“ზარალას” 100 ათასი ლარი არ მინდა!”

“ზარალას” 100 ათასი ლარი არ მინდა!”

შენობა, სადაც წლებია, ბინა პანტომიმის ქართულ თეატრს აქვს დადებული, ერთ ლარად გაიყიდა. 1912-15 წლებში, პეტერბურგელ არქიტექტორ ნოკოლოზ ობოლენსკის პროექტით აგებული თბილისური მოდერნის ერთ-ერთი გამორჩეული სახლის ახალი მფლობელი შპს “ახალი ოფისია”, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, შენობა “ზარალამ” იყიდა... “ქართული სიტყვა” პანტომიმის ქართული თეატრის დამაარსებელ ამირან შალიკაშვილსა და მსახიობებს ესაუბრა

_ ბატონო ამირან, თეატრის გასხვისების შესახებ როდის გაიგეთ?
_ ჩვენი უბედურება ,,ვარდების რევოლუციის” შემდეგ დაიწყო _ 100 ათასლარიანი ბიუჯეტი 40 ათასამდე დაიყვანეს. ვიკითხეთ, რას შვრებით, მსოფლიო მნიშვნელობის თეატრს ხურავთო? გვიპასუხეს, კი, ვხურავთო. სხვათა შორის, მაშინ სცენის გარეშე ბევრი სამხატვრო დასი დარჩა. არავინ დაიჯეროს, რომ თეატრს სააკაშვილისგან რამე პრივილეგია ჰქონდა. ერთხელ პირველი ლედი დაეწრო სპექტაკლს, ეს იყო და ეს. საყვარელ საქმესა და თეატრს, რომელიც ჩვენი ხელებით შევქმენით, მიზერული ჯამაგირით ვემსახურებოდით _ ამირან შალიკაშვილის ხელფასი 80 ლარით განისაზღვრებოდა...
1998 წელს, კულტურის სამინისტრომ შენობა, 1 800 კვ. მეტრი ბალანსიდან ბალანსზე გადმომცა. ორი თვის წინ, თეატრში უცნობი მამაკაცი მოვიდა, ანგარიშის ნომერი მომთხოვა და მეორე დღეს ჩვენს ანგარიშზე 100 ათასი ლარი ჩაირიცხა. უცნობი ,,ქველმოქმედის” შესახებ ინფორმაციის მოპოვება დავიწყეთ, მაგრამ ვერაფერი გავიგეთ.
რამდენიმე წლის წინ, მერიის კულტურის სამსახურის უფროსად, ჩვენდა სასიკეთოდ, მამუკა ქაცარავა დაინიშნა, რომელმაც ჩვენი გასაჭირი გულთან მიიტანა და ,,ვარდების რევოლუციის” შემდეგ, 40 ათასამდე შემცირებული ბიუჯეტი, ისევ 300 ათასი გახადა. მიუხედავად ამისა, ფესტივალებისთვის თანხას წამებით ვშოულობდით, რომ მსოფლიოსთვის ჩვენი ხელოვნება გვეჩვენებინა და გრანპრი ჩამოგვეტანა და ყველაფერი ეს მამუკა ქაცარავას ხელშეწყობით ხდებოდა... როცა სიტყვა შენობის რემონტზე ჩამოვარდა, ქაცარავამ გვითხრა, მგონი, შენობა გაყიდულია, რემონტის დაწყებაზე ლაპარაკი ზედმეტია და მირჩევნია, სხვაგან დაგაბინავოთ, მაგრამ ვიდრე სხვა შენობა არ გექნებათ, ვინც უნდა იყიდოს, აქედან არ წახვალთო. 9 აპრილის ბაღში, ე.წ. გლობუსის შენობა შემოგვთავაზეს, მაგრამ ბატონმა მამუკაც დარწმუნდა, რომ იქ ჩვენი თეატრი ვერ იმუშავებდა. ჩვენს სპექტაკლებს უცხოელები, დიპლომატები ესწრებიან. საერთოდ, ხელოვნების ამ დარგის მიმართ დიდი დაინტერესებაა. ამიტომ, პანტომიმის თეატრი საპატიო ადგილას უნდა იყოს და არა _ პერიფერიაში. ჩვენი მისამართი ყოველთვის “პლეხანოვი”, ან რუსთაველი იყო...
დაახლოებით, ერთი კვირის წინ, ეკონომიკის სამინისტროში გავარკვიეთ, რომ პანტომიმის ქართული თეატრის შენობა, საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 31 აგვისტოს განკარგულებით, პირდაპირი მიყიდვის წესით, შპს ,,ახალმა ოფისმა” ერთ ლარად შეიძინა. ისიც გავიგეთ, რომ კომპანიამ 2 000 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს და აქედან, ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, ჩვენს თეატრს 100 ათასი ლარი უნდა გადაურიცხოს, თუმცა Eეს თანხა ანგარიშზე დღესაც ხელუხლებელი დევს, რადგან ვერ გავარკვიეთ, ეს ფული რისთვის გადმოგვირიცხეს _ კეთილი ნების გამოხატულებაა თუ როცა ამ თანხას ხელს მოვკიდებთ, ჩვენც რამე მაქინაციის ნაწილი უნდა გავხდეთ?

_ შენობა როდის უნდა დატოვოთ?
_ ზემო სართულების  მაცხოვრებლებმა შენობა კარგა ხანია, დატოვეს. აქ განლაგებულმა აფხაზეთის კულტურის სამინისტრომაც გვითხრა, შენობა უცილობლად უნდა დავტოვოთ, ოღონდ ველოდებით, ახალი მეპატრონე როდის გვიბრძანებსო. აქედან ფეხის მოცვლა ჩემთვის სიკვდილის ტოლფასია, მაგრამ მითითებულია ვადა _ თეატრმა შენობა 2014 წლის 31 დეკემბერს უნდა დატოვოს. 

_ ბატონო ამირან, იცით, ახალი მეპატრონე ვინაა?
_ ახლახან გაირკა, რომ ის 100 ათასი ლარი ,,სილქროუდჯგუფმა“ გამოგზავნა ჩვენს ანგარიშზე. მყიდველი კი, ,,ახალი ოფისია“,  რომლის უკანაც საქართველოში კარგად ნაცნობი ,,ზარალა“, მხედრიონელი გიორგი რამიშვილი დგას. ამბობენ, ნახევარი საქართველო იყიდაო. ჩვენი თეატრი კი, ერთ ლარად უყიდია. მსოფლიოში თეატრი ერთ პრეზიდენტსაც არ გაუყიდია, ჩვენმა კი, ერთ ლარად გაყიდა. ეთქვა და მაგ ერთ ლარს მე გადავიხდიდი... აქ 100 წელი მოზარდმაყურებელთა თეატრი სახლობდა, პანტომიმა კი, სპექტაკლებს 30 წელი დგამდა.  საქართველოში ხელების კულტურაზე ჩემამდე არავინ იცოდა. ხელები ისეთივე მეტყველია, როგორც _ თვალები, სახის მიმიკა და ეს კულტურა ქართულ სცენაზე მე შემოვიტანე. ვინ გაყიდეს, _ შალიკაშვილი? მეფე ერეკლე ამბობდა, ხუთითა შალიკაშვილითა ხუთასსა სპარსსა თავს მოვაჭრიო. ხუთი შალიკაშვილი ვართ _ მე და ჩემი ოთხი ბიჭი. თეატრის გაყიდვას არ შევარჩენ! საქართველოსთვის არაფერი წამირთმევია. პირიქით, კულტურა შევძინე. არც კემბრიჯი დამიმთავრებია და არც _ ოქსფორდი, მაგრამ მთელი ევროპა მოვლილი მაქვს. ღმერთის ინსტიტუტი მაქვს დამთავრებული _ ღმერთმა ნიჭი მომცა. ამ ნიჭით ვარსებობ და დავდივარ. რა ხელოვნებაა პანტომიმა? _ ახლა დავიწყო ამის ახსნა და სად? _ ჩემს ქვეყანაში, როცა მთელ ევროპას გავაცანი ჩვენი კულტურა? შენობა 2014 წლის დეკემბერში უნდა დავცალო. სად წავიდეთ? _ მოხეტილე ცირკივით კარვები გავშალოთ? ვიცი, მეტყვიან, სახელმწიფოს უნდა, უფლება აქვს  და მიაქვსო. კი ბატონო, მაგრამ მე სად წავიდე? ეკონომიკის სამინისტროს და ქალაქ თბილისის მთავრობის 2012 წლის 9 აგვისტოს განკარგულებით, 9 აპრილის ბაღში 919 კვ.მეტრი მიწა გამოგვიყვეს, ანუ ჩვენი მისამართია: თბილისი, 9 აპრილის ბაღი. ცუდად გამომდის, მაგრამ თავზე დაიყარონ თავიანთი 919 კვ.მეტრი მიწა. თუ საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია, ექვს თვეში, ბათუმში თეატრი ააშენოს, მაშინ ჩვენთვისაც ააშენოს თეატრი. არც მიწა მინდა და არც _ ,,ზარალას“ 100 ათასი ლარი. თეატრისთვის  შენობა მინდა, სადაც პანტომიმის დასი იმუშავებს და ახალგაზრდები გაიზრდებიან.

_ ბატონო ამირან, არ გიცდიათ, რომ ხმა პრემიერ ივანიშვილს მიაწვდინოთ და დახმარება სთხოვოთ?
_ ახალ მთავრობას არჩევნებში გამარჯვება მივულოცე და ჩვენი მდგომარეობა ავუხსენი, მაგრამ პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია. სხვათა შორის, გვინდა, რომ ხელოვნების ამ დარგის განვითარებისთვის “საერთაშორისო პლასტიკისა და პანტომიმის ცენტრი” დავაარსოთ, რომელსაც სამას ადამიანზე გათვლილი დარბაზი, საზაფხულო სცენა და სტუმრების მისაღები ექნება. იმედი მაქვს, სათანადო უწყებები ქართული პანტომიმის ხელოვნების დასამარებას არ დაუშვებენ!

გოგი ოსეფაშვილი, თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ქორეოგრაფი: _ მას შემდეგ, რაც მუშტაედის ბაღში პანტომიმის ახლადდაარსებული თეატრის შენობა საეჭვო ვითარებაში დაიწვა, ფილარმონიაში გადავედით. 1976 წელს კი, ეს შენობა მოზარდმაყურებელთა თეატრმა დატოვა და აქ ბინა ჩვენ დავიდეთ. იმავე წელს, სახელმწიფო თეატრის წოდება მოგვენიჭა. აქ ყველაფერი ჩვენი ხელითაა გაკეთებული _ დანგრეული დარბაზი გავასუფთავეთ და აღვადგინეთ. თეატრის გასხვისებამ მთელი კოლექტივი აღაშფოთა. განსაკუთრებით კი, ბატონი ამირანის გამო ვართ შეწუხებულნი _ ნერვიულობს. სხვათა შორის, თეატრის შენობის ნერვიულობას მინიატურების თეატრის დამფუძნებელი თენგიზ ჩანტლაძე გადაჰყვა...
საზოგადოებას კიდევ ერთ პატარა ამბავს შევახსენებ: თანამედროვე პანტომიმის ლეგენდა მარსელ მარსომ ამირან შალიკაშვილს ჩვენი თეატრის პრიმაზე, უსიტყვო სამყაროს ფენომენზე, ქალბატონ კირა მებუკეზე უთხრა: “გაუფრთხილდი, მსოფლიო პანტომიმის ხელოვნებას ასეთი ქალი არ ჰყოლია!” მოკლედ, მსოფლიო სცენაზე არაერთხელ წარმოჩენილ და გამარჯვებულ ქართული პანტომიმის თეატრს შველა სჭირდება და ასეთ უპატივცემულობას არ იმსახურებს!