ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო რეზოლუცია ოფიციალურად მიმართოს პარლამენტს „რეგიონალური და უმცირესობათა ენების შესახებ ევროპული ქარტიის“ რატიფიცირებისა და სომხური ენისთვის რეგიონული ენის სტატუსის მინიჭების თხოვნით.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 14 მარტის სხდომას დეპუტატებმა ისტორიული უწოდეს. მეტიც, საკრებულოს თავჯდომარემ ჰამლეტ მოვსისიანმა განაცხადა, რომ „14 მარტი ჯავახეთის ისტორიაში ოქროს ასოებით შევა“.
დეპუტატების მიერ „ისტორიულ სხდომად“ სახელდებული სხდომა რამდენიმე საათს გაგრძელდა. შეხვედრას დეპუტატები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საკითხის საკრებულოს სხდომაზე განხილვისა და სომხური ენისთვის რეგიონული ენის სტატუსის მინიჭების ინიციატივა ფრაქცია „ქართული ოცნება - რესპუბლიკელებს“ ეკუთვნის. ფრაქციამ საკრებულოს განაცხადი ჯერ კიდევ 25 თებერვალს წარუდგინა. წევრები ელოდნენ, რომ საკრებულო საკითხს 27 თებერვლის სხდომაზე გაიტანდა. თუმცა, იმ მოტივით, რომ ფრაქციის ინიციატივა რეგიონული ენის სტატუსის შესახებ სრულად შესწავლილი არ იყო, საკითხი სხდომის დღის წესრიგში ვერ მოხვდა.
14 მარტის სხდომაზე კი საკითხი განიხილეს და ფრაქციის მოთხოვნებში დამატებებიც შეიტანეს.
კონკრეტულად რას ითხოვენ ახალქალაქში და რატომ გააქტიურდა სომხური ენისთვის რეგიონული ენის სტატუსის მინიჭების საკითხი ახლა, ვრცლად ამის შესახებ "სამხრეთის კარიბჭე" ხვალ დილით გიამბობთ. აქვე, გეტყვით, რომ 14 მარტის სხდომაზე დამსწრეებმა განაცხადის პარლამენტში წარდგენას ერთხმად დაუჭირეს მხარი და "რესპუბლიკელების" ინიციატივას აპლოდისმენტებით შეხვდნენ.