„ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებზე საბრძოლველად მთავარი ფალავანი თბილისის მერი კახა კალაძე უკვე მეორედ საბრძოლველად გამოიყვანა. მმართველმა გუნდმა კალაძე კვლავ მერობის კანდიდატად დაასახელა და ეჭვიც არ ეპარებათ, რომ ის გამარჯვებას მოიპოვებს. ოპოზიციას ახალი დილემა აქვს. ვინ უნდა დააყენონ მის საპირწონე ფიგურად, რომ კალაძის დამარცხება შეძლონ.
ანალიტიკოსებიც და ოპოზიციის ნაწილიც „რეზონანსთან“ თანხმდება იმაზე, რომ კახა კალაძე შეუცვლელი ფიგურაა, რომლის დამარცხებასაც ოპოზიცია ვერ შეძლებს, მითუმეტეს თუ მას ერთიან კანდიდატად „ნაციოანლური მოძრაობის“ ლიდერი დაუდგება.
ვრცელდება ცნობები, რომ პარასკევს ოპოზიციის ნაწილი ერთიანი კანდიდატის დასახელებას აპირებს. კერძოდ, თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია იქნება, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად ელენე ხოშტარია დასახელდება. იქნებიან თუ არა ისინი ერთიანი ოპოზიციური კანდიდატები ჯერჯერობით უცნობია. არაა გამორიცხული, რომ საპარლამენტო ოპოზიცია ამ გაერთიანებას არ შეუერთდეს.
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, კახა კალაძემ დაამტკიცა, რომ დედაქალაქისთვის საუკეთესო მერია.
„ყველა იმ სექტორში და დარგში, სადაც კახა მოღვაწეობდა, ყოველთვის მისი ხელწერა იყო განვითარება და პროგრესი. კახას შთამბეჭდავი სპორტული კარიერა აქვს, მისი მოკაშკაშე ბიოგრაფია ჩვენთვის, ყველასთვის, საამაყოა კახას მიერ გადადგმული ნაბიჯები უკავშირდება მის 24-საათიან შრომას განვითარებაზე. ბოლო 4 წლის განმავლობაში კახა კალაძემ დაამტკიცა, რომ რომ იგი არის დედაქალაქის საუკეთესო მერი,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე, მმართველი გუნდის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს მიმართა.
კახა კალაძემ დაგმო ძალადობა ჟურნალისტების მიმართ, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ არანაკლები ბოროტებაა ფსიქოლოგიური ძალადობა, რომელიც, მისი თქმით, სხვადასხვა ტელევიზიის ეთერიდან წლებია ისმის.
„მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც, ჩვენს ქალაქში, სამწუხაროდ, განვითარდა 5 ივლისს.
რასაკვირველია, ძალადობა და სიძულვილი კლავს ჩვენს ქვეყანას, მის მომავალს და ყველა ის ადამიანი, ვინც 5 ივლისს გიმეტებდათ თქვენ, გირტყამდათ, ძალადობდა, აზიანებდა ქვეყნის განვითარებასა და ჩვენს ხვალინდელ დღეს. ეს დასჯადი ქმედებაა და ეს ყველაფერი სამარცხვინოა.
არანაკლები ბოროტებაა ფსიქოლოგიური ძალადობა, რასაც, სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ადგილი ჰქონდა ჩვენს საზოგადოებაში. ჩვენ ხშირად ვისმენთ სხვადასხვა ტელევიზიიდან, ტელეეთერიდან ადამიანების დამცირებას, ცილისწამებას, მათ ბულინგს - მხოლოდ და მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური, თუ სხვა ნიშნის გამო.
ამიტომ, როდესაც ხვალინდელ თბილისზე ვსაუბრობთ, ყველას სურვილი უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ერთი - დავამარცხოთ სიძულვილი და ერთმანეთის მტრობა,“ - აღნიშნა კალაძემ.
„მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ მას კახა კალაძე გულზე არ ეხატება და მისი პრანჭვა სულაც არ მოსწონს, მაგრამ ფაქტია, რომ ხალხს ის მოსწონს. ამის მაგალითი კი ისაა, რომ ის წლებია მაღალ რეიტინგს „ქართული ოცნების“ ლიდერებს შორის ყველაფრის მიუხედავად მაინც იკავებს. ის არის რეიტინგული ფიგურა და ოპოზიციას ეს მოსწონს თუ არა ამასთან შეგუება მოუწევს.
„კალაძეს წლების განმავლობასი პრანჭვის მეტი არაფერი გაუკეთებია. სელფის ჯოხით დადიოდა და ვიდეოებს იღებდა. მიუხედავად ამისა, საზოგადოებას ეს კაცი მოსწონს. ამასთან ოპოზიციას შეგუება მოუწევს და რაღაცა უნდა მოიფიქროს. არავისთან საერთო რაღაცებზე საუბარს არ ვაპირებთ, განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობასთან“. თუ ამ ხალხს ადგილობრივ არჩევნებზე ოპოზიციის საერთო კანდიდატები უნდოდათ, მაშინ ეს წყევლა-კრულვა და გინება არ უნდა დაეწყოთ. ბოკერიას დაკრულზე მთელი ოპოზიცია რომ დადიოდა, ხომ ნახეს სადამდედაც მივიდნენ. არ დაგვიჯერეს და არის აზელილი და დაზელილი ოპოზიცია. ძნელად წარმომიდგენია ისეთი ფალავანი ოპოზიციიდან, რომელიც შეძლებს კალაძისთვის კონკურენციის გაწევას. ეს არის წაგესბული ბრძოლა და ოპოზიციას მოგება გაუჭირდება“, - ამბობს ელისაშვილი „რეზონანსთან“.
„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია „რეზონანსთან“ ამბობს, რომ კახა კალაძის საპირწონე მეტოქეს ვერ იპოვიან და ეს რთული იქნება. ამისთვის საჭიროა ოპოზიციამ იპოვოს იდეა, რომელიც „ოცნების“ საწინააღმდეგო იქნება და დედაქალაქის მცხოვრებლებისთვის უფრო მომხიბვლელი გახდება. ხვიჩია ფიქრობს, რომ ახლა ამ არჩევნებს ადამიანების შეჯიბრით ვერ მოიგებენ.
„თუ ჩვენ ადამიანებს ვარჩევთ, რომელი უფრო უკეთესი იქნება, კალაძის საპირწონე მეტოქის მოძებნას ოპოზიცია ვერ შეძლებს. ამიტომ ერთადერთი რითაც ამ ხელისუფლებას დავამარცხებთ, ესაა იდეა, რომ საზოგადოებას რას ვთავაზობთ. რისგან და რით იქნება განსხვავებული „ოცნების“ ხელისუფლებისგან. ეს უნდა ვაჩვენოთ ამომრჩეველს და არა ის, მასზე უკეთესი ვინაა. ოპოზიცია მხოლოდ სხვისი ცუდის ლაპარაკზეა გადასული. ხალხმა ისედაც იცის ვინ ცუდია და ვინ რისი გამკეთებელია. კარგი უნდა ვუთხრათ, რისი გაკეთება შეგვიძლია. თუ ჩვენ კალაძის დამარცხება გვინდა, მაშინ იდეაზე სერიოზულად უნდა ვიფიქროთ. როგორი იქნება ეს ქალაქი, მის მაცხოვრებლებს კალაძეზე უკეთესს რას ვპირდებით. ის კი არა, რომ გეი პრაიდს არ დავარბევთ და ჩავატარებთ. ეს არ იქნება საპირწონე იდეა,“ - ამბობს ხვიჩია „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, როცა ხელისუფლებას თამაშში ოპოზიცია ყვება, მას ყოველთვის წააგებს. ამ საქმეში ისინი უფრო მომზადებულები არიან, ამიტომაც ოპოზიციამ ამომრჩეველს იდეა უნდა შესთავაზოს. ერთიდაიგივე ბრძოლის მეთოდები ხალხს ყელში ამოუვიდა, ამიტომაც კალაძეს წინ ვინც არ უნდა დაუდგეს, ის ნაცადი მეთოდით არჩევნებს მაინც მოიგებს.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან” ამბობს, რომ კახა კალაძის წარდგენის შემდეგ ოპოზიციის სიტუაცია განსაკუთრებით თბილისში ყველაზე რთულად გამოიყურება. ძაბირაძე ამბობს, რომ აქამდე ოპოზიცია იმაზეც კი ვერ შეთანხმდა გადის თუ არა დედაქალაქის მერობის ერთიანი კანდიდატით და ვინ შეიძლება კალაძეს დაუპირისპირდეს. ნიკა მელია, რა თქმა უნდა, ოპოზიციაში ყველაზე რეიტინგული ფიგურაა, მაგრამ ის კარგად მიხვდა, რომ კალაძესთან ერთად დარჩენის შემთხვევაში არჩევნებს წააგებს. ამიტომაც სრულიად სწორი ტაქტიკა აირჩია და დედაქალაქის მერობაზე უარი თქვა. ძაბირაძეს მიაჩნია, რომ ახლა ოპოზიციას შანსი აქვს, ბოლოს და ბოლოს, წარადგინოს ერთიანი კანდიდატი და „ნაციონალებს“ უთხრან, რომ მათ არ დააყენონ. მისცენ საზოგადოებას არჩევანის გაკეთების საშუალება რათა „ნაციონალები“ და „ოცნება“ ერთმანეთის პრისპირ არ დარჩნენ.
„ყველამ კარგად ვიცით, რომ „ნაციონალების“ და „ოცნების“ პირისპირ დარჩენა, ისევ ხელისუფლების მოგებას ნიშნავს. კი ბატონო, მელია ოპოზიციაში ყველაზე რეიტინგული ფიგურაა, მაგრამ ის კალაძესთან არჩევნებს წააგებს. მან ეს კარგად იცის, ამიტომაც ტაქტიკურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ოპოზიციას ვურჩევ ამ შემთხვევაში შეთანხმდნენ საბოლოოდ რა უნდათ და ხალხს აჩვენონ კონსოლიდაცია რაზე შეუძლიათ. ეს კაი ადამიანები ჯერ რა არჩევნებიც მოდის იმაზე ვერ შეთანხმებულან და რა ტექნიკური მთავრობა და ხელისუფლების დაკომპლექტება აუტყდათ. თბილისში ჯობია „ნაციონალებს“ უთხრან, რომ საკუთარი კანდიდატურა არ დააყენონ და კალაძესთან საერთო სხვა კანდიდატით წარსდგნენ. ნახოს დამოუკიდებლად რა შეუძლიათ. უბრალო საქმე იმაშია, რომ მეორე ტურიც თუ დაინიშნა, რისი დიდი მოლოდნიც არა მაქვს, კალაძე მაინც მოიგებს“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“.
რაც შეეხება გავრცელებულ ხმებს, რომ კალაძე მერობის კანდიდატობას აღარ აპირებდა და ის შესაძლოა გახარიასავით ცალკე მოთამაშედ ვიხილოთ, ძაბირაძე ამას გამორიცხავს და ამბობს, რომ ეს იყო ხელისუფლებიდან ერთგვარი პოლიტკური ტაქტიკა და მანევრირება. რატომ უნდა ეთქვა წინასწარ ოპოზიციისთვის მერობის კანდიდატი იქნებოდა თუ არა. მათ ამით გარკვეული დრო მოიგეს და ოპოზიციის შიგნით გაურკვევლობა კიდევ ერთხელ შექმნეს. ახლა კი დრო აღარ რჩება იმისთვის, რომ ოპოზიცია ერთიან კანდიდატურაზე შეთანხმდეს.