როგორ

როგორ "იქცა" უძველესი ქართული ტაძარი ალბანურად ალიევ-ერდოღანის შეხვედრისას

რამდენიმე ხნის წინ აზერბაიჯანში ვიზიტად მყოფ თურქეთის პირველ პირს რეჯებ ტაიპ ერდოღანს, მისმა აზერბაიჯანელმა კოლეგამ, ილჰამ ალიევმა სხვა ღირსშესანიშნაობებთან ერთად, გიშის სამონასტრო კომპლექსიც დაათვალიერებინა და სტუმრის წინაშე თავიც მოიწონა თავის ქვეყნის წარსულით. როგორც რუსული და აზერბაიჯანული პრესა იუწყება, ალიევმა ერდოღანს გიში წარუდგინა, როგორც უძველესი ალბანური ტაძარი და აზერბაიჯანის კულტურული მემკვიდრეობა. სავარაუდოდ, ერდოღანს წარმოდგენაც არ ქონდა რომ ქართული კულტურის ნიმუშს ათვალიერებდა, ხოლო ალიევმა რბილად რომ ვთქვათ ეს ფაქტი დამალა. ეს სულაც არაა ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ქართულ ისტორიულ ძეგლებს ჩვენი მეზობლები უაპელაციოდ ითვისებენ და მათ საკუთრებად მიიჩნევენ. ამ პრობლემაზე ვესაუბრეთ ხელმაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორს, ისტორიკოსს ბუბა კუდავას.

- გიშის მონასტერი ესაა ყველაზე უკიდურესი ქართული სამონასტრო ცენტრი, საიდანაც მოგვიანებით სამონასტრო ცენტრი ქურმუხში გადმოვიდა, ქართველმა მეფეებმა ამ მონაკვეთზე გალენა შედარებით ადრე დაკარგეს და ამიტომაც მოხდა საეპისკოპოსო ცენტრის გადმოტანა. ტაძარზე კი არის აბრა, რომ გიშის მონატერი ესაა ალბანური კულტურის ნიმუში, ასევე იქ არის მუზეუმი რომელსაც უამრავი დამთვალიერებელი სტუმრობს და ყველა მათგანი ტაძარს აღიქვამს როგორც ალბანურს, რაც დიდი დანაშაულია. არა მარტო გიშშია ასეთი სიტუაცია, ქურმუხის ტაძარზეც არის მსგავსი აბრა და იქაც ანალოგიური წარწერაა. ესაა წმინდა წყლის სიცრუე. ქურმუხში, დღევანდელი ტაძარი არის მეცხრამეტე საუკუნის ნაგებობა, რომელიც აშენდა სავარაუდოდ XIII საუკუნეში აშენებული ტაძრის ადგილას. შეიძლება მეხუთე საუკუნეში ან მანამდეც იყო იქ რაიმე ისტორიული ძეგლი, მაგრამ არავითარი კვლევა არ ყოფილა და მასზე იმის თქმა, რომ ალბანურია, არ შეიძლება.

- ბატონო ბუბა, ზოგადად რამდენად შეიძლება აზერბაიჯანელები ალბანელების მემკვიდრეებად ჩავთვალოთ?

- აზერბაიჯანელებს აქვთ ლეგიტიმური უფლება, რომ იამაყონ ალბანური წარსულით, რადგან ის ალბანელი მოსახლეობა, რომელიც იქ იყო, არ აორთქლებულა და შეერწყა ადგილობრივ მოსახლეობას, შეერწყა მეზობლებს, მათ შორის ქართველებსაც, თუმცა მათი სამოსახლო ძირითადად აზერბაიჯანის ტერიტორია იყო და სავსებით ლოგიკურია, რომ აზერბაიჯანელებმა იამაყონ ალბანური კულტურით, მაგრამ არა მეზობელი კულტურის ხარჯზე. თუ რომელიმე ძეგლს აქვს ალბანური წარსული ან რაღაც ეტაპი ალბანური ეპოქისა, ამის აღნიშვნა და ამით თავის მოწონება გასაგებია, მაგრამ ჰერეთის ტერიტორიაზე არსებული ძეგლების ალბანურად მოხსენიება სრული აბსურდია. არის კიდევ ერთი მომენტი: იქ არსებული ძეგლები არ არის კარგად შესწალილი. არც ქართველებს გვეძლევა საშუალება, რომ შევისწავლოთ, ხოლო აზერბაიჯანელი მეცნიერები არათუ არ გამოთქვამენ სურვილს, რომ შეისწავლონ, არამედ განზრახ ითრევენ ფეხს, რადგან ეს არის ის შემთხვევა, როდესაც ისტორიის გამოყენება ხდება როგორც პოლიტიკური იარაღისა. ამ პროცესში კი ხდება ისტორიის დამახინჯება, რაც დამეთანხმებით რომ დანაშაულია. ზოგადად გადაშენებული კულტურის მემკვიდრეობის საკითხი ცოტა პირობითია.თუმცა ეს კარგად შეიძლება გამოყენებული იქნეს პოლიტიკური თვალსაზრისით, მაგალითად: ტერიტორიული საკითხების გადასჭრელად, ისტორიის "დასაძველებლად", პოლიტიკური იდეების გასამყარებლად და სხვა.

- აზერბაიჯანში არსებული ქრისტიანული ძეგლები შეიძლება თუ არა ჩაითვალოს ალბანური კულტურის ძეგლებად, როგორც ამას აზერბაიჯანელები ამბობენ?

- ალბანეთი ეს იყო ისტორიული კავკასიის ერთ-ერთი სახელმწიფო. V საუკუნეში, ვახტანგ გორგასალმა შემოიერთა ალბანეთის სამეფო, შესაბამისად ვახტანგის პერიოდიდან აგებული ქრისტიანული ძეგლები ლოგიკურად ქართული კულტურის ნიმუშებია და სრულიად აბსურდია მათი ალბანურ ძეგლებად გამოცხადება. ვახტანგის შემდეგ დაახლოებით მერვე საუკუნეში აქ ყალიბდება ჰერეთის სამთავრო, რომელიც შედეგ სამეფოდ იქცა.ე ს იყო ქართული პოლიტიკური ერთეული, შესაბამისად ამ პერიოდში აგებული ძეგლებიც, ყველა უპირობოდ ქართულია. როგორც ჩანს, ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგები ალბანეთის ისტორიის პერიპეტიებს ითვალისწინებენ და ძეგლებზე ხშირად გვხდება წარწერა - ალბანეთის კულტურის ძეგლი, V საუკუნე ანუ ხდება ძეგლის ხელოვნურად დაძველება, რომ გადაიტანონ ვახტანგამდე ეპოქაში და შემდეგ ალბანურ ძეგლად მონათლონ.

- დღეს ორ ქვეყანას შორის არსებული ვითარებას მხოლოდ დადებითი შეიძლება ეწოდოს და ამის ფონზეც არ გეძლევათ საშუალება რომ სამეცნიერო კვლევები ჩაატაროთ სიმართლის დასამტკიცებლად?

- ვფიქრობ დღეს არსებული დამთბარი პოლიტიკური სიტუაციის ფონზე სრულიად ალოგიკურია და ანაქრონიზმია, რომ არ გვეძლევა საშუალება ისტრიული ძეგლების კველვა ჩატარდეს. კიდევ ვიმეორებ, გადაწყვეტილების მიღება, რომ ჩატარდეს ერთობლივი სამეცნიერო კვლევა, ძალან ადვილია, მთავარია იყოს პოლიტიკური ნება იმათი მხრიდან, თუმცა ისინი ამას კატეგორიულად არ ეთანხმებიან და არ მოდიან თანამშრომლობაზე, რადგან ერთობლივი სამუშაოების შემდეგ მათ მოუწევთ სიმართლის აღიარება რაც არც მეცნიერებს აწყობთ და არც პოლიტიკოსებს. მაგ: ცოტა ხნის წინ ქურმუხის ტაძარს ჩაუტარდა რესტავრაცია. ეს მთლიანად აზერბაიჯანულმა მხარემ ჩაატარა, კარგია, რომ აღდგენა მოხდა და ტაძარი კარგ მდგომარეობაშია, მაგრამ რესტავრაციის დასრულების შემდეგ ტაძარზე არ აღმართეს ჯვარი იმ საბაბით, რომ ესაა ალბანური ძეგლი და ალბანურ კულტურაში ტაძარზე ჯვრის აღმართვის ტრადიცია არ არსებობსო. ბუნებრივია, ეს აბსურდია (სხვათაშორის გიშის ტაძარიც რესტავრირებულია და არც მასზეა აღმართული ჯვარი). შემდეგ ამას მოყვა ადგილობრივების პროტესტი და იძულებული გახდნენ ჯვარი აღემართათ.

- გარდა აზერბაიჯანული მხარისა სხვა მეზობლებიც არაერთ ტაძარზე აცხადებენ რომ ის მათი საკუთრებაა

- გეთანხმებით. არის ისტორიული ძეგლები, რომლებიც ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ცხადდება სომხურ ან გნებავთ აზერბაჯანულ ძეგლებად. თუ რომელიმე ძეგლის მშენებლობისას მონაწილეობა მიიღო სომეხმა ან აზერბაიჯანელმა მუშამ თუ შემომწირველმა ეს არ ნიშნავს რომ ეს ძეგლი ამ ეროვნების კუთვნილებაა. ასეთ შემთხვევაში გამოსავალი არის მკაფიო კრიტერიუმების განსაზღვრა რა უნდა ჩაითვალოს ქართულად და რა არა, მაგალითად თუკი ტაძარში აღესრულბოდა ქართული წირვა-ლოცვა ბუნებრივია ეს ტაძარი ქართულია, ხოლო თუ აღესრულებოდა სომხური წირვა-ლოცვა. ესაა სომხური. მიუხედავად იმისა ვინაა მაშენებელი.