მთავრობაში ჯანდაცვასა და ეკონომიკას შორის არჩევანს კვლავ ამ უკანასკნელის სასარგებლოდ აკეთებენ. პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაადასტურა, რომ კოვიდსიტუაციიდან გამომდინარე, ქვეყნის ჩაკეტვა და შეზღუდვების გამკაცრება გამართლებული არ იქნება, რადგან ამას ქვეყანა ვეღარ გაუძლებს.
მიუხედავად იმისა, რომ მძიმე ეპიდემიური სიტუაციაა, მთავრობამ სხვა გზა - პანდემიის მართვა აირჩია. არათუ ზაფხულში, „ლოქდაუნი“ შემოდგომაზეც არ განიხილება, თუმცა მკვეთრად გააქტიურდება ვაქცინაცია.
„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ვმართოთ ეფექტურად ეპიდემია. ჩვენი ქვეყანა ვეღარ გაუძლებს ახალ ჩაკეტვას, არც „ლოქდაუნი“, არც შეზღუდვები არ იქნება გამართლებული. უფრო მეტიც, ეს დააზარალებს ქვეყნის ეკონომიკას, რაც გამოიწვევს იმას, რომ დამატებით უნდა ავიღოთ ჩვენ რამდენიმე მილიარდი დოლარი ვალის სახით, რაც, რა თქმა უნდა, შემდეგ გახდება ჩვენი მოქალაქეების გადასახდელი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მოგვიანებით, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განმარტა, თუ რატომ არ გეგმავს მთავრობა ეკონომიკის ჩაკეტვას თუნდაც რთულ პანდემიური ვითარებაში.
„ერთი წელიწადზე მეტია პანდემიის პირობებში ვიმყოფებით, ახლა ცოდნაც და უნარიც გაცილებით მეტია. ჩვენი ჯანდაცვის სისტემაც გაცილებით მეტად არის აღჭურვილი და გაძლიერებული და ბოლოს, უკვე გვაქვს ვაქცინა. მეტი ვალის აღების არც შესაძლებლობა გვაქვს და არც სურვილი, რადგან სესხი სესხია და ის იქნება დასაბრუნებელი. ამიტომ შევქმენით ყველა პირობა იმისა, რომ ჩაკეტვის გარეშე, მხოლოდ გაძლიერებული ვაქცინაციით დავამარცხოთ პანდემია და ამ ვითარებიდან რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით გამოვიდეთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ოპოზიცია თუკი რამდენიმე თვის წინ ეკონომიკის გაუხსნელობისთვის აკრიტიკებდა ხელისუფლებას, ახლა, პირიქით, ქვეყნის ჩაკეტვას ითხოვს. ჯანდაცვის სპეციალისტმა და „ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში ხედავენ იმ უზარმაზარ ტალღას, რომელიც ქვეყანას უახლოვდება, არჩევნებამდე ჩაკეტვა გამორიცხულია. აგვისტო, სექტემბერ-ოქტომბერში კი ინფიცირების ისეთი მაჩვენებლები იქნება, რომ არჩევნების შემდეგ, ჩაკეტვა გარდაუვალი იქნება. ვაქცინაციის ტემპები, რაც ქვეყანას აქვს აღებული, არ არის საკმარისი და შემოდგომისთვის არ გვეყოლება იმდენი ვაქცინირებული, რომ „ლოქდაუნი“ თავიდან ავიცილოთ.
„დღეს საქართველოში ორივე დოზით აცრილია მხოლოდ 3%. ვთქვათ, ეს მაჩვენებელი ავიდა 20-25%-ზე, ესეც არ არის საკმარისი, რომ ჩვენ შევამციროთ გარდაცვალება. ის შემცირდება იმ შემთხვევაში, თუ მინიმუმ 60%-იან ზღვარს გადავცდებით.
ხელისუფლებამ ოქტომბრის დასაწყისში, სწორედ იმიტომ დანიშნა არჩევნები, რომ ისინი ძალიან კარგად ხედავენ იმ უზარმაზარ ტალღას, რაც გვიახლოვდება. მათ კარგად იციან, რომ არჩევნებამდე ჩაკეტვა გამორიცხულია, იმიტომ, რომ ეს მათ პოლიტიკურად არ აწყობთ. მითი, ამ ეპიდემიის კარგად მართვის შესახებ, რა თქმა უნდა, დაინგრა, მაგრამ ახლა ისინი ერიდებიან, რომ მათ შორის ეკონომიური დარტყმა კიდევ ერთხელ მიაყენონ საზოგადოებას. ამიტომ, ისინი 1-ელ ოქტომბრამდე არ ჩაკეტავენ.
თავად მთავრობაში აღიარებენ, რომ შარშან სექტემბრის დასაწყისში რომ ჩაგვეკეტა, ის უბედურება რაც ნოემბერ-დეკემბერში დატრიალდა, არ მოხდებოდა. ეს მაგალითი ცხვირწინ გვიდევს, და წელს გავიმეორებ, ეს დაგვიჯდება მეტი ადამიანის სიცოცხლედ! ჩვენ ისეთი მაჩვენებლები გვქნება აგვისტო-სექტემბერში, არჩევნების შემდეგ უკვე გარდაუვალი იქნება ჩაკეტვა“, - განცხადა „პალისტრანიუსის“ ეთერში ჭიაბერაშვილმა.
პოლიტიკოსებისგან განსხვავებით მთავრობის ამჟამინდელი პოზიციით ძალიან კმაყოფილია ბიზნესი. როგორც ბიზნესმენმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა აღნიშნა, „ლოქდაუნის“ გარეშე ბიზნესი შეძლებს, სიტუაციის შესაბამისად გადააწყოს საქმიანობა, თუმცა დანაკარგი ჯერჯერობით დიდი იქნება.
„მძიმე ეპიდემიური მდგომარეობაა ქვეყანაში, მაგრამ ერთადერთი გამოსავალია, რომ ვისწავლოთ რეგულაციების დაცვა და ვირუსთან თანაცხოვრება, რაც მოქალაქეებმა და ბიზნესმაც უნდა გაითვალისწინოს. გარკვეული გამოცდილებაც დაგროვდა, არ არის ის მდგომარეობა, როგორშიც აღმოვჩნდით 2020 წლის დასაწყისში, როცა არ ვიცოდით, როგორ გავმკლავებოდით პანდემიას და რა ზომები მიგვეღო. ბიზნესი, ფაქტობრივად, ახალი მოთხოვნების შესაბამისად გადაეწყო, რასაც დრო დასჭირდა. ჩვენ თუ ვიქნებით ადეკვატურები და ვირუსთან თანაცხოვრებას ვისწავლით, ეკონომიკის ჩაკეტვის საკითხი შეიძლება, საერთოდ მოიხსნას“, - განაცხადა უჩუმბეგაშვილმა.