აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი გიორგი თავართქილაძე, საკუთარი ინიციატივით, 4 მარტს თანამდებობიდან გადადგა. აჭარის მთავრობამ, თავართქილაძის განცხადება გადადგომაზე, ჯერ დააკმაყოფილა, შემდეგ თავართქილაძემ საჯაროდ უარყო მისი გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია, მოგვიანებით კი, აჭარის მთავრობამ, ერთი თვის წინანდელი რიცხვით დათარიღებული, გიორგი თავართქილაძის განცხადება ააფრიალა. შეგახსენებთ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად გიორგი თავართქილაძე 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დანიშნეს. მანამდე კი ,,ვითიბი ბანკ ჯორჯიას’‘ ბათუმის ფილიალის მმართველი იყო. ამჟამად, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოვალეობას, გიორგი თავართქილაძის პირველი მოადგილე, დავით ბალაძე ასრულებს.
საინფორმაციო სააგენტოების გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი თავართქილაძის ასეთი გადაწყვეტილების მიზეზად მისივე განცხადება იქცა, სადაც აჭარაში, 40-მილიარდიანი ინვესტიციის შემოსვლაზეა საუბარი, თუმცა ამ განცხადებაში ისეთი არაფერია, რის გამოც, მინისტრს თანამდებობა უნდა დაეტოვებინა. სააგენტოებმა გაავრცელეს ტექსტი, სადაც გიორგი თავართქილაძე საუბრობს, რომ აჭარაში, დაახლოებით, 40 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია, წლის მეორე ნახევრიდან უნდა შემოვიდეს. ცხადია, ეს უწყინარი განცხადება არაფერ შუაშია, მაგრამ 2013 წლის 28 თებერვალს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საინტერესო ფაქტი გაავრცელა: სახელმწიფო ქონების გაფლანგვისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები _ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თამაზ მღებრიშვილი და ამავე სამინისტროს საწარმოთა მართვის დეპარტამენტის უფროსი, აბესალომ გურგენიძე დააკავეს. ბრალდებულის სახით კი პასუხისგებაში მიცემულია ორი პირი, შპს „ლემისე კომპანის’‘ მფლობელები _ ლუხუმ კაპანაძე და სერგი კაკალაშვილი, რომლებიც ამჟამად, მიმალვაში იმყოფებიან. აქედან გამომდინარე, ჩნდება ლოგიკური კითხვა _ ხომ არ უკავშირდება გიორგი თავართქილაძის გადაწყვეტილება, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას? მეტიც, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ძიების შედეგად დაადგინა, რომ ს/ს „ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხნის“ დაუფლების მიზნით, რომლის 76%-ს ფლობდა სახელმწიფო, ბრალდებულები _ კაპანაძე და კაკალაშვილი, დანაშაულებრივად გაურიგდნენ მღებრიშვილსა და გურგენიძეს. ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა შეიმუშავეს გეგმა, რომლითაც ეს კომპანია გაკოტრებულად გამოცხადდა. ამის შედეგად, ქარხნის საწესდებო კაპიტალში არსებული 4 344 856 ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება, შპს „ლემისე კომპანიას“ 1 111 000 ლარად გადაეცა. აღნიშნული ქმედებით, სახელმწიფომ 3 233 856 ლარით იზარალა. გამოძიების მსვლელობისას, სერგი კაკალაშვილისა და ლუხუმ კაპანაძის მიერ ჩადენილი სხვა დანაშაულებრივი ქმედებაც გამოიკვეთა. ქონების გადამალვისა და კრედიტორის წინაშე ქონებრივი ვალდებულებებისგან თავის არიდების მიზნით, საკუთარი კომპანია ,,ბათოილის’‘ დირექტორთან, პაატა დათიშვილთან ერთად, რამდენიმე საწარმოს მოჩვენებითი გარიგება გაუფორმეს და „ბათოილის“ ქონება მათზე გადააფორმეს. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, პაატა დათიშვილიც დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, ასევე 205-ე პრიმა მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც თავისუფლების აღკვეთას 6-დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს. დღემდე უცნობია, რატომ დატოვა თანამდებობა გიორგი თავართქილაძემ, ან რა მოხდა სინამდვილეში? მოვლენების ქრონოლოგიას თუ გავყვებით, 4 მარტს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა თანამდებობა დატოვა. მეორე დღეს, გიორგი თავართქილაძე საინფორმაციო სააგენტოების წარმომადგენლებს უცხადებს, რომ ის ჯერ კიდევ მინისტრია, მაგრამ იმავე დღეს, აჭარის მთავრობის კანცელარიის წარმომადგენლები, საინფორმაციო სააგენტოების საშუალებით ავრცელებენ გიორგი თავართქილაძის განცხადებას თანამდებობის დატოვების შესახებ. ეს განცხადება კი 2013 წლის 13 თებერვლით თარიღდება!
სიტუაციაში უკეთ გარკვევის მიზნით, ,,ვერსია’‘ აჭარის უზენაესი საბჭოს დეპუტატს, დავით ბაციკაძეს დაუკავშირდა:
_ ნამდვილად არ ვფლობ იმაზე მეტ ინფორმაციას, რაც თქვენ, ყველამ ნახეთ. გავარკვიე, რომ გიორგი თავართქილაძეს მართლაც ჰქონდა დაწერილი განცხადება, რომელიც აჭარის მთავრობის კანცელარიას, 10 თებერვალს ჩააბარა, რომელიც რეგისტრაციაში 13 თებერვალს გაატარეს. ამ ფაქტს გიორგი თავართქილაძეც არ უარყოფს, ამიტომ მთავრობის თავმჯდომარეს სრული უფლება ჰქონდა, ამ განცხადებაზე ხელი მოეწერა და მისი სურვილი დაეკმაყოფილებინა. არც ის არ არის კანონის დარღვევა, რომ 13 თებერვლით დათარიღებულ განცხადებას 4 მარტს მოაწერეს ხელი. როგორც ჩანს, იმსჯელეს ამ ფაქტთან დაკავშირებით და გადაწყვეტილებაც ამის შემდეგ მიიღეს. პრობლემა იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუკი ჯერ გაათავისუფლებდნენ გიორგი თავართქილაძეს და თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებას, მისი გათავისუფლების შემდეგ, მომდევნო დღის რიცხვით დაათარიღებდნენ. ნამდვილად არ ვიცი, რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება გიორგი თავართქილაძემ, ან რატომ ჩააბარა განცხადება მთავრობის კანცელარიაში, მაგრამ ფაქტია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კანონიერად გაათავისუფლა ადამიანი, რომელსაც ამ თანამდებობაზე მუშაობა არ უნდოდა.
_ ბატონო დავით, ხომ არ უკავშირდება გიორგი თავართქილაძის გათავისუფლება, თუნდაც მისი განცხადების საფუძველზე იმ ფაქტს, რომ 28 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ამ სამინისტროს ორი თანამშრომელი _ თამაზ მღებრიშვილი და აბესალომ გურგენიძე დააკავა?
_ არა მგონია, რომ გიორგი თავართქილაძემ ამ პირების დაკავების გამო მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, რადგან არცერთი მათგანი მისი თანამშრომელი არ არის. თქვენს მიერ დასახელებული პირები _ თამაზ მღებრიშვილი და აბესალომ გურგენიძე ნამდვილად იყვნენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლები, ოღონდ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებამდე. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოკვლეული ფაქტებიც სწორედ გიორგი თავართქილაძის წინამორბედს უკავშირდება და არა თვითონ მას. ამიტომ, ეს გამოძიება მიზეზი ვერ გახდებოდა.
_ თქვენ, როგორც აჭარის უზენაესი საბჭოს დეპუტატი, არ ფლობთ ინფორმაციას, რატომ უნდა გადამდგარიყო სულ რაღაც ორიოდე თვის წინ არჩეული მინისტრი?
_ არა, როგორც გითხარით, არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ და სიმართლე გითხრათ, ეს ფაქტი მეც მაკვირვებს. 11 მარტს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, აჭარის მთავრობის მეთაურს, არჩილ ხაბაძეს საპარლამენტო უმცირესობა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები იბარებენ. აჭარის მთავრობის მეთაურის დაბარების მიზეზი, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, გიორგი თავართქილაძის უცნაური გათავისუფლებაა, რაც აჭარაში მართლაც სასაცილო თემად იქცა. აჭარლებს აინტერესებთ, თავართქილაძემ განცხადება დაწერა, თუ არა? თვითონ გადადგა თანამდებობიდან, თუ გაუშვეს? არჩილ ხაბაძეს პარლამენტში, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს ელოდებიან.