ქართული პოლიტიკის რუსული ნარკოთამაშები

ქართული პოლიტიკის რუსული ნარკოთამაშები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით, ნარკოტიკების ერთ-ერთი ძირითადი სატრანზიტო მარშრუტი სათავეს ავღანეთ-ირანიდან იღებს და, აზერბაიჯანის გავლით, დასავლეთ ევროპასა და რუსეთისკენ მიდის. ეს მარშრუტი საქართველოზეც გადის. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიშში, რომელიც 2011 წელს ნარკოტიკების საერთაშორისო კონტროლს ეხება, საქართველოს ვრცელი ქვეთავი აქვს დათმობილი, სადაც პირდაპირაა მითითებული, რომ საქართველო ნარკოტრანზიტის ერთ-ერთი დერეფანია და ამის მიზეზი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა და ოკუპირებული ტერიტორიებია. ამავე კონტექსტში, ანგარიშის ავტორები აქცენტს საქართველოსა და ირანს შორის გამარტივებულ სავიზო რეჟიმსაც ასახელებენ.
ნარკოტრანზიტისთვის საქართველოში, როგორც იტყვიან, ოაზისი მე-20 საუკუნის 90-იან წლებში იყო და მაშინ, როგორც ამბობენ, ნარკოგადაზიდვას მაღალჩინოსანი პოლიციელები მფარველობდნენ... სხვადასხვა წყაროს თქმით, პოლკოვნიკ გია თელიას მკვლელობა და გენერალ-მაიორ ბორის ივანოვის წინააღმდეგ დაწყებული დევნაც სწორედ ნარკოტიკებს უკავშირდება...

ივანოვის საქმე
გენერალ-მაიორი ბორია (ბორის) ივანოვი თბილისელი ასირიელია, რომელსაც “ვარდების რევოლუციამდე” ძალოვან უწყებაში მაღალი პოსტები ეკავა _ ჯერ კრიმინალური, შემდეგ, სამხედრო პოლიციის, ბოლოს კი, _ ქალაქის სამმართველოს უფროსი იყო. ივანოვი აფხაზეთის ომის მონაწილეა _ სოხუმი ყველაზე ბოლოს სამხედრო პოლიციამ დატოვა... 
1994 წელს ივანოვი საქართველოდან, როგორც ამბობენ, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, საცხოვრებლად მოსკოვში გადადის... 2006 წლის ზაფხულში ივანოვი თბილისში იმ მიზნით ჩამოდის, რომ დას, რომელიც აშშ-ში ცხოვრობდა და რომელიც საქართველოში დაბრუნდა, შეხვდეს. ივანოვი ბინას კუკიაზე, ასირიელთა უბანში, ნათესავებთან იდებს. ამ უბანში ყველა ყველას იცნობს და, ცხადია, მეზობლებს ივანოვის სტუმრობა არ გამოჰპარვიათ. ყოველ შემთხვევაში, არსებობს ეჭვი, რომ სამართალდამცავებმა წინდაწინვე იცოდნენ, რომ ივანოვი თბილისში ჩამოსვლას აპირებდა... ჰოდა, ივანოვის “აყვანის” სპეცოპერაციაც დაიგეგმა...

კუკია მეჩხერი დასახლებაა და ამიტომაც, ივანოვმა უცხო ადამიანები ადვილად შეამჩნია და “სტუმრების” დასახვედრად მოემზადა: სახლიდან ყველაფერი გამოიტანა, მათ შორის, ტანსაცმელი და ქვაბებიც, ფარდები “აკეცა”, პასპორტი და ფული დამალა, თან მეზობლები გააფრთხილა, შეიძლება, დამიჭირონო... საღამოს, როცა სოდ-ის თანამშრომლები დასაპატიმრებლად მივიდნენ, ბორია ივანოვი კიბეზე იდგა და რაღაცას ღებავდა. სპორტული შარვალი და მაისური ეცვა, რომელსაც პატარა ჯიბე ჰქონდა, რომელშიც მხოლოდ ასანთი ჩაეტეოდა. მეზობლების თქმით, რომლებიც ამ სპეცოპერაციას თვალს საკუთარი აივნებიდან ადევნებდნენ, პოლიციამ ივანოვს მაისურის ზემოხსენებულ ჯიბეში რაღაც ჩაუტენა. მოგვიანებით, აღმოჩნდა, რომ ეს “რაღაც” 8 გრამი “ჰეროინი” იყო. შემდეგ კი, ძალოვანებმა კომოდის უჯრიდან “გეკო”-ს დაობებული ტყვიები ამოიღეს. იქვე დაკავების აქტიც შეადგინეს და ივანოვს ბრალი ორი _ 260 მუხლის მე-3 ნაწილითა და 236-ე მუხლით წაუყენეს. პირველი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ითვალისწინებს, მეორე კი, _ საბრძოლო მასალის უკანონო შენახვას. ამ სპეცოპერაციას, როგორც აღვნიშნეთ, უამრავი თვითმხილველი ჰყავდა, მაგრამ გამოძიებამ მხოლოდ სამი მოწმე დაკითხა. ივანოვმა ქართულ ციხეში ექვსი თვე გაატარა _ 2006 წლის 30 დეკემბერს სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიება გირაოთი შეუცვალა და 100 ათასი ლარის გადახდის შემდეგ, საპყრობილე დატოვა... ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ივანოვი მოსკოვში წავიდა...
ივანოვი ასირიელთა კონგრესის თავმჯდომარე იყო და მისი დაკავების გამო განგაში სწორედ ასირიელებმა ატეხეს. აღსანიშნავია, რომ ივანოვის საქმე აღარ გაგრძელებულა _ 2007 წლის თებერვლიდან საქმე სასამართლოში დევს.

იასონ ბესელია, ბორის ივანოვის ადვოკატი: _ “მუხლები, რომლებითაც ივანოვს ბრალდება წაუყენეს, ამნისტირებულია. ისე, ივანოვი ამბობს, დანაშაული არ ჩამიდენია და არც ნარკომანი ვარ და, მიუხედავად იმისა, რომ ამნისტირებული ვარ, საკუთარი სიმართლის დამტკიცება მინდაო. რა ინტერესი ჰქონდათ ბორია ივანოვის მიმართ? _ ამ შეკითხვაზე პასუხი არ არსებობს. საერთოდ, ეს საქმე ადეიშვილის ერთ-ერთი მარგალიტია“.
სხვათა შორის, ერთ-ერთ ინტერვიუში ივანოვმა ზურაბ ჟვანიას მკვლელობაში ბრალი ღიად სააკაშვილსა და მერაბიშვილს დასდო. ამასთან, განაცხადა, რომ ქვეყნის გარეთ მომხდარ ყველა უბედურებაში ,,ბლუყუნა“ გივი თარგამაძე ფიგურირებს.
არსებობს ეჭვი, რომ ბორია ივანოვი, რომელიც გამოცდილი სპეცსამსახურელია, “ნაციონალებზე” ბევრ ინფორმაციას ფლობდა და მისი თავიდან მოშორებაც სწორედ ამიტომ გადაწყდა.

ვინ იყო და რატომ მოკლეს გია თელია
პოლკოვნიკი გია თელია 2006 წლის 17 თებერვალს გარდაიცვალა. იმთავითვე გაჩნდა ეჭვი, რომ თელია სააკაშვილის სპეცსამსახურებმა მიზანმიმართულად მოკლეს. ამ ეჭვს ისიც აძლიერებდა, რომ ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე, თელიამ ერთ-ერთ ქართულ გაზეთს ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ მისი მოკვლა იგეგმებოდა. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, თელია საქართველოში ნარკოტრეფიკზე ბევრ მნიშვნელოვან იმფორმაციას ფლობდა და მისი ლიკვიდაცია პოლიციის მაღალჩინოსნებს აწყობდათ...

ოფიციალური ვერსიით, გია თელია ნარკოტიკების რეალიზაციაში იყო ეჭვმიტანილი და დაკავებისას სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია. თავის დროზე შს სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების ყოფილი თანამშრომელი გია თელია, რომელმაც სამსახური 2003 წელს დატოვა, შს სამინისტროს სპეციალურ ოპერაციათა განყოფილების თანამშრომლებთან შეტაკებისას გარდაიცვალა. ამავე ინფორმაციით, თელიამ პოლიციას ცეცხლი გაუხსნა, რის შემდეგაც იგი მოკლული იქნა.
ამასთან, შს სამინისტრომ სპეცოპერაციის ამსახველი ვიდეომასალაც გაავრცელა, სადაც თელიას გვამი ჩანდა. ამ კადრების მიხედვით, მას მარჯვენა ხელში იარაღი უჭირავს, თუმცა ნათესავებმა მაშინვე განაცხადეს, რომ თელია ცაცია იყო და შეუძლებელია, პისტოლეტი მარჯვენა ხელში დაეჭირა.

ნათესავების განცხადებითვე, თელიამ წინასწარ იცოდა, რომ სამინისტროს ზოგიერთ მაღალჩინოსანს მისი თავიდან მოშორება სურდა, რადგან თელიას ნარკოტრეფიკში მათი შესაძლო მონაწილეობაზე ინფორმაცია ჰქონდა.      გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე, როგორც აღვნიშნეთ, გია თელიამ გაზეთ ,,რეზონანსს“ ინტერვიუ მისცა, სადაც ამბობდა, რომ მისი მოკვლა იყო დაგეგმილი და თუკი მართლა მოკლავდნენ, სამხილებს დატოვებდა. თელიამ სამხილები, შესაძლოა, დატოვა, მაგრამ ამის შესახებ ტრაგედიიდან ლამის 7 წლის შემდეგაც არაფერია ცნობილი...
1977 წლიდან, გია თელია სისხლის სამძებროში მუშაობდა, 2003 წელს კი, პენსიაში გავიდა. მასზე პირველი თავდასხმაც 2003 წლის 5 ოქტომბერს მოხდა _ ადვოკატთან ერთად, ოფისიდან გამოსვლისას ესროლეს, თუმცა კეფაში მოხვედრილი ტყვია სასიკვდილო არ აღმოჩნდა. თავდასხმის წინა დღეს, ანუ 4 ოქტომბერს, დილით, ტაბახმელაში, თელიას აგარაკს, სადაც მისი მეგობრები ბილიარდს თამაშობდნენ, ნიღბიანები დაესხნენ, თუმცა ,,ობიექტი“ ადგილზე არ დახვდათ და ამიტომ ყაჩაღობის იმიტაცია მოაწყვეს. შემდეგ, ოჯახსაც ,,ეწვივნენ“ , მაგრამ ცოლმა კარი არ გააღო. ბავშვმა კი, გაიგონა, თუ როგორ საყვედურობდა ერთი სპეცნაზელი მეორეს, ცოლს რატომ არ ესროლეო. გია თელია, როგორც თვითონ ამბობდა, ამ ორი ინციდენტის შემდეგ, ღამეს ოჯახის გარეთ ათევდა...

სიკვდილამდე თელია ირწმუნებოდა, რომ მისი მოკვლა სოდ-ის იმჟამინდელი  უფროსის, ირაკლი კოდუას კაბინეტში სპეციალურ თათბირზე დაიგეგმა და კოდუამ თავის მოადგილეს, კახა მისირელს ინსტრუქცია მისცა, თუ როგორ მოეხდინათ თელიას განეიტრალება _ სახლში შევარდნა და იარაღის ჩადება არ გამოდგება, რადგან ციხიდან ორ-სამ წელში გამოვა და ისევ თავში საცემი გაგვიხდებაო. ამიტომ, გადაწყდა, რომ უნდა მომკლან, _ ამბობდა თელია, რომელიც, ასევე, არ გამორიცხავდა, რომ შოთა კვირაია და მისი ის თანამოაზრენი სდევნიდნენ, რომლებიც სხვადასხვა უწყებაში ისევ მუშაობდნენ.
რაც შეეხება ერეკლე კოდუას, მასთან თელიას პირადი დაპირისპირებაც ჰქონდა, რომელიც უბრალო ინციდენტით დაიწყო: ,,ვარდების რევოლუციამდე“ ჩუღურეთის რაიონის არასრულწლოვანთა ინსპექციის თანამშრომელმა ერეკლე კოდუამ გია თელიას სოფლიდან ჩამოსული ნათესავი დააკავა. ჩხრეკის დროს გია თელიამ კოდუას უხეშად მიუთითა, რომ პროცედურა წესისამებრ ჩაეტარებინა.

სხვათა შორის, სიკვდილამდე თელიამ პროკურატურას  მიმართა და განაცხადა, რომ სდევნიდნენ, თუმცა ამის გამო დასცინეს და ნარკოლოგიური შემოწმება ჩაუტარეს _ დისპანსერისკენ მიმავალს კი, ,,კოკა-კოლა“ და ყავა შესთავაზეს, მაგრამ თელია მიხვდა, რომ ნარკოტიკით “გაჯერებულ” სასმელს სთავაზობდნენ. 
წლების განმავლობაში სპეცსამსახურები საზოგადოებას იმ მითით კვებავდნენ, რომ პოლკოვნიკი თელია ნარკომანი და ნარკობარიგა იყო. ჯერ კიდევ 1994 წელს, გია თელია სწორედ ამ ბრალდებით დააკავეს, თუმცა სასამართლოზე დაამტკიცა, რომ იარაღი და ნარკოტიკი ჩაუდეს. მოგვიანებით, ეს პარლამენტის კომისიამაც დაადასტურა.
თელია ამბობდა, რომ ამ საქმის შეკერვას შორსმიმავალი მიზანი ჰქონდა, ანუ სამართალდამცავები იტყოდნენ, რომ ,,ნარკობარიგა“ თელია თავისივე ამფსონებმა “გაასაღეს”.
აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირის დროს, მინისტრის დავალებით, თელია ნარკობიზნესის წრეებში იყო შეგზავნილი _ მაშინ თბილისში მშრალი “მორფით” მოვაჭრეები დააკავეს, რომელთა სარეკომენდაციო წერილითა და  კოლონიაში გაკეთებული სპეციალური ცნობით, თელიამ დამნაშავეთა სამყაროში ნდობის მოპოვება მოახერხა. საბჭოთა მილიციას იმის გაგება უნდოდა, თუ საიდან შემოდიოდა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ნარკოტიკი... თელია კვირანახევარი ნარკომაფიის “წევრი” იყო _ დამნაშავეთა სინდიკატის გამოაშკარავებას სწორედ ეს დრო დასჭირდა. ამ ოპერაციით, საქართველოში 7 კილოგრამი მშრალი “მორფისა” და სამედიცინო “ოპიუმის” შემოტანას გზა გადაეკეტა... გაირკვა, რომ  საბჭოთა ქვეყნებს ყაზახეთის ქალაქ ჩინგენგში მდებარე ნარკოტიკების ქარხანა ამარაგებდა... ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, თელია საკავშირო მინისტრმა დააჯილდოვა...

გია თელიას კიდევ ერთი საინტერესო ისტორია უკავშირდება: იმ დროს, როცა შოთა კვირაია შს მინისტრის მოვალეობას ასრულებდა, თელიამ მიიღო ინფორმაცია, რომ ტაჯიკეთიდან ნარკოტიკების დიდი პარტია ჩამოჰქონდათ, რომელსაც თბილისში სპეცსამსახურის წარმომადგენლები უნდა დახვედროდნენ და ტვირთი პალერმოში გადაეტანათ... ამის შესახებ თელიამ სამმართველოს უფროს დავით ზეიკიძეს მოახსენა. ზეიკიძემ სპეცსამსახურელთა დაჭერა მოითხოვა, მაგრამ ეს სახელმწიფოს მეთაურთან შეთანხმების გარეშე არ მოხდებოდა... თელიას ზეიკიძესთან საუბარი ძვირი დაუჯდა _ კაბინეტში, თურმე, მოსასმენი აპარატურა იყო დამონტაჟებული და უშიშროების თანამშრომლებმა მისი გაუნებელყოფა გადაწყვიტეს _ ხმა დაუყარეს, რომ 31 მარტს, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს, ყოფილი პრეზიდენტის მომხრეები “იმელში” შეჭრას აპირებენო (იმხანად სახელმწიფო საბჭო “იმელში” იყო)... დავით ზეიკიძეს თანამშრომლების მობილიზაცია დაავალეს... იმავე დღეს შოთა კვირაია შს მინისტრად დაინიშნა, რის გამოც ზეიკიძე აღშფოთდა, ნარკოტრეფიკის საქმეზე დასაკავებელი პირი მინისტრი გახდაო და გადაწყვიტა, დაუყოვნებლივ სახელმწიფო მეთაურს შეხვედროდა. მართალია, უშიშროების თანამშრომლები შენობაში არ უშვებდნენ, მაგრამ მაინც შევიდა. ამ დროს ერთ-ერთმა თანამშრომელმა შეიგინა და შეხლა-შემოხლა ატყდა... მოკლედ, ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ზეიკიძე სამხედრო გადატრიალების მოწყობაში დაადანაშაულეს, გია თელიას კი, ბრალი გია გულუას მკვლელობაში დასდეს...

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ თენგიზ სიგუას თქმით, მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, გია გულუამ უთხრა, რომ გახსნა საქმე, რომელიც საქართველოს ნარკოდერეფნად ქცევას ითვალისწინებდა...
ამის შემდეგ მოვლენები ასე განვითარდა: გია თელიას მისსავე მეგობრის, რურუას მკვლელობისთვის აპატიმრებენ, მკვლელობის დამკვეთად კი, ზეიკიძეს აცხადებენ. სხვათა შორის, რურუა იმავე იარაღით იყო მოკლული, რომლითაც _ თბილისის პროკურორი მიხეილ ქურდაძე. ამასთან, ვრცელდება ხმა, რომ ზეიკიძესა და ქურდაძეს თითქოს უთანხმოება ჰქონდათ და გია თელიამ, როგორც ზეიკიძის ერთგულმა, ბრძანება შეასრულა... თელია დააპატიმრეს და აწამეს, მაგრამ ვერ დააწერინეს ჩვენება, რომ მკვლელობა ჩაიდინა და ხელი არც “შემკვეთს” დაადო. ამასობაში რურუას მკვლელი შუა აზიაში მოკლეს და თელია გაათავისუფლეს.

2003 წელს გია თელია, როგორც აღვნიშნეთ, სამართალდამცავ ორგანოებს ჩამოშორდა, მაგრამ გამუდმებით დასდევდნენ...
“ქართული სიტყვა”, მასალაზე მუშაობისას, გია თელიას ოჯახის წევრებს დაუკავშირდა, თუმცა მათ საუბარი არ ისურვეს... ასე რომ, უცნობია, ახალი ხელისუფლების პირობებში, თელიას მკვლელობის გამოძიება დაიწყება თუ არა და, საერთოდ, აეხდება თუ არა ფარდა “თელიას საიდუმლოს”...