ციხეში პატიმრები უჰაერობით იღუპებოდნენ

ციხეში პატიმრები უჰაერობით იღუპებოდნენ

მერაბ გორგაძე ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გამოვიდა. ამბობს, რომ ბრალი შეუთითხნეს, რადგან სამსახურიდან წასვლაზე უარი თქვა. 3 მცირეწლოვანი შვილის მამა ახლა უმუშევრობის გამო ნერვიულობს. იმედი აქვს, რომ ახალი ხელისუფლება უახლოეს პერიოდში მას და მის მსგავსად გათავისუფლებულებს პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება.

მერაბ გორგაძე:
- 2009 წლის 5 ივლისს სოდ-ის თანამშრომლებმა ბათუმში დამაკავეს და ნახევარი გრამი ჰეროინი ჩამიდეს. არ ვაღიარებდი და ამის გამო, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენეს. ჩემს წამებაში პროკურორი ავთო კოჭლამაზაშვილი მონაწილეობდა. როგორც შევიტყვე, ახლა დაუწინაურებიათ. უშუალოდ სოდ-ის უფროსის მოადგილე მცემდა, სხვებიც ეხმარებოდნენ, ხელკეტებსა და წიხლს მირტყამდნენ. გაყინულწყლიანი ბოთლითაც მცემეს. გონდაკარგული, როგორ ჩამათრიეს დროებითი დაკავების იზოლატორში, არ მახსოვს. ისე სასტიკად ვიყავი ნაცემი, იზოლატორში არ მიმიღეს და "სასწრაფო" გამოიძახეს. ჩემს გადარჩენას არავინ ელოდა. საავადმყოფოში რომ არ გადავეყვანე, ალბათ ცოცხალი არ ვიქნებოდი. ეს გამონაკლისი შემთხვევა იყო. როგორც წესი, ნაცემ ხალხს არ ათავსებდნენ იქ, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდათ, თუ გადავრჩებოდი, არავის ეგონა. გონზე რომ მოვედი, ისევ დროებითი დაკავების იზოლატორში დამაბრუნეს. პატიმრობის შეფარდების შემდეგ კი ბათუმის მესამე საპყრობილეში აღმოვჩნდი. იმდენად საშინელი სიტუაცია დამხვდა, ცოტა ხანში ციხის მთელი ხელმძღვანელობა დაიჭირეს და ისინიც შემდეგ ჩემთან ერთად იხდიდნენ სასჯელს "მატროსოვის ციხეში".

- რა ხდებოდა საპყრობილეში?
- ფული უნდა გადაგეხადა, დასაწოლი ადგილი რომ მოეცათ. პატიმრებს ისეთ დღეში აგდებდნენ, იძულებულები იყვნენ, სახლ-კარი გაეყიდათ და ფული მიეტანათ. ციხეში არ ვუცემივარ, რადგან ყოფილი თანამშრომელი ვიყავი, მაგრამ პირობები აუტანელი იყო. ერთი საწოლი 3 ადამიანს გვეკუთვნოდა, წყალი არ იყო, გაყინულ იატაკზე ვიწექით... 11 წელი მომისაჯეს ნარკოტიკის შენახვა-ტარებისთვის. საპროცესო შეთანხმებას მთავაზობდნენ, მაგრამ კატეგორიული უარი ვთქვი. არ მიღიარებია, რაც არ ჩამიდენია. ახლა ნაწილობრივ დადასტურებულია ჩემი უდანაშაულობა, პოლიტპატიმრის სტატუსი მაქვს, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებ, სიმართლე რომ დავამტკიცო. ჩემი საქმე სტრასბურგშია და განხილვას ველოდები... 6 თვის შემდეგ, ბათუმიდან თბილისში, ავჭალის დაწესებულებაში გადმომიყვანეს.

- იქ რა პირობები დაგხვდათ?
- 450 პატიმარი ვიყავით პატარა, ორსართულიან დაწესებულებაში. გაუსაძლისი მდგომარეობა იყო, 2010 წლიდან კატასტროფულად გაიზარდა დაკავებულთა რიცხვი. პატიმრებს, შენობა ვეღარ იტევდა. ბათუმში თუ ერთ საწოლზე 3 პატიმარი ვიწექით, ავჭალაში 3 თვე და 5 დღე ისე გავატარე, რომ საწოლი საერთოდ არ მქონია. საშინელ სიცივეში, იატაკზე ჩამოსაჯდომს თუ იშოვიდი, დიდი მიღწევა იყო. იმდენი ადამიანი იყო ოთახში, ვერ გაივლიდი. 3 თვის მერე 14 კაცი ერთდროულად რაღაც შეწყალებით გავიდა და მომცეს საწოლი. იქ სასადილო არ არსებობდა. წარმოიდგინეთ, ერთ, უვენტილაციო ოთახში, 100 კაცი რომ იქნება და საჭმელიც რომ იქ კეთდება, იქვე ეწევიან, იმიტომ, რომ სხვა ადგილი არ არის. არ იყო დაბანის საშუალება. ამ გაუსაძლის პირობებში ბევრი პატიმარი დაიღუპა. ელემენტარულად, ჰაერის უკმარისობით იღუპებოდნენ. ხელი ჩემთვის ციხეში არავის დაურტყამს, მაგრამ ამ ფორმით წამება არანაკლებია. ეს ყველაფერი ჩემს ჯანმრთელობაზე აისახა და გულის ნერვი მაქვს დაზიანებული, ათასი უბედურებაც მჭირს. წარმოიდგინეთ, მაშინ, როცა ხათუნა კალმახელიძე გამოდიოდა ტელევიზიით და ამბობდა, რომ ევროპული სტანდარტის ციხე ჰქონდა, საწოლი არ მქონდა და ველოდებოდი, როდის გათენდებოდა, რომ წამომდგარიყვნენ ბიჭები და რომელიმეს ცოტა ხნით თავისი ადგილი
დაეთმო. ვიყინებოდი ღამე სიცივეში და ტელევიზორში ვუყურებდი, როგორ აჩვენებდნენ იმ ერთ საგანგებოდ გამოწყობილ ოთახს და კალმახელიძე როგორ ამბობდა, ყველაფერი იდეალურად არისო.

- როგორც აღნიშნეთ, საკანში ბევრი ადამიანი დაიღუპა...
- მარტო ჩემს ოთახში 8 პატიმარი გარდაიცვალა. ესეც დიდი სტრესი და ტკივილი იყო ჩვენთვის. ვერ ეხმარები ადამიანს, ხედავ, როგორ კვდება უჰაერობით. ზაზა ჩიტაია, მალხაზ კორძახია, გურამ ოდიშარია, ბადრი ხუციშვილი, ედნარ გოჩიტიძე, პაატა ჭახიაშვილი, გაიოზ ხინჩიკაშვილი, ზურაბ გრძელიანიძე - ჩემს ოთახში დაიღუპნენ. მათი სიკვდილი "ნაცმოძრაობის" სინდისზეა. ზონის მასშტაბით, ციფრი გაცილებით მეტი იყო. ბევრის გარდაცვალებას ვერც ვიგებდით. მალხაზ კორძახიამ და გურამ ოდიშარიამ უჰაერობას ვერ გაუძლეს. დასაწოლი ადგილი არ ჰქონდათ, ფეხზე იდგნენ და ცუდად გახდნენ. ელემენტარულად, მათთვის სამედიცინო დახმარება რომ გაეწიათ, გადარჩებოდნენ. ჰაერზე გაყვანაც საკმარისი იქნებოდა ალბათ. საშინელებაა, შენ გვერდით მყოფი "ადიალაში" უნდა გაახვიო და გარდაცვლილი გაატანო. მერწმუნე, ეს თითოეული ჩვენგანისთვის უდიდესი ტკივილი იყო. საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ გარდაცვლილები მერე ციხის საავადმყოფოში ან რომელიმე კლინიკაში გადაჰყავდათ, რომ სხვაგან გაფორმებულიყო მათი გარდაცვალება. 40 წლისაც არ იყო ბადრი ხუციშვილი. ორშაბათს ბადრიმ ექიმს უთხრა, კუჭი საშინლად მაწუხებსო. ხუთშაბათობით მოდიოდა ციხის საავადმყოფოდან მანქანა და იქიდან მოჰყავდა გამოწერილი პატიმრები. თუ ძალიან ცუდად იყო ვინმე, იქ გადაჰყავდათ. ბადრის უთხრეს, დაიცადე ხუთშაბათამდეო. ტკივილებს ვეღარ უძლებდა, ხუთშაბათს გადაიყვანეს, გაირკვა, რომ თურმე კუჭი გახეთქილი ჰქონდა, ორგანიზმი მოეწამლა და გარდაიცვალა. სტატისტიკას უფრთხილდებოდნენ, თორემ ადამიანის ბედი არავის ანაღვლებდა.

- ექიმს არ იძახებდით?
- ვიძახებდით, მაგრამ ექიმს წამალი არ ჰქონდა. ნახავდა პატიმარს და ეტყოდა, არაფერია, გაგივლისო და მიდიოდა. ასე იყო კორძახიას შემთხვევაში. ისევ საკანში შეაბრუნეს, კარი ჩარაზეს და კაცი დაიღუპა. ამ ყველაფერს გულგრილად ვერ ვუყურებდი. არ ვჩერდებოდი და ვცდილობდი, ამბები გარეთ მყოფთათვის მიმეწოდებინა, ამის გამო კარცერში ვხვდებოდი.

- შემდეგ ე.წ. "მატროსოვის ციხეში" გადმოგიყვანეს ყოფილი ძალოვნები. იქ უკეთესი პირობები დაგხვდათ?
- იქ უფრო დიდი ტერიტორია იყო, სამი კორპუსი იდგა. სასადილო ცალკე იყო, შედარებით უკეთესი იყო იმით, რომ ჩემი საწოლი მქონდა, მაგრამ მერე იქაც გაჩნდა პრობლემა და მორიგებოთ ეძინათ ბიჭებს. სუნთქვა შეიძლებოდა. არჩევნების წინა პერიოდში დაკავებულთა რაოდენობა 1200 კაცზე ავიდა, არადა, 900 კაცზე იყო იქაურობა გათვლილი... არც ლოგინი დაუმატებიათ და არც არაფერი. კრიტში უნდა იჯდეს ის, ვინც განაწესს დაარღვევს ან არის განსაკუთრებული დანაშაულის მქონე. ადგილები რომ არ იყო, იქ ათავსებდნენ ხალხს. როგორ შეიძლება, პატიმარი წლები ამყოფო კრიტში, თუ მას სხვა რეჟიმი ეკუთვნის?! ჯანმრთელობა მოუსპეს ადამიანებს. "ღამის შოუში" გამოდიოდა კალმახელიძე და ხუმრობდა, ჩემი საყვარელი საჭმელი "ბალანდა" არისო, ამით დაგვცინოდა. ყველაფერს ციხის მაღაზიაში ვერ იყიდი. ამის საშუალება არ იყო. საჭმელი საშინელ ცხიმზე მზადდებოდა, ჭამისთანავე ცუდად ხდებოდი, მაგრამ როცა არ გაქვს ყიდვის საშუალება, რა უნდა ჰქნა?! საბოლოოდ ეს ყველაფერი ორგანიზმის დანგრევას იწვევს. ვრეცხავდით მოტანილ საჭმელს და თავიდან ვაკეთებდით. საშინელი სიბინძურე იყო, ბაღლინჯოები სისხლს გვწოვდნენ. ოთახში ტარაკნები და ვირთხები დასეირნობდნენ. მოკლედ, 3 წელი და 6 თვე უკანონო პატიმრობაში გავატარე. ჩემმა ოჯახმა უმძიმესი წლები გადაიტანა, ამაზე ხომ უნდა აგოს პასუხი ვინმემ.

- თუ უდანაშაულო იყავით, მაშინ რას უკავშირებთ თქვენს დაკავებას?
- ბათუმში სასაზღვრო პოლიციაში სამმართველოს უფროსის თანაშემწე ვიყავი იურიდიულ საკითხებში. ბადრი ბიწაძე რომ გაათავისუფლეს, ყველას მოგვთხოვეს იქიდან წასვლა, რადგან მის კადრად ვითვლებოდი. დამიბარეს გენინსპექციაში და მითხრეს, განცხადება დამეწერა, ამაზე უარი ვთქვი, ჯიუტად ვაგრძელებდი მუშაობას და მალე ასე გამისწორდნენ, წამალი ჩამიდეს. საბედნიეროდ, 1-ელ ოქტომბერს ყველანი გადავრჩით. არჩევნებამდე 2 კვირით ადრე, ის პატიმრები, რომლებსაც არჩევნებში მონაწილეობა შეეძლოთ და 5 წლამდე პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი, ღამის 4 საათზე წამოყარეს საწოლებიდან და 2 საათი სიცივეში ეზოში ჰყავდათ. ამ ფორმით ახდენდნენ მათზე ზეწოლას, რომ ხმა "ნაცმოძრაობისთვის" მიეცათ. 20 დღით ადრე, სრულიად უმიზეზოდ კრიტში ჩამიყვანეს. ჩემნაირად აქტიური ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ გაეტანათ გარეთ ამბები, იქ გამოგვკეტეს. გვიშველა არჩევნებმა, თორემ ვინ იცის, კიდევ რამდენიმე ადამიანი დაიღუპებოდა.

- ოჯახის წევრების ნახვის საშუალება გქონდათ?
- სამი შვილი მყავს, მაგრამ ამ დროის მანძილზე ისინი არ მინახავს. იქ შუშის მიღმა უნდა მენახა ჩემი ოჯახი და ამაზე უარი ვთქვი. 10 ადამიანი ერთდროულად შედის პაემნების ოთახში, შუშის მეორე მხარეს ხედავ შენს შვილს, ცოლს და შუაში კიდევ დამატებითი გისოსია. როგორ უნდა გაუძლო ამას? მათ ფსიქიკას ხომ არ დავუმახინჯებდი. ძმა დადიოდა ორ თვეში ერთხელ, ბათუმიდან ჩამოდიოდა. მშობლები არ მყავს და ჩემი მეუღლე დარჩა მარტო უამრავი პრობლემით. დანაშაულს რომ არ ვაღიარებდი, ამის გამო ოჯახით მემუქრებოდნენ. ჩემი მეუღლე და შვილები სოფელში გადამალული მყავდა. პატარა 4 წლისაა, წარმოიდგინეთ, არ მიცნობს. ოჯახი გაწურული ლიმონივით დამხვდა. მართალია, ციხიდან გამოვედი, მაგრამ ჯერ ვერ ვეხმარები მათ და ამას განვიცდი. პირველ რიგში, სამუშაო მინდა. ასევე, რაც მთავარია, სამართალს ვითხოვ, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას და უნდა აღდგეს სამართლიანობა. იქნებ სახელმწიფომ იფიქროს ამაზე და სანამ ჩვენი რეაბილიტაცია მოხდება, მანამდე ელემენტარული საკითხები მოგვიგვარონ.

- მაინც რას ითხოვთ და რას გპირდებათ ახალი მთავრობა?
- ჩემი საქმე სტრასბურგშია, ვფიქრობ, იქ ვიპოვი სამართალს. ყველა ჩვენგანს ფსიქოლოგიურად კი არა, ფიზიკურად სჭირდება პირველ რიგში, დახმარება, ელემენტარულად, ექიმი, გამოკვლევები. ფსიქოლოგიურად რაც გადავიტანეთ, ეს ცალკე თემაა. ჯერ მანქანის მართვის უფლებაც კი არ გვაქვს აღდგენილი. გვითხრეს, რომ ორ თვეში მოგვიხსნიან ნასამართლობას მათ, ვისაც პოლიტპატიმრის სტატუსი გვაქვს. 23 მარტს პოლიტპატიმრებს ყრილობა გვაქვს დაგეგმილი და იქ ბევრ საკითხზე შევჯერდებით. არ გვინდა, არეულობა მოხდეს ქვეყანაში, მაგრამ "ნაცმოძრაობამ" პასუხი უნდა აგოს ჩადენილ დანაშაულებზე.