რატომ გახდა სამიზნე მედია და ევროკავშირის დროშა - “ჩვენ დავბრუნდით, იქ საიდანაც დავიწყეთ”

რატომ გახდა სამიზნე მედია და ევროკავშირის დროშა - “ჩვენ დავბრუნდით, იქ საიდანაც დავიწყეთ”

"თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეების თავდასხმის ფაქტებს საზოგადოების მკაცრი შეფასებები მოჰყვა. ექსპერტები და პოლიტოლოგები კი არ გამორიცხვენ, რომ ბოლო მოვლენები საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის დემოკრატიასა და დასავლეთისკენ სწრაფვას.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე თავდასხმის შედეგად 16 მედიასაშუალების 55 თანამშრომელი დაშავდა. 6 ივლისს ძალადობის გასაპროტესტებლად შეკრებილ აქციის მონაწილეებზე თავდასხმა ისევ სცადეს, ესროდნენ ქვებს, შუშებს და ბოთლებს. პარლამენტის წინ ჩამოაგდეს ევროკავშირის დროშა, რომელიც შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ თავად აღმართა.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" აცხადებს, ქვეყანა 90-იან წლებში ბრუნდება, როცა ავტომატიანი ადამიანები ქუჩაში დარბოდნენ და ხალხს უსწორდებოდნენ.

"პრაქტიკულად ჩვენ დავბრუნდით, იქ საიდანაც დავიწყეთ. დავბრუნდით 9 აპრილის შემდგომ პერიოდში, როცა სიტუაცია ყველამ მიუშვა და დაიწყო არაფორმალური ორგანიზაციებისა და საძმოების შექმნა - ქუჩაში ავტომატებით დარბოდნენ, დღეს ასე არ არის, ერთ თვეში შეიძლება ავტომატიც გამოჩნდეს.

"ჩემი აზრით, დაძაბულობას ქმნის ყველა - პოზიციაც და ოპოზიციაც, გავლენა არის ორივე მხარეს, მათ შორის ალბათ თბილისი პრაიდში. მათი გადაწყვეტილება, რომ აუცილებლად საქართველოში უნდა ჩატარდეს პარადი, მოსწონთ თუ არა ეს პრაიდის წარმომადგენლებს, ქვეყნის მოსახლოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიუღებელია. ამიტომ, როცა გეგმავ რაღაცას, უნდა გაითვლისწინო არსებული ვითარება. ისე ევროპის ქვეყნებშიც ყველა ტაშიკვრით არ ხვდება ასეთ აღლუმებს.

"ის რაც მოხდა, აწყობს ოპოზციასაც და ხელისუფლებასაც, ოპოზიცია უტევს ხელისუფლებას, ხელისუფლება მომხდარში ადანაშაულებს ოპოზიციას, ამ დროს კი სხვა ხეირობს.

"ამიტომ ვამბობ, რომ რუსეთი საქართველოდან არ წასულა, ყველგან არის რუსული გავლენები სხვადახვა დოზით და სხვადასხვა აქტივობით. დროშას ხსნიან პრორუსული ჯგუფები, ხელისუფლება თავიდან აღმართავს, ვეღარ გაიგებ, ისე აიზილა ყველაფერი, ვინ არის პრორუსი და ვინ პროდასავლური.

"რაც შეეხება ჟურნალისტებზე თადასხმას, როგორც ჩანს ხელისუფლებას ნერვებს უშლის ჟურანლისტები, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მომხდარში მას უნდა რომ დარჩეს მშრალზე და მიუშვას ეს ჯგუფები ჟურნალისტების დასაშინებულად"- განაცხადა "რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.

პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე მომხდარში ხელისუფლების მიერ განხორციელუბლ პოლიტიკას ხედავს. მისი თქმით, "ოცნების" ხელისუფლების უმოქმედეობამ წლების მანძილზე პროცესები უმართავი გახადა.

"ყველაზე დიდი პრობლემას აქ არის ხელისუფლების მიერ განხორციელებული პოლიტიკა. ვერ ვიტყვი, რომ ექსტრემისტები და რადიკალები ხელისუფლებამ წააქეზა, მაგრამ უმოქმედობა უფრო დიდი დანაშაულია.

"რატომ გახდა სამიზნე ჟურნალისტები და ევროკავშირის დროშა, მარტივი ახსნა აქვს. ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა ხელისუფლებას ნამდვილად არ აწყობდა, მაგრამ ასევე არ აწყობს დაპირისპირება ეკლესიასთან და ამ კატეგორიის ხალხთან არჩევნების წინ, რომელსაც არჩევნების დროს იყენებს.

"რაც შეეხება თადასხმას მედიის წარმომადგენლებზე, რადიკალებმა ჟურნალისტებში ხელისშემშლელი ადმიანები დაინახეს. ხელისუფლებისთვის კი კრიტიკული მედია მიუღებელია და ამ საშუალებებით ჟურანლისტებს აშინებენ"- განაცხადა "რეზონანსთან" ნიკა ჩიტაძემ.