„როდესაც მიშას საფრთხე აღარ იარსებებს, ივანიშვილი ბევრად რადიკალური გახდება“

„როდესაც მიშას საფრთხე აღარ იარსებებს, ივანიშვილი ბევრად რადიკალური გახდება“

საქართველოს პარლამენტმა საკონტიტუციო ცვლილებები საბოლოოდ, მესამე მოსმენით მიიღო. პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხელმოწერისა და გამოქვეყნებისთანავე, პარლამენტი მზად არის, მიხეილ სააკაშვილს მოუსმინოს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, როგორც კი კანონპროექტი გამოქვეყნდება, დაიწყება კონსულტაცია, თუ როდის შეიძლება პრეზიდენტის პარლამენტში მისვლა. რა განცხადებებს გააკეთებს სააკაშვილი პრეზიდენტის რანგში პარლამენტის წინაშე ბოლო გამოსვლისას, საკმაოდ საინტერესოა. საკონსტიტუციო ცვლილებებზე პირველივე კენჭისყრის შემდეგ საკმაოდ მწვავე იყო სააკაშვილი. დღეს, როდესაც ეს ცვლილება უკვე მიღებულია, აღმოჩნდა, რომ სააკაშვილს „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონი აღიაზიანებს. რატომ გამკაცრდა პრეზიდენტის რიტორიკა და რა პოლიტიკურ დივიდენდებს ელოდება სააკაშვილი, რომელიც ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კანონით პოლიტიკურ თანამდებობას ვეღარ დაიკავებს ამ და სხვა თემებზე ექსპერტი კახა კახიშვილი გვესაუბრება.

ბატონო კახა, საკონსტიტუციო ცვლილებებზე პირველივე კენჭისყრის შემდეგ საკმაოდ მწვავე იყო სააკაშვილი და მისი ეს რიტორიკა დღემდე გრძელდება, როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია მისი რისხვა?

- სააკაშვილმა გამოიყენა ის მომენტი, რომ ვირტუალურად შეექმნა გამარჯვების გარემო. პირველი მოსმენის დასრულებისთანავე, თითქოს, ახალი წელი იყო, სააკაშვილმა პირდაპირი ეთერით მიმართა საზოგადოებას, თუმცა მისი გამოსვლა სავსე იყო სიძულვილის ენით, ხშირი იყო ფრაზეოლოგია, „მეხუთე კოლონა“, „ჯაშუშები“ და ა.შ. ეს ძალის დემონსტრირება იყო, რეალურად ეს არის მისი მართვის სტილი - შექმნას გარემო და საზოგადოებრივი აზრი, თითქოს, ძლიერი ფიგურაა და ბევრ რამეს წყვეტს ნაცმოძრაობასთან ერთად. იმედის ეთერში გასული ინტერვიუს დროსაც, კიდევ ერთხელ გააკეთა მინიშნება, რომ აუცილებლად დაბრუნდებიან ხელისუფლებაში.

შესალოა 8 თებერვლამდე არსებობდა განცდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ დღემ ყველაფერს დაუსვა წერტილი და თვითონაც მიხვდა, რა შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა მის გადაწყვეტილებას მთავრობის გადაყენებასთან დაკავშირებით.

ამის მიუხედავად, ბოლო დღეებში, განსაკუთრებით დასავლეთისთვის, მან მოახერხა ნაცმოძრაობის წარმოჩენა იმ ძალად, რომლის გარეშეც პოლიტიკური გადაწყვეტილებები არ მიიღება და აუცილებელია მასთან კონსულტაციები.

ასევე, ყოველდღიურად ცდილობენ მედიის ოკუპაციას, სხვადასხვა თემების წამოწევას და ცდილობენ, თემების ინიციატორები გახდნენ.

"ქართულ ოცნებას" რაც შეეხება, თავისთავად სარეიტინგო კენჭისყრა არაფერს ნიშნავდა, მაგრამ მანამდე კეთდებოდა განცხადებები, რომ არ მიიღებდნენ ამ კლოუნადაში მონაწილეობას, თუმცა შემდეგ, ბოლო წუთს შეცვალეს გადაწყვეტილება, რითაც ერთი მხრივ არათანმიმდევრულობის შთაბეჭდილება შეიქმნა, მეორე მხრივ კი უკან დახევის, რაც მხოლოდ და მხოლოდ ნაციონალების რეიტინგს დაეხმარა.

თუმცა, ალბათ, უარესი იქნებოდა ის სცენარი, რაზეც შემდეგ თავად სააკაშვილმა ისაუბრა, რომ საკითხის ჩავარდნის შემთხვევში მომზადებული ჰქონდა იგივე საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის შეტანასაც თავად აპირებდა პარლამენტში იმავე დღეს...

- არ გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილს ეს მართლაც გაეკეთებინა. თუმცა, მე იმას ვამბობ, რომ "ქართული ოცნების" განცხადებებიდან გამომდინარე, არსებობდა მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის შეგროვებას შეძლებდნენ, რომ იყო "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციაში ხალხი, რომელიც ამ ცვლილებებს დაუჭერდა მხარს. სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ კონსულტაციები თუ იყო, იმ შედეგით არ დასრულდა, რასაც ელოდნენ.

როდესაც არ იყო საჭირო რაოდენობის ხმები, არ იყო საჭირო კონფრონტაციული ფონის შექმნა, რომ შემდგომში უკან დახევის განცდა გაეჩინათ საზოგადოებაში.

დავუშვათ, ეს იყო "ოცნების" შეცდომა, მაგრამ სააკშვილის განცხადება, რომ "ნაცმოძრაობა" ხელახლა დაიბადა, რამდენად ადეკვატურია? რატომ უნდა ჩაითვალოს ნაციონალების მონაწილეობა კენჭისყრაში მათ ხელახლა დაბადებად?

- სააკაშვილმა ასეთი განცხადებები რომ არ აკეთოს, "ნაციონალური მოძრაობა" ძალიან მალე დაკარგავს რეიტინგს. შთაბეჭდილება მრჩება, რომ "ოცნებასაც" აწყობს, მხოლოდ "ნაცმოძრაობა" დარჩეს პოლიტიკურ ველზე, არასაპარლამენტი პარტიების ნელ-ნელა მარგინალიზაცია მოხდეს, რადგან თუ მხოლოდ დისკრედიტირებული "ნაცმოძრაობა" ეყოლება ოპონენტად, ნებისმიერი კონფიგურაციით, კოალიციაში შემავალი პარტიები სხვა არჩევნებს ადვილად მოიგებენ და ალბათ, ამას უწყობენ ხელს.

ამ ათი წლის განმავლობაში "ნაცმოძრაობა" ისეა დისკრედიტირებული, რომ ძნელი წარმოსადგენია, რომელიმე არჩევნებში გამარჯვება მოიპოვოს, ამიტომაც იწმინდება პოლიტიკური ველი სხვა პარტიებისგან.

როგორ იწმინდება?

- როდესაც არ აძლევ პოლიტიკურ პარტიებს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის საშუალებას, ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური პარტია კარგავს თავის აქტუალობას.

არასაპარლამენტო ოპოზიცია გასაგები მიზეზების გამო არ აქტიურობს და სავარაუდოდ, ეს პროცესი ოქტომბრამდე გასტანს, შეუძლებელია ეს სიტუაცია საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგაც გაგრძელდეს...

- მე არ ვამბობ, რა იქნება, მე ვლაპარაკობ, ვის რა სურს. არ ვამბობ, რომ ეს "ოცნებას" ან "ნაცმოძრაობას" გამოუვა. ოქტომბრის შემდეგ რომ სულ სხვანაირად განვითარდება პოლიტიკური პროცესები, ეს ფაქტია. ოქტომბრამდე ბევრი ოპოზიციური პარტია რადიკალურ განცხადებებს არ აკეთებს, თავს იკავებს "ოცნების" კრიტიკისგან, რომ ამითი "ნაცმოძრაობის" წისქვილზე არ დაასხას წყალი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი 4 წელი ამ რეჟიმში იქნებიან.

ოქტომბრის შემდეგ ქუჩის აქციებსაც არ გამოვრიცხავ სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მხრიდან. მანამდე კი კოალიციაში შემავალი პარტიები ცდილობენ შექმნან ფონი, რომ მომავალ არჩევნებში, იქნება ივანიშვილი პოლიტიკაში თუ არა, ექნებათ მათ ივანიშვილის მხარდაჭერა თუ არა, ადგილს ისუფთავებენ, რომ შემდგომში მეტი შანსი ჰქონდეთ ხელისუფლებაში ნაწილობრივ, ან მთლიანად დასარჩენად. ეს "ნაცმოძრაობასაც" აწყობს, იმიტომ, რომ თვითონ "ნაცმოძრაობაც" აქტუალური აღარ იქნება.

რა შეიძლება მიიღოს "ნაცმოძრაობამ" იმ პროვოკაციული განცხადებებით რასაც სააკაშვილი აკეთებს? იგივე ჩახალიანის თემა და შემდეგ სამცხე-ჯავახეთში პრობლემის ხელოვნურად გამწვავების იმიტაცია. მსგავსი ფაქტები არც თუ იშვიათია...

-ეს "ნაცმოძრაობის" ტაქტიკა და სტილია, 2003 წელსაც ხელისუფლების დისკრედიტაციითა და სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლით მოვიდნენ ხელისუფლებაში. ახლაც ფიქრობენ, რომ ამ გზით შეასუსტებენ ხელისუფლებას. ჩახალიანის საკითხის წამოწევა თუ სხვადასხვა სეპარატისტული განცხადებები იმას ემსახურება, რომ ისეთი ლოკალური პრობლემები შექმნან, რომლის გამკლავებასაც ვერ მოახერხებს ხელისუფლება. შემდეგ გამოვლენ და იტყვიან, ნახეთ ამათ უარესი გააკეთესო.

სააკაშვილის ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ მისი პრეზიდენტობის დროს მოხდა რუსეთის მხრიდან სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება.

ამიტომ უნდა, რომ სხვა ხელისუფლების მმართველობის პერიოდშიც კიდევ რომელიმე ტერიტორიის პრობლემა შეიქმნას, რომ შემდეგ სათქმელი ჰქონდეს, ჩემს შეცდომებს რომ აბრალებდით ამ ტერიტორიების დაკარგვას, ნახეთ თქვენ რას აკეთებთო.

მას არ უნდა დღეს საქართველო ნორმალურად განვითარდეს, რადგან ის მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებზე საუბრობს.

ნახეთ რა თქვა, მას არ სჯერა, რომ ვინმე პოლიტიკიდან წასასვლელად ემზადება. ზუსტად ასე არ მჯერა სააკაშვილის, როდესაც ის აცხადებს, რომ ხელისუფლებიდან წავა. სააკაშვილი არ არის ის ადამიანი, რომელიც ოდესმე ხელისუფლებიდან წასვლაზე ფიქრობდა. ხელისუფლებიდან წამსვლელი ადამიანი ფეშენებელურ სასახლეებს, ვილებს, თვითმფრინავებს, ვერტმფენებს და მანქანებს არ ყიდულობს. სააკაშვილი შეიძლება სულ რაღაც 6 თვიანი პერიოდით ნაწილობრივ ჩამოშორებოდა ხელისუფლებას, ისიც იმიტომ, რომ პუტინთან პარალელები არ გაევლოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სააკაშვილი არ ემზადებოდა ხელისუფლებაში 30-40 წლით დასარჩენად "ნაცმოძრაობასთან" ერთად. ამიტომ გულწრფელი იყო, როდესაც აცხადებდა, რომ არ სჯერა თუ პოლტიკიდან ვინმე წასვლას აპირებდა, რადგან თვითონ არის ასეთი.

შოკშია პირველი ოქტომბრის შემდეგ, რადგან არ მოელოდა, რომ რეალურად მოუწევდა ხელისუფლებიდან წასვლა. როგორც პოლიტიკური ფიგურა შესაძლოა, საკუთარ გუნდშიც არააქტუალური გახდეს, რადგან მის გუნდში ბევრი თვლის, რომ სააკაშვილია მიზეზი მათი პარტიის დისკრედიტაციის.

ამიტომ ვამბობ, რომ ოქტომბრამდე იყო შანსი "ნაცმოძრაობის" დაშლისა, მაგრამ "ოცნებამ" ნებით თუ უნებლიედ ხელი შეუწყო, რომ "ნაცმოძრაობა" არ დაშლილიყო, მაგრამ ოქტომბრის შემდეგ ეს გარდაუვალია.

ნაციონალებიდან ბევრი ხვდება, რომ ამ პარტიას ხელისუფლებაში ნაწილობრივ მოსვლის შანსი დაახლოებით 10-15 წელი მაინც აღარ ექნება და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ნელ-ნელა დაიწყება დისტანცირება "ნაცმოძრაობიდან" და სააკაშვილისგან, ამიტომ სააკაშვილი მხოლოდ მისივე შექმნილ ფუნდამენტალურ ნაციონალებს ებღაუჭება.

სააკაშვილი ამბობს, რომ მას ვერავინ ვერ გაიყვანს პოლიტიკიდან და იქნება თუ არა პრეზიდენტი, ის პოლიტიკაში რჩება. რისი იმედი აქვს, რა უნდა გააკეთოს "ნაცმოძრაობის" ლიდერმა არაპრეზიდენტმა სააკაშვილმა?

- ძალიან ბევრ პრობლემებს შექმნის. როდესაც ისინი შს სამინისტროს აკონტროლებდნენ, ძალიან ბევრ სხვადასხვა ფენის ადამიანზე მასალები აქვთ შეგროვილი, ბევრი კომპრომატი. იმედი აქვს, რომ ამ ხალხის გამოყენებით სხვადასხვა ადგილებში პრობლემებს შექმნის. დღეს მას საპრეზიდენტო ბერკეტები აქვს და ამითი ქმნის პრობლემებს, 2014 წლამდე ადგილობრივი თვითმმართველობის ბერკეტების გამოყენებით შექმნის პრობლემებს.

დღეს ამიტომაც ებღაუჭებიან სასამართლოს, რადგან სააკაშვილმა კარგად იცის პოლიტიზირებული სასამართლოს ფასი. ამიტომ ცდილობს, ყველა იმ რეფორმის დისკრედიტაცია მოახდინოს და შეაჩეროს, რაც სასამართლოსა და ადგილობრივ თვითმმართველობას უკავშირდება.

სააკაშვილს იმედი აქვს 2014 წლამდე იმდენ პრობლემას შექმნის, რომ შემდეგ ხალხს გაუჩნდება განცდა, რომ "ოცნებაც" ვერ ართმევს პრობლემებს თავს.

თქვა კიდეც, რომ ხელისუფლებაში დასაბრუნებლად დიდი დრო არ არის საჭირო. ფიქრობთ, რომ ხელისუფლებაში დაბრუნება მის გეგმებში შედის?

- 9 წლის განმავლობაში, მათი ლოზუნგები იყო, რომ „გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია“ და ა.შ. 9 წელი სააკაშვილი იმას ლაპარაკობდა, შევარდნაძისგან ისეთი ქვეყანა ერგო, რომ სულ ცოტა, 30 წელი დასჭირდებოდა მის ასაშენებლად. გახსოვთ ხელისუფლებაში რომ მოვიდა რაც გააკეთა, საკონსტიტუციო ცვლილებები იყო, რითაც ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა და იმით გაამართლა, რომ სხვაგვარად ამ ქვეყნის მართვა შეუძლებელი იქნებოდა. მერე ყველაფერი გააკეთა შევარდნაძის ჩინოვნიკების ამოსაძირკვად, დღეს ისეთ სიტუაციას ქმნის, რომ ივანიშვილის გუნდს შეუქმნას პრობლემები.

ის ზრუნავს იმაზე, რომ საკუთარი პოლიტიკური გუნდი იყოს აქტიური. ამიტომ ვაცხადებ, რომ ყველაზე ნაკლებად ვისაც აწყობდა საკონსტიტუციო ბერკეტის გამოყენება ეს იყო სააკაშვილი, რადგან კარგად იცის, მთავრობის დათხოვნის უგუნურ გადაწყვეტილებას რომ მოაწეროს ხელი, მასთან ერთად "ნაცმოძრაობაც" ორ საათში ჩამოშორდებოდა პოლიტიკურ პროცესებს. სააკაშვილი სულელი რომ ყოფილიყო, 10 წელიწადი პრეზიდენტობას ვერ მოახერხებდა - თან იმპერატორობას.

ალბათ, ისიცაა, რომ ივანიშვილი ცდილობს მოვლენებს დემოკრატიული ხასიათი ჰქონდეს. ვხედავთ საკადრო პოლიტიკას, დამოკიდებულებას სააკაშვილის ჩინოვნიკებისადმი, მაგრამ მან არ იცის, რეალურად ვისთან აქვს საქმე. რომ განაცხადა კუბლაშვილი სააკაშვილის მსხვერპლიაო, კუბლაშვილი კი არა საქართველოს მოსახლეობაა მსხვერპლი. გადახედეთ კუბლაშვილის დეკლარაციას და იმასაც, რა ჰქონდა ხელისუფლებაში მოსვლამდე. კუბლაშვილს ასეთი თავმჯდომარეობა რომ არ სდომებოდა, რამენაირად გამონახავდა სხვა გზას. ის მსხვერპლი კი არა იდეოლოგია და სააკაშვილთან ერთად ცილობდა შევარდნაძის ხელისუფლების ჩამოშლას. მსხვერპლი ის ხალხია, ვინც დღეს ივანიშვილს სამართლიანობის აღდგენას ეხვეწება, რომ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ წართმეული ღირსება და ქონება დაიბრუნოს.

ხელისუფლება აცხადებას, რომ საკითხის გადადება სასარგებლოც კია საერთო სასამართლოების შესახებ კანონის დასამუშავებლად, მაგრამ რას ნიშნავს სააკაშვილის მხრიდან გაჯიუტება ამ კანონთან დაკავშირებით?

- ცდილობს რამენაირად დრო გაწელოს, რომ ეს სასამართლო შერჩეს. ქვეყანაში ყველაფერი რაც ხდებოდა ცუდი, მხოლოდ და მხოლოდ, იმ სასამართლოს დახმარებით ხდებოდა, რომელიც კუბლაშვილის სასამართლოს წარმოადგენდა. ნებისმიერი ქონების ჩამორთმევა პროკურატურის კი არა, სასამართლოს გადაწყვეტილებით ხდებოდა. პროკურატურა ითხოვდა ამას და სასამართლო იღებდა საბოლოო გადაწყვეტილებას.

პროკუტარურას ასეთი სურვილი რომ ჰქონოდა და სასამართლოს მხარი არ დაეჭირა, ვერაფერს გახდებოდა. აქ ადეიშვილი კი არ იყო მარტო პრობლემა, არამედ კუბლაშვილიც და ძალიან მიკვირს დღევანდელი ხელისუფლების, როდესაც ცდილობს კუბლაშვილი გადაარჩინოს პასუხისმგებლობას. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მარტივი პროცედურაა კუბლაშვილის იმპიჩმენტი, ამას არ აკეთებს.

ასეთ შემთხვევაში, ხელისუფლებაზე დასავლეთიდან შეტევის ახალი ტალღა არ წამოვა? ხელისუფლება იძულებულია კოაბიტაციის რეჟიმში იყოს...

- 20%-იანმა "ნაცმოძრაობამ" აიძულა 80%-იანი ხელისუფლება კოაბიტაციის რეჟიმში ემუშავა? ალბათ, თვითონაც ჰქონდათ კოაბიტაციური მუშაობის სურვილი და ამიტომაც მოხდა ის, რაც მოხდა.

ბევრია ივანიშვილის გარემოცვაში, ვინც ძალიან მეგობრულად იყო სააკაშვილთან 2003 წლამდე და სააკაშვილის მმართველობის დროსაც ახერხებდნენ მასთან ურთიერთობას, მიუხედავად იმისა, ჰყავდათ თუ არა მხარდამჭერები, პოლიტიკურ პროცესებში ყოველთვის ჩართულები იყვნენ.

საინტერესო განცხადება გააკეთა სააკაშვილმა ბადრი პატარკაციშვილთან დაკავშირებით, რომ ივანიშვილს პატარკაციშვილთან ჰქონდა პრობლემები და ვიდრე პატარკაციშვილი ცოცხალი იყო ივანიშვილი სააკაშვილს რამდენჯერმე შეხვდა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი მათი შეხვედრები შეწყდა. რას ნიშნავს ეს, საით ისვრისკენჭებსსააკაშვილი? ვიცით, რომ ის ასეთ ფრაზებს ტყიულად არ ამბობს....

- სავარაუდოდ, ივანიშვილის დისკრედიტაციას ცდილობს, რომ თითქოს, მისი მეცენატობა პატარკაციშვილთან კონკურენციით იყო გამოწვეული. რომ, თითქოს, ორი ოლიგარქი ერთმანეთს უპირისპირდებოდა. ეს იყო სააკაშვილის განცხადება, მეტი არაფერი...

თუ დააკვირდით კენჭისყრის შემდეგ, სიძულვილის ენით აღსავსე გამოსვლის შემდეგ, შედგა „იმედზე“ მისი ინტერვიუ. როგორც ჩანს, თანაგუნდელების თხოვნა იყო, კონსტრუქციულ ლიდერად წარმოეჩინა თავი, მაგრამ ეს ინტერვიუც დაიწყო, როგორც კონსტრუქციულმა პრეზიდენტმა და დაამთავრა როგორც მიშამ. ინტერვიუს მიცემაც კი არ შეუძლია, მის მიმართ იმდენი კითხვაა დაგროვილი. მთელი პრეზიდენტობის მანძილზე ინტერვიუც კი არ ჰქონია, მონოლოგებით გამოდიოდა. ახლა თავისუფალი კითხვები აღიზიანებს და ამ გაღიზიანებას არც მალავს. ბევრ კითხვას თავსაც არიდებს, პასუხი რომ გასცეს, იცის, ამით საკუთარ თავზე მტკიცებულებებს შეიქმნის.

დღეს ხელისუფლებას აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ყოფილი ხელისუფლების მიმართ ლოიალურია. როგორც კი ცდილობს, შედარებით მკაცრი პოლიტიკა გაატაროს, მაშინვე დასავლეთიდან მოდის კრიტიკის ტალღა, ამ დროს უკვე საზოგადოების დაკვეთასთან ხდება აცდენა, როგორვ ფიქრობთ რაშია გამოსავალი?

- უნდა ჩამოვყალიბდეთ, ვართ თუ არა სუვერენული სახელმწიფო. ახალი ხელისუფლების მიმართ დასავლეთის სტრუქტურებს ოფიციალური განცხადებები არ გაუკეთებიათ, ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან კეთდება ეს განცხადებები. „ქართული ოცნებაც“ უნდა ჩამოყალიბდეს, რა სურს. ისეთი პოლიტიკოსების ჭკუაზე იაროს რომლის აზრი საკუთარ ქვეყანაშიც არ აინტერესებთ თუ იმაზე ვისაუბროთ, რა სჭირდება ხალხს.

არის ისეთი ლობისტური თუ სხვა ჯგუფები, რომლის ინტერესშიც "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში დარჩენაა, მაგრამ არიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებიც და თუ დღევანდელ ხელისუფლებას არ სურს ისეთსავე პოლიტიკურ „ფუფალიზმში“ არ იცხოვროს, როგორიც სააკაშვილს ჰქონდა შექმნილი, როცა გარეთ დემოკრატიაზე ლაპარაკობდა, შიგნით ქვეყანაში კი ისეთი სისტემა ჰქონდა ჩამოყალიბებული, კომუნისტებსაც შეშურდებოდათ.

ამიტომ ხელისუფლებამ ინდა აირჩიოს რა სურს, ასეთი პოლიტიკა თუ კანონის უზენაესობა და რეალური, მყარი დემოკრატიული ღირებულებები.

თუ არის წარმოსადგენი ასეთი კონფიგურაცია, "ნაციონალური მოძრაობა" სააკაშვილის გარეშე, რომელიც არა მავნებლური პოლიტიკით, არამედ კონსტრუქციულად ოპონირებს და თანამშრომლობს ხელისუფლებასთან. არის ასეთი რამ შესაძლებელი?

- არიან "ნაციონალურ მოძრაობაში" ისეთი ადამიანები, რომლებიც მიშას იდეებს არ იზიარებდნენ, მაგრამ კომფორმისტები იყვნენ და ამიტომაც მოძებნეს მის გუნდში ადგილი. მიშამდეც პოლიტიკოსები იყვნენ და მის გუნდშიც სხვა პოლიტიკური გუნდებიდან აღმოჩნდნენ. შესაძლოა, დღეს ისინი ხვდებიან, რომ მიშასთან დისტანცირებაა საჭირო. ამიტომ ვამბობ, ხელისუფლების მხრიდან თანმიმდევრული ნაბიჯები რომ დაენახათ, ვიტყოდი, რომ დიდი ხნის წინ შეირყეოდა "ნაცმოძრაობის" ფრაქცია. როდესაც ნახეს, რომ მათ პრობლემები არ ექმნებათ, ვინც დაიჭირეს იმათ გამოშვებამდეც მიდის საქმე, ახლა შეტევაზე გადავიდნენ.

ამ შემთხვევაში რას გულისხმობთ თანმიმდევრულ ნაბიჯებში?

- როდესაც მაჟორიტარებს მთავრობაში უშვებდნენ, მაშინვე ვამბობდი, რომ პრობლემები შეიქმნებოდა. თან იმ კანონით რაც მაშინ მოქმედებდა, ოქტომბრამდე ამ სამ მაჟორიტარს ვერ დაამატებდნენ. მხოლოდ ახლა, საკონსტიტუციო ცვლილებების დროს მიხვდნენ, რომ თითოეულ ხმას მართლა დიდი მნიშვნელობა აქვს.

ახლა კიდევ ვამბობთ, რომ ის სამი ოლქი, რომელიც თავისუფალია დაუთმონ იმ ოპოზიციას რომელიც არ არის პარლამენტში წარმოდგენილი. თუ რომელიმე ძალა შევა პარლამენტში და შექმნის ფრაქციას, ის ამითი დაჩრდილავს "ნაცმოძრაობას" იმ თვალსაზრისით, რომ აღარ იქნება ერთადერთი საპარლამენტო ოპოზიცია.

სრულიად ალოგიკურად, ამისი გაკეთებაც არ უნდათ. თუ ჩვეულებრივ უმრავლესობაზეა ლაპარაკი, ეს უმრავლესობა ისედაც არსებობს. თუ საკონსტიტუციო უმრავლესობაზეა ლაპარაკი ამას სამი დეპუტატი ისედაც ვერ შეგივსებს, მაგრამ მათი სახით საკონსტიტუციო საკითხების გატანაში მხარდამჭერები მაინც გეყოლება.

ქვეყანა მიიღებს მოსახლეობის განწყობებისა და ინტერესების თვალსასზრისით უფრო ფართოდ წარმოდგენილ პარლამენტს, დასავლეთში სათქმელი იქნება, რომ ადგილი დაუთმეს სხვა პოლიტიკურ ძალებს და "ნაცმოძრაობა" ცრუობდა, როდესაც დეპუტატთა გადაბირებაზე ლაპარაკობდა. ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც იზოლირებულები არიან, პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთვებიან.

თქვენ აღნიშნეთ, რომ დღევანდელი ხელისუფლების ზოგიერთი წევრის ქმედება ეჭვებს ბადებს, თუმცა ვიცით, რომ ივანიშვილს აქვს აღებული ვალდებულება საკუთარი ხალხის წინაშე, არის ნიშნები, რომ ის თავის დაპირებებს გაექცევა?

- ივანიშვილს ისეთი არაფერი გაუკეთებია, რომ ვინმეს მის სიტყვებში თუ მომავალ გეგმებში ეჭვი შეეპაროს. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის პრემიერ-მინისტრია და ყველა საქმეს თვითონ ვერ გააკეთებს, ყველა სამინისტროსა და პროექტს თვითონ ვერ გააკონტროლებს. ის ამოცანები, რაც შესასრულებელია, მან გადააბარა მასთან დაახლოებულ ადამიანებს. ის ადამიანები როგორ შეეცდებიან ივანიშვილის აზრის ფორმირებას, ეს კიდევ სხვა საკითხია.

შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ არც ისე ადვილია მისი აზრის ფორმირება, მაგრამ როდესაც ვიღაცას რაღაცას ავალებს ის კი ეუბნება, რომ ასე კი არა ისე ყოფილა, ასეთ შემთხვევაში საკმაოდ ადვილია აზრის ფორმირება. ავიღოთ მაგალითად ქონების დაბრუნების საკითხი. ეს პროცესი არ დაწყებულა და ივანიშვილს არწმუნებენ, თუ ეს პროცესი დაიძვრება, დასავლეთი პრობლემებს შეგვიქმნის. სხვადასხვა საკითხებში ცდილობენ, ივანიშვილი საკუთარ სიმართლეში დაარწმუნონ და ამ სიმართლის უკან რა დგას ეს სხვა საკითხია.

ისტორიას თუ გადავხედავთ ვერ დამისახელებთ ქვეყნის პირველ პირს, რომელიც გარემოცვას შეცდომაში არ შეჰყავდა. უფრო კარგი იქნება ფრთხილად მოიქცეს ივანიშვილი და ყურადღებით შეხედოს იმ განცხადებებს, რომელიც მის გუნდთან დაახლოებული პირების მხრიდან კეთდება.

საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ გარკვეული საკითხების უკან ვიღაცეების პირადი ინტერესები იკვეთება.

ეჭვები გამოითქმის თუმცა კონკრეტული ფაქტი არ დასახელებულა...

- პირდაპირ ხდება საქართველოს ფოსტის მონოპოლიზება არჩევნებიდან 5 თვის შემდეგ და სხვადასხვა ფინანსური სტრუქტურები აქტიურად არიან ჩართული, რომ ვისაც ტვირთების გადაზიდვის ბიზნესები ჰქონდა, ამ სფეროში ჩაერთვნენ. ღრმად ვარ დარწმუნებული, ვიღაც ივანიშვილს უხსნის, რომ ფოსტის მონოპოლიზებას ხელს თუ არ შევუწყობთ სახელმწიფოს მრავალმილიონიან შემოსავლებს დავუკარგავთ. ამან თუ კარგად ჩაიარა, შემდეგ სხვა მსგავსი საკითხები წამოიწევს და საბოლოოდ მივიღებთ ისევ იმას, რაც გვქონდა 9 წლის განმავლობაში. ასეთ შემთხვევაში არ მესმის, რა საჭირო იყო მიშას კრიტიკა იგივე მონოპოლიებთან დაკავშირებით.

ეს, თითქოს, პატარა მაგალითია, მაგრამ უკვე იკვეთება რაღაც ჯგუფების ინტერესები. უკვე ვიცი, რომ სარეკლამო ბაზრის ხელში აღების მცდელობა იკვეთება, მართალია ამას ვერ მიაღწიეს, მაგრამ მცდელობა შეიმჩნეოდა. მერე ვიღაცას შაქარი მოუნდება, ვიღაცას სხვა რამ და ნელ-ნელა მადა ჭამაში მოვა. თან, როდესაც პრემიერი აცხადებს, რომ 2 წელიწადში წავა, ის ხალხი ვინც მის გარემოცვაშია, შეეცდება ამ 2 წელიწადში მოასწროს და იშოვოს რასაც შეძლებს.

კონსტიტუციით განსაზღვრულია, პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში რომ მოდის რამდენ ხანს უნდა ჰქონდეს ძალაუფლება. ხალხმა ივანიშვილს მისცა ხმა და არა მის გარემოცვას, ივანიშვილს კი ხმა იმიტომ მისცა, რომ მისი იმედი ჰქონდა და ხალხი სამართლიანობის მოლოდინშია.

ძალიან რთულ მდგომარეობაშია დღეს ივანიშვილი, ყოველთვის ვფიქრობდი სააკაშვილის შემდეგ ვინ გაუძლებდა ქვეყნის პირველ პირობას, მაგრამ რაკი განაცხადა, რომ მას შეუძლია ამ ქვეყნის დალაგება, უნდა ადგეს და დაალაგოს.

ივანიშვილს შესაძლოა, არც მოსწონს საკუთარი მთავრობის ზოგიერთი წევრის მუშაობა, მაგრამ იცის, რომ ოქტომბრამდე მიშას ვერ მოიშორებს, მიშა კი დესტრუქციის რეჟიმშია. ელჩებს არ ამტკიცებს სააკაშვილი და ივანიშვილმა მთავრობის რომელიმე წევრი რომ შეცვალოს, ისევ მიშას უნდა სთხოვოს მისი დამტკიცება, რომელიც ამაზე არ წავა.

შესაძლოა, ივანიშვილს უმრავლესობშიც ბევრი არ მოსწონდეს, მაგრამ ოქტომბრამდე რომ დაიწყოს უმრავლესობაში რაღაცეების დალაგება, დიდი შანსია, რომ დღევანდელი პარლამენტი უცებ გადახალისდეს და ვინც ნახავს, რომ მის მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებას წერტილი ესმება "ოცნებაში", მიეკედლოს ნაციონალებს. ფარული ალიანსი კი საკმაოდ სახიფათოა ისეთ პირობებში, როდესაც თითოეულ ხმას დიდი მნიშვნელობა აქვს.

ამიტომ ვფიქრობ, რომ ოქტომბრამდე ივანიშვილმა მიუშვა პროცესები და იმედს ვიტოვებ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სულ სხვა ივანიშვილს ვიხილავთ. როდესაც მიშას საფრთხე აღარ იარსებებს, ვფიქრობ, ივანიშვილი ბევრად რადიკალური იქნება საკუთარ გადაწყვეტილებებში.