შარლ მიშელი ისევ ჩამოდის. ევროპული საბჭოს პრეზიდენტს თბილისში რამდენიმე დღეში ელოდებიან. ოპოზიციაც და „ქართული ოცნებაც“ ირწმუნებიან, რომ პირნათლად იცავენ მიშელის დოკუმენტს და მის დარღვევაში ოპონენტებს ადანაშაულებენ.
„ქართული ოცნება“ აპირებს, რომ მიშელს მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის 5-6 ივლისის მოვლენებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს. იმის შესახებ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი თბილისს ეწვევა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
სასაუბროდ კონკრეტული თემებია აქვს ოპოზიციასაც, მათ შორის მთავარი მიშელის 19 აპრილის შეთანხმებაა, რომელსაც ხელისუფლების ოპონენტების თქმით, მმართველი გუნდი არღვევს, მაგალითად ოპოზიცია მოსამართლეთა დანიშვნას ასახელებს.
პარლამენტის საგარეო საქმეთა ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მასთან შეხვედრისას დოკუმენტის პუნქტების შესრულებასთან დაკავშირებით დისკუსია შედგება. თუმცა, ხელაშვილი აღნიშნავს, რომ მიშელის ასეთი ხშირი ვიზიტი საქართველოში მხოლოდ საქართველოს შიდაპოლიტიკურ საკითხებს არ უკავშირდება.
„მისი ასეთი ხშირი ვიზიტი საქართველოში არ უკავშირდება მხოლოდ საქართველოს შიდაპოლიტიკურ საკითხებს. თუმცა ამასთან ერთად დარწმუნებული ვარ ის დაინტერესდება იმ პოლიტიკური ვითარებით რაც არის ქვეყანაში.
გვექნება დისკუსია, თუ რა მდგომარეობაშია ეს დოკუმენტი. როდესაც ჩვენ ყველა პუნქტს ძალიან სკრუპულოზურად მივყვებით, სამწუხაროდ ოპოზიცია ან არ აწერს ხელს, ან ხმას არ აძლევს შეთანხმების პუნქტებს," - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.
ოპოზიცია კი პირიქით ამტკიცებს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს „ოცნება“ არღვევს.
„ფაქტია, რომ შარლ მიშელის ყველა პუნქტი დაარღვია „ოცნებამ“, ამიტომ „ქართულ ოცნებას“ პრაქტიკულად არაფერი არ ექნება სათქმელი შარლ მიშელისთვის. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ კვლავ ძალმომრეობის და ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან დაპირისპირების გზა აირჩია,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა.
„შარლ მიშელი ჩამოდის ეტყობა იმიტომ, რომ გიორგი ვაშაძე უკეთესად გაიცნოს და მისი ფრაქცია. კარგია, რომ ჩამოდის. შარლ მიშელისა და ელჩების მხრიდან ადრეც ითქვა, რომ ერთია შეთანხმება და მეორეა, განხორციელება. ყველა ვხედავთ, შეთანხმების იმპლემენტაცია ჭრიალით რომ მიდის - ვისაც არ ეზარება, ყველა ცდილობს დაარღვიოს ეს შემთახმება,“ - აღნიშნა „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ მიშელის ვიზიტი რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული. პირველი ის ხედავს, რომ ოპოზიციის ნაწილს მისი დოკუმენტის შესრულება არ უნდა და დემონსტრაციულად წყვეტს პარლამენტში მუშაობას. ამიტომაც გაჩდა საფრთხე, რომ საქართველოში პოლიტიკური მოვლენები საწყის მდგომარეობას დაუბრუნდეს და ის რაც ამ ხნის განმავლობაში მიშელმა იწვალა, წყალში ჩაეყაროს.
ამით კი, როგორც მისი პოლიტიკური იმიჯი ზიანდება, ასევე ხედავს, რომ ქვეყანაში პრორუსული ძალები აქტიურობენ. რუსეთი არსად არ წასულა და ის თავისი დღის წესრიგის შესრულებას განაგრძობს. ეს კი 5 ივლისის მოვლენებმა და ევროკავშირის დროშის ჩამოხსნამ კარგად აჩვენა. შესაბამისად, მიშელის უკან დაბრუნება ამ ძალების ისევ შესუსტება და ორივე მხარის, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის გაფრთხილება იქნება. ის არცერთის მხარეს არ დაიკავებს და ორივეს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს.
„რა თქმა უნდა, მიშელის ჩამოსვლა ლოგიკური და დროში საკამოდ დროული გადაწყვეტილებაა. ჩვენ კარგად ვხედავთ ოპოზიცია როგორ ერთ შანსაც კი არ უშვებს ხელიდან იმისთვის, რათა ხელისუფლების შეცდომა გამოიყენოს და პოლიტიკური მოვლენები ქუჩაში გადაიტანოს. „ნაციონალებს“ მიშელის დოკუმენტზე ხელი დღემდე არ მოუწერიათ. მართალია ამ დოკუმენტის ღია კრიტიკას ერიდებიან, მაგრამ მათ მიზნებში 19 აპრილის შეთანხმება არ შედის. მიშელმა კარგად დაინახა, რომ 5 ივლისის მოვლენების გამო ოპოზიციამ საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო და მისი დოკუმენტის შესრულებას საფრთხე ემუქრება.
შესაბმისად, და ბრუნება იმისთვის, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვნოს. ის იმ დონის და რანგის პოლიტიკოსია, რომელიც საკუთარ ავტორიტეტს ძალიან უფრთხილდება. რა თქმა უნდა, ორივე მხარე ოპოზიციაც და ხელისუფლებაც ერთმანეთისკენ ხელს გაიშვერენ. ოპოზიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეეების დანიშვნას იყენებს და ხელისუფლებას მიშელის დოკუმენტის შეუსრულებაში ადანაშაულებს. თავის მხრივ კი ხელისუფლება მათ საპარლამენტო ცხოვრებიდან ისევ გასვლას და ქუჩაში რევოლუციის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულებს. ამიტომაც მიშელი არცერთის მხარეს არ დაიკავებს და ორივეს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს“, - ამბობს საყვარელიძე „რეზონანსთან“.