საბჭოთა ანაბრები ის საკითხია, რომელიც მოსახლეობის ფართო ფენებს უმწვავესად შეეხო. თუმცა, ამის მიუხედავად, პრობლემის მოგვარება ჯერ-ჯერობით არ დაწყებულა, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ შიდა ვალად აღიარა და "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაპირებაც წინასაარჩევნოდ სწორედ ანაბრების დაბრუნება იყო.
"გამქრალ თუ შეჭმულ საბჭოთა ანაბრებთან დაკავშირებით სხვადასხვა ექსპერტი სხვადასხვა ციფრს ასახელებს, ზოგი 5 მილიარდზე საუბრობს, ზოგიც 8 მილიარდს ასახელებს. ფაქტია, რომ ამ ეტაპამდე, რეალურად არაფერი გაკეთებულა და არც იმის გათვლა მომხდარა, რა არის გასაკეთებელი. იმ პერიოდიდან დიდი დრო გავიდა. წინა ხელისუფლებამ ახლოსაც არ გაიკარა ეს საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის და "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი დაპირება სწორედ ის იყო, რომ ამ ვალებს გაისტუმრებდნენ. მაგრამ, არაფერი გაუკეთებიათ. ფაქტია, რომ მათ ეს არ შეასრულეს, არადა ის სახელმწიფო ქონება, რაც მათ დახვდათ, ხელუხლებელი იყო, მერე მიადგნენ და გაასხვისეს და გაანიავეს ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის გაეკეთებინათ რამე, თუნდაც შეპირებული ანაბრების პრობლემის მოგვარების მიზნით." - განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით ონოფრიშვილმა "გურია ნიუსთან".
რამდენად შესაძლებელი იყო პრივატიზებით მიღებული შემოსავლებით მეანაბრეების ნაწილობრივ დაკმაყოფილება და რატომ არ გადადგა არცერთმა ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯი, ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო ქონების მართვის ყოფილ მინისტრს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ავთანდილ სილაგაძეს ვესაუბრეთ.
_ ბატონო ავთანდილ, ბოლო პერიოდში ძალიან აქტიური გახდა საბჭოთა ანაბრების დაბრუნების საკითხი. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირებაც სწორედ ანაბრების დაბრუნებას ეხებოდა, რომელიც არ შესრულდა. როგორ ფიქრობთ, რამე შანსი თუ აქვს "საბჭოთა" მეანაბრეებად წოდებულ ადამიანებს ამ მთავრობისა და პარლამენტის პირობებში მოხდეს თემის წამოწევა?
_ საერთოდ, ეს საკითხი, სრულყოფილი კომპენსაციით, არცერთ პოსტაბჭოთა ქვეყანაში არ არის გადაწყვეტილი. მაგრამ გარკვეული კომპენსაცია რომ მოხდეს, ამ თვალსაზრისით, ბევრმა პოსტსაბჭოურმა ქვეყანამ შეიძინა გამოცდილება, მათ შორის საქართველოშიც იყო დაგეგმილი ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდში გარკვეული კომპენსაციის გაცემა. შეიძლება ეს არ იყო საკმარისი, მაგრამ ამაზე ფიქრობდნენ და დაგეგმილი იყო, რომ დროთა განმავლობაში მომხდარიყო ამ ვალის გასტუმრება. ნაწილობრივ გასტუმრებაზეა საუბარი, რა თქმა უნდა, რადგან მთლიანობაში ძალიან რთულია ამის გაკეთება, თუნდაც ახალი მთავრობის პირობებში.
ბოლო წლებში რომ არანაირი ნაბიჯი არ გადაიდგა ამისთვის, ეს ცხადია, მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალურ მოძრაობს" ეს წინასაარჩევნო პროგრამაში ჰქონდა. ეს იყო და არის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ვალდებულება.
_ თუმცა, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე "გურია ნიუსთან" აცხადებს, რომ ეს არის საბჭოთა კავშირის ვალი...
_ ეს არის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ვალდებულება და ძალიან ძნელია, მოსთხოვო რუსეთს ამის გადახდა. თუ ჩვენი სახელმწიფო ამ მიმართულებით გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამს, თუნდაც გრძელვადიან პერიოდში, ეს იქნება გარკვეულწილად სამართლიანი და არ იქნება ცუდი. მაგრამ, მოსახლეობას არ უნდა შევუქმნათ იმის ილუზია, რომ ეს მოხდება უახლოეს პერიოდში, რადგან ქვეყანას ახლა ამის საშუალება არ გააჩნია. მაგრამ ნაბიჯები თუ გადაიდგმება, თუნდაც ნაწილობრივი კომპენსაციის გაცემის მიზნით, ამას მხოლოდ მივესალმები და ამაზე ფიქრი, რა თქმა უნდა, ღირს.
_ საბჭოთა ანაბრების დავალიანების ნაწილობრივ დაფარვა ახსენეთ და როგორ ფიქრობთ, შეეძლო თუ არა ჩვენს სახელმწიფოს, გარკვეული ნაწილის დაფარვა პრივატიზებული სახელმწიფო ქონებიდან მიღებული შემოსავლებით. თქვენ შევარდნაძის პერიოდში, ქონების მართვის მინისტრი ბრძანდებოდით და ეს პროცესები კარგად იცით. აქვე აღვნიშნავ, რომ ასეთი პრაქტიკა ჰქონდა ლატვიას...
_ ყველაფერი შეიძლება გამოიყენო, მაგრამ ამას ჭირდება კანონმდებლობა. მაგრამ მაშინ, როცა პრივატიზება იყო ქვეყნის სტრატეგიული მიზანი, რათა პირველ ყოვლისა მესაკუთრეები შექმნილიყო, რომელიც გამორიცხავდა ძველი სისტემის რესტავრირებას და ეს პროცესი რაც შეიძლება სწრაფად უნდა განხორციელებულიყო, ამ დროს არ იყო აქცენტი ფასებზე. მთავარი იყო, სისტემა შეცვლილიყო და შესაბამისად, თავდაპირველ ეტაპზე, ფასებიც არ იყო ძალიან მაღალი, რომ ამ ფულით კომპენსირება მომხდარიყო. გააჩნია რას ვგულისხმობთ პრივატიზებაში, თუ საუბარია ფაბრიკა-ქარხნებზე, ფასები არ იყო მაღალი.
_ მაგრამ თუ ვგულისხმობთ მიწის პრივატიზაციას, სადაც ფასები საკმაოდ მაღალი იყო?
_ თუ მაგას ვგულისხმობთ, ეგ ბოლო პერიოდში დაიწყო...
_ დავით ონოფრიშვილი "გურია ნიუსთან" აცხადებს, რომ: "ნაციონალური მოძრაობის მიერ განიავებული ქონებით თავისუფლად შეიძლებოდა მეანაბრეების ნაწილობრივ დაკმაყოფილება..." თქვენ როგორ ფიქრობთ?
_ კი, მეც მაგას ვამბობ, რომ ყველაფერი შეიძლებოდა... მთავარია, ახლა რა შეიძლება გაკეთდეს, თორემ იმ პერიოდში ვეღარ დავბრუნდებით. როგორც ვიცი, გარკვეული ჯგუფები მუშაობს ამაზე და წინადადებების შემუშავებაზე. ბოლო წლებში, კანონპროექტიც კი არსებობდა ამაზე, მაგრამ სამწუხაროდ, არაფერი გაკეთდა.
_ხშირ შემთხვევაში, ანაბრების მითვისებას აწერენ კონკრეტულ პიროვნებებს. თქვენ რა პოზიცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით და უკავშირდება თუ არა ანაბრების გაქრობა კონკრეტულ სახელებსა და გვარებს?
_არა, აქ კონკრეტული პიროვნებები როგორ შეიძლება ახსენო საერთოდ! ქვეყანაში მოხდა ჰიპერინფლაცია არასწორი ფინანსური - საკრედიტო პოლიტიკის შედეგად. პრაქტიკულად გაუფასურდა ჩვენი ფულადი ერთეული და რეალურად ქვეყანა გაღატაკდა. როგორ შეიძლება ერთ პიროვნებაზე იყოს საუბარი, თუნდაც ათზე და ოცზე? სახელმწიფომ არასწორი ფინანსური - საკრედიტო პოლიტიკის შედეგად ძალიან დიდი ზარალი მიიღო და ფაქტობრივად, უძლური იყო გაესტუმრებინა ეს ვალი. მოგეხსენებათ, 90-იან წლებში გარდა ეკონომიკური პრობლემებისა, გვქონდა კონფლიქტები და საომარი სიტუაციები ქვეყნის მასშტაბით.