"ოცდამეერთე საუკუნეში თავებს აღარ აჭრიან, თავებს თვითონ იჭრიან"

ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში, პოეტ კოტე ყუბანეიშვილის მიერ აგრარული უნივერსიტეტის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შეფასებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. საზოგადოების ნაწილი საბჭოთა კავშირის ლოზუნგის -"პროლეტარებო, ყველა ქვეყნისა, შეერთდით" - პოეტისეულმა პერიფრაზმა აღაშფოთა, რომელიც ბატონმა კოტემ გინებით "დააგვირგვინა", ნაწილმა კი მისი გამოსვლაც შეაქო და გინებაც. ჩვენ კოტე ყუბანეიშვილს დავუკავშირდით, რომელმაც, როგორც გვითხრა, გაოცება-აღშფოთების ეტაპი გაიარა და "კვირის პალიტრისთვის" ინტერვიუ უცენზურო სიტყვების გარეშე მოგვცა:

- კიდევ რაღაცების თქმა მინდოდა, მაგრამ გამომრჩა. მაგალითად, სიამოვნებით ვიტყოდი, რომ ოცდამეერთე საუკუნეში თავებს აღარ აჭრიან, თავებს თვითონ იჭრიან. აღვშფოთდი, რომ უკვე განათლებას შეუტიეს. ეს საკითხი წინათაც მაშფოთებდა, მაგრამ მეგონა, ლომაიასთან და შაშკინთან ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა. ახლა ყველას ასეთი განწყობილება აქვს - ახალი მთავრობა მოვიდა და სამართლიანობა უნდა აღდგესო! ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა კი პირველი, რაც გააკეთეს, განათლებას შეუტიეს, თან - ისეთ უნივერსტეტს, რომელშიც სიტუაცია აშკარად გამოსწორდა: შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, იქ ადრე რა იყო და ახლა რა არის. ასეთი უნივერსიტეტი გააუქმეს და სხვა შემთხვევაში, რას იზამენ? ფორმალობის გამო, ნებისმიერ უნივერსიტეტს ნებისმიერ დროს ავტორიზაციას შეუწყვეტენ. ბავშვები ისედაც არაფერს სწავლობენ. მათთვის სტიმულის მიცემის ნაცვლად, რომ სწავლით უფრო მეტად დაინტერესდნენ, სტუდენტებს ისევ "სამიტინგოდ" პირდაპირ ქუჩაში ყრიან. განათლების სამინისტროს პოზიცია გაუგებარია: მთავრობაში მოსვლის პირველივე 4 თვეში სტუდენტებს შენს წინააღმდეგ რომ განაწყობ, შემდეგი ნაბიჯები რაღა იქნება?

- "პროლეტარებში" ვინ იგულისხმეთ?

- ყოველ შემთხვევაში, მუშები - არა. "კაგებეშნიკები" ვიგულისხმე, რომლებიც ქვეყნის სათავეში პროლეტარული აზროვნებით მოვიდნენ და ისევ გლეხები და მუშები დაჩაგრეს და დაამონეს. "პროლეტარები" ამ კონტექსტში ვთქვი, თორემ იმ კლასს არაფერს ვერჩი, რომელიც მართლა მუშაობს და ცდილობს, საკუთარი ოფლით ოჯახი არჩინოს. რეალურად, ჩემ მიერ ნახსენები "პროლეტარები" პროლეტარებს საერთოდ აღარ ჰგვანან, მაგრამ პროლეტარული აზროვნება აქვთ და არისტოკრატიას ვერ იტანენ.

- ბატონი კახა ბენდუქიძე არისტოკრატიის წარმომადგენელი გახლავთ?

- მარგველაშვილთან შედარებით, არისტოკრატი კი არა, უფრო მეტია!

- ზოგადად, ქვეყანაში მიმდინარე სხვა მოვლენებს როგორ შეაფასებთ? თქვენს ყურადღებას კიდევ რა იქცევს? მაგალითად, სატელევიზიო გამოსვლაში "ერისიონის" კონცერტიც ახსენეთ...

- ქვყანა ოკუპირებულია, ოკუპანტებთან საცეკვაოდ და სამღერად რატომ მივდივართ? სახელმწიფო ანსამბლების ეს პოზიცია არ მესმის. რომელიმე ხელოვანი კონკრეტულ პირთან რომ ჩადის, გასაგებია, მაგრამ როცა სახელწიფო ანსამბლი ოკუპანტი ქვეყნის დროშის ქვეშ ცეკვავს და ამბობს, - ერთი სული მაქვს, ჩვენს ღვინოს რუსეთში გასაყიდად როდის ჩაიტანენო, ეს გაუგებარია...

ვგრძნობ, საბჭოთა კავშირისკენ მივექანებით. იქ თუ არა, ევრზიულ კავშირში მოვხვდებით, თუ ასე გაგრძელდება. თითქოს ამდენი ხანი ილუზია იყო: თითქოს საბჭოთა კავშირს თავი დავაღწიეთ და ევროატლანტიკური სივრცისკენ მივისწრაფვოდით, ახლა კი ისე ვიქცევით, თვითონ ევროპა და ამერიკა გვკრავს ხელს. ცაში მარტო ხომ არ გამოვეკიდებით? სხვა გზა არც დაგვრჩება - ისევ გაერთიანება მოგვიწევს. ჰოდა, ეს არ მინდა - საბჭოთა კავშირში დაბრუნებას არ ვაპირებ!

- ბატონო კოტე, "ჯიპადან" თქვენი "მოხსნის" მიზეზი მართლა კედელზე მიწერილი ლექსის სტროფი იყო?

- სხვა მიზეზის გამო მომხსნეს: იქ პირველი წიგნების მაღაზია მქონდა (თავად გიორგი მარგველაშვილის თხოვნით). წინათ, "ჯიპაში" არავინ დადიოდა, იქ არაფერი ხდებოდა. ჩემი მისვლის მერე, ეს ადგილი მოდური გახდა... ხალხმა სიარული რომ დაიწყო, ეტყობა, ზურაბ ჟვანიას მეუღლეს კაფეების გახსნა მოუნდა, მე კი გამიუქმეს. არადა, კარგი წიგნები მქონდა, ხალხიც დადიოდა... ყველაფერი კედელზე მიწერილი სახუმარო ლექსის 1 სტროფიდან დაიწყო. ამის შემდეგ, "ჯიპაში" ქირისთვის ისეთი არაადეკვატური ფასი მომთხოვეს, რომ ფაქტობრვად, შუა ზამთარში, გარეთ გამომაგდეს... როგორც შევატყვე, მარგველაშვილი ლექსმა გააბრაზა.

- უცენზურო სიტყვებით გაჯერებული ლექსი იყო?

- არა, რას ამბობთ! უცენზუროს რატომ დავწედი? იქ ჩვენივე სტუდენტები დადიოდნენ...

- სამაგიეროდ, ტელევიზორს (სადაც უცენზურო გამოთქმებს არ ერიდებით) ნებისმიერი ასაკის ადამიანი უყურებს, მათ შორის ბავშვებიც...

- ნათქვამი სიტყვა სხვა არის, დაწერილი - სხვა. ნათქვამი უფრო უცებ "გაიჟღერებს"...

- ბატონო კოტე, სახალხოდ უცენზურო გამოთქმებს რატომ იყენებთ - ეს ერთგვარი იმიჯია, თუ მოვლენის შესაფასებლად ქართულ ლექსიკაში კორექტულ სიტყვებს ვერ პოულობთ?

- ამის მეშვეობით ზუსტად ვხვდები - თუკი საზოგადოება გაღიზიანდა, ე. ი. იქ "მოხვდათ", სადაც საჭიროა... ზუსტად "ჩასმული" ასეთი სიტყვები უფრო მეტ ეფექტს ახდენს, ვიდრე - "ცენზურიანი". ამერიკის თანამედროვე ლიტერატურა ასეთი სიტყვებით "გამოტენილია", ჩემმა ერთმა უცენზურო გამოთქმამ ასეთ აღშფოთება რატომ გამოიწვია, ვერ ვხვდები.