როდის აფეთქდება სააკაშვილის დადებული ნაღმი?

როდის აფეთქდება სააკაშვილის დადებული ნაღმი?

18 მარტს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას დაუბრუნდება და ცნობილი გახდება კენჭისყრის თარიღი. თუ მიხეილ სააკაშვილს მთავრობის ერთპიროვნული დათხოვნა-დანიშვნის უფლებას შეუზღუდავენ, ეს ე.წ. საკონსტიტუციო გადატრიალების შესაძლებლობას მოსპობს და პოლიტიკური პროცესს უფრო პროგნოზირებადს, შედარებით მშვიდს და ერთი პიროვნების თავნებობისგან დაცულს გახდის. დღეს საზოგადოება იმდენად კონცენტრირებულია ამ პრობლემაზე, რომ ყურადღებას არ აქცევს იმ ნაღმებს, რომლებიც კონსტიტუციაში ამ გადაწყვეტილების შემდეგაც დარჩება და ქვეყანას შეიძლება დიდი პრობლემები შეუქმნას.

როდესაც კრახი გარდაუვალია


არის ისტორიაში მომენტები, როდესაც აწმყო შორეულ მომავალს სრულად ფარავს. როდესაც 1945-ში საბჭოთა და ამერიკელი ჯარისკაცები რაიხის შუაგულისკენ მიიწევდნენ, ისინი არ ფიქრობდნენ იმაზე, რომ მალე დაიწყებოდა «ცივი ომი» და ისინი ერთმანეთის პირისპირ იარაღშემართულები დადგებოდნენ. მეტიც, თუ ვინმე დასაბუთებულად დაუმტკიცებდა, რომ მომავალში დაპირისპირება მოკავშირესთან გარდაუვალი იქნებოდა, მას თავიდან მოიცილებდნენ, რადგან მათ წინაშე სხვა, გაცილებით მნიშვნელოვანი და აქტუალური პრობლემა, ბერლინში დაბუდებული აბსოლუტური ბოროტების ამოძირკვა, იდგა. თეთრ სახლსა და კრემლში უკვე იცოდნენ, რომ კონფრონტაციას თავს ვერ აარიდებდნენ, მაგრამ ამის ახსნა უბრალო მებრძოლებისთვის, ომით გადაღლილი ერებისთვის შეუძლებელი იყო; მთავარ, ზეპრიორიტეტულ ამოცანად მათ გერმანიისა და იაპონიის დამარცხება მიაჩნდათ, რის შემდეგაც, წესით, ახალი, მშვიდობიანი და ბედნიერი ცხოვრება უნდა დაწყებულიყო.


სიტუაცია, რომელიც დღეს საქართველოში შეიქმნა, ამ ისტორიულ პერიოდთან გარკვეული პარალელების გავლების შესაძლებლობას გვაძლევს. არის მთავარი საკითხი, რომელიც დანარჩენს ფარავს და თითქმის არავის ანაღვლებს ის, რაც ამის გამო უკანა პლანზე მოექცა და სტრატეგიულ პერსპექტივაში უდიდესი პრობლემების, ახალი ყოვლისმომცველი დაპირისპირების, მოტანა შეუძლია.


1945 წლის დასაწყისში მეორე მსოფლიო ომი გრძელდებოდა, კვლავინდებურად ნადგურდებოდა ქალაქები და იღუპებოდნენ ადამიანები, მაგრამ «დიდი სტრატეგიის გადასახედიდან» ყველაფერი დამთავრებული იყო. გერმანიისა და იაპონიის წინააღმდეგობის დაძლევა, უხეშად რომ ვთქვათ, უკვე ტექნიკურ პრობლემას წარმოადგენდა. დაახლოებით ასეთ, სტრატეგიული თვალსაზრისით უიმედო, მდგომარეობაში დღეს «ნაციონალური მოძრაობა» იმყოფება, ის წინააღმდეგობას განაგრძობს და მთელ რიგ სირთულეებს ქმნის, მაგრამ ეს უკვე აგონიაა, ხოლო გლობალური პრობლემები ორივე შემთხვევაში არა აწმყოს, არამედ მომავალს უკავშირდება.

მაგრამ ამის ახსნა ადამიანებისთვის, რომლებმაც ამდენი ენერგია შეალიეს ბრძოლას სააკაშვილის რეჟიმთან, წარმოუდგენლად რთულია, რადგან მათ დღეს სხვა პრიორიტეტი აქვთ. ისინი უყურებენ სააკაშვილს, როგორც ჰიტლერს და «რაიხსტაგზე დროშის აფრიალების» გარდა დიდად არაფერი ანაღვლებთ.

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, «ნაციონალებს» შეუძლიათ გააფთრებული წინააღმდეგობა გაწიონ ან იხელმძღვანელონ პრინციპით, რომელიც 8 მარტს «პრაიმ-ტაიმის» პრესკლუბში გიორგი ბარამიძემ გაახმიანა. მან განაცხადა, რომ «ნაციონალები» საკონსტიტუციო ცვლილებას მხარს დაუჭერენ, თუ «საშუალო და ქვედა რგოლის ჩინოვნიკებზე პოლიტიკური დევნა შეწყდება» (აქ მნიშვნელოვანია ტერმინების დაზუსტება: იმას, რასაც ნაციონალები «პოლიტიკურ დევნას» უწოდებენ, პროკურატურა განიხილავს, როგორც გამოძიების პროცესს და სისხლის სამართლებრივ დევნას სააკაშვილის მმართველობის წლებში ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით).

შეიძლება შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ ამ განცხადებით ბარამიძემ დაადასტურა, რომ «ნაციონალები» თანხმდებიან დავით უსუფაშვილის ინიციატივას, რომელიც ქვედა და საშუალო რგოლის ჩინოვნიკებისთვის ამნისტიის გამოცხადებას და შესაბამისი კანონის მიღებას გულისხმობს (ძალადობრივი და სხვა მძიმე დანაშაულის გამოკლებით). მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მხარეები სხვადასხვა შინაარსით ავსებენ ტერმინს «ქვედა და საშუალო რგოლის ჩინოვნიკები»; უსუფაშვილი ცალკე გამოყოფს «ზედა რგოლს» (სამინისტროების ხელმძღვანელები, დეპარტამენტის უფროსები, გამგებლები და ა.შ.), რომელზეც გავრცელდება პრინციპი «ამნისტია დანაშაულის აღიარების სანაცვლოდ» და «უმაღლეს რგოლს» (პრეზიდენტი, მინისტრები, დეპუტატები), ხოლო ბარამიძე, მისი განცხადების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჩინოვნიკებს არა ოთხ, არამედ სამ კატეგორიად ჰყოფს და ზედა რგოლში მხოლოდ პრეზიდენტს, მთავრობის წევრებს და დეპუტატებს მოიაზრებს. ეს პრინციპული ხასიათის განსხვავებაა, რეალურად, საქმე ბრალდების ყველაზე ღირებული მოწმეების («მაღალი რგოლი», უსუფაშვილის კლასიფიკაციით) გაჩუმებას ან ალაპარაკებას ეხება. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ბარამიძის განცხადებაში ეს ნიუანსი დაზუსტებული არ იყო და იმ შემთხვევაშიც კი, თუ პარლამენტი მიიღებს კანონს, რომელიც უსუფაშვილის მიერ გახმიანებულ პრინციპებს დაეყრდნობა (სავარაუდოდ, ასეც მოხდება), მას და მის თანაპარტიელებს შესაძლებლობა ექნებათ, თქვან, რომ მათი წინადადება გათვალისწინებულია და, აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერენ.

შეიძლება შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ შეთანხმება უკვე მიღწეულია და მხარეები ამას უბრალოდ არ ახმაურებენ, რადგან ეს მათთვის წამგებიანია, მაგრამ ეს ასე არ არის; ვაჭრობა დღესაც გრძელდება, თუმცა, დღევანდელი ტენდენციით თუ ვიმსჯელებთ, «ნაციონალები» ნელ-ნელა საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერისკენ მიდიან, რადგან სხვა ვარიანტი მათ მეტად არასახარბიელო შედეგებს მოუტანს; ხელისუფლება საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ თავისი ნებისმიერ შემთხვევაში გაიტანოს. თითქმის იგივე შეიძლება ითქვას იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც სასამართლო სისტემის რეფორმირებას მოახდენს, აგრესიული წინააღმდეგობისა და ვენეციის კომისიის დასკვნის თავისებური, მეტად უცნაური ინტერპრეტირების მიუხედავად, «ნაციონალებმა» იციან, რომ კანონი გავა, ისინი იუსტიციის საბჭოში უმრავლესობას ვერ შეინარჩუნებენ და, სავარაუდოდ, ამას შეგუებულები არიან. ერთადერთი, რასაც ამ სიტუაციაში მათ შეიძლება მიაღწიონ, საკუთარი თავისთვის დამატებითი გარანტიების მოპოვებაა და ეს უკვე არა იმდენად პარტიას, რამდენადაც მის ცალკე აღებულ ლიდერებს ეხება. ქვედა ეშელონის რომანტიკოსი თანაპარტიელებისგან განსხვავებით, რომელთა ნაწილს ჯერ კიდევ სჯერა მითიური «აპრილის» და სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნების, ამ პრაგმატულ ადამიანებს დღეს ყველაზე მეტად, სავარაუდოდ, ახალ რეალობაში საკუთარი უსაფრთხო ადგილის მოძებნა ანაღვლებთ.

«ნაციონალების» მდგომარეობა, როგორც უკვე ვთქვით, სტრატეგიული თვალსაზრისით, უიმედოა, ამიტომ, ალბათ, მიზანშეწონილია, ნელ-ნელა დავიწყოთ საუბარი «ნაღმებზე», რომლებსაც მომავალში ძალიან დიდი, სისტემური ხასიათის საფრთხის შექმნა შეუძლია. დღეს მიჩნეულია, რომ სააკაშვილისგან მომავალი პრობლემების განეიტრალებით დამთავრდება ყველაფერი ცუდი, რაც პრეზიდენტის ფიგურას უკავშირდება, არადა, ეს ასე არ არის. ახალმა საკონსტიტუციო ნორმებმა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება, მომავალში შეიძლება დიდ კრიზისამდე, «ცივ» ან, უკიდურეს ვარიანტში, «ცხელ» ომამდე მიგვიყვანონ.

ტრამპლინი ახალი ტირანისთვის

პრეზიდენტის უფლებები მნიშვნელოვნად იზღუდება იმ ცვლილებებით, რომლებიც ძალაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შევა, მაგრამ ვენეციის კომისიის დასკვნის თანახმად, რომელიც 2010-ში, მათ დამტკიცებამდე ცოტა ხნით ადრე გამოქვეყნდა, ნათქვამი იყო, რომ არსებობს ისეთი ვითარების წარმოქმნის რისკი, როდესაც პრეზიდენტი შეიძლება კონფლიქტში შევიდეს ხელისუფლების სხვა შტოებთან, მითუმეტეს, რომ ის იქნება არჩეული პირდაპირი წესით, რაც მის პოლიტიკურ წონას ზრდის. ამ კონტექსტში კომისიამ ყურადღება ერთ საინტერესო ნიუანსზე გაამახვილა: «მთავრობა შეიძლება იყოს საპარლამენტო უმრავლესობის გამოხატულება, რომელიც შეიძლება განსხვავდებოდეს იმ უმრავლესობისგან, რომელმაც მხარი არჩევნების დროს პრეზიდენტს დაუჭირა, რადგან საპარლამენტო არჩევნები ტარდება 4 წელიწადში ერთხელ, ხოლო საპრეზიდენტო _ 5 წელიწადში ერთხელ».

საყურადღებო კომენტარი გაკეთდა 73-ე მუხლის «ა» პუნქტთან დაკავშირებით («პრეზიდენტი მთავრობასთან შეთანხმებით აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს...» და ა. შ.); «ნაციონალი» კანონმდებლები მაშინ ამტკიცებდნენ, რომ ამით შეიზღუდება პრეზიდენტის უფლებამოსილება საგარეო პოლიტიკის საკითხებში და პრეზიდენტსა და მთავრობას შორის კონფლიქტის საფრთხე მოიხსნება, მაგრამ ვენეციის კომისიამ უპასუხა, რომ ამ გადაწყვეტილებამ პირიქით, «შეიძლება კიდევ უფრო გაზარდოს კონფლიქტების რისკი პრეზიდენტსა და მთავრობას შორის». გაკეთდა სხვა მინიშნებებიც იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტი მის ხელთდარჩენილი უფლებებით კრიზისულ ვითარებაში შეიძლება გასცდეს საკონსტიტუციო წესრიგის მიუკერძოებელი გარანტორის როლს.

საქართველოში, ისევე, როგორც ნებისმიერ ღარიბ ქვეყანაში, ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ იარაღად აღვირახსნილი პოპულიზმი და დემაგოგია გამოიყენება. საზოგადოების არ დაუგროვებია საკმარისი დემოკრატიული გამოცდილება და მისი არცთუ მცირე ნაწილი კვლავინდებურად დაეძებს ქარიზმატულ ბელადს; საკმაოდ დიდია ალბათობა იმისა, რომ საყოველთაო არჩევნების პირობებში პრეზიდენტის პოსტს უპასუხისმგებლო დემაგოგი დაიკავებს, რომელიც შემდეგ გამოიყენებს ამომრჩეველთა ნდობის მანდატს იმისთვის, რომ იბრძოლოს საკუთარი უფლებების გაფართოებისთვის და, საბოლოოდ, ერთპიროვნულ მმართველობას მიაღწიოს.

ერთის შეხედვით, ჩვენ თანმიმდევრულება უნდა გამოვიჩინოთ, შუა გზაზე არ გავჩერდეთ და სრულფასოვან საპარლამენტო მოდელზე გადავიდეთ; საპარლამენტო რესპუბლიკების უმრავლესობაში პრეზიდენტს პირდაპირი წესით არ ირჩევენ (ავსტრიის მაგალითი გამონაკლისია; იქ განსხვავებული კონტექსტი და ტრადიციაა). შეიძლება შეიქმნას საგანგებო საარჩევნო კოლეგია პარლამენტისა და რეგიონების წარმომადგენლებისგან, როგორც ეს იტალიაში და გერმანიაში ხდება, შეიძლება შემუშავდეს (ცხადია, დემოკრატიის პრინციპების დაცვით) რაღაც სხვა, თუნდაც უნიკალური, «საფირმო ქართული» მოდელი, მაგრამ თუ ძალაში საყოველთაო არჩევნების პრინციპი დარჩება, ძალიან დიდი ალბათობით, ადრე თუ გვიან ეს დამოკლეს მახვილი ჩამოვარდება და თავზე დაგვეცემა. წინდახედული ქართველი კონსტიტუციონალისტები ამას აცნობიერებენ, მაგრამ არ ჰყოფნით გამბედაობა ან ნიჭი იმისთვის, რომ გაანეიტრალონ ოპონენტების პროპაგანდა, მარტივად და გასაგებად აუხსნან ამომრჩევლებს, რომ საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში პრეზიდენტის პირდაპირ არჩევაზე უარის თქმა არა «დემოკრატიის შეზღუდვა» და «ხალხისთვის უფლების წართმევაა», არამედ, პირიქით, დემოკრატიული სისტემის განმტკიცება, პოლიტიკური კრიზისების, სამოქალაქო დაპირისპირების და მორიგი მახინჯი რეჟიმის ჩამოყალიბების პრევენციაა.

როდის გადავაგდებთ ძველ ტიკს?

პრობლემა, რომელზეც ზემოთ შევეხეთ, ზოგს შეიძლება არააქტუალურად მოეჩვენოს და მასზე ყურადღების გამახვილება გაუმართლებლად ჩათვალოს. ის ნაღმს ამითაც მოაგონებს _ მას ვერ ამჩნევენ, ვიდრე არ დააბიჯებენ. დღეს თითქმის ყველა კომენტატორი კონცენტრიებულია (მეტწილად ჰიპოტეტურ) საფრთხეზე, რომელიც სააკაშვილს უკავშირდება. ხვალ, როდესაც სააკაშვილი და «ნაცმოძრაობა» აქტუალური აღარ იქნება, გაჩნდება სხვა, ასევე ტაქტიკური ხასიათის პრობლემა ან მოხდება რაღაც სკანდალი, რომელიც ყურადღებას მიიპყრობს და კონსტიტუციაში ჩადებული ნაღმისთვის ისევ ვერ მოვიცლით. შეიძლება ითქვას, რომ ესეც სააკაშვილის რეჟიმის მემკვიდრეობა და მის მიერ დამკვიდრებული სტილია _ ყურადღების კონცენტრირება ტაქტიკაზე და იმის არშემჩნევა, რამაც შეიძლება სისტემური კრახი გამოიწვიოს.

ყოველივე თქმული სულაც არ ნიშნავს, რომ მაინც და მაინც საპარლამენტო და არა საპრეზიდენტო ან შერეული რესპუბლიკის მიმართულებით უნდა წავიდეთ (ძნელი სათქმელია თუ რომელ ვარიანტს ემხრობა ამომრჩეველთა უმრავლესობა; უახლესი გამოცდილების გადამკიდე, ალბათ, უფრო საპარლამენტოს, თუმცა რთული დასადგენია, რამდენად მყარია მათი პოზიცია). პრობლემა ისაა, რომ კონფლიქტოგენური დებულებებით კონსიტუციაში შუა გზაში არ უნდა გავჩერდეთ იმის იმედით, რომ ვიღაც ჩვენთვის კეთილი მოდერატორის როლს შეასრულებს და ყველაფერს დაგვირეგულირებს. კრიტიკულ მომენტში შეიძლება სრულიად საპირისპირო მოხდეს. მანამ, სანამ კანონმდებლობაში არ ჩაიდება საიმედო ზღუდეები, რომლებიც დაგვიცავს, ერთის მხრივ, ტირანიისგან და, მეორე მხრივ, ქაოსისგან (ეს საფრთხე საპარლამენტო მოდელთან დაკავშირებით კარგად გააზრებული, ალბათ, ჯერჯერობით არ გვემუქრება; დღეს საპარლამენტო ვარიანტი ერთგვარ პანაცეად გვეჩვენება), ქვეყანა დანაღმულ ველზე ივლის.

პრობლემა უფრო ფართოა, ვიდრე კონკრეტული მუხლების ჩასწორება. აუცილებელია კონსტიტუციის გამოყვანა პოლიტიკური კონიუნქტურისადმი მუდმივი მისადაგების, ჭრა-კერვის თუ გაუპატიურების რეჟიმიდან და მის მიმართ დამოკიდებულების პრინციპული შეცვლა, რაც, სავარაუდოდ, შეუძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ძველ კონსტიტუციაში მორიგ (თუნდაც საუკეთესო) ცვლილებებს შევიტანთ; ალბათ, სასურველია, ახალი კონსტიტუცია მივიღოთ.

დღეს მოქმედი, არაერთგზის დასახიჩრებული კონსტიტუცია სამართლებრივი სახელმწიფოს და დემოკრატიის იდეებზე, ხშირ შემთხვევაში კი საღ აზრზე ძალადობის სიმბოლოა, ახალი კონსტიტუციის მიღებას კი შეიძლება სულ სხვა, დადებითი, პოლიტიკური და ფსიქოლოგიური დატვირთვა მიენიჭოს.