ნავთობი 100 დოლარამდე გაძვირდება, საქართველო უმძიმეს დღეში აღმოჩნდება

ნავთობი 100 დოლარამდე გაძვირდება, საქართველო უმძიმეს დღეში აღმოჩნდება

ასეთ შემთხვევაში ბენზინი 3.50 ლარამდე გაძვიდება და ყველა პირველადი მოხმარების საქონელზეც ფასი გაიზრდება

 მსოფლიოში ნავთობის ფასი მაღალ ნიშნულზეა და მისი შეჩერება ამ ეტაპზე ვერაფრით ხერხდება. ამუშავებული და აღდგენილი ეკონომიკის პირობებში, ნავთობპროდუტები ყველგან ძვირდება. დღეის მდგომარეობით, ერთი ბარელი ნავთობის ფასმა 76 დოლარს გადააჭარბა. ვარაუდობენ, რომ 80-დოლარიან ნიშნულსაც აიღებს და უფრო მაღლაც წავა. ასეთ შემთხვევაში, საქართველოში 1 ლიტრი ბენზინის ფასი 3,50 ლარს მიუკაკუნებს. „ბიზნეს-რეზონანსი“ შეეცადა გაერკვია, რა ტენდენციებია მოსალოდნელი მსოფლიო ბაზარზე და რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამან საქართველოზე. 

საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასი, პანდემიის დაწყების შემდეგ, ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. ახლა ნავთობკომპანიების ხელმძღვანელები ორ სცენარს განიხილავენ, რომლებიც შეიძლება ბაზარზე განვითარდეს: ნავთობის ფასი, ერთ ბარელზე შეიძლება 100 დოლარამდე გაიზარდოს, მაგრამ შეიძლება შემცირდეს, ძლიერი არასტაბილურობის გამო.

ყატარში ჩატარებულ ეკონომიკურ ფორუმზე უმსხვილესი ნავთობკომპანიების ლიდერებმა, როგორებიცაა "ექსონ მობილი", "როიალ დაჩ შელი" და "ტოტალი",  განაცხადეს, რომ სექტორში ინვესტიციების უკმარისობის გამო, ნედლი ნავთობი, შესაძლოა, 100 დოლარამდეც გაძვირდეს. ამჯერად კი ფასის მატების მიზეზი ფართოდ გავრცელებული ვაქცინაციაა, რომელმაც მობილობა გააძლიერა და ასევე, საწვავზე მოთხოვნა გაიზარდა. გარდა ამისა, მსოფლიო მასშტაბით ამუშავდა ეკონომიკა. ამ გარემოებებმა შეიძლება, უახლოეს მომავალში ფასების კიდევ უფრო გაზრდა გამოიწვიოს, თუმცა გარკვეულ პერიოდში შეიძლება ეტაპობრივი შემცირებაც დაიწყოს. 

საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი, ფინანსისტი ნიკა შენგელიას ფიქრობს, რომ 2021 წლის ზაფხულის პერიოდში, ნავთობზე ღირებულება მნიშვნელოვნად არ შეიცვლება. 

„მსოფლიოში, ნავთობის ფასი ჯერჯერობით აღმავალია. არა მგონია, რომ ზაფხულში მისი ღირებულება დაბლა წამოვიდეს. შეიძლება, ერთ ბარელზე 80 დოლარიც იყოს. ნავთობპროდუქტებზე მაღალი ფასი შენარჩუნდება, რომელიცინფალაციის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი ფაქტორია. მსოფლიო ბაზარზე ფასი მაღალი იქნება, შესაბამისად, ძვირი პროდუქცია გვექნება, რომლის აწეული ფასი იმოქმედებს ინფლაციაზე, სამომსმარებლო პროდუქტზე, სხვადასხვა მომსახურებაზე“, - განაცხადა ნიკა შენგელიამ.  

რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, საქართველო იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა, ამიტომ მსოფლიო ბაზარზე არსებულ ვითარებას ვერ შეცვლის, თუმცა შეუძლია ქვეყნის შიგნით არსებული ვითარების გამოსწორება და სხვადასხვა გზებით გლობალურ ტენდენციებთან დაპირისპირება. 

„მთავრობამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ქვეყანაში არსებობდეს ერთი თანამედროვე გადამამუშავებელი ტიპის ქარხანა. შემდეგ გადაამუშაოს ნავთობი და ის ეყოფა დისტრიბუციის ქსელს, სამთავრობო ავტოპარკს, სასწრაფო დახმარებას, ქალაქის დასუფთავებას და ა.შ. შიდა მოხმარებითაც შეიძლება, რომ ნორმალურ ფასში მიეწოდოს ორგანიზაციებს და ამით დაარეგულიროს ფასების ზრდა. ვფიქრობ, მთავობამ ამ კუთხით უნდა შეხედოს ამ საკითხს. 

საწვავზე აქციზი თუ შემცირდება, ამ ეტაპზე შვება იქნება. მისი განაკვეთი გაიზარდა გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის დროს და ჩვენ მაშინვე ვთქვით, რომ ეს, საბოლოო ჯამში, ფასებზე იმოქმედებდა, რადგან მაშინ, მსოფლიო ტენდენციაც, გრძელვადიან პერიოდში, მიმართული იყო ფასების ზრდისკენ. იყო მოსაზრება, რომ თუ ამერიკაში ბაიდენი გაიმარჯვებდა, მაშინ ნავთობზე ფასი დავარდებოდა, მაგრამ ერთ-ერთი ვიყავი, ვინც ამბობდა, რომ პირიქით მოხდებოდა. ფაქტია, რომ ახლა ნავთობი საკმაოდ ძვირია, ამიტომ სახელმწიფომ საერთოდ უნდა შეცვალოს პოლიტიკა, ბევრი რეფორმაა გასატარებელი“, - დასძინა ნიკა შენგელიამ „ბიზნეს-რეზონანსთან“. 

საქართველოში საბითუმო ბაზარზე ნავთობპროპდუქტების ღირებულება უკვე გაზრდილია.  სწორედ ამის შესახებ საუბრობს კომპანია „სენტა პეტროლეუმის" დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე, რომელიც იმ მიზეზებს ასახელებს, რის გამოც ფასები მატულობს. 

„საბითუმო ბაზარზე, ბენზინზე დაახლოებით, 2.42 ლარი ღირს, დიზელი - 2.32 ლარი. ფასები მომატებულია. "პლატცის" ნიშნული მაღლა წავიდა და ბოლო პერიოდში მუდმივად მზარდი ტენდენციაა. "პლატცი" უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე ლარის კურსი შემცირდა და საბოლოო ჯამში, საბითუმო ბაზარზე ფასების მატება ამიტომ შეინიშნება.

ლარის კურის გამყარება უდავოდ დადებითი მოვლენაა და ამან გარკვეულწილად გაძვირება შეაჩერა, მაგრამ თუ მსოფლიოში ფასები კიდევ მოიმატებს, მაშინ ძნელია ქვეყნის შიგნით რამის დაპირისპოირება. ერთი ბერკეტი არის აქციზისა და დღგ-ს გაუქმების საკითხი, მაგრამ ჯერჯერობით, საქართველოში ამის გადახედვა არ იგეგება“, - უთხრა „ბიზნეს-რეზონანსს“ ზაალ იაკობიძემ. 

2021 წელს 46%-ით გაიზარდა ევროპული "ბრენტის", ასევე ამერიკული "ლაითის" ტიპის ნავთობის ფასი, რაც ბოლო ორნახევარ წელიწადში მაქსიმალური მაჩვენებელია. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი აღნიშნავს, რომ ლარის დასტაბილურებამ ხელი შეუწყო, რომ ბენზინზე ფასი ჯერჯერობით შენარჩუნდა.  

„ზოგადად, ნავთობზე ფასი მიმდინარე ეტაპზე 2019 წლის დასაწყისის შემდგომ ყველაზე მაღალია. იგი არათუ პანდემიამდელ  ნიშნულს დაუბრუნდა, არამედ გაცილებით მაღალია. ერთი ბარელი ნავთობის ღირებულება გადასცდა 76 დოლარს. ამის განმსაზღვრელი რამდენიმე ფუნდამენტალური ფაქტორი არსებობს და უმთავრესი გახლავთ ის, რომ მსოფლიო პანდემიიდან გამოდის, პარალელურად იხსნება ეკონომიკა, დაწყებულია ბიზნესის აღდგენის პროცესი. ეს  ყველაფერი იწვევს მოთხოვნის ზრდას და ამის პარალელურად "ოპეკი პლუსი" მოპოვების კვოტებს ამცირებს, რაც უზრუნველყოფს ნავთობის მიწოდების რეგლამენტირებას. გაზრდილია მოთხოვნა და შემცირებულია მოპოვება და წარმოება, თავისუფალი ნავთობი მსოფლიო ბაზარზე აღარ ტრიალებს და ფასი მიდის ზემოთ.

ჩვენ დამოკიდებული ვართ იმპორტზე, რაც ნიშნავს რომ დამოკიდებული ვართ საერთაშორისო ფასებზე. ერთი ტონა ბენზინის ფასი 1–ელ ივნისს იყო 656 დოლარი, დღეს -  705 დოლარია, ანუ 24 დღეში საგრძნობლად გაზრდილია. დიზელის შემთხვევაში, ერთი ტონა დიზელი იყო 564 დოლარი, ახლა არის 603 დოლარი, შესაბამისად, გვაქვს 40 დოლარიანი მატება. კიდევ კარგი პარალელურად ლარის გაცვლითი კურსი მყარდება და ვხედავთ, რომ ლარისამან ფასები დაასტაბილურა. უფრო მეტიც, არაბრენდირებულმა სადგურებმა საშუალოდ 5 თეთრით შეამცირეს კიდევ.

როგორც მსხვილი კომპანიები ვარაუდობენ, ნავთობზე მოთხოვნა გაიზრდება, ისინი ასევე მიანიშნებენ, რომ დიდი ინვესტიციებია საჭირო, რათა წარმოება იყოს სტაბილური, რაც ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ეს კი სამომავლოდ გამოიწვევს იმას, რომ ნავთობის წარმოება აღარ იქნება ისეთი დიდი მოცულობის, როგორც აქამდე“, - აღნიშნა ვანო მთვრალაშვილმა „კომერსანტთან“. 

საქართველოში ბოლო დროს საწვავის ასეთი სიძვირე აქციზის განაკვეთის გაორმაგებას ბრალდება. 2017 წლის 1-ლი იანვრიდან საწვავზე აქციზის განაკვეთმა ნახტომისებურად მოიმატა. ბენზინის შემთხვევაში აქციზი  ერთ ტონაზე 250 ლარიდან 500 ლარამდე გაიზარდა, დიზელზე - 150-დან 400 ლარამდე. ბოლო წლების განმავლობაში, როცა საწვავზე ფასი იზრდებოდა, ბიზნესი აქტიურად საუბრობდა აქციზის გადახედვის საკითხზე, თუმცა ამ მიმართულებით გადაწყვეტილება მიღებული დღემდე არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ აქტიური საუბრები ახლაც მიმდინარეობს.