2011 წლის 25 ოქტომბერს აზერბაიჯანი-საქართველოს სასაზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე ქართველმა სამართალდამცველებმა მალხაზ გულაშვილი დააკავეს,
როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, მალხაზ გულაშვილი ტელეკომპანია "კავკასიის" სტუდიაში მომხდარი ინციდენტისა და საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით იძებნებოდა. მასთან ერთად, საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, დაკავებულია ასევე ძებნილი დავით გულაშვილი.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, მალხაზ გულაშვილმა სრულად აღიარა დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებასთან, რის საფუძველზეც მასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და სასჯელის სახით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით.
დავით გულაშვილის მიმართ კი, აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია გირაო და ის გათავისუფლდა პატიმრობიდან.
2010 წლის 7 ივნისს, ტელეკომპანია "კავკასიის" ერთ-ერთ გადაცემაში, რომელსაც მალხაზ გულაშვილიც მონაწილეობდა, ერეკლე დეისაძის წიგნის "საიდუმლო სირობის" განხილვა ჩხუბში გადაიზარდა, რის შემდეგადაც პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. თავად მალხაზ გულაშვილი ცხინვალის გავლით რუსეთში წავიდა.