საბჭოთა ანაბრების დაბრუნების პრობლემა პოსტსაბჭოური ქვეყნებისთვის სხვადასხვაა. ზოგ ქვეყანაში ვალის დაბრუნება მოხერხდა, ზოგმა ეს პროცესი წამოიწყო, ხოლო ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, მხოლოდ ვალის აღიარება მოხერხდა. ახლა აქტიურად მიდის საუბარი, რა ღონისძიებები უნდა გატარდეს და როგორ მოხდეს ამ ვალის დაბრუნება.
ცხადია, ჩვენს შემთხვევაში ეს პროცესი საკმაოდ რთულია, რადგან არ არსებობს კონკრეტული სქემა და მეთოდიკა, არც მზადყოფნა, რომ ანაბრები გაიცეს.
რაც შეეხება ვალის მოცულობას, საქართველოს, 1992 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, ყოფილი საბჭოთა კავშირის "სბერბანკის" საქართველოს ფილიალში ანაბრებზე აქტივების სახით ირიცხებოდა 13 მლრდ საბჭოთა მანეთი, ანუ დაახლოებით 8,5 მლრდ დოლარი. 1993 წელს სახელმწიფო საბჭომ, ინფლაციური პროცესების გამო, მიიღო გადაწყვეტილება და მოხდა ამ თანხის აფასება, რის შედეგადაც აქტივების მოცულობა დაახლოებით 19 მლრდ რუსულ რუბლამდე გაიზარდა.
ჯერ კიდევ 2001 წელს შექმნილი "ანაბრების გაუფასურების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის" გათვლით, საქართველოში შიდა ვალის მოცულობამ 400 მილიონი დოლარი შეადგინა. კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ელგუჯა მექვაბიშვილი ფიქრობს, რომ დღეს ქართული სახელმწიფო არ არის ვალდებული ანაბრები დააბრუნოს, მაგრამ შეუძლია გამოიჩინოს კეთილი ნება, თუნდაც სოციალური სამართლიანობის აღდგენის მიზნით და ვალი გასცეს. მისივე თქმით, ეს უნდა იყოს მხოლოდ პოლიტიკური ნება და არა სპეკულაციური მომენტი.
კონკრეტულად თუ რა გაკეთდა სპეციალური კომისიის მიერ და რა იყო მისი მუშაობის ხარვეზი? რის გათვალისწინება შესაძლებელია და რეალურად რა პერსპექტივაა ვალის დასაბრუნებლად? "რეზონანსმა" ამ კითხვებით ელგუჯა მექვაბიშვილის მიმართა.
თავის დროზე რამ განაპირობა ამ კომისიის შექმნა, რა ფუნქცია შეასრულა მან და რა გაკეთდა ამ კომისიის ფარგლებში?
- 2001 წელს შეიქმნა ეს კომისია. მაშინ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი გახლდით. კომისიაში იმდროინდელი ეკონომიკური სპექტრის გავლენიანი წარმომადგენლები შედიოდნენ. სიმართლე გითხრათ, დიდი არაფერი გაკეთებულა. "მოქალაქეთა კავშირისა" და ახალ რეფორმატორებს შორის ურთიერთობა გამწვავებული იყო. ამიტომ ასეთი ორგანიზაცია შეგნებულად შეიქმნა, მაგრამ დარჩა ქარალდზე, რადგან რეალურად მისი საქმიანობა მხოლოდ მიზეზების ძიებით შემოიფარგლა. კომისიის შექმნიდან რამდენიმე დღეში წევრებმა უარი თქვეს მუშაობაზე, ფაქტობრივად, მარტო აღმოვჩნდი. დაახლოებით 1 თვე ვიმუშავე.
რა იყო მუშაობის ხარვეზი, რაც შეიძლება სამომავლოდ, გაითვალისწინოს ამ სახითზე მომუშავე ჯგუფმა?
- მე არ მომწონს, რომ იმ პერიოდში ეს გახდა პოლიტიკური დაპირისპირებისა და სპეკულაციის საგანი. ამიტომ არ მინდა ახლაც იგივე განმეორდეს და ანაბრები ურთიერთგადაბრალებებისა და სპეკულაციის ობიექტად იქცეს. ეს არის ჩემი შენიშვნა.
ცხადია, ვიდრე პრობლემის გადაწყვეტაზე მიდგება საქმე, აუცილებელია ორი საკითხის მოგვარება, ინვენტარიზაციის, ანუ რეალურად იმის დადგენა თუ ვის ჰქონდა თანხა ანაბარზე და რამდენი. მეორე კი ინდექსაციის საკითხია. თქვენი კომიის დროს რა პრინციპით გაკეთდა ეს?
- ინდექსაცია ჩემს კომპეტენციაში არ შედიოდა. ვიკვლევდი მხოლოდ მიზეზებს, რამ გამოიწვია ანაბრების გაუფასურება და რის შესაძლებლობა ჰქონდა სახელმწიფოს, რომ კომპენსაციის სახით გაეცა. ჩვენი გაანგარიშებით, თანხამ 400 მილიონი დოლარი შეადგინა. ამ ეტაპზე პირველხარისხოვანი საკითხია პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ მოსახლეობამ იცოდეს, არის თუ არა სახელმწიფო ამ თანხის დამბრუნებელი. ჩემი აზრით, ის არ არის ვალდებული, რომ ანაბრები დააბრუნოს, თუმცა შეუძლია გამოიჩინოს კეთილი ნება და, სოციალური სამართლიანობის აღდგენის მიზნით, პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს. თუ ეს მოხერხდება, უკვე შეიძლება საუბარი, რა თანმიმდევრობით გაიცეს ანაბრები. ყველა ეს საკითხი ძირფესვიანადაა შესასწავლი.
რატომ არ იყო პროექტში გათვალისწინებული პრივატიზაციაში მეანაბრეთა მონაწილეობის საკითხი, როცა ამას შევარდნაძის ბრძანებულება გულისხმობდა?
- შევარდნაძის ბრძანებულების მიხედვით, კომისიის მიერ მხოლოდ მიზეზების გარკვევა იყო გათვალისწინებული. თავის დროზე ჩვენ ეს შევძელით, მაშინ მოხდა ვალის დაანგარიშებაც. თუმცა, იმდენად მცირე ხნით იარსება ამ კომისიამ, რომ სხვა მიმართულებით მუშაობა შეუძლებელი იყო. როგორც აღვნიშნე, კომისიას წევრები მალე გამოეთიშნენ, თავმჯდომარის სტატუსით დაახლოებით 1 თვე ვიმუშავე. ამ ხნის განმავლობაში, ვფიქრობ, დიდი შრომა ჩავდე, თუმცა რეალურად საქმემ წინ ვერ წაიწია. ეს ასეც იყო მოსალოდნელი, რადგან კომისია სინამდვილეში სხვა მოსაზრებით, პოლიტიკური მოტივით შეიქმნა. ეს ფაქტორი მომავალში თუ გამოირიცხება, გაცილებით მეტ შედეგს მივაღწევთ.