"ღრუბელ-ღრუბელ-2" ანუ შეეძლოთ თუ არა სააკაშვილსა და ალიევს ოკუპირებული აფხაზეთის თავზე გადაეფრინათ?!
საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებები თუ მოგონებები ხშირად იწვევს გაოცებას და აჩენს კითხვას, თუ რამდენად შეესაბამება სინამდვილეს მისი მტკიცებით ფორმაში მონაყოლი.
რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ექსპრეზიდენტმა უკრაინული ტელეარხის - "1+1"-ის ტოქშოუში "უფლება ხელისუფლებაზე", შემდეგ ისტორიას მოჰყვა:
"მე, ილჰამ ალიევთან ერთად, მისი თვითმფრინავით სტრასბურგიდან მოვფრინავდით, სადაც ერთად გამოვედით ევროპის საბჭოზე. თვითმფრინავი შავი ზღვის სანაპიროს თავზე მიფრინავდა. მე მას ვთხოვე, რომ აფხაზეთის თავზე თვითმფრინავი რამდენიმე კილომეტრით ქვემოთ დაეშვა, რათა ზემოდან მაინც გადამეხედა
აფხაზეთისთვის, იმიტომ, რომ მენატრება აფხაზეთი, საიდანაც ჩემი ოჯახია.
ალიევმა მითხრა, - იცი, რა, მიშა, ეს რამდენიმე წლის საკითხია, როგორც ჩვენთვის, ისე - თქვენთვის. ჩვენ, უბრალოდ, დღე და ღამე ამაზე უნდა ვიფიქროთ. ჩვენ ამის შესახებ არასდროს არ უნდა დავივიწყოთ და ვემზადოთ, ვემზადოთ ყოველდღე..." (წყარო)
საქართველოს ექსპრეზიდენტ და ამჟამად უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის ეს ემოციური გახსენება ძალიან კარგად ჩაჯდა იმ უკრაინული ტელევიზიის ტოქშოუს ფარგლებში და ტაშიც დაიმსახურა.
ეს ჩვენმა საზოგადოებამ და პოლიტიკოსებმა განსაზღვრონ, სააკაშვილის ხელისუფლების როლი რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასთან დაკავშირებით, ჩემი მხრიდან, წმინდა ტექნიკურ საკითხს შევეხები - რამდენად რეალურად მოჩანს, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის თვითმფრინავს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის თავზე გადაეფრინა და, მით უმეტეს - დაბალ სიმაღლეზე დაშვებულიყო?
1993 წლის სექტემბრის ბოლოს, როდესაც სოხუმი ალყაში იყო, რუსმა სამხედროებმა, აფხაზ სეპარატისტებთან ერთად, საჰაერო ტერორიზმის რამდენიმე აქტი განახორციელეს, როდესაც ორი ქართული სამგზავრო თვითმფრინავი ჰაერში ჩამოაგდეს, ერთი კი - ბაბუშერას სამოქალაქო აეროპორტში საარტილერიო ცეცხლით ააფეთქეს, რასაც უდანაშაულო ადამიანების დიდი მსხვერპლი მოჰყვა.
მას შემდეგ, დღემდე სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას - "იკაოს", ოკუპირებული აფხაზეთის თავზე საჰაერო სივრცე ჩაკეტილად აქვს გამოცხადებული და საერთაშორისო რეისები გვერდს უვლიან ამ აკრძალულ ზონას, როგორც ფრენებისთვის სახიფათოს.
უფრო მეტიც, თვით ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ავიაკომპანიებიც არ რისკავენ სოხუმის ბაბუშერას აეროპორტში დაჯდომას, რადგან ამის გამო "იკაომ" შეიძლება, სანქციები დაუწესოს.
ამიტომაც ჩნდება ბუნებრივი ეჭვი, რომ აზერბაიჯანის ნომერი პირველი ბორტი, სპეციალური რეისით მოფრინავდა, ვერ და არ გადაუფრენდა რუსების ოკუპირებულ აფხაზეთს მხოლოდ იმიტომ, რომ სააკაშვილს ზემოდან სევდიანი თვალებით გადაეხედა მისთვის.
ყველაფერი ეს რაღაცით წააგავს საკაშვილის კიდევ ერთ სატელევიზიო გახსენებას, როდესაც აგვისტოს ომის დროს შვეულმფრენი, რომელშიც ის იჯდა, ღრუბელ-ღრუბელ მიფრინავდა, რომ, თურმე, რუსულ ავიაგამანადგურებლებს დამალოდა...
ცუდია, რომ ამის განცხადებამდე, მაშინ ჯერ კიდევ პრეზიდენტ სააკაშვილს, არავინ აუხსნა, რომ ავიგამანადგურებლის საბორტე რადიოლოკატორისთვის "ღრუბელ-ღრუბელ" მფრენი სააკაშვილის შვეულმფრენის აღმოჩენა პრობლემა არ გახლდათ და ავიაგამანადგურებლის სამხედრო პილოტი მხოლოდ ვიზუალურად არ ეძებს საჰაერო სამიზნეებს...
ოკუპირებული აფხაზეთის თავზე გადაფრენა და დაშვებაც ალიევის თვითმფრინავით, ეტყობა, "ღრუბელ-ღრუბელ-2"-ის ოპერიდანაა.
უფრო სარწმუნოა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბორტმა შავი ზღვის ნეიტრალური წყლების თავზე მართლაც გაიფრინა ოკუპირებული აფხაზეთის 195 კმ სიგრძის სანაპირო ზოლიდან, რამდენიმე ათეული კმ-ის დაშორებით და სააკაშვილმაც თვითმფრინავის მარცხენა ილუმინატორიდან სადღაც, შორს დალანდა საქართველოს ეს ულამაზესი ნაწილი.