ცნობილ ბრიტანულ გაზეთ "ფაინენშელ თაიმსში" (Financial Times) გამოქვეყნებულია პუბლიკაცია სათაურით - "ნატოს მაღალჩინოსანი ოფიცერი გვაფრთხილებს: "ჩინეთს შოკისმომგვრელი სამხედრო მიღწევები აქვს" (ავტორები - ჰელენ უორელი და მაიკლ პილი).
როგორც სტატიაშია აღნიშნული, ნატოს მაღალჩინოსანმა ოფიცერმა, ბრიტანელმა ავიაციის მარშალმა სტიუარტ პიჩმა ინტერვიუში ჩინეთის წარმატებებზე ისაუბრა, რომელიც "შოკისმომგვრელი" აღმოჩნდა. მარშალმა ალიანსი გააფრთხილა, რომ ჩინელი კომუნისტები შეიარაღებული ძალების მოდერნიზებას ახორციელებენ, აფართოებენ თავიანთ სამხედრო დიპლომატიას იმ ფონზე, როცა დასავლეთი პეკინის ამბიციების მიმართ მხოლოდ ახლა იწყებს ყურადღების მიქცევას.
ის, რომ ჩინელმა კომუნისტებმა სწრაფად ააგეს სუპერთანამედროვე გემები, საკმაოდ საკვირველ ფაქტს წარმოადგენს. პეკინი, ასევე, სწრაფი ტემპით ახდენს თავისი სამხედრო-საჰაერო ძალების მოდერნიზებას, უდიდეს თანხებს ხარჯავს ინფორმაციის მართვის კიბერნეტიკული ფორმების გაუმჯობესებაში, მათ შორის, გარეგნობით ადამიანთა ამოცნობის სფეროში", - ამბობს სტიუარტ პიჩი "ფაინენშელ თაიმსთან" ინტერვიუში, რომელიც ამჟამად ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეა და მომავალ კვირაში გადადგომას აპირებს. მისი თქმით, ნატოს 30 წევრ ქვეყანას დამატებითი მუშაობა მოუწევთ იმის გასარკვევად, თუ რა საფრთხეს უქმნის პეკინის ამბიციები ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს.
"მართალია, ნატოს ლიდერები უმოქმედოდ არ სხედან: მათ გასულ კვირას გამართულ სამიტზე ანტიჩინური ღონისძიებები დასახეს; ისაუბრეს ჩინეთის, როგორც "სისტემური გამოწვევის" შესახებ; ახსენეს ჩინეთის მცდელობა საერთაშორისო წესრიგის დარღვევის მიზნით (რუსეთთან ერთად ტანდემში), მაგრამ ფაქტია, რომ ალიანსს ჯერ კიდევ არ შეუმუშავებია დეტალური სტრატეგია ჩინეთის მიმართ. ალბათ, იმიტომ, რომ ნატო შიგნიდან დაყოფილია და არ აქვს იმ პრობლემის მოსაგვარებელი ინსტრუმენტები, როგორიცაა ჩინეთის ზემოქმედება ევროპულ სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაზე".
სტიუარტ პიჩის თქმით, ბოლო ხანებში ხშირად იმართება პეკინ-მოსკოვის ერთობლივი ოპერაციები, რომლებიც "უმნიშვნელო დაბალი დონიდან" "მსხვილ წრთვნებად" გადაიქცა. მარშალმა, იმავდროულად, აღნიშნა, რომ უარყოფს თვალსაზრისს ჩინეთისა და რუსეთის სტრატეგიული პარტნიორობაზე. ისინი უფრო მეტად კონკურენტები იქნებიან, ვიდრე - პარტნიორები. მან ასეთი ფაქტი დაასახელა: არქტიკული ყინულების დნობით რუსეთში "ჩრდილოეთის საზღვაო გზა" მეტ მნიშვნელობას იძენს. ეს გზა ჩინეთისათვის უმოკლესი საზღვაო მარშრუტია ევროპისაკენ და რაც მთავარია, ყინულების დნობით უდიდესი სიმდიდრე თავისუფლდება - რუსეთის ჩრდილოეთი ნაწილი ზღაპრულად სავსეა ენერგორესურსებით, იშვიათი ლითონებითა და მინერალებით... და ამ ფაქტორმა შეიძლება ორი სახელმწიფოს ერთმანეთთან კონკურენციის პროვოცირება გამოიწვიოს. მოსკოვი უკვე აშენებს ახალ სამხედრო ობიექტებს არქტიკაში, ჩინეთმა კი თავი "არქტიკისპირა ქვეყნად" გამოაცხადა. მე ვერ ვხედავ გრძელვადიან ჰარმონიას ამ ქვეყნების ურთიერთობაში არქტიკის გამო", - განაცხადა სტიუარტ პიჩმა.