როგორც ჩანს გარკვეული პოლიტიკური პარტიების ქმედებებმა და იმ მოვლენებმა, რაც ბოლო დროს საქართველოში მოხდა ევროპის საწინააღმდეგო ქმედებების სახით, შედეგი გამოიღო, აცხადებს „რეზონანსთან" ვახტანგ მაისაია.
რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, მოსკოვი თბილისთან ურთიერთობების აღდგენისთვის მზად არის. ვითარებას უკვე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომლის განცხადებითაც სამხედრო აგრესიის მე-13 წლისთავამდე რამდენიმე დღით ადრე ასეთი ტექსტის გავრცელება არის დეზინფორმაციისა და პროპაგანდისტული ნარატივის შეთხზვის მორიგი მცდელობა.
ექსპერტ ვახტანგ მაისაიას თქმით, როგორც ჩანს რუსეთის ხელისუფლებამ აღიქვა, რომ საქართველო მზად არის მასთან მჭიდრო ურთიერთობის დასამყარებლად, ამის საფუძველი მას იმ მოვლენებმა მისცა, რაც ქვეყანაში ევროკავშირის წინაარმდეგ იყო მიმართული, მაგალითად, ევროკავშირის დროშის დაწვა, გარკვეული ჯგუფების მხრიდან ევროპის საწინააღმდეგო განცხადებების აფიშირება,შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება, თავდასხმები უცხოელ ტურისტებზე, ბოლოს კი „პატრიოტთა ალიანსის" მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც ღიად მიუთითებდა რუსეთის მხარესთან გარკვეული ჯგუფების კავშირის სურვილზე.
„როგორც ჩანს ამ ყველაფერმა, რუსეთს გაუჩინა იმედი, რომ ხელისუფლება შეიძლება წავიდეს დიპლომატიურ ურთიერთობებზე რუსეთთან და აღადგინოს ეგრეთწოდებული დიალოგი, როგორც მას სურს.
„რუსეთი გადადის საზღვარს და ჩვენი პასუხიც ადეკვატური უნდა იყოს, არავითარი მოლაპარაკება და დიალოგი რუსეთის ხელისუფლებასთან, მე მესმის შესაძლოა გარკვეული დიალოგი იყოს, მაგრამ პოლიტიკური დიალოგის გამართვა ხელისუფლების დონეზე რთული საკითხია," - განაცხადა მისაიამ.
მისი თქმით, ქართული საზოგადოება რუსეთთან პოლიტიკური კავშირების აღდგენას არ მიიღებს.
„ამას ქართული საზოგადოება ძალიან უარყოფითად შეხვდება, რა თქმა უნდა იქნება გამონაკლისიც, მაგრამ იმედია უმრავლესობა რუსეთის მხრიდან მსგავს განცხადებებს არ მიიღებს," - ამბობს მაისაია.
რუსეთის მიერ გაკეთებული განცხადების მთავარ მიზნად ანალიტიკოსი, კავკასიაში პოზიციების გაძლიერების სურვილს ხედავს.
„მას სურს, მოახდინოს გავლენის გაძლიერება კავკასიის რეგიონში და მოქალაქეებში საზოგადოებრივი აზრის შეცვლა," - თქვა მაისაიამ.