„ქართული ოცნების" მხრიდან 19 აპრილის შეთანხმების ანულირების შემდეგ, საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და მათი წარმომადგენლების მხრიდან მიმდინარე პროცებზე შეფასებები საკმაოდ მწვავეა. პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ქართულ პოლიტიკურ სირცეში მიმდინარე პროცესებს ქვეყანა დესტაბილიზაციისკენ მიჰყავს, რაც პირველ რიგში „რუსულ წისქვილზე ასხამს წყალს", თუმცა, მეორეს მხრივ, შეთანხმებაზე უარის თქმით „ქართული ოცნება" შესაძლოა პრივილეგირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს ადგილობრივ არჩევნებზე.
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასებისას, პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბარში ამბობს, რომ „ოცნების" გადაწყვეტილების შემდეგ დასავლეთის მხრიდან მწვავე რეაქციები მოსალონდელი იყო, თუმცა, მისივე აზრით, მმართველი ხელისუფლების აღნიშნულ ნაბიჯს სანქციები ან სხვა სახის გართულებები არ მოჰყვება.
„სამწუხაროდ, „ქართული ოცნების" გადაწყვეტილებამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან მწვავე რეაქცია გამოიწვია ქვეყნის გარეთ, ძირითადად ჩვენი პარტნიორი ქვეყნების და მათი წარმომადგენლების მხრიდან. ბუნებრივია, რომ ამ შეთანხმებიდან გასვლა კვლავ აგრძელებს იმ პროცესს, რაც იყო ამ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ, რომელმაც მეტნაკლებად ვითარება დააწყნარა და პროცესები ქუჩიდან პარლამენტში გადაიტანა.
„გასაგებია, რომ „ნაცმოძრაობა" სრულიად გაუგებარი არგუმენტებით არ შეუერთდა ამ შეთანხმებას, თუმცა ეს იმის საბაბი არ უნდა გამხდარიყო, რომ „ოცნებას" შეთანხმება დაეტოვებინა. იქნება მკაცრი განცხადებები, თუმცა, მეორეს მხრივ, არ ველოდები რომ თუნდაც სანქციებზე წავა საუბარი", - განუცხადა ძაბირაძემ „რეზონანსს".
მისი აზრით, შეთანხმებაზე უარის თქმა და ნებისმიერი არეულობა რუსეთის ინტერესებში შედის, ხოლო, მეორეს მხრივ, ამან შესაძლოა „ოცნებას" ხელსაყრელი მდგომარეობა შეუქმნას ადგილობრივ არჩევნებზე.
„რასაკვირველია, არგუმენტირება იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა" არ აწერდა ხელს და არ უერთდებოდა შეთანხმებას, არ არის იმის ადეკვატური მიზეზი, რომ დოკუმენტი გაუქმებულიყო, ეს არის უბრალოდ საბაბი. ამის ძირითადი გამოწვევი მიზეზი სავარაუდოდ არის ის, რომ „ქართულ ოცნებას" გაუჩნდა სერიოზული საფრთხე იმისა, რომ ვერ აიღებს 43%-ს და დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები.
„თუკი ზემოთაღნიშნული მიზეზიდან შევხედავთ პროცესებს და თუკი „ოცნება" ვერ აიღებს 43% და აიღებს ნაკლებს, მაშინ რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს დამარხცებული პარტია და ეს ქმნის წინაპირობას, რომ ის ვადამდელ არჩევნებზეც მსგავს შედეგს დააფიქსირებს და შესაძლოა წააგოს კიდეც.
„როგორც ჩანს ეს გააანალიზეს „ოცნებაში" შედარებით გვიან, თუმცა მაინც და საბაბად გამოიყენეს „ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია დოკუმენტზე ხელის არმოწერის კუთხით.
„ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების" წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ არავითარი 43%-იანი გათვლა არ აქვთ ადგილობრივ არჩევნებზე. ისინი ამბობენ, რომ ეს შედეგები არ იქნება რიგგარეშე არჩევნების განმსაზღვრელი, რაც რეალურად იმას ნიშნავს, რომ ოქტომბრის შემდეგ ჩვენ დაპირისპირების ახალ ფაზაში შევალთ. განსაკუთრებით მაშინ, თუ „ოცნებამ" არჩევნებზე 43% ვერ აიღო.
„როგორც ჩანს „ ოცნებამ" ჩათვალა, რომ სჯობს ამ ეტაპზე მოხსნან 43%-იანი ბარიერის პრობლემა, ვიდრე შემოდგომაზე. ეს სწორი გათვლაა, თუ ეს აქვთ ჩანაფიქრში," - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბრისას.
ქვეყანაში ბოლო დროიდენლ მოვლენებთან დაკავშირებით აშშ-ის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი წერს, რომ საქართველო დასავლეთისკენ მიმავალი გზიდან უხვევს.
„პოლიტიკური უკუსვლა, ზოგიერთის უარი საპარლამენტი ადგილების დაკავებაზე, მუდმივი საარჩევნო ხარვეზები, ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული კომპრომისების იგნორირება, აჩენს ვარაუდს, რომ საქართველო დასავლეთისკენ მიმავალი გზიდან უხვევს და კარგავს დემოკრატიულ იმპულსს,"- წერს კორტნი „ტვიტერში".
იქამდე მიმდინარე პროცესებს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონიც გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ იმდეგაცრუბულნი არიან „ოცნების" გადაწყვეტილებით.
„ძალიან იმედგაცრუებულები ვართ იმით, რომ ქვეყანაში აღარ გრძელდება ეს პროცესები და მმართველმა პარტიამ უარი განაცხადა შესრულებაზე დოკუმენტის," - განაცხადა ფონ კრამონმა.