„გახარია არ იქნება რეალური ალტერნატივა, რადგან იშვიათია შემთხვევა, ღალატით ახალი ისტორია იწყებოდეს და ის წარმატებული გამოდგეს“

„გახარია არ იქნება რეალური ალტერნატივა, რადგან იშვიათია შემთხვევა, ღალატით ახალი ისტორია იწყებოდეს და ის წარმატებული გამოდგეს“

„გიორგი გახარია უბრალოდ გატყდა პოლიტიკური მძაფრი კრიზისის პირობებში, შეიძლება, მართლაც ეგონა, რომ პოლიციური ოპერაცია კიდევ უფრო გაამწვავებდა ესკალაციას, მართლმსაჯულების აღსრულებაზე უარი თქვა და წავიდა თანამდებობიდან, ცოტა ხანს რომ დაფიქრებულიყო, ამას არ გააკეთებდა“, - აცხადებს ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი for.ge-სთან საუბრისას.

თუკი დავუშვებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის კარზე მოქმედი და გადამდგარი ვეზირების ორთაბრძოლა მიმდინარეობს, მაშინ შეიძლება ვიფიქროთ, რომ სწორედ ამ დაპირისპირების მომსწრენი ვართ კობახიძე-გახარიას შემთხვევაში?

- ფაქტები ზედაპირზე დევს, რადგან ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ გახარიას საქციელი ეს არის გამაოგნებელი ღალატი, სხვას ვერაფერს ვერ იტყვი ამ მდგომარეობაში. გიორგი გახარიამ პოლიტიკური თვითმკვლელობა ჩაიდინა, რომელიც წინასწარ თითქოს არაფრით არ იყო სავარაუდო, აბსოლუტურად მოულოდნელი და დაუსაბუთებელი იყო, არაფრით არ შეიძლება ამის გამართლება. გიორგი გახარია ამ ღალატით ცდილობს, პოლიტიკური კაპიტალი შექმნას, ანუ ისეთი პოლიტიკური პარტია შექმნას, რომელიც ღალატის საფუძველზე იქნება დაარსებული.

ეს ნიშნავს, რომ გახარიას მხრიდან 18 თებერვალს ჩადენილი ღალატი, როგორც ივანიშვილი უწოდებს ამ საქციელს, დროში განგრძობადია და დღემდე ცდილობს გახარია სარგებლის მიღებას? თუ ეს ასეა, ამართლებს ღალატის შედეგად შექმნილი პარტიები?

- ძალიან ბევრი მაგალითია ამა თუ იმ ქვეყნის ისტორიაში, როდესაც ღალატით იწყება ახალი პოლიტიკური მიმართულება. გახარია იყო მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ამაზე დიდი თანამდებობა არ არსებობს საპარლამენტო წყობის ქვეყნებში. ღალატია ამაზე უარის თქმა და მოტივად იმის მოყვანა, მართლმსაჯულების აღსრულებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ქვეყანას და პოლიტიკური ესკალაცია გამოიწვიოსო. ამით გახარიამ საკუთარ თავსაც უღალატა, პარტიასაც, რაც მთავარია, სახელმწიფოს უღალატა. ამიტომ თქვა ბიძინამ და, ამაში უნდა დავეთანხმოთ, რომ ეს იყო გამაოგნებელი შემთხვევა. შეიძლება ფარული მოტივი ჰქონდეს ღალატის ამა თუ იმ შემთხვევას, მაგრამ ასე ღიად ამის გაკეთება და საჯაროდ ამის გაცხადება აბსოლუტურად წარმოუდგენელია. თანაც, რომ შეხედავთ, გახარიას გარშემო ვინც არის შემოკრებილი, ეს არის ბიუროკრატების პარტია, ეს არის ხალხი, ვინც გახარიასთან საჯარო სამსახურით, პირადი ურთიერთობებით იყო დაკავშირებული, ესენი არიან ის მოხელეები, რომლებიც გახარიას გავლენის ქვეშ იყვნენ, მათი კარიერა დამოკიდებული იყო გახარიასთან პირად ურთიერთობაზე. ნეპოტიზმზე რომ საუბრობს, თვითონ, პრაქტიკულად, ნეპოტისტური პარტია შექმნა, ანუ ბიუროკრატიის ის ნაწილი დადგა მის გვერდით, რომელთა კარიერაც პირადად მასზე იყო აგებული.

როცა გამაოგნებელ ღალატზე საუბრობს ბიძინა ივანიშვილი და სამი თვის თავზე ხმიანდება ამ ღალატის შესახებ, რას უცდიდნენ, რომ გახარია პოლიტიკურად გააქტიურდებოდა და შემდეგ ღალატს კომპრომატად დაუდებდნენ?

- მოვლენათა ლოგიკა ასეთნაირად გამოიყურება, რომ გახარია უბრალოდ გატყდა პოლიტიკური მძაფრი კრიზისის პირობებში, თუმცა ეს ხელოვნური კრიზისი იყო. გახარია ამით დაფრთხა, შეიძლება მართლაც ეგონა, რომ პოლიციური ოპერაცია კიდევ უფრო გაამწვავებდა ესკალაციას, ამ ესკალაციას მიიყვანდა უმართავ მდგომარეობამდე და ამის გამო შეშინდა, მართლმსაჯულების აღსრულებაზე უარი თქვა და წავიდა თანამდებობიდან. ეს ავტომატურად ნიშნავდა, რომ პოლიტიკიდან წავიდა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის პოლიტიკური თვითმკვლელობა. არავინ სერიოზულად არ მიიჩნევდა, რომ ამის შემდეგ გახარიას შეიძლება ახალი პოლიტიკური პარტია შეექმნა, რადგან არალოგიკურია ასეთი რამ, წარმოუდგენლად გამოიყურება. ამ სუიციდის მერე გახარია იქცა პოლიტიკურ გვამად და კიდევ უფრო უარესი მოხდა, რომ იგი შეუერთდა ოპოზიციის პოლიტიკურ გვამთა სასაფლაოს. რეალურად, ოპოზიცია უნდა ქმნიდეს მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკისგან განსხვავებულ ცოცხალ ალტერნატივას, გახარიას ამ ნაბიჯმა კი არანაირი რეალობა არ შეიძლება შექმნას, რადგან მან ისეთ რამეს უღალატა, რაც ყოველნაირ პოლიტიკურ ცოცხალ პერსპექტივას გამორიცხავს. როგორ შეიძლება, პოლიტიკური პარტიის მიზანი იყოს მართლმსაჯულებაზე უარი რაღაცის სასარგებლოდ?

გამოდის, რომ ეს დამფრთხალი პირველი ვეზირი-გიორგი გახარია არც ისე დამფრთხალი ყოფილა, როცა პოლიტიკიდან წასვლის ასეთი ფინალის შემდეგ ხელმეორედ გარისკა პოლიტიკაში დაბრუნება, სადაც მას ყოველმხრივ დანაღმული ველი ხვდება?

- ნახეთ, რა ხდება? ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან, მაგრამ ოპოზიცია ცდილობს, იგი დააბრუნოს, როგორც სიმბოლო, რაც გაუგებარია.

ამ შემთხვევაში, გიორგი გახარიამ დააბრუნა ივანიშვილი პოლიტიკაში, სწორედ მის პოლიტიკურ გააქტიურებას მოჰყვა ივანიშვილის წერილი.

- ივანიშვილმა სწორედ ეგ თქვა, რომ არავითარი კავშირი გახარიასთან არ აქვს და არც მოიაზრება ისე, თითქოს ივანიშვილი თამაშობს რაღაც უცნაურ თამაშს და ორ პარტიას ქმნის ერთმანეთის კონკურენტს. ახლა ივანიშვილის წერილს თუ საეჭვოდ გავხდით და ვივარაუდებთ, რომ გახარია ივანიშვილის თამაშია, მაშინ ძალიან შორს წავალთ და შეთქმულების თეორიებში ჩავეფლობით. შეუძლებელია, მმართველი პარტიაც ივანიშვილის წიაღიდან გამოვიდეს და მისი ოპოზიციაც. ეს წარმოუდგენელია. ასეთი თამაშის წესები თეორიულად შეიძლება ვივარაუდოთ, მაგრამ, როგორც აღვნიშნე, ეს შეთქმულების თეორიაა.

თუკი გიორგი გახარიას დავუჯერებთ, რომ „ქართული ოცნება“ დასრულდა, მაშინ ხომ შეიძლება, ივანიშვილს ჰქონდეს სურვილი, გახარია ხელმეორედ შემოიყვანოს პოლიტიკაში თავის სასარგებლოდ?

- „ქართული ოცნება“ რომ დასრულდა, ეს მხოლოდ არარეალური ვარაუდია. დღეს გვაქვს მდგომარეობა, როცა, პრაქტიკულად, „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ აქვს. ამ ოპოზიციურ ფლანგზე ცოცხალი სიტყვა, ცოცხალი პოლიტიკა არ იგრძნობა. რეალური ალტერნატივა არც ჩანს, არც გახარია იქნება რეალური ალტერნატივა, რადგან იშვიათია შემთხვევა, ღალატით ახალი ისტორია იწყებოდეს და ის წარმატებული გამოდგეს. სავალალოა, რომ საქართველომ დაკარგა ერთ-ერთი წარმატებული პრემიერ-მინისტრი, ოპოზიციამ კი შეიძინა კიდევ ერთი პოლიტიკური გვამი. რა თქმა უნდა, გახარია ცოტა ხანს რომ დაფიქრებულიყო, ამას არ გააკეთებდა. გახარია ცდილობს, ისეთი იმიჯი მოირგოს, თითქოს არავის წინააღმდეგ არ არის. ეს კიდევ უფრო ტრაგიკომიკურია, რადგან, როგორც კი მან პოლიტიკაში ნაბიჯი გადადგა, იმ წუთასვე დაუპირისპირდა თავის ყოფილ გუნდს. სინამდვილეში, როგორ არ არის ვინმეს წინააღმდეგი? ის არის ირაკლი კობახიძის წინააღმდეგი და იმ გუნდის, რომელიც იქ დატოვა. იმთავითვე ტყუილია, არავის წინააღმდეგ არ ვარო. მას უნდა, ისე წარმოაჩინოს, თითქოს ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ წასვლა ბიძინა თამაშია, რაც სიყალბეა და იმ ბოროტების გაგრძელებაა, რაც მან გააკეთა თებერვალში, როცა გადადგა.

გიორგი გახარია „ნაცებზე“ მეტადაც ლანძღავს კობახიძეს, თქვენ ფიქრობთ, რომ გახარიას სურს ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე ერთმანეთზე დააეჭვოს?

- შეიძლება ეს უნდა კიდეც, მაგრამ ბიძინა პოლიტიკაში აღარ არის, მან დატოვა ეს გუნდი და პოლიტიკური კაპიტალი მთლიანად ამ გუნდს გადასცა. გახარიასაც გაემიჯნა ივანიშვილი, არ შეიძლება ამის მიღმა თამაში დავინახოთ. როცა ადამიანი იძახის, რომ გახარიასგან გამიჯნულია, არავითარი საფუძველი არ გვაქვს, ვივარაუდოთ, რომ ის გვატყუებს. ასე ყველაფრის მიღმა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რაღაც იმალება.

 

 

 

 

 

 

 

 

გრიგორი ვერ ვნახე ჭეშმარიტი ანალიტიკოსი ! ზოგი ნაცექსპერტია, ზოგის ქოცექსპერტი ! ეს ტიპი აშკარა ქოცექსპერტყია.
2 წლის უკან
კ ა ხ ე ლ ი ვისაც არ უყვარს კახელი, იმას შ.......ი ცხრა ხელი! ვისაც არ უყვარს ქოციო, შ......ი ოცზჯერ ოციო! გაიგე, ვერან?
2 წლის უკან
არაგველი641 დღემდე ზარდიაშვილის გულშემატკივარი ვიყავი და დღეს ამას რას ვხედავ? როგორც გახარიას "ღალატზე" ლაპარაკობს ზარდიაშვილი, ასევე ჩვენ, მის ღალატს ვხედავთ გულშემატკივრების მიმართ!
აღდგომა და ხვალაო!
2 წლის უკან