"ამ აქციაზე ნაცმოძრაობის "ნახლებნიკები" თუ მივლენ"

მუსიკოსმა, ჯგუფ "ვაკის პარკის" სოლისტმა ზაზა ხუციშვილმა, რომელსაც ტელეკომპანია "მაესტროზე" გადაცემა "პირდაპირი საუბრები" მიჰყავდა, ამავე ტელეკომპანიის მუსიკალურ გადაცემა "მაგთიფანში" გადაინაცვლა.

- მუსიკალურ პროექტ "მაგთიფანის" დირექტორი ვარ. კონკურსანტების მომზადების დონით მეც და პედაგოგთა ჯგუფიც ძალიან კმაყოფილი ვართ - ნიჭიერი და საინტერესო ადამიანები არიან. ამ პროექტის მიზანია, ეს ახალგაზრდები პროფესიონალ მუსიკოსებად ჩამოყალიბდნენ. პროექტის დასრულების შემდეგ კი შევეცდებით, მათ მუსიკალურ კარიერაზე ვიზრუნოთ. ანუ შეიქმნება ჯგუფი, რომლის სოლისტიც ამ პროექტის გამარჯვებული იქნება, დანარჩენი წევრები ამავე პროექტის მონაწილეებისგან აირჩევა. ტელეკომპანია "მაესტრო" ხელს შეუწყობს მათ, ჰქონდეთ კარგი რეპერტუარი და კონცერტები.

- გასულ წლებში მსგავსი შოუებისადმი ნდობის ხარისხი დაბალი იყო, რადგან არაერთხელ თქმულა და თვითონ მონაწილეებსაც გაუპროტესტებიათ, რომ კონკურსი არაობიექტურად, ნაცნობობითა და "ჩაწყობით" მიმდინარეობდა...
- მაქსიმალურად მობილიზებული ვართ, რომ ყველა შემსრულებელს მიეცეს საშუალება, თავისი ნიჭით და შესაძლებობით მოიპოვოს პოპულარობა. არ ვიცი, რა ხდებოდა სხვა პროექტებში, მაგრამ როდესაც მუსიკალურ პროექტ "ვარსკვლავების აკადემიის" ჟიურის წევრი გახლდით, მირეკავდნენ თხოვნით, ამა თუ იმ კონკურსანტს "ყურადღება მიაქციეო", რაზეც მკაცრ უარს ვუცხადებდი. ნაცნობობის ხარჯზე ნიჭიერ კონკურსანტს ქულებს ვერასდროს დავაკლებ და შედარებით უნიჭოს ხელს ვერ შევუწყობ. ასე რომ, ვპირდები "მაგთიფანის" მაყურებელს, ამ პროექტში მსგავსი არაფერი მოხდება და ყველაზე ნიჭიერი გაიმარჯვებს. ანალოგიური მიდგომა აქვს ამ საკითხზე ტელეკომპანია "მაესტროს" წარმომადგენლებსაც. სხვათა შორის, ამ ტელეკომპანიის ეთერში კიდევ ერთი შესანიშნავი მუსიკალური პროექტი დაიწყება, დაკონკრეტებისგან კი ჯერჯერობით თავს შევიკავებ.

- არჩევნების შემდეგ წინა ხელისუფლების მხარდამჭერი მომღერლებიდან არავის მოუმართავს?
- არა. ისე კი, მათ მიმართ აგრესია არც მაქვს. ნებისმიერი ადამიანის არჩევანი პატივისცემას იმსახურებს. თუმცა, გაირკვა, რომ ეს მომღერლები ანგარებით უჭერდნენ წინა ხელისუფლებას მხარს და თითოეული მათგანის უკან 5-ათასლარიანი ხელფასები, დიდი შეკვეთები და პროექტები იმალებოდა...

- ანსამბლ "ერისიონის" მოსკოვში გამგზავრებამ საზოგადოების ნაწილი გააღიზიანა...
- მთელი მსოფლიო, მათ შორის ჩვენი პარტნიორები - აშშ-დან დაწყებული, ნატოთი და ევროკავშირით დამთავრებული, მიგვითითებს, რომ რუსეთთან ურთიერთობა მოვაგვაროთ. თუ არც ერთი ქართველი არ გამართავს კონცერტს ამ ქვეყანაში, უარს ვეტყვით სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობაზე, პრობლემა არ მოგვარდება. დიდი იმედი გვაქვს, რომ მალე დადგება დღე, როდესაც რუსეთი ამას გააკეთებს. "ერისიონის" გამკრიტიკებლებს კი ამით ახალი ხელისუფლების გასვრა სურთ, რომ თქვან, - ხედავთ, კრემლს როგორ ეხუტებიანო. ყველას შევახსენებ: რამდენი ადამიანიც აფხაზეთის ომში 1992 წელს დაკარგა საქართველომ, იმდენი 2008 წელს არ დაუკარგავს, მაგრამ 1992 წლის შემდეგ უამრავი ქართველი ხელოვანი ჩადიოდა რუსეთში და კონცერტებსაც მართავდა. რაღა მაინცდამაინც 2008 წლის შემდეგ გამოცხადდა რუსეთში ჩასვლა ღალატის ტოლფასად? უმჯობესია, საქართველომ რეალობას გაუსწოროს თვალი და ისე გააკეთოს ქვეყნისთვის სასიკეთო საქმე, ვიდრე ბოიკოტით.

- აპრილში ნაცმოძრაობა დედაქალაქში საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს. არადა, სააკაშვილმა განაცხადა, ქუთაისი პოლიტიკურ ქალაქად ვაქციეო. თუ ასეა, რატომ არ მართავს ამ აქციას ქუთაისში?
- იმიტომ, რომ ბიუჯეტის ხარჯზე თავიანთი მომხრეების ყვითელი ავტობუსებით ქუთაისში წაყვანის ფუფუნება აღარ აქვთ. რაც შეეხება მხარდამჭერებს, ნაციონალებს საქართველოს მოსახლეობის 5 პროცენტი თუ უჭერს მხარს. ამიტომ მგონია, მათი აქცია "ანშლაგით" არ ჩაივლის. დიდი ბოდიში ამ გამოთქმისთვის, მაგრამ ამ აქციაზე ნაცმოძრაობის "ნახლებნიკები" თუ მივლენ.