პრემიერ-მინისტრის შერბილებული თუ შემტევი ტონი?

პრემიერ-მინისტრის შერბილებული თუ შემტევი ტონი?

ორსაათ-ნახევარს გაგრძელდა რეგიონალური ჟურნალისტებისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა თბილისში 14 მარტს. პრემიერ-მინისტრი მედიის წარმომადგენლების წინაშე თავდაპირველად 20 წუთიანი მოხსენებით წარდგა, რომელიც, მისივე თქმით, უკანასკნელ ერთ თვეში განვითარებულ მოვლენებს მიეძღვნა. დარჩენილი დრო კი მან ჟურნალისტებთან კითხვა-პასუხს დაუთმო. გახდება თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებები ”ნაციონალური მოძრაობის” განადგურების მიზეზი და რა მოთხოვნას უყენებს პარლამენტის თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრს?

ინფრასტრუქტურული პროექტები, სოფლის მეურნეობა, განათლება, ჯანდაცვა, ტარიფები, ინვესტიციები - ეს იმ საკითხების ჩამონათვალია, რომლებიც პრემიერ-მინისტრმა თავის მოხსენებაში გააერთიანა. თუმცა უმთავრესი ყურადღება მან მაინც ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმას დაუთმო, რომლის განხორციელებაც, მისი თქმით, ხელს შეუწყობს საზოგადოებას მეტი კონტროლი გასწიოს ხელისუფლებაზე.

”რეფორმის შედეგად ჩამოყალიბდება ორდონიანი მუნიციპალური და რეგიონალური თვითმმაართველობა. გაიზრდება თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა, ხოლო სოფლებისაგან ჩამოყალიბდება თემები, რომლის ბაზაზეც ფორმირდება მუნიციპალიტეტები, ხოლო მათი მმართველი რგოლები იქნება არჩევითი”, - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

ადგილობრივი თვითმმართველობის სტრატეგიის გაცნობის შემდეგ, ჯერი ჟურნალისტების კითხვებზე მიდგა. საკონსტიტუციო ცვლილებებით დაწყებული, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის ლუკა კურტანიძის საკუთარ თანამშრომელთან ფიზიკური დაპირისპირებით დამთავრებული, მედიის წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრს რამდენიმე ათეული კითხვა დაუსვეს. პრემიერმა კითხვა-პასუხის დასაწყისშივე აღიშნა, რომ ახალი ხელისუფლება ყოფილ ხელისუფლებასთან სრულფასოვან კოჰაბიტაციას ვერ ახერხებს, საუბარი კი მან მოსალოდნელი საკონსტიტუციო ცვლილებებით გააგრძელა. როგორც ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, თუკი საკონსტიტუციო ცვლილება ვერ შედგება, „ნაციონალური მოძრაობა“ და საქართველოს პრეზიდენტი საკუთარ თავს გაინადგურებს და სახეს დაკარგავს როგორც ამერიკის, ისე ევროპის წინაშე:

”პრეზიდენტს საერთოდ დაეკარგება იმიჯი და გარეთ არ გაესვლება არც მას და არც „ნაციონალური მოძრაობის“ იმ წევრებს, რომლებიც მხარს დაუჭერენ დიქტატორული კანონის შენარჩუნებას. გარწმუნებთ, რომ ეს თემა, უკაცრავად და, აყროლდება იმ დონეზე, რომ თავი არ აეწევა არავის”, - ამბობს ბიძინა ივანიშვილი.

”რას ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის ღია სურვილი, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა საკუთარი პოსტი შეინარჩუნოს და ეს მაშინ, როდესაც უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოში სამართლიანი მართლმსაჯულება არ არსებობს?” - ეს კითხვა პრემიერ- მინისტრს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა პრესკონფერენციის მსვლელობისას დაუსვა. ბიძინა ივანიშვილმა ამ გადაწყვეტილების რამდენიმე მიზეზი დაასახელა, მათ შორის უმთავრესი კი, მისი თქმით, პროფესიონალი კადრების შენარჩუნებაა. 14 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი უმცირესობის წარმომადგენლების პროფესიონალიზმზე ალაპარაკდა და ამ მიმართულებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის, ერთი მოთხოვნაც გაამხილა:

”შევინარჩუნოთ ნიჭიერი კადრები და მაქვს სურვილი, რომ მათთან ერთად შემეძლოს მუშაობა. გეტყვით უსუფაშვილის აზრს: პარლამენტში ჩვენ შევიყვანეთ საყვარელი ხალხი, მოვიგეთ არჩევნები, მაგრამ პარლამენტში არსებობს პროცედურები, მათ საპარლამენტო მუშაობის გამოცდილება არ აქვთ. სამი დეპუტატი უნდა ავირჩიოთ დამატებით. უსუფაშვილი ყოველდღე მახსენებს, რომ არ გავბედო და ვინმე ცნობილი მსახიობი არ შევიყვანო პარლამენტში. ამ ადამიანს აუცილებლად უნდა შეეძლოს მუშაობა კანონებთან და პირდაპირ მეუბნება, ვისი გუნდის წევრიც გინდათ, ის იყოს, მაგრამ მან უნდა იცოდეს როგორ იმუშაოს პარლამენტში”, - ამბობს ბიძინა ივანიშვილი.

აგრესიულსა და შემტევს უწოდებს ბიძინა ივანიშვილის ტონს პარლამენტის უმცირესობის წევრი აკაკი მინაშვილი. მისი თქმით, პრემიერის განცხადება იმის თაობაზე, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ”ნაციონალური მოძრაობა” საკონსტიტუციო ცვლილებებს არ მიემხრობა, ის საკუთარ თავს გაინადგურებს, მუქარის ელემენტებს შეიცავს.

ბიძინა ივანიშვილის ტონი და განცხადებები მიუღებელია ”მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის" ხელმძღვანელის, გია ნოდიასთვის. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის განცხადებები უმცირესობის მისამართით მმართველ გუნდს იმიჯს ულახავს:

”ის ფაქტი, რომ აუცილებლად აიძულონ უმცირესობა, რომ ხმა მისცენ კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს და ამისათვის ერთგვარად ხელის გადაგრეხის პოლიტიკა ტარდება, ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რომ, სამწუხაროდ, ახალ ხელისუფლებას დასავლეთში არც ისე კარგი რეიტინგი აქვს”, - ამბობს გია ნოდია.

რაც შეეხება კოჰაბიტაციას, რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა 14 მარტს ჟურნალისტებთან შეხვედრისას არასრულფასოვანი უწოდა, გია ნოდიას მიაჩნია, რომ მართალია, არსებული კოჰაბიტაცია საზოგადოებაში ნეგატიურ შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ქვეყანაში რეალურად კოჰაბიტაცია მაინც შედგა.

საპირისპირო აზრისაა ამის თაობაზე „კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის” ხელმძღვანელი გოგი ხუციშვილი. ის ორი პოლიტიკური ძალის შეუთავსებლობაზე საუბრობს და სწორედ ამიტომ ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე კოჰაბიტაციაზე საუბარი შეუძლებელია:

”კოჰაბიტაცია სინამდვილეში ნიშნავს თანამშრომლობას იმ დონეზე, რომ იფიქრონ და მიიღონ გადაწყვეტილებები ერთობლივად და ა.შ. მაგრამ მათ ეს არ გამოსდით. სააკაშვილი სრულ დესტრუქციაზეა გადასული: რაც „ქართული ოცნებისთვის“ უარესია, მისთვის უკეთესია”.

თუ კიდევ ერთხელ შევადარებთ პოლიტოლოგების მოსაზრებებს, მაშინ უნდა ითქვას, რომ გია ნოდიას მტკიცებით, არასრულფასოვან კოჰაბიტაციაში ბრალი შეიძლება სწორედ მმართველ გუნდს მიუძღოდეს, რადგან, მისი თქმით, ასეთ სიტუაციაში უფრო მეტი პასუხისმგებლობა სწორედ ხელისუფლებას ეკისრება. როგორც გია ნოდია ამბობს, ერთადერთი საყვედური, რაც პრეზიდენტის მიმართ შეიძლება ითქვას, ეს არის მიხეილ სააკაშვილის მძაფრი განცხადებები საერთაშორისო ტრიბუნებიდან და თუ არ ჩავთვლით რიტორიკას, გია ნოდიას თქმით, კოჰაბიტაციის პროცესში პრეზიდენტის მისამართით მას სასაყვედურო არაფერი აქვს.

ბიძინა ივანიშვილს 14 მარტს კიდევ ერთხელ მოუწია საუბარი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკაზე. მისი მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავარ პარტნიორად დარჩება და კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება ორ ქვეყანას შორის პარტნიორული მუშაობა, მმართველი გუნდი რუსეთთანაც მოახერხებს მეგობრული ურთიერთობის დამყარებას.