მდგრადი კონკურსების მინისტრი

მდგრადი კონკურსების მინისტრი

[ნიკა ასლანიძე]
ყველაზე “მდგრად” მინისტრს თანამდებობრივი კონკურსები იმდენად მოეწონა, რომ ტურიზმის დეპარტამენტის შემდეგ უკვე სხვა ჩინოვნიკურ პოსტებზეც გამოაცხადა კონკურსი. სხვათა შორის, ქართველ ექსპერტთა ნაწილი ასეთ “მდგრად გადაწყვეტილებას” სულაც არ იწუნებს და მიესალმება კიდეც.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განხორციელებული სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად რამდენიმე დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ვაკანსია გაჩნდა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ამ თანამდებობებზე კონკურსი გამოცხადდება.

”კონკურსს ვაცხადებთ იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, ადმინისტრაციის საფინანსო, სახელმწიფო შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსის სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის, კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის, საფოსტო კავშირის სამმართველოს უფროსის და პრივატიზების დეპარტამენტის ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის ვაკანტურ ადგილებზე”, - განაცხადა ქობალიამ.

“ვაკანტურ თანამდებობებზე მივესალმები მათ, ვისაც უნდა ქვეყნის ეონომიკური განვითარება. რადგან ჩვენ გვაქვს ამოცანა, რომ გავაძლიეროთ ქვეყნის ეკონომიკა, ტურიზმი, მცირე ბიზნესი და მოვიზიდოთ დამატებითი ინვესტიციები”, - განაცხადა “მდგრადმა” მინისტრმა.

სამინისტროში მიმდინარე სტრუქტურული რეორგანიზაცია 1-ლი სექტემბრისთვის დასრულდება და სამინისტრო ახალი თანამშრომლებით შეუდგება მუშაობას.

ტურიზმის დეპარტამენტის ახალი თავმჯდომარის ვინაობა კი 5 აგვისტოს გახდება ცნობილი. “როგორც იცით, უკვე გამოცხადებულია კონკურსი ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელზეც აქტივობა უკვე შეინიშნება და დეპარტამენტის ახალი თავმჯდომარის ვინაობა 5 აგვისტოსთვის გახდება ცნობილი”, - დასძინა “მდგრადმა”.

აღსანიშნავია, რომ ქართველ ექსპერტთა ნაწილს თანამდებობაზე შერჩევის ქობალიასეული მეთოდი სულაც არ ეხამუშება. პირიქით, დავით ნარმანია, ხელისუფლებას ურჩევს სხვადასხვა უწყების მინისტრების შერჩევაც კონკურსის წესით მოხდეს.

ნარმანიას ვარაუდით, საკონკურსო პირობების დაცვის შემთხვევაში ამ გზით შესაძლებელი გახდება უფრო კვალიფიციური კადრების მოზიდვა კონკრეტული სამინისტროების სათავეებში.

“როგორც კი ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელის კონკურსის წესით დანიშვნის შესახებ გავიგე, გამიჩნდა მოსაზრება, რომ მინისტრებიც ამ ფორმით დაინიშნონ. ბოლო დროს ხელისუფლება მინისტრების დანიშვნისას ვერ იღებს სწორ გადაწყვეტილებას, რის გამოც არაკვალიფიციური კადრების პრობლემა გვაქვს.

როდესაც ადამიანი გამოცდილია, ნაკლებად უნდა იყოს საინტერესო მისი პოლიტიკური ორიენტაცია. არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც მმართველი პარტიიდან მოვიდეს, მთავარია, იყოს გამოცდილი ადამიანი და იცოდეს თავისი საქმე. მხოლოდ ამ შემთხვევაშია მისი პიროვნება მისაღები დეპარტამენტის თავმჯდომარის პოსტზე.

რამდენადაც ვიცი, სხვა ქვეყნებს ამა თუ იმ თანამდებობებზე კონკურსის წესით შერჩევის გამოცდილება აქვთ. უნდა დამტკიცდეს საკონკურსო პირობები, თუ რა მოეთხოვება კონკრეტული თანამდებობის პირს და შემდეგ მიუკერძოებელი საკონკურსო კომისია შეიქმნას.

თუ საკონკურსო პირობებს მაინც და მაინც მმართველი პარტიის წარმომადგენელი დააკმაყოფილებს, საწინააღმდეგო არაფერი მექნება, მთავარი მისი ცოდნა და გამოცდილებაა”, - განმარტავს ნარმანია.