თუკი მეორე ტურმა „ნაციონალების" ამოტივტივების საკითხი მკაფიოდ დააყენა, მოსახლეობის მობილიზაცია ძლიერი იქნება და შეიძლება, მეორე ტური იმ შედეგის მომტანი არ იყოს, რაზედაც „ოცნების" მეტოქეები ოცნებობენ, აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" ადგილობრივი არჩევნებზე საუბრისას.
„რეზონანსი": ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პოლიტიკოსებს მოუწოდა, შეწყვიტეთ თამაში და აამოქმედეთ მიშელის შეთანხმება პრაქტიკაშიო. თქვენი აზრით, რა უშლის ხელს დოკუმენტის პრაქტიკაში განხორციელებას?
რამაზ საყვარელიძე: მე მგონი, ბევრი კომპონენტი და ინტერესი, ერთი მხრივ, ოპოზიციის ინტერესი, რომ რევოლუციის მოტივი და რევოლუციისთვის საჭირო უკმაყოფილება შეინარჩუნოს; მეორე მხრივ, ხელისუფლების ინტერესი, რომ იმ ტიპის სამართალდაცვის სისტემა შეინარჩუნოს. ეს ერთი შეხედვით, რაც ახალი ამბების დონეზე ჩანს, თორემ, ალბათ, ღრმა საფუძვლებიც არის როგორც ერთ, ისე მეორე პოზიციაში.
„რ": არის იმის პერსპექტივა, რომ დოკუმენტი პრაქტიკაში განხორციელდეს?
რ.ს: მე მგონი, არის პერსპექტივაში იქიდან გამომდინარე, რომ დასაწყისში, როცა ეს დოკუმენტი შეიქმნა და იქამდეც, სანამ შეიქმნებოდა, გვახსოვს, რომ მიშელის წარმომადგენელმა მხარეებს იმავე მოწოდებებით მიმართა. შედეგი ჭიანურდებოდა, მერე ბოლომდე არა, მაგრამ ნაბიჯები გადაიდგა. ახლაც ვფიქრობ, რომ თუ ძალისხმევა გაგრძელდება, დარჩენილი ნაბიჯები გადაიდგმება და დასავლეთი ამ პროცესს, პრინციპში, ბოლომდე მიიყვანს, რადგან უკვე გვანახა, რომ არ აპირებს საქართველოში დესტაბილიზაციას გულხელდაკრეფილმა უყუროს, ვისი მიზეზითაც არ უნდა იყოს ის - ოპოზიციის თუ ხელისუფლების.
„რ": როგორ შეაფასებთ უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის პროგნოზს, რომ თუ თბილისის მერის არჩევნებზე ორი კანდიდატურა - კალაძე და მელია იქნებიან, ხმები 70/30 გადანაწილდება?
რ.ს: არ გამოვრიცხავ, რომ დაახლოებით ასეთი სურათი იყოს, თუმცა თუ ეს ორი კანდიდატურა დარჩება, კიდევ მესამე ციფრი იქნება, მათი, ვინც მონაწილეობას არ მიიღებს და ეს ციფრი საკმაოდ დიდი უნდა იყოს.
„რ": შედგება თუ არა არჩევნებამდე ოპოზიციის კონსოლიდაცია, თუ მაშინ გაერთიანდებიან, თუ მეორე ტური ჩაინიშნა, მაგალითად, თბილისის მერობის არჩევნებზე?
რ.ს: რა თქმა უნდა, კონსოლიდაციის შანსი მეორე ტურზე მეტია, მაგრამ მგონია, მაინც არ იქნება იმ ხარისხის, რომ მთლიანი ოპოზიცია მოიცვას, რადგან ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, მათი გაერთიანება შედეგის მომტანი აღმოჩნდება თუ არა. მე საერთოდ არ მგონია, რომ მეორე ტური ოპოზიციას შედეგს მოუტანს. გავიხსენოთ, რომ მეორე ტურის აუცილებლობა პრეზიდენტის არჩევნების დროს დადგა და როგორც კი საზოგადოებამ გააცნობიერა, რომ საკითხის ასეთი დაყენება „ნაციონალების" მოსვლას გულისხმობდა, ისეთ სუსტ ხელისუფლებაზეც კი, როგორიცაა საქართველოში საპრეზიდენტო ინსტიტუტი, ამაზეც კი მობილიზაცია გამოცხადდა და ვნახეთ, რომ შედეგი ზურაბიშვილის სასარგებლოდ იყო.
ანალოგიური რამ მოხდება ახლაც, ანუ თუკი მეორე ტურმა „ნაციონალების" ამოტივტივების საკითხი მკაფიოდ დააყენა, მოსახლეობის მობილიზაცია ძლიერი იქნება და შეიძლება, მეორე ტური იმ შედეგის მომტანი არ იყოს, რაზედაც „ოცნების" მეტოქეები ოცნებობენ.
„რ": დღეის მდგომარეობით, რა შანსები აქვს ოპოზიციას ადგილობრივ არჩევნებზე?
რ.ს.: მიჭირს იმის თქმა, თუ ოპოზიციისთვის გამარჯვება რა არის. თუკი მისთვის გამარჯვება მხოლოდ ვადამდელი არჩევნების მოწყობაა, მაშინ ამის შანსი არის, ოღონდ ესეც შესაძლოა, სხვა სტრატეგიას ითხოვდა, უნდა გაფანტულიყვნენ საქართველოში და ის პროცენტები შეეგროვებინათ, რომლებითაც „ოცნება" დაზარალდებოდა. ასეთი გაშლა არ გააკეთეს და თბილისზე კონცენტრირდნენ, ამიტომ მეეჭვება, რომ ეგ მიზანიც მიღწეული იყოს.
თუკი ოპოზიციამ მიზანს მიაღწია, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნა, ეს თავისთავად გაუგებარი მიზანია, რადგან თუ ვადამდელი არჩევნების შედეგად ისევ „ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა, ყოველ შემთხვევაში, პატარა ოპოზიციური პარტიები, როგორც მათ ეძახიან, 3%-იანები, ისინი, რა თქმა უნდა, გაქრებიან. ვთვლი, რომ ვადამდელი არჩევნები „ოცნების" ინტერესებშია, ოღონდ კარგი მიზეზი სჭირდება, რადგან ამ შემთხვევაში „ოცნება" პარლამენტში ოპოზიციის პროცენტს შეამცირებს, პარლამენტში ნაკლები ოპოზიციონერის მანდატი იქნება, ამიტომ რა შემთხვევაში შეიძლება ოპოზიციის მიზანი იქნეს მიღწეული, ეს ჩემთვის ბუნდოვანია. მეჩვენება, რომ ამოჩემება უფროა, გათვლის გარეშე, არ აქვთ გათვლილი, ეს მათ რას მოუტანს, რეალურად მეეჭვება, რომ ეს ოპოზიციის გამარჯვება იყოს.