - ტურიზმის სფერო, ძალიან დაზარალდა. ახლა ეკონომიკაზე გაკეთდა აქცენტი და ვხედავთ, რაც ხდება. ოქროს შუალედის პოვნა ვერ მოხერხდა, რამაც განაპირობა ის, რომ დღეში საშუალოდ 50 ადამიანს ვკარგავთ, რაც დიდი ტრაგედიაა”, - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "დგას თუ არა ანტივაქსერული კამპანიის უკან რუსეთი?!" / დღეს შექმნილი ვითარების მიზეზებს შორის მნიშვნელოვანი წილი ხელისუფლების შეცდომებზე და საზოგადოების დიდი ნაწილის უპასუხისმგებლობაზე მოდის.
“ხელისუფლება განსაკუთრებით გასაკრიტიკებელია იმიტომაც, რომ ვაქცინაციის პროცესი დაიგეგმა და წარიმართა არასწორად. ახლა სადაც ვმუშაობ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის ფოიეში, დაიწყეს ვაქცინაციის სივრცეების მოწყობა. იგივე ხდება სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსებშიც. აქამდეც შეიძლებოდა ამის გაკეთება, დროულად რომ მოხერხებულიყო ვაქცინების შემოტანა. ასევე ბევრი შეცდომაა დაშვებული ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის კუთხით. რაც შეეხება საზოგადოებას, ნაწილს ჯერაც ვერ შეუგნია ამ ვირუსისგან მომდინარე საფრთხე. რატომღაც ფიქრობენ, რომ ეს მათ არ შეეხებათ, ნაწილი კი მიზანმიმართულად ეწევა ანტივაქსერულ პროპაგანდას. ეს ხალხი, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ სიკვდილის გადამტანები არიან. საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ აცნობიერებს, არღვევს რა დაწესებულ რეგულაციებს, არ ეშვება ხალხმრავალი ქორწილებისა თუ ქელეხების გადახდას. მოკლედ, დღეს შექმნილი ვითარების მიზეზებს შორის მნიშვნელოვანი წილი ხელისუფლების შეცდომებზე და საზოგადოების დიდი ნაწილის უპასუხისმგებლობაზე მოდის”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.
“წინასაარჩევნოდ შეიქმნა ვითარება, რომელიც პოლიტიკურ პროცესს სრულად კლავს. დღეს ჩვენ გვაქვს პოლიტიკური ცხოვრების აბსოლუტურად მახინჯი წესი. ის რამდენიმე კომპონენტისგან შედგება, რომლებშიც პანდემიისადმი დამოკიდებულებაც შედის. მთავარი მაინც პოლიტიკური კულტურის უმდაბლესი დონეა, რაც უაღრესად უარყოფითად მოქმედებს საზოგადოებაზე და ამიტომაც გვყავს პოლიტიკური ცხოვრებისადმი ნიჰილისტურად განწყობილი ამდენი ადამიანი. წესით, წინასაარჩევნო პროცესი უკვე გახურებული უნდა იყოს, მაგრამ რა ხდება? “ქართული ოცნება” რაღაცას ცდილობს, ასევე - გიორგი გახარიას პარტიაც, მაგრამ სხვა პოლიტიკურ ძალებს რამეს ამჩნევთ? საარჩევნო პროცესი, რომელიც წესით უნდა მიმდინარეობდეს და პოლიტიკოსები სოფელ-სოფელ დადიოდნენ, ამომრჩეველს ხვდებოდნენ, არსად ჩანს. ოპოზიციიდან გახარიაა გამონაკლისი. მისი მდგომარეობაც გასაგებია, მან ახლახან შექმნა პარტია და ვალდებულიც არის, იაქტიუროს”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“გახარია საზოგადოებასთან ურთიერთობის უკეთესი პირობები აქვს, რადგან ახალი ძალაა და მისი და მისი ორგანიზაციის დაპირებები ჯერ გატესტილი არ არის, თუმცა გახარიასაც არ აქვს უპირობო წარმატების შანსი. მას, უბრალოდ, აქვს კარგი სასტარტო მდგომარეობა. ჯერ კიდევ ველით გახარიასგან იმ მთავარ პოლიტიკურ სიახლეს, რაც მას დანარჩენი ოპოზიციისგან განასხვავებს. ის, რომ იგი უკიდურესად რადიკალურ რიტორიკაში არ ჰყვება სხვა პოლიტიკურ ძალებს, ეს შესაძლოა ჩაითვალოს სიახლედ, მაგრამ ამით რამდენად დააინტერესებს ამომრჩეველს და მიიქცევს მის ყურადღებას, ჯერ არ ვიცი, მით უფრო, რომ დღეს მოქალაქეთა უმრავლესობა, უპირველესად, სოციალური პრობლემების მოგვარებას ითხოვს, ასეთი ტიპის გზავნილებს კი ამომრჩეველი გახარიასაგან ჯერ ვერ ისმენს. ის, რომ კორექტულად იქცევა, კერძო პოლიტიკური ფიგურისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ მეეჭვება, პოლიტიკური ძალის წარმატებისთვის გადამწყვეტი იყოს”, - მიიჩნევს ექსპერტი.
“თუმცა ამომრჩევლის ნაწილისთვის უკვე აუტანელია გაუთავებელი ორპოლუსიანი ლანძღვა-გინების მოსმენა. ამ ამომრჩევლისთვის გახარია, შესაძლოა, ოპტიმალური არჩევანი იყოს, რაც ჩანს კიდეც ბოლოდროინდელ გამოკითხვებში, მიუხედავად იმისა, რომ ამ გამოკითხვების მაინცდამაინც არ მჯერა. ჩემი გამოცდილება მკარნახობს, რომ არც ერთი ამ კვლევის შედეგები - არც “ქართული ოცნების” დაკვეთილის და არც უცხოური ორგანიზაციების მიერ ჩატარებულის - არ შეიძლება შეფასდეს, როგორც რეალობასთან ახლოს მდგომი, იმიტომ, რომ ძალიან პოლარიზებულია საზოგადოება. თუ ადრე ეს პოლარიზაცია ეფუძნებოდა პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერას, ახლა საზოგადოება ასე იყოფა: ამომრჩეველი, რომელიც კვლავ მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესში და ისინი, ვინც საერთოდ უარს ამბობენ ყველა პოლიტიკურ პარტიასა და, საზოგადოდ, არჩევნებში მონაწილეობაზე”, - ამბობს მამუკა არეშიძე.
“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება იმ შემთხვევაში, თუ გამოჩნდება ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი დაუჭერს მხარს და რომელსაც შეეძლება ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარება და ქვეყნის სტაბილურობის შენარჩუნება. დღეს ასეთი ძალა, არ ჩანს. მმართველ ძალაში ამას კარგად გრძნობენ და ცდილობენ ამით ისარგებლონ. დასავლეთსაც არჩევანი არ აქვს - ან უნდა შეურიგდეს ისევ ” ოცნების” მმართველობას და მეტ-ნაკლებად სტაბილურ ვითარებას ქვეყანაში, ან აქ მუდმივად იქნება გაწევ-გამოწევა, არეულობა და სტაგნაცია, რაც ნამდვილად არ აწყობთ, რადგან ამ რეგიონში საქართველო მათთვის მნიშვნელოვანი დასაყრდენია. მიუხედავად ზოგი ელჩის თუ უცხოელი პოლიტიკოსის განცხადებებისა, დასავლური ძალის ცენტრები ვითარებას სხვაგვარად უყურებენ და ვიდრე არ ჩანს ისეთი ახალი პოლიტიკური ძალა, რომელზე დაყრდნობაც შეეძლებათ, იძულებული არიან, შეეგუონ შექმნილ ვითარებას. ოპოზიცია სანქციების დაწესებას ელოდება, თუმცა ამ ეტაპზე არანაირი სანქციები არ იქნება, მაგრამ თუ დასავლეთმა აქ დაინახა პოლიტიკური ძალა, რომელსაც მხარს უჭერს საზოგადოების დიდი ნაწილი, მაშინ “ქართულ ოცნებას” მიშელის დოკუმენტს აუცილებლად გაუხსენებენ”, - განმარტავს რესპონდენტი.
“რაც შეეხება ავღანეთს, ჩანს თალიბები ავღანეთის ტერიტორიის 90%-ს დაიკავებენ, მით უფრო მას შემდეგ, რაც სამთავრობო ძალებმა მასობრივად დაიწყეს იარაღის დაყრა. ისინი ან თალიბების მხარეს გადადიან, ან გარბიან. აღმოჩნდა, რომ თალიბები ძალიან კარგად არიან მომზადებული, საკუთარ იდეოლოგიაში მასობრივად ჰყავთ ჩათრეული მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის - ჩრდილოეთით მცხოვრები ტაჯიკები, უზბეკები და სხვები, რომელთა გამოყენებას დაიწყებენ ცენტრალურ აზიაში თავიანთი იდეოლოგიის გავრცელებისთვის. მათთვის პრობლემად შეიძლება იქცნენ ჩრდილოეთით მცხოვრები თურქმენული ტომები და შიიტური ძალები, რომელთა ერთი ნაწილი თურქეთზეა ორიენტირებული, მეორე კი - ირანზე. დიდი ალბათობით, ავღანეთის მთელი ეს ქაოსი დასრულდება სახელმწიფოს შექმნით, რომელსაც, როგორც თვითონ ამბობენ, “ავღანეთის ისლამური იმარატი” ერქმევა. დიდი ალბათობით, უკვე ძალიან მალე აფეთქდება ცენტრალური აზია. “თალიბანის” მოძრაობის ვექტორი ასევე იქნება ანტირუსული და, ალბათ, ანტიჩინურიც და ეს რეალობა მსოფლიოს წინაშე მალე შეიქმნება. ეს არის ტაქტიკური სურათი. სტრატეგიულ სურათში კიდევ ერთი პუნქტი შედის, რომელიც გულისხმობს სამხრეთ კავკასიის გამოყენებას...” - დაასკვნის ექსპერტი.
”პოლიტიკური ისლამის მთავარი გზავნილი არის მთელ მსოფლიოში ისლამური წესრიგის დამყარება, თან იმ ტიპის წესრიგისა, რომელსაც თვითონ მისდევენ, ანუ რადიკალური ისლამის. აქედან გამომდინარე, მათთვის ყველა მეზობელი მტერია, თუმცა განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ პაკისტანთან და სპარსეთის ყურის ზოგიერთ ქვეყანასთან, მაგალითად, ყატართან. დარწმუნებული ვარ, კავკასია აუცილებლად გახდება მათი იდეოლოგიის იმპორტის სივრცე, განსაკუთრებით - ჩრდილოეთი კავკასია. აქ აუცილებლად გააქტიურდებიან პოლიტიკური ისლამის ის რგოლები, რომლებიც უკვე არსებობს, მათ შორის - საქართველოშიც. ეს არის ჩვენთვის მთავარი საფრთხე. მეორე გამოწვევად შეიძლება გვექცეს დევნილთა ნაკადი. სირია უფრო შორს არის ჩვენგან, მაგრამ მიუხედავად ამისა, სირიიდან ლტოლვილების გარკვეული ნაკადი ჩვენს ტერიტორიაზე აღმოჩნდა. მესამე საფრთხე არის ნარკოტრაფიკი. ეს იქნება “თალიბანის” ხელისუფლების უმთავრესი შემოსავალი. ჩვენ ავღანეთს არ ვესაზღვრებით და ეს კარგია, მაგრამ სუსტი სახელმწიფო გვაქვს, რის გამოც ჩვენი ტერიტორიის გამოყენებას აქამდეც ცდილობდნენ და კვლავაც შეეცდებიან. ამ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ”, - დასძენს მამუკა არეშიძე.